ზოლიანა, ბაჭყატო, ბალონა - ჩემი ეზოს ჭკვიანი „მოსწავლეები“ - კვირის პალიტრა

ზოლიანა, ბაჭყატო, ბალონა - ჩემი ეზოს ჭკვიანი „მოსწავლეები“

სოფელ საქობოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის დროს თბილისიდან დროებით ჩასახლებულმა ცოლ-ქმარმა თხის ფერმა გააკეთა და იქ დამკვიდრდა.

დარია პაპალაშვილი:

- მამა დედოფლისწყაროელი იყო, მაგრამ მე თბილისში დავიბადე, გავიზარდე და სოფელთან ხშირი კავშირი არ მქონია. დედულეთი წყნეთში მქონდა და იქ რომ ავდიოდი, ვხედავდი, როგორ უვლიდნენ შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს. მიუხედავად ამისა, გვინდოდა სოფელშიც გვქონოდა სახლი, სადაც ზაფხულში ჩავიდოდით. მე და ჩემმა მეუღლემ 9 წლის წინ ოცნება ავისრულეთ და საქობოში ერთსართულიანი სახლი შევიძინეთ. პროფესიით ექიმი ვარ, მასაჟისტი, მაგრამ ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობს, რომ პროფესიით ვიმუშაო. კორონავირუსი რომ გავრცელდა, დროებით სოფელში წამოვედით. ვფიქრობდით, რომ ვირუსი გადაივლიდა და თბილისში დავბრუნდებოდით, მაგრამ...

ჩვენ სახლს პატარა ეზო აქვს და არც სახნავ-სათესი გაგვაჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ თავის სარჩენად პირუტყვი გაგვეჩინა. პირველ წელს გოჭი გავზარდეთ, მეორე წელს კი თხების მოშენება დავიწყეთ.

- ქიზიყში თხები იშვიათად თუ ჰყავთ და თქვენ რატომ ამჯობინეთ?

- თხის რძე წამალია, ხორცი კი დიეტური. პირველად ნაცრისფერი თხა ვიყიდეთ, რომელიც ახლაც გვყავს, ნაცარა ჰქვია. ბოდბისხევის ბაზარში შეგვხვდა კაცი, რომელსაც ვალი ვერ დაუბრუნეს მევალეებმა და სამაგიეროდ, თხები აჩუქეს. გვითხრა, თხის მოვლა არ შემიძლია და იაფად მოგყიდითო. სახლში მოგვიყვანა მაკე თხა. რამდენიმე თვეში ორი ნაცრისფერი თიკანი გააჩინა. ახლა მათ თიკნებს ველოდებით.

ამჟამად ჩემს ეზოში 30 თხა დახტის, აქედან 20 ჩემია, 10 კი ახლობელმა მომაბარა. პირობა ასეთი გვაქვს - მისი თხა ორს თუ მოიგებს, ერთი მე დამრჩება. გვინდა უფრო გავაფართოოთ ფერმა. მე და ჩემი ქმარი როგორც კი საჭირო თანხას მოვაგროვებდით, ბადიაურის ბაზარში მივდიოდით და ჯიშიან თხებს ვყიდულობდით. სოფელ საქობოშიც ჰყავდა ერთ კაცს ცხვრებთან ერთად თხები. გვითხრა, გაწამებული ვარ, ცხვრებს თხები აქეთ-იქით დაარბენინებენ და უნდა მოვიცილოო. იმ კაცმა რამდენიმე თხა ნისიად მოგვცა და მერე ნელ-ნელა გავისტუმრეთ ვალი.

ცხვართან შედარებით თხას ნაკლები მოვლა სჭირდება და ისეთი სპეციფიკური სუნიც არ ასდის, როგორც ცხვარს. ბევრი საჭმელიც არ სჭირდება, მინდორში გავუშვებთ და საკვებს თავად პოულობს: ხიდან ჩამოცვენილ ფოთოლს, ხმელ ბალახს, ნეკერს, ხეს აცლის ქერქს... არაფერს იწუნებს, მსუსხავ ჭინჭარს თუ ბროწეულს ქერქიანად გემრიელად ახრამუნებს. საშუალება თუ მიეცი, ხეზეც ავა და გადაკორტნის. საძოვრიდან სახლში დაბრუნებულს, საკვები აღარ სჭირდება. ზამთარში თუ თოვლი არ არის, თხებს კვების პრობლემა არა აქვთ. ძროხას ერთ დღე-ღამეში ერთი ბარდანა საკვები არ ჰყოფნის, სამით კი 30 თხას დავაპურებ. ასე რომ, თხა უფრო მომგებიანია, ვიდრე ძროხა და ცხვარი.

