კრემლის ქართველი ტყვეები - რატომ "ტენიან" რუსები ორ ქართველ სამხედროს სნაიპერობას და რისი გაკეთება შეუძლია თბილისს მათ გამოსახსნელად
ომში მებრძოლების დაჭრისა და დაშავების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ისევე, როგორც, სამწუხაროდ - დაღუპვის, მაგრამ მოწინააღმდეგის ხელში ტყვედ ჩავარდნაც არანაკლები ტრაგედიაა...
სამხედრო ტყვის მძიმე ხვედრი აფხაზეთის ომის დროს, სამწუხაროდ, ასობით ქართველმა მებრძოლმა გამოსცადა თავის თავზე (ორჯერ მივიღე მონაწილობა აფხაზეთის ომის დროს გუდაუთიდან ქართველი სამხედრო ტყვეების გამოყვანის პროცესში და არ მავიწყდება მათი ნატანჯი სახეები). მას შემდეგ ეს აგვისტოს ომის დროს გამეორდა (შემდეგ იყო და დღესაც გრძელდება საოკუპაციო ზოლთან საქართველოს მოქალაქეების გატაცება, რაც თანამედროვე „ლეკიანობა“ უფროა) და აი, უკრაინის ფრონტზე ორი ქართველი მებრძოლი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს...
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი დაიღუპა, უფრო მეტი - დაიჭრა, მაგრამ ორი ქართველი მებრძოლის ერთდროულად დატყვევება პირველად ხდება...
რუსეთის პროპაგანდისტულმა მასმედიამ უკვე გაავრცელა ვიდეოკადრები უკრაინის ფრონტზე ტყვედ აყვანილი ორი ქართველის - გიორგი ჩუბეთიძის და გიორგი გოგლიძის.
ორივე მათგანს ვიდეოკადრებში უკრაინის არმიის სამხედრო ფორმა აცვიათ და მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის შევრონი უკეთიათ (ამ შევრონზე გამოსახულია საქართველოს, თავისუფალი ბელარუსის და უკრაინული „პრავი სექტორის“ დროშები ხმლის ფონზე, წარწერით - VIRIBUS UNITIS).
თუმცა გიორგი ჩუბეთიძეს ეს შევრონი მარჯვენა სახელურზე აქვს დამაგრებული, გიორგი გოგლიძეს კი - მარცხენაზე, რაც იმას მიუთითებს, რომ რუსმა პროპაგანდისტებმა ქართველი ტყვეებისთვის ამ „მამხილებელი“ ვიდეოს გადაღების წინ, ეს შევრონები სპეციალურად იმ მხარეს დაუმაგრეს, რომ ვიდეოკადრებში კარგად გამოჩენილიყო, თანაც შევრონები ახალთახლად გამოიყურებიან, რაც ტალახიან სანგრებს გამოვლილებს, უბრალოდ, ვერ ექნებოდათ...
მიუხედავად ამისა, ორივე ქართველი სამხედრო ტყვე დამტვრეული რუსულით აღიარებს, რომ უკრაინის მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის წევრები არიან, თანაც მსროლელი-სნაიპერები...
„სნაიპერობის“ აღიარება, ფაქტობრივად, ტყვეობაში მუდმივ ტანჯვას ნიშნავს, რადგან დატყვევებულ სნაიპერებს, არტილერისტებსა და მფრინავებს ყველაზე მეტად ერჩიან, რადგან ბრძოლის დროს სწორედ მათგან ნახულობენ ყველაზე მეტ ზიანს...
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ძალზე დამტვრეული რუსულით მოლაპარაკე გიორგი გოგლიძე წინასწარ დაწერილ რუსულ ტექსტს კითხულობს, დიდი გაჭირვებით, ამიტომაც შედარებით უკეთესი სალაპარაკო რუსულის მცოდნე გიორგი ჩუბეთიძეს დაავალეს იმ პროპაგანდისტული ტექსტის წაკითხვა, რომელშიც უკრაინის მხარეს მებრძოლ ყველა უცხოელს ნარკომანად და მკვლელად მოიხსენიებს...
