შენ, კიდევ ქალიშვილი ხარ?! - კვირის პალიტრა

შენ, კიდევ ქალიშვილი ხარ?!

დამერწმუნეთ, ჩვენს ცხოვრებაში პერო ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარია, მაგრამ არა იმდენად საჭირო, რამდენადაც მომხიბვლავი. ამიტომ,  ყველა ჩვენგანი ცდილობს, თუ ვერ გაირჭობს, მიუახლოვდეს და შეეხოს მაინც.

ნებისმიერი სახის აქტივობა, რომელიც ქალიშვილობის ინსტიტუტის თემას შეიცავს, ყოველთვის რეზონანსულია. სწორედ ამიტომ, არცთუ იშვიათად იყენებენ მას სხვადასხვა გადაცემის, სტატიის თუ სოციალური გამოკითხვის გასაკეთებლად. პირადად მე, ამ საკითხზე კამათი წყლის ნაყვად მეჩვენება და ცოტა მომბეზრდა კიდეც, რადგან ყველგან გამუდმებით ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ და ეს ლაპარაკი უდაბნოში მღაღადებლის ხმად რჩება.

საინტერესოა ტენდენცია, რომელიც არსებობს: გვაქვს ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკი. ნაწილი, რომელიც აპკს ქართულ ეროვნულ ტრადიციად და ღირსებად აფასებს და ნაწილი, რომელსაც სასაცილოდ არ ჰყოფნის ქალიშვილობის ინსტიტუტი და თითის გაშვერით იგდებს ყველა 18 წელს გადაცილებულ გოგოს, რომელსაც აპკი კვლავ მთელი აქვს.

თუ დავუკვირდებით, როგორც ქალიშვილობის მომხრეების, ასევე მოწინააღმდეგეების შემთხვევაში, ადგილი ახალგაზრდა ქალზე ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს. როგორც პირველნი აიძულებენ ქალს, მეზობლის შიშით, ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე, მაკიაჟით, საქორწინო ვარცხნილობითა და თეთრი კაბით აპკის გასაკერად (და არა პირიქით) დაწვეს გინეკოლოგიურ მაგიდაზე,  ასევე მოწინააღმდეგეები აკომპლექსებენ დაცინვით, რომ 20 წლისა და ისევ ქალიშვილია და აიძულებენ გადადგან ნაბიჯი, რომლისთვისაც ან მზად არ არიან, ან არ უნდათ, ან, ხშირ შემთხვევაში, ვერ გარკვეულან საკუთარ დამოკიდებულებაში, მაგრამ წნეხს ვერ უძლებენ და მიღებული აზრის გათვალისწინებას ცდილობენ.

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, როცა საკუთარი პირადი ცხოვრება არ გაქვს, ჩვეულებრივი ამბავია, რომ სხვისას ადევნებ თვალს. ქალიშვილობის ინსტიტუტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეების შემხედვარეს, მიჩნდება ასოციაცია, რომ მათ არ აქვთ საკუთარი პირადი ცხოვრება ან თუ აქვთ, იმდენად წარუმატებელი, რომ მის ცარიელ მხარეს სხვების ფანჯრებში ჭყეტვით ივსებენ.

ვფიქრობ, სექსუალური ცხოვრება, ისევე, როგორც ყველაფერი, რაც ერთ, კონკრეტულ პიროვნებას ეხება, ისევე ინდივიდუალურია, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ადამიანი უნდა მოქმედებდეს პირადი სურვილებით: მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება: უნდა სექსუალური ცხოვრება თუ არა, უნდა ქალიშვილობა თუ არა, ან სად სჭირდება ქალი (თუ საერთოდ სჭირდება): სამზრეულოში, საძინებელში თუ არამხოლოდ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ოთახებში.

ამასთან, ზოგმა თეორიულად, ზოგმა კი პრაქტიკულად იცის, რომ არსებობს ჯანმრთელობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ფსიქიკა, რომელიც, დაავადების შემთხვევაში, არ იკურნება. ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კი ჯანმრთელი ფსიქიკის არსებობაში ერთ-ერთი მთავარი როლი უჭირავს და ესეც გასათვალისწინებელია.

დღევანდელი საქართველო გასული საუკუნის 60-იანებს და სექსუალურ რევოლუციას მაგონებს. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, როცა ჩემი შვილი 18-20 წლის იქნება, ქალიშვილებისა და არაქალიშვილების სტატისტიკით აღარავინ დაინტერესდება.

P.შ. მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა საყურადღებოდ: ერთი ნიჭიერის ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ამბობდა: ქალის საშო ინდივიდუალურია და ვისაც უნდა იმას მისცემსო.