"ქართული "ტიტანიკები" - როგორ დარჩა საქართველო ფლოტის გარეშე:"ჯერ შევარდნაძე-აბაშიძემ გაანიავეს გემები, მერე სააკაშვილის ხელისუფლებამ"
ამ დღეებში საბერძნეთში ორი ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური დაიღუპა, რომელთაც სამშობლოში ჩამოასვენებენ. მიზეზად უბედური შემთხვევა სახელდება, თუმცა ინფორმაციის რეალობის დადგენა მანამდე შეუძლებელია, ვიდრე საერთაშორისო ზღვაოსნობაში დადგენილი წესებით გამოძიება არ ჩატარდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალგაზრდა მეზღვაურები შორეულ ნაოსნობაში იღუპებიან, თანაც მაშინ, როცა საქართველოში სამეზღვაურო საქმის პოპულარობა იზრდება, განსაკუთრებით საზღვაო სანაპიროს რაიონებში. ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნიდან შორეულ ნაოსნობაში 13000 ახალგაზრდა მეზღვაურია დასაქმებული. ამ პროფესიის მიღმა კი არაერთი ტრაგედია და ადამიანის უფლებების შელახვა დგას. ამ პრობლემაზე მეზღვაურთა ოჯახების გარდა, ფაქტობრივად, არავინ ლაპარაკობს. შორეული ნაოსნობის კაპიტანს ლევან მამალაძეს ქართველ მეზღვაურებზე ვესაუბრეთ.
- გულწრფელად მიხარია ამ თემით მედიის დაინტერესება. მეზღვაურები არ ლაპარაკობენ თავიანთი საქმის სირთულეებზე, რადგან ქვეყანაში უამისოდაც თავზესაყრელია პრობლემა. რაც მთავარია, ოჯახები ჰყავთ შესანახი და ეს აიძულებთ ზღვაში გასულებმა ბევრი რამ მოითმინონ. მეზღვაური იგივე ემიგრანტია, ოღონდ გაცილებით რთულ მდგომარეობაში. ემიგრანტი ერთხელ გაივლის ოჯახთან განშორების ტკივილს და სადღაც ხმელეთზე, როგორღაც დამკვიდრდება, მეზღვაური კი ოჯახთან განშორების ტკივილს ზღვაში გასვლის ყველა ჯერზე განიცდის. ოჯახში დროებით დაბრუნების შემდეგ ყველა ჭრილობა თავიდან ახლდება. ნებისმიერ მეზღვაურს რომ შეეკითხო შვილებზე, გეტყვით, რომ ისინი მის გარეშე იზრდებიან. როდესაც საჭიროა, მამა სწორედ მაშინ ვერ არის მათ გვერდზე. ვერ ხედავს, როგორ იღვიძებენ შვილები დილით, როგორ მიდიან სკოლაში, რა პრობლემები აქვთ. ამასობაში ცხოვრება გადის... სულ სხვა თემაა მეზღვაურთა ცოლობა. ამის მიუხედავად, მეზღვაურთა პროფესია სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ საქმის პოპულარობას ხელს უმთავრესად ის ხელფასი უწყობს, რომელსაც მეზღვაური ზღვაში ყოფნისას სტაბილურად იღებს და ოჯახს აწვდის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მეზღვაურის ხელფასი თვეში 1.500 დოლარია, საქართველოში მეზღვაურთა რიცხვი 13000 კაცამდე გაიზარდა. ეს ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის არცთუ მცირეა.
- 13000 ახალგაზრდა მამაკაცი! ეს დიდი ძალაა ქვეყნისთვის. ამ რიცხვამდე მიღწევას კიდევ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?