მე და ჩემი მეუღლე დილის 5-6 საათზე ვდგებით საქონლის საბალახოდ გასარეკად. სოფლის ზემოთ, სიღნაღის გზაზე საძოვრებია. ზოგჯერ მეუღლე მარტო მწყემსავს, ზოგჯერ ორივე ვუვლით. ზაფხულში ორჯერ გაგვყავს საძოვარზე - სამი საათით დილით და სამით - საღამოს. ტყეში გაშლილ თხებს მამალი თხა, ბოტი თავად აგროვებს. მას მიშო ჰქვია. ჩემი გაზრდილია და ისე მიმეჩვია, როგორც კი დავუძახებ, მაშინვე მოდის. ბოტი რომ სახლისკენ მოაბრუნებს პირს, სხვებიც უკან უდგებიან და მოსდევენ. ერთი თხაც რომ არ ჩადგეს მწკრივში, მიშო ყვირილს იწყებს და დაგვიანებულს ეძახის. კიდევ ერთი ბოტი მყავს, ბორკა. კარგი ბოტი რამდენიმე კარგ მწყემსს სჯობია. ჩემი ბოტები კარგად უძღვებიან საქმეს და თხაც არასდროს დაგვიკარგავს. ყველა თხას სახელი დავარქვით. გვყავს ჩორნა, ბაჭყატო, თვალები აქვს დაჭყეტილი, ერთი ირემს მივამსგავსე და ირმას ვეძახი, ბალონაც მყავს, ბალონივით ჯიქნები აქვს, ზოლიანა სახეზეა დაზოლილი. ყველა თხას ესმის ჩემი, დავუძახებ და ეგრევე მოდიან. თხების მიჩვევას საკვებით ვახერხებ, ვაჭმევ და თან ვასწავლი რაღაც-რაღაცებს. ჭკვიანი და დამჯერი "მოსწავლეები" არიან.

ზამთრისთვის საკვებს მაინც ვყიდულობთ, რათა თოვლის დროს თუ საძოვარზე ვერ გავიყვანე, მშივრები არ მყავდნენ. ახლა საფრის გაკეთება დავიწყეთ. იმედია, ზამთარში ახალი ბოსელი ექნებათ. თხა ცხვარზე მცივანა და სითბოს მოყვარულია.

ძალიან რთულია ხელით გაზრდილი ცხოველის დაკვლა. რამდენჯერმე თხის რძის ყველიც ამოვიყვანე, მაგრამ მშრალი, უცხიმო ყველია და ზოგს არ მოსწონს. თხის ყველი რაც უფრო ძველია, უფრო სასარგებლო და გემრიელია. თხის რძეს ქალის რძის მსგავსი შემადგენლობა აქვს. მას ბრონქული ასთმის სამკურნალოდაც იყენებენ.

ფილტვებით დაავადებული ბავშვების მშობლები ხშირად მოდიან თხის რძის წასაღებად. რა თქმა უნდა, ავადმყოფისთვის ყველაფერს უფასოდ ვაძლევ. თხის ქონიც სასარგებლოა ბრონქებით ავადმყოფებისთვის. დედა მყავდა რამდენიმე დღის წინ ავად, ბრონქები გაუცივდა, წავუსვი თხის ქონი გულის ფიცართან, დავაფინე თბილი საფენი და რამდენიმე დღეში გამოვაჯანმრთელე. რძეს შერეული თხის ქონიც უებარი წამალია. ბევრს ტანჯავს კოლიტი და თხის რძე ამისთვის უებარია.

- თხის მოვლა-პატრონობაზე ან მისი პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე თქვენ როგორ შეიტყვეთ?

- უამრავი ლიტერატურა არსებობს და როცა დაინტერესებული ხარ, მისი მოპოვება იოლია. მაგალითად, გავარკვიე, რომ თხა ცხვრისგან განსხვავებით ნაკლებად ავადობს. თუმცა არსებობს დაავადება, რომელსაც მხოლოდ ანალიზებითა და თვალების სიყვითლით შეიტყობ. ვერაგი და საშიში დაავადებაა. მას ნაბარევს ეძახიან. საბედნიეროდ, ჯერ ჩემს თხებს არ შეჰყრია. ყოველდღიურად ვუმოწმებთ თვალებს, რომ არაფერი გამოგვეპაროს.

თხებს ასი ყური და ასი თვალი სჭირდებათ. სულ გარეთ გასვლას ცდილობენ. ამიტომ თავისუფალი დრო აღარც გვაქვს. ჩვენი მიზანია საარსებო წყარო მუდმივად გვქონდეს, საკვები არ მოგვაკლდეს, რძე, ყველი, ხორცი... მსიამოვნებს გაჭირვებული ადამიანების დახმარებაც. გვინდა იმდენი თხა გავიჩინოთ, რომ დავამზადო ყველი, მაწონი, კარაქი და გავყიდო. მომავალ წელს 100 სულამდე თუ ავედი, ვიტყვი, რომ შრომა დაგვიფასდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ იქით, რომ სოფლად ჩემი საწარმო მქონდეს. სეპარატორის შეძენაც მინდა, რძისგან არაჟანი რომ გავაკეთო და მერე კარაქი მოვდღვიბო.

- გამოდის, არ ნანობთ თბილისი რომ მიატოვეთ?

- არა, პირიქით, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ აქეთ წამოსვლა გადავწყვიტე.

თბილისელებს მინდა ვუთხრა, რომ აუცილებლად შეიძინონ სოფლად პატარა ნაკვეთი, ჩადგან სახლი, შეიძლება ოდესმე ჩემსავით გამოადგეთ და ის მათი შემდგომი ცხოვრების საყვარელ ადგილად იქცეს. საკუთარი მეურნეობაც გაიჩინონ, ჯანსაღი ჰაერი ისუნთქონ და საკუთარი ხელით მოყვანილი პროდუქტით თავი ირჩინონ. თუ შრომა გიყვარს, სოფელში არასოდეს იქნები ღარიბი ან ულუკმაპურო.

ნელი ვარდიაშვილი