ქართული კომშის პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გამოჩნდა
კომში, იგივე ბია, არომატული, სურნელოვანი, სასარგებლო და გემრიელია მურაბად, კომპოტად, ჟელედ, ხილფაფად, კომშის ფოთლების ნახარშიც კი სამკურნალოა და ხველების საწინააღმდეგოდ იხმარება. ამიტომაც გულდასაწყვეტია, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ენთუზიაზმით დაწყებული კომშის ბაღების გაშენება აქტიურ პროცესად რომ ვერ იქცა. თუმცა ერთ-ერთი მიზეზიც გასაგებია - კომშის ქალაქის ბაზრებში ტრანსპორტირება ძვირი ჯდება...
ქართული კომში ბაზრამდე თუ მაინც მოვიდა, შესაძლოა ბაზარში მას იმპორტირებული (ხშირად თურქული), ვიზუალურად უფრო მიმზიდველი კომში დახვდეს და ქართული ხილი აღარ გაიყიდოს. ამ დროს ქართული კომშის სურნელსა და არომატთან იმპორტირებული ახლოსაც ვერ მივა, მით უფრო, თუ ქართული კომშის საუკეთესო ჯიშებზეა ლაპარაკი. სურვილის შემთხვევაში კი საუკეთესო ჯიშები ჩვენს ქვეყანაში შეგიძლიათ ყველგან იპოვოთ და გაახაროთ. საქართველო ხომ კომშის ერთ-ერთ სამშობლოდ ითვლება, ის თითქმის ყველა კუთხეში ხარობს და 75 ჯიშია გავრცელებული. ყველა ჯიში სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. დადგენილია, რომ კომში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭის წყლულის მკურნალობაში, ებრძვის სისხლში შაქრის მაღალ დონეს, არის ანტიბაქტერიული, ანტიალერგიული პროდუქტი და დიდი რაოდენობით ვიტამინებსაც შეიცავს.
დღეისთვის კომშის ბოლო წლებში გაშენებული რამდენიმე მცირე ბაღი ძირითადად კახეთშია და მათი მოსავალი საქართველოს ბაზრებში გადის. კომშის უმეტესი რაოდენობა კი კვლავ იმ სოფლებში მოდის, სადაც კომში ტრადიციული ხილია, მაგალითად, ქართლში, იმერეთში. კომშის გახარება ძნელი არ არის, ის თითქმის ყველა ტიპის ნიადაგს ეგუება და მავნებლებისადმი გამძლეობითაც გამოირჩევა. ველურ კომშს არ სჭირდება შეწამვლა, ნიადაგის საგანგებო დამუშავება და სარწყავი სისტემა, რაც კომშის ფასს ამცირებს. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ კომშის ყველა ეს სიკეთე კარგად გამოიყენა თენგიზ კაკუშაძემ, რომლის ხილის გადამმუშავებელი საწარმო გორში კომშის პროდუქციასაც აწარმოებს, ნაწილი საქართველოში რეალიზდება, ნაწილი კი იმპორტზე გადის.
- წლებია თქვენი საწარმო არ გაჩერებულა, კომშის დეფიციტი არა გაქვთ. ის ხომ დიდი რაოდენობით არ არის საქართველოში.
- როდესაც საწარმოს აშენება დავიწყეთ, ისიც გვქონდა გათვლილი, რომ ნედლეული, მათ შორის კომში, ახლომახლო სოფლებიდან მიგვეღო. კომში ძალიან საინტერესო პროდუქტია, არომატული, სასარგებლო, შესანახად გრძელვადიანი და ნაკლებადფუჭებადი. ჩვენ ტონობით კომშს ვიბარებთ, დიდხანს არ ფუჭდება, არ მოითხოვს მაცივარში შენახვას. კომშისგან სხვადასხვა პროდუქციასაც ვამზადებთ. დაწნეხილს როგორც ხილფაფისა და მურაბისთვის, ასევე არყისთვისაც ვიყენებთ. იგივე პროდუქცია ევროპაშიც გაგვაქვს. მათთვის კომში თითქმის უცნობი ხილია და პირველად თითქოს დიდად არ აღფრთოვანდნენ. თუმცა დროის გასვლის შემდეგ, როდესაც პროდუქტი იგემეს და მისი არომატიც შეიგრძნეს, უკვე მოეწონათ. უკვეK გვწერენ და გვესაუბრებიან პარტნიორები ამის შესახებ.
