ალ-შიფას ჯოჯოხეთი: რა ხდება და რამდენი ადამიანი იმყოფება ღაზის უდიდეს ჰოსპიტალურ კომპლექსში, სადაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო
ისრაელის არმიამ ოთხშაბათს ღამით გამოაცხადა, რომ მან დაიწყო "მიზანმიმართული" ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოში, რომლის ქვეშ, როგორც ისრაელი ამტკიცებს, "ჰამასის" სამეთაურო პუნქტია განლაგებული. პუნქტის არსებობა დაადასტურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმაც, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაციითაც, "ჰამასის" სამეთაურო ცენტრი ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ ეტაპზე ოპერაცია ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში მიმდინარეობს და ხორციელდება დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე.
ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი ძალები "მოიცავენ სამედიცინო ჯგუფებს და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი ამ რთული და მგრძნობიარე გარემოსთვის მოსამზადებლად".
"ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც "ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
"ჰამასი“ უარყოფს, რომ საავადმყოფოს ოპერაციებისთვის იყენებს და საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე შევიდეს და შეამოწმოს.
"ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო, ალ-შიფა "თითქმის სასაფლაოა", - ამბობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
ისრაელის ჯარები ალ-შიფას კარიბჭეს მიუახლოვდნენ, სადაც ექიმების თქმით, პაციენტები, მათ შორის ახალშობილი ბავშვები, საწვავის ნაკლებობის გამო იღუპებიან. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ "ჰამასი" აღარ აკონტროლებდა ქალაქ ღაზას. (გააგრძელეთ კითხვა)