რა მოელით რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ფრონტზე დატყვევებულ ამ ორ ქართველ მებრძოლს?
1949 წლის ჟენევის კონვენცია, რომელიც განიხილავს სამხედრო ტყვეებთან დამოკიდებულებას, ერთპიროვნულად განსაზღვრავს, რომ რასის, კანის ფერის, რელიგიის, რწმენის, სქესისა თუ წარმომავლობის განურჩევლად, მათ აუცილებლად ჰუმანურად უნდა მოეპყრნონ, დაუშვებელია ფიზიკური ზემოქმედება, წამება, დასახიჩრება და მით უმეტეს - მკვლელობა.
თუმცა რუსმა ოკუპანტებმა შეიძლება სცადონ, რომ ტყვედ აყვანილი ორივე გიორგი „ნაიომნიკებად“ ანუ დაქირავებულ მებრძოლებად გამოაცხადონ, რომლებზეც არ ვრცელდება ჟენევის კონვენცია...
თუმცა მეორე ინტერნაციონალური ლეგიონი ოფიციალურად შედის უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში, მათ წევრებს აქვთ გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტები უკრაინის არმიასთან და, ჟენევის კონვენციის თანახმად, კლასიფიცირდებიან, როგორც „მოხალისეთა რაზმების წევრები“, შესაბამისად, მათი, როგორც სამხედრო ტყვეების უფლებებს იცავს ჟენევის კონვენცია, ისევე, როგორც უკრაინის არმიის წევრი უკრაინის მოქალაქეებისას.
წესით, ამ ორი საქართველოს მოქალაქის შემდგომი ბედით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტყვეობაში, უნდა დაინტერესდეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც აღრიცხავს რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეებს და მუშაობს ტყვეების გაცვლის პროცესზე.
ანალოგები ამ ომში უკვე არა ერთხელ მომხდარა, როდესაც რუსი ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩენილან უკრაინელების მხარეს მებრძოლი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც, რომლებიც რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ მოსკოვს მაინც გაუცვლია, დიდი ალბათობით, ტყვეების მშობლიური ქვეყნების ხელისუფლების მონდომებითაც...
ძნელი სათქმელია, თუ რამდენად იაქტიურებს საქართველოს ხელისუფლება ორი ტყვე გიორგის რუსი ოკუპანტების ციხიდან გამოსახსნელად და სამაგიეროდ რა დათმობას მოითხოვს ამისთვის კრემლი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები ტყვეობიდან გამოსახსნელები არიან...
აქ არის ერთი საშიშროება - პოლიტიკური და პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებამ არ სცადოს ორი ქართველი სამხედრო ტყვის გამოყენება და მათ სპეციალურად არ „შეუკერონ“ სისხლის სამართლის დანაშაული, მაგალითად, ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის დაბრალებით, რათა რაც შეიძლება უარყოფითად რეზონანსული გახადონ ქართველების მონაწილეობა ამ ომში, უკრაინელების მხარეს...
P.S. სხვათა შორის, ა.წ.-ის ივნისში უკრაინელებმა ბრძოლის დროს ტყვედ აიყვანეს ვინმე ნოდარ ბახტურიძე, რომელიც რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა. ბახტურიძემ განაცხადა, რომ ის რუსეთის ციხეში იჯდა, როდესაც კონტრაქტს ხელი მოაწერინეს და უკრაინასთან ომში გამოუშვეს და ის სპეციალურად ჩაბარდა, რათა შემდგომ საქართველოში გადააგზავნონ. როგორც გაირკვა, ბახტურიძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ის ბოლო 30 წელი რუსეთის ამურის ოლქში ცხოვრობდა, თუმცა, სავარაუდოდ, აფხაზეთის ომში აქვს მონაწილეობა მიღებული... იმედია, ქართველების მხარეს...