- კარგია, რომ გწერენ, იქნებ ევროპა მიეჩვიოს ჩვენგან მიწოდებულ საკვებს და ამით მხოლოდ მოვიგებთ. იმედია, კომშის დეფიციტი არ შეიქმნება.
- საბედნიეროდ, არა. წლეულს, მაგალითად, ცუდი მოსავალი იყო, წვიმებმა გააფუჭა, მაგრამ დეფიციტი მაინც არ შეგვქმნია. როდესაც პროდუქციის დამზადებას დავასრულებთ, მის დიდ ნაწილს ვინახავთ და მოგვიანებით ვყიდით. მაგალითად, კომშის არაყს მომდევნო წლის დასაწყისში გავუშვებთ ქსელში. არა მარტო იმიტომ, რომ დეფიციტი არ შეგვექმნას, არამედ იმიტომაც, რომ კომშის არაყი ადრე არ უნდა გახსნა, თორემ არომატსა და გემოს დაკარგავს. რაც შეეხება კომშის მოწოდებას, არის მცირე პრობლემები, თუმცა, საბედნიეროდ, გამოსწორება ადვილია. მოსახლეობას უჭირს კომშის ჩვენს მიმღებ პუნქტამდე მოტანა, ამას დამატებითი ხარჯები სჭირდება საწვავის ჩათვლით, ამიტომაც კომშის მიღებაზე შემგროვებლები მუშაობენ, რომლებიც სოფლებში მიდიან და ელოდებიან, რომ მოსახლეობამ კომში ჩააბაროს. შემდეგ ხილი ჩვენთან მოაქვთ. სხვათა შორის, ჩვენ არ გვაქვს აქცენტი ვიზუალურად საბაზრო ღირებულების ხილზე, რადგან არასაბაზროც ასევე საუკეთესოა პროდუქციის საწარმოებლად, მით უფრო, რომ პროდუქცია სრულიად თავისუფალია ქიმიური დამუშავებისგან. ადგილობრივი კომში შეწამვლასაც კი არ მოითხოვს, რაც მოსახლეობას ხილის ჩაბარებას უადვილებს. ასეთი ხარისხის კომშისაგან ჩვენ საუკეთესო, არომატულ "რბილ" არაყს ვაწარმოებთ, რომელიც უცხოეთში ძალიან მოსწონთ. დანარჩენი კომშისგან კი ხილფაფასა და წვენებს ვამზადებთ, რომელიც სასარგებლო და მოთხოვნადია.
- რამდენ ტონა კომშს იბარებთ სეზონზე, რა რაოდენობით შემოდის გორის სოფლებში?
- ტონობით შემოდის. ნედლეულს უკან არ ვაბრუნებთ. სწორედ ახლა, ნოემბერშია ის დრო, როდესაც კომში ჩაყვითლებული და დამტკბარია. ამიტომ ნოემბრის შუა რიცხვებამდე კომშის კრეფის სეზონი გვაქვს.
- საინტერესოა, როდესაც სხვა ხილი მილევადია, მაშინ წარმოებაში უკვე კომში შემოდის და მოსახლეობა მისგან იღებს შემოსავალს. პატენტი ხომ არ გერგებათ კომშის არყის წარმოებისთვის? არც ვიცოდი, თუ ასეთი არაყი არსებობდა.
- არსებობს და ძალიან არომატულიც. თუმცა კომშის არყის გამოგონების პირველობა ჩვენ არ გვეკუთვნის. საქართველოს სოფლებში კომშისგან არაყს ყოველთვის ხდიდნენ. ძალიან პოპულარულია ჩვენს ოჯახებში დამზადებული კომშის კომპოტიც, თუმცა ჩვენი კომშის წვენებიც მინდა შევაქო, მათ შორის კომშისა და არყის ჩვენეული მიქსი, რომელიც ქართულ ბაზარზე წარმატებულია.
- მისასალმებელია, რომ ამდენი სახის პროდუქციას აწარმოებთ. ამით მოსახლეობასაც ეხმარებით, ტყუილად არ ლპება ბიოლოგიურად სუფთა ხილი. წარმატებას გისურვებთ.
- გმადლობთ. ქარხანა პირველი დღიდან არ გაჩერებულა და ხილის მიღებასთან ერთად, მოსახლეობასაც ვასაქმებთ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.