„ვეტერინარების დეფიციტი მასობრივია“
სოფლად მცირე ხნით ყოფნაც კი საკმარისია ვეტერინარიის პრობლემების დასანახავად. ფრინველ-პირუტყვთა დაავადებებში გაურკვეველი მოსახლეობა რჩევებს ადგილობრივი ვეტაფთიაქების კონსულტანტებისგან იღებს, რომლებიც, მათივე თქმით, ვეტერინარები არიან, თუმცა პრობლემა მაინც ბევრია. ცუდად მრავლდებიან ფრინველებიც, სანახევროდ გაზრდილი ეხოცება მოსახლეობის დიდ ნაწილს. უკეთეს მდგომარეობაში არიან ფერმერები, რომლებიც ფრინველსა და პირუტყვს ზრდიან სარეალიზაციოდ. ამისთვის ცალკეულ კვალიფიციურ ვეტერინარებთან თანამშრომლობენ, რითაც მეტ-ნაკლებად აგვარებენ პრობლემებს, მათგან ზოგიერთს კი საკუთარი გამოცდილებითაც. როგორც აღმოჩნდა, ვეტერინარული პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ამის შესახებ წარმოდგენა არსებობს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ვეტერინარისთვის უამრავი საქმეა, პროფესიონალები ამ სფეროს თავს ანებებენ და მუშაობას სხვაგან იწყებენ. ახალგაზრდებს ვეტერინარიის სახელის გაგონებაც არ სურთ და ამის მიზეზი მატერიალური საფუძველია. ვეტერინარიასა და მის პრობლემებზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ვეტერინარი აკაკი ელანიძე გვესაუბრება.
- ბატონო აკაკი, სოფლად ვეტერინარიის დიდი პრობლემები და უცოდინარობაა. მე პირადად არაერთი მაგალითი ვნახე, როცა რაიონში ვეტაფთიაქის მედიკამენტმა დაავადებულ წიწილებს ვერ უშველა და ყველა დაიხოცა. ესე იგი, დაავადების შესახებ ან ადეკვატური კონტაქტი ვერ შედგა ვეტაფთიაქის კონსულტანტთან, ან მან არ იცოდა, რით ეშველა ფრინველის დაავადებისათვის. ასეთი მაგალითი ბევრია...
- პრობლემა მასობრივი იქნება, რა თქმა უნდა, რადგან ვეტერინარების მასობრივი დეფიციტი გვაქვს. მოსახლეობა ვეტაფთიაქების იმედზეა.
ვეტაფთიაქების კონსულტანტების განათლების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მით უფრო, რომ ზოგიერთი ცნობილი ვეტერინარული ფირმა ცდილობს მართლაც პროფესიონალი კონსულტანტები მიიზიდოს. თუმცა ვეტერინარული კურსების გავლით ვეტერინარიაში სრულყოფილი განათლება მართლაც ვერ მიიღება, ორ-სამ თვეში მისი შესწავლა შეუძლებელია. არსებობს გამოთქმა: "თუ ექიმი კურნავს ადამიანებს, ვეტერინარია კურნავს მთელ ცოცხალ სამყაროს". ჩვენი ვეტერინარია კი დღეს, სამწუხაროდ, ძირითადად ცუგოებისა და ფისოებისთვის მუშაობს გულმოდგინედ. რა თქმა უნდა, ისინი მოსავლელია, მაგრამ ადამიანმა რომ იარსებოს და საკვები ჰქონდეს, პირუტყვსა და ფრინველსაც სჭირდება პროფესიონალი ვეტერინარი. ამ დროს პროფესიონალი ვეტერინარები გაგვექცნენ, სხვაგან წავიდნენ სამუშაოდ, ახალგაზრდობას კი ეს საქმე არ უნდა.
- ცუგოებისა და ფისოების ვეტერინარიის განვითარება გასაგებია, რადგან ბევრს ჰყავს შინ ეს ცხოველები და ისე უვლის, როგორც ბავშვს და ამიტომაც იწევს მაღლა ქალაქებში ვეტერინარის მომსახურების ფასები. ფრინველ-პირუტყვის ვეტერინარები კი, ალბათ, იმიტომ გარბიან, რომ კლიენტების ბაზა არ აქვთ.
- დიახ, ამიტომ. შემოსავალი ყველაფერს განსაზღვრავს. სოფლის ვეტერინარს ისეთი აქტიური კლიენტი ვერაფრით ეყოლება, როგორიც, მაგალითად, ქალაქში ძაღლების სპეციალისტს. ერთი იმიტომ, რომ სოფლის პირუტყვსა და ფრინველს პრობლემები შედარებით ხანგრძლივი პაუზებით უჩნდება, მეორე იმიტომ, რომ სოფლის მოსახლეობა საძოვრების გადასახადითა და სხვა მატერიალური პრობლემებით არის შევიწროებული და მისთვის ვეტერინარისთვის გადასახდელი ფული პრობლემაა. აი, ამიტომაც უნდა იყოს რაიონში ორი ვეტერინარი სახელმწიფოსგან დაწესებული ხელფასით, როგორც უცხოეთშია (მაგალითად, აშშ-ში), სადაც ვეტერინარებს სოლიდური ხელფასები აქვთ. ამიტომაც არის ჩვენთან მოსახლეობა იძულებული, ისარგებლოს ვეტერინარიის სააფთიაქო მომსახურებით, სადაც ზეპირად გასცემენ დაავადების შესახებ ინფორმაციას. კაცმა არ იცის, რამდენად სწორად აღწერს, მაგალითად, შინაური ფრინველის დაავადების მდგომარეობას რომელიმე სოფლიდან ვეტაფთიაქში მისული ქალი, რომელსაც წვალებით გაზრდილი ქათმები ეხოცება; ან კონსულტანტი რას გაიგებს ამ აღწერიდან. აი, ამიტომაც არ არის შედეგი. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ დაავადებული პირუტყვ-ფრინველი ვეტექიმმა ნახოს.
