"ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია - "ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია - "ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რითაც ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ქართული სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს, რადგან მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. მთავრობას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ დიპლომატური პრობლემები თავიდან აერიდებინა. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება. ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები თავიდან ბოლომდე დაცული იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ LCI-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და ასევე, სი ძინ პინი ოდესმე გასამართლდებიან, უპასუხა, რომ ეს მისი შინაგანი რწმენით ისტორიული შედეგი იქნებოდა, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

„თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია?- არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"