- ეს საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოსა და სახელმწიფოს დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს. პანდემიის დროს ყველაფერი გააკეთეს, რომ როდესაც მსოფლიოში მეზღვაურთა ვაკანსიები გაჩნდა, ის ქართველი მეზღვაურებით შეევსოთ. შემდეგი მატება რუსეთ-უკრაინის ომის გამო გვქონდა. უკრაინა უზარმაზარი საზღვაო ქვეყანაა, ჩვენ ვერ შევედარებით, მაგრამ ომმა მეზღვაურების მდგომარეობაც არია, ზოგი ომში წავიდა, ზოგიც ლტოლვილობამ შეაჩერა, მსოფლიო ნაოსნობაში მათი ჩანაცვლება გახდა საჭირო და ქართველები ჩავენაცვლეთ. ასე დავიჭირეთ ნაოსნების მნიშვნელოვანი ნიშა მსოფლიოში, რაც, ერთი მხრივ, ძალიან კარგია. მეორე მხრივ კი ახლავს პრობლემები. ქართველი მეზღვაური აქამდეც ძალიან ფასობდა საერთაშორისო ნაოსნობაში არა მარტო დადებითი თვისებების, არამედ იმის გამოც, რომ რასაც ქართველი მეზღვაური გემზე უსიტყვოდ გააკეთებს, ბევრი სხვა ქვეყნის მეზღვაური უარს იტყვის. ქართველ მეზღვაურებს ზურგს უკან ოჯახები ჰყავთ, რომელთათვისაც მეზღვაურების ხელფასი სასიცოცხლოა. ეშინიათ სამუშაოს დაკარგვის. ამიტომაც არიან ჩუმად. ერთადერთი, რაზეც ჩვენმა მეზღვაურებმა მართლაც ძლიერი პროტესტი გამოხატეს, ქართული საზღვაო ფლოტის გემების გაყიდვა იყო. ქართული ფლოტი ჯერ შევარდნაძე-აბაშიძემ გაანიავა, მერე სააკაშვილის ხელისუფლებამ გაყიდა თავდაპირველად იმ პირობით, რომ ქართველი მეზღვაურები დაესაქმებინათ. თუმცა მეზღვაურებმა იცოდნენ, ქართული ფლოტის გაყიდვა რას უქადდათ, რომ სინამდვილეში მათი დასაქმება სტაბილური ვერ იქნებოდა. ფლოტის გაყიდვით მეზღვაურებს, ფაქტობრივად, გული ამოგლიჯეს. ამის გამო მაშინდელი მთავრობა იძულებული გახდა, პროტესტში ჩარეულიყო. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მეზღვაურებს უთხრა, გაყიდული გემები მოძველებული იყო, მათი გამოსყიდვა არ ღირს, პირობას გაძლევთ, დროთა განმავლობაში ახალ გემებს შევიძენთ და საკუთარი ფლოტი გვექნებაო. თუმცა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ პირობა არ შესრულდა.
- როგორც ცნობილია, შორეულ ნაოსნობაში ხელფასები მცირე არ არის, ზოგ შემთხვევაში 20.000 დოლარსაც უახლოვდება.
- დიახ, ოღონდ წოდების მიხედვით. რიგითი მეზღვაურის ხელფასი, ძირითადად, თვეში 1.500 დოლარია. ამიტომაც არის დღეს ზღვაზე მუშახელის დეფიციტი. მხოლოდ ფანტაზიებშიც რომ წარმოიდგინოთ, რამდენად რთულია თვეობით ზღვაზე ყოფნა, გამუდმებით ფიზიკური მუშაობა და უძილობა, ნამდვილად დაგაფიქრებთ მეზღვაურთა ბედი. ამას უნდა დავამატოთ მენტალური პრობლემებიც. ზღვაზე გასულ კაცს სულ სხვა ფსიქიკა სჭირდება, ვიდრე ხმელეთზე მცხოვრებს. საზოგადოებამ არ იცის, რომ პანდემიის პერიოდში იყო მეზღვაურთა სუიციდის შემთხვევები. იმიტომ, რომ ნაპირზე გასვლა აეკრძალათ. ისინი თვეობით მხოლოდ წყალს უცქერდნენ, ამ აკრძალვამ მათზე დამანგრევლად იმოქმედა და ასეთი მძიმე შედეგი მოიტანა. ამიტომაც ზღვაზე გასვლის წინ მეზღვაურის ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად, აუცილებლად მენტალური ჯანმრთელობაც უნდა შემოწმდეს. მეზღვაურთა სამუშაოს მაძიებლებისათვის ჩვენში უამრავი ფირმა ჩამოყალიბდა, მაგრამ უმეტესობა მეზღვაურებს სამუშაოს ფულის გადახდის ნაცვლად სთავაზობს. არსებობენ კეთილსინდისიერი ფირმებიც, მაგრამ უმეტესად თაღლითი ორგანიზაციებია. ზოგიერთი ფულს ტყუილში იღებს - ვითომ მეზღვაურს ასაქმებს, სინამდვილეში კი სამუშაო რეალურად არ არსებობს. ბოლო დროს პოლიციის ჩარევით ასეთი ფირმები ნელ-ნელა იკეტება, მაგრამ დასაქმებაში ფულის აღება ძნელი შესაჩერებელია. ეს ხალხი ვიღაცის ვაკანსიების გაყიდვით იღებს ფულს, როდესაც მეზღვაურს დასაქმება ისედაც შეუძლია შესაბამისი კავშირების მეშვეობით, ისევე როგორც სხვა საზღვაო კვალიფიციურ კადრებს. თავად მეზღვაურები არ ამხელენ, რომ დასაქმებაში ფულს იხდიან. ამის გარეშე კი საზღვაო მექრთამეობას ვერავის დაუმტკიცებ. არადა, საერთაშორისო ნაოსნობაში მეზღვაურთა კადრების დეფიციტია, ჩვენი მეზღვაურები კი ფულს იხდიან დასაქმებაში. ხშირად მეზღვაური დასაქმებაში თავის პირველ ხელფასს იხდის.
განაგრძე კითხვა:„მეზღვაური იგივე ემიგრანტია, ოღონდ გაცილებით რთულ მდგომარეობაში“