სორგო და მარგალიტის ფეტვი - კისისხეველი ფერმერის ექსპერიმენტი - კვირის პალიტრა

სორგო და მარგალიტის ფეტვი - კისისხეველი ფერმერის ექსპერიმენტი

"ჩემი მიზანი იყო, ისეთი კულტურები შემომეტანა, რომლებსაც საოჯახო მეურნეობაში სასურსათო მარაგის შესავსებად გამოვიყენებდი და იმისთვისაც, რომ საქართველოში ფართოდ დანერგილიყო", - გვეუბნება კისისხეველი ფერმერი გიორგი ლაცაბიძე, რომელიც კენკროვან კულტურებს აწარმოებს. ახლა საქართველოსთვის უცხო მარცვლოვნებითაც დაინტერესდა, კერძოდ, სორგოთი და მარგალიტის ფეტვით.

არსებობს სორგოს 50-მდე სახეობა, მათ შორის შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვ. სორგოს მარცვლისგან მზადდება ფქვილი, ბურღული, სპირტი, სახამებელი, ხოლო შაქროვანი სახეობის სორგოს ღეროსგან - ბადაგი. ნამჯას ქაღალდის, მუყაოს წარმოებაში იყენებენ, მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია. გვალვაგამძლე მცენარე მოდის ურწყავ მიწებზე. გიორგი­ ლაცაბიძეL­ ­ზემოხსენებული კულტურების იმ სახეობებით არის დაინტერესებული, რომელთაც სასურსათო მნიშვნელობა აქვთ.

- კენკროვანი კულტურები მომყავს, ჩემი შემოსავლის წყარო ესაა და პოპულარიზაციას სულ ამას ვუწევ, თუმცა სხვა საკითხებიც მაინტერესებს. მაგალითად, მარცვლოვანი კულტურები. ხორბალი, სიმინდი და მრავალი სხვა დიდი ხნის განმავლობაში ინახება, არ სჭირდება მაცივარი და ა.შ. მეც მსოფლიოს მასშტაბით ისეთ კულტურებს ვეძებდი, რომლებიც საქართველოს სასურსათო მარაგის შესავსებად გამომადგებოდა და ჩვენთან ფართოდ დაინერგებოდა. ამ ძებნაში ამერიკულ ინტერნეტმაღაზიებში, რომლებიც სხვადასხვა მცენარის თესლებს ყიდიან, მარგალიტის ფეტვსა და მარცვლოვან სორგოს გადავაწყდი. დავინტერესდი, თუკი მათ ამერიკელები, ევროპელები, ინდოელები იყენებენ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია გამოყენება-მეთქი და სხვადასხვა კომპანიისგან მარგალიტის ფეტვისა და მარცვლოვანი სორგოს რამდენიმე ჯიშის თესლი შევიძინე. გადავწყვიტე, ჩემს მეურნეობაში დამეთესა და გამერკვია, რა ნაყოფს გამოიღებდა. წლეულს გაზაფხულზე დავთესე, მოვიყვანე და კარგი შედეგიც მივიღე. შესანიშნავად აღმოცენდა, გაიზარდა და მოსავალიც ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ჩემი გამოცდილებიდან დასკვნა ის არის, რომ მარგალიტის ფეტვიცა და მარცვლოვანი სორგოც საქართველოში კარგად ხარობს. ორივე სიმინდის მსგავსად ითესება. აღნაგობითა და განვითარებითაც სიმინდს წააგავს. განსხვავება ის არის, რომ ორივე მარცვლოვან თავთავებს წვერში ივითარებს. იქვე, თავზევე აქვს ყვავილებიც. სორგოსა და მარგალიტის ფეტვის ყანაც სიმინდისას ჰგავს. რაც მთავარია, ორივე კულტურა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი ხელით მოიყვანოს. მექანიზაცია აუცილებელი არ არის, თუმცა მისი მოყვანა და მოსავლის აღება მექანიზაციითაც შეიძლება.

ჩემთვის ამ კულტურების მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, რომ ადამიანის საკვებად იყოს გამოყენებული. მისი მარცვალი­ მოხარშული იჭმება. დაფქული მარცვლისგან მშვენიერი ფაფა მზადდება. ცხვება პური, გამოიყენება საკონდიტრო წარმოებაში.

marcvlovani-sorgo-1-1699957041.jpg

- ამ მარცვლეულით კვებავენ ცხოველ-ფრინველსაც...