- თუ პროფესიონალი ვეტერინარები საერთოდ აღარ დარჩა?
- ჯერჯერობით კიდევ არიან, თუ მათი ფასი გვეცოდინება. თორემ ქუდს დაიხურავენ და წავლენ, რადგან მეტწილად ხელფასი არა აქვთ. თუ ვინმე მუშაობს ამ სფეროში, მუშაობს ან კერძო შეკვეთებით, ან ხელშეკრულებით, რომელსაც სახელმწიფო პერიოდულად უდებს ვეტერინარებს და ამ დროის განმავლობაში ხელფასს უხდის. მაგრამ როდესაც ხელშეკრულებები წყდება, ვეტერინარი უმუშევარი რჩება და რით ირჩინოს თავი?
- რა პერიოდულობით იდება ხელშეკრულებები ვეტერინარებთან?
- სეზონურად, რამდენიმე თვით. აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, 6-თვიანი ხელშეკრულებებია - გაზაფხულსა და შემოდგომაზე, დასავლეთში კი გაცილებით ცუდად არის საქმე: ვეტერინარებთან 1-2-თვიან ხელშეკრულებას აფორმებენ, რომლის ამოწურვის შემდეგ, ფაქტობრივად, უმუშევარი რჩებიან, თუ კერძო შეკვეთით არ იმუშავეს.
- სავარაუდოდ, ასე მსხვილ ფერმებზეა აწყობილი, რათა ვეტერინარი მათ აქტიურ სეზონებში დაეხმაროს, თუმცა სანახევროდ...
- მე პირადად მახარებს და მივესალმები მსხვილ ფერმერებს, სახელმწიფო მსხვილ წარმოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, მაგრამ გლეხმა, რომელიც წვრილფეხა პირუტყვ-ფრინველს ზრდის რა ქნას? მით უფრო, რომ საძოვარს ოქროს ფასი ადევს და უზარმაზარი თანხის გადახდა უწევს, პირუტყვი რომ აძოვოს. იმიტომაც ღირს რძის პროდუქტი ძვირი. აბა, სახელმწიფომ საძოვრების გადასახადი მოხსნას, ვეტერინარებს ხელი შეუწყოს და სოფლის დამცავი სხვა ღონისძიებები გაატაროს, მსგავსი სიძვირე თუ იქნება! ველოდები, რომ ადგილობრივი ნაწარმი ისევ გაძვირდება და უფრო მეტი უცხოური ხორცი და რძის პროდუქტი შემოვა ქვეყანაში, რამაც არ მგონია ჩვენს ჯანმრთელობას არგოს.
- ვეტერინარული პროგრამები თუ არსებობს, რომლებშიც ადგილობრივ მეწარმეს შეღავათი გაეწევა.
- ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს, მაგრამ რა გამოვიდა, ერთი თუ გააკეთე და მეორე გააფუჭე. მაგალითად, სახელმწიფოს აქვს პრიორიტეტი ჯილეხზე, ბრუცელოზზე, ცოფზე, თურქულზე - პირუტყვი უფასოდ იცრება, მაგრამ არის დაავადებები, რომლებიც ძალიან საშიშია, გლეხიც და ფერმერიც თვითონ უნდა წავიდნენ, ვაქცინა შეიძინონ და პირუტყვი აცრან, რის შემდეგაც არც ამ პირუტყვის ხორცზე და არც რძეზე ორი კვირით არ შეიძლება მიკარება. ამ ამბავს ვინ ამოწმებს? არც არავინ. არადა, ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს. თუმცა ის ამ საქმეში ვერ ერევა იმ მდგომარეობის გამო, რაზეც ვისაუბრე. გარდა ამისა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ცხოველსაც და ფრინველსაც წინასწარ უნდა ჩაუტარონ პროფილაქტიკური მკურნალობა, თორემ როდესაც ავად გახდება პირუტყვი, მაშინ ეს გაცილებით ძვირია, ან ვეღარც გადაარჩენს, მით უფრო, თუ საქმეში ვეტერინარი დროულად ვერ ჩაერია. საბედნიეროდ, ეს პროფილაქტიკური ღონისძიებები რაიონების ვეტაფთიაქებში გაწერილია და მოსახლეობას ვურჩევ, ამით მაინც ისარგებლონ - ვეტაფთიაქის კონსულტანტებს პროფილაქტიკური ღონისძიებების სია მოსთხოვონ და გამოიყენონ.