"ჩემს შვილებს "ვეფხისტყაოსანს" ხშირად ვუკითხავ... ქართული ყველაფერი მენატრება" - უცხოეთში მცხოვრები ქართველი ქალის წარმატების ისტორია
ინგა ჟორჟოლიანი ქერსეი გლობალური ეტიკეტის ექსპერტი გახლავთ. სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია, განსხვავებული სტილი აქვს და ბევრი გამომწერიც ჰყავს. საქართველო მრავალი წლის წინ დატოვა. ახლა კი მეუღლესთან და შვილებთან ერთად უცხოეთში ცხოვრობს. გატაცებულია კულინარიით, წერს წიგნებს, შვილებს საქართველოზე ხშირად უყვება და როგორც თავად ამბობს, სურს ისინი, კარგ ადამიანებად აღზარდოს. ინგა საკუთარი საქმიანობის, უცხოეთში ცხოვრებისა და დედობის შესახებ Mshoblebi.ge-ს მკითხველს უყვება:
- ამჟამად, გერმანიაში, ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა, წლის გარკვეულ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვატარებთ. ჩემი საქმიანობა მრავალფეროვანია, გლობალური ეტიკეტის ექსპერტი გახლავართ. ამჟამად ვმუშაობ ორ წიგნზე, (ქართულ პოემაზე და ინგლისურ ფილოსოფიურ რომანზე). ასევე, მაქვს ბლოგი თუმცა, მას შემდეგ, რაც მშობელი გავხდი, ჩემი ცხოვრების პრიორიტეტად დედობა იქცა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მძიმე ახლო წარსული აქვს, მეც ბევრი შრომა, სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა დამჭირდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი ამ გასაოცარ სიტყვებში: "თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები". ამ მეტად უნიკალურ ღირებულებას ყოველდღე ვეუბნები და ვახსენებ ჩემს შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუაჩემს სვანეთში დიდ პატივს სცემდნენ, მისი გარდაცვალების შემდგომ, ჩვენმა ოჯახმა მძიმე ეკონომიური წნეხი გაიარა. თუმცა, ჩემს ბავშვობას მძიმეს ვერ ვუწოდებ, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - სიყვარული უხვად მქონდა. მამაჩემისათვის მატერიალური კეთილდღეობა ყოველთვის უმნიშვნელო იყო და მეტიც, ის ყოველთვის უპირისპირდებოდა კლასთა სისტემას და ღრმად სწამდა, რომ სიკეთე ყველაზე დიდი ღირებულებაა. მამა ჩემთვის "დონ კიხოტე-ა!"
- რამდენი ხნის წინ დატოვეთ საქართველო? - მოგვიყევით მეუღლის გაცნობისა და სიყვარულის ისტორიაც
- საქართველო დიდი ხნის წინ დავტოვე, თუმცა ის კვლავ ჩემი ყოველდღიურობა და სულის ნაწილია.
ჩვენი გაცნობა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. შონი საქართველოში მეგობრების წრეში ვახშამზე გავიცანი. იმ საღამოს მთხოვა, მეორე დღეს შევხვედროდით, ჩემი სურვილის მიუხედავად - ვერ ვახერხებდი, რადგან, გამოცდა მქონდა. სრულიად მოულოდნელად მან ჩემი გაოცება მეორე დღესვე მოახერხა. აბსოლუტურად უცხო ქალაქში, ლამაზი სიურპრიზი მომიწყო და უნივერსიტეტიდან გამოსულს კიბესთან ყვავილებით ხელში დამხვდა. შემდგომ კი გაცნობიდან რამდენიმე დღეში ხელი მთხოვა. რა თქმა უნდა, დავიბენი და დასაფიქრებლად დრო ვითხოვე. მან კი დაუყოვნებლივ მითხრა, იმდენ დროს მომცემდა, რაც მისთვის უფალს ჰქონდა ნაბოძები (ანუ მთელი ცხოვრება დამელოდებოდა). მისმა ასეთმა საქციელმა აღმაფრთოვანა და დავთანხმდი.
გაცნობიდან სამ თვეში საქართველოში დავქორწინდით. ჩემთვის, ოჯახში რელიგიურ ერთსულოვნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შონმა ყველაზე დიდი საჩუქარი გამიკეთა მაშინ, როცა მართლმადიდებლობის მიღების გადაწყვეტილება მიიღო და ჯვრისწერამდე, სვეტიცხოველში მოინათლა. (გააგრძელეთ კითხვა)