- კი, მაგრამ მე ამისთვის არ მინდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მთელი წლის განმავლობაში ისინი სურსათის შესავსები საშუალება იყოს, ვინაიდან ეს პროდუქტები წლის განმავლობაში ინახება. აქვს მაღალი კვებითი ღირებულება. თითოეული შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მრავალფეროვანი საკვები მარაგი არსებობდეს და თან ისეთი, რომელიც განსაკუთრებული შენახვის პირობებს არ საჭიროებდეს. ორივე კულტურა კარგად ინახება მშრალ პირობებში მთელი წლის განმავლობაში.

- მოვლას როგორს ითხოვს?

- მარცვლოვანი სორგო უფრო მძლავრ­ ფესვთა სისტემას ივითარებს, ვიდრე ჩვეულებრივი სიმინდი. გვალვების მიმართ უფრო მდგრადია. შესაძლებელია მისი მოყვანა ურწყავ რეგიონებშიც, სადაც ხელოვნურად წყალი ვერ მიეწოდება და მეურნე მხოლოდ წვიმის იმედზეა.

ფეტვის ფესვთა სისტემის განვითარებაზე იმავეს ვერ ვიტყვი, შედარებით მცირე ზომის მცენარეა. რეგიონების მიხედვით მათი გადანაწილება უკვე ინდივიდუალურია. მსურველებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, სად დათესავენ ერთს ან მეორეს.

მარცვლოვანი სორგოს ჯიშები სხვადასხვა ჯგუფად იყოფა. მოსავლიანობის თარიღების მხრივ არის 70-დღიანი მარცვლოვანი სორგო, აგრეთვე 120 და 150-დღიანი, ხოლო რომელ რეგიონში რომელი უნდა დაითესოს, იმაზეა დამოკიდებული, თბილი პერიოდები როგორ შეესაბამება.

ჩემი მიზანი იყო, ბევრი ჯიში შემომეტანა და გამეგო, თითოეულს რა თვისება ექნებოდა. წლეულს მხოლოდ ერთი ჯიში დავთესე. მისი სახელია კორჯაჯი (Kორჯაჯ). ეს თეთრი მარცვლის მქონე სორგო დასავლეთ სუდანიდანაა. დარფურის მცხოვრებთაგან თესლი ამერიკაში ამერიკელმა აქტივისტმა ნეიტ კლეინმანმა წაიღო. ახლა თესლს სწორედ ამერიკული მეთესლე კომპანიები აწარმოებენ. კორჯაჯი საადრეო სორგოს ჯიშია. მწარმოებლებისგან ცნობილია, რომ კარგად ხარობს როგორც მშრალ, ისე ტენიან კლიმატში. ეს არაჰიბრიდული ჯიშია და მისი მარცვლის სათესლედ გამოყენება ყოველი წლის მოსავლიდან შეიძლება.

დღესდღეობით სორგო, მსოფლიოში ექსპორტის თვალსაზრისით, მარცვლოვან კულტურებს შორის რიგით მეხუთე პოზიციაზეა.

lalisgan-1-1699957041.jpg

- ანუ მცირე რაოდენობით დათესეთ საექსპერიმენტოდ...

- და გაამართლა. გაისად ყველა ის ჯიში მინდა დავთესო, რაც შემოვიტანე. სუდანურ სორგოს დიდი რაოდენობით დავთესავ, ვინაიდან ეს ჯიში სიმინდივით მაღალი იზრდება. როგორც სიმინდს სჭირდება სარეველასგან გაწმენდა, რომ არ მოერიოს, ისიც ასეა, ხოლო სიმაღლეში გაზრდის მერე სარეველა ვეღარ მოერევა. მოვლაც ისევე უნდა, როგორც სიმინდს. მოკლედ, განსაკუთრებული სორგოს არაფერი სჭირდება.

- რაც შეეხება ფასს?

- 20 ცალი თესლი 5 დოლარად ვიყიდე. ვინაიდან მცენარე ითესება და თავზე ბევრ თესლს იკეთებს, თესლის შეგროვება და გავრცელება ძვირი აღარ ჯდება. ამიტომ მის შემოტანას აღარ ვაპირებ და სორგოსა და ფეტვის თესლს სათესლედაც ვაწარმოებ. სხვებსაც შევთავაზებ მისაღებ ფასად. ვინც შეიძენს და მოიყვანს, თესლის ყიდვა აღარც მას დასჭირდება. ეს ჯიშები არაჰიბრიდულია და მათი დათესვა ყოველი წლის მოსავლიდან შეიძლება - ციკლურად უნდა დათესო, მოიყვანო, მერე ეს მოყვანილი თესლი აიღო და ასე განაგრძო ყოველ წელს. ამით დიდი სარგებლის მიღება შეიძლება.