"10-15 საუკუნის წინანდელ ძეგლებს, 21-ე საუკუნის ძეგლს ამსგავსებენ, ვინ არის პასუხისმგებელი? რემონტი არ სჭირდება მათ"
10-15 საუკუნის წინანდელ ძეგლებს, 21-ე საუკუნის ძეგლს ამსგავსებენ, ვინ არის პასუხისმგებელი?
საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ძეგლია მიმოფანტული. მათი უმრავლესობა უნიკალურია და მსოფლიო საგანძურში შედის. ამიტომაც ითვლება საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად. აქ ისტორიული ძეგლი, ნაგებობა, ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. თითოეულ მათგანში იმდენი მრავალფეროვნებაა, იმდენი სიმდიდრეა ჩაქსოვილი თავისი ისტორიული მნიშვნელობით, რომ გიძნელდება თქვა, რომელია უკეთესი და უფრო ყურადღებამისაქცევი.
ეს ყველა ძეგლი წინაპართა ნაღვაწ-ნაამაგარია, თითოეულ მათგანს შესაბამისი საუკუნის დაღი აზის, მათში იკითხება წარსული კულტურა. ერთ ძეგლში თუ წარსული თაობის სიდიადე ჩანს, მეორეში - სიცოცხლის სიყვარული და მისი გადარჩენა-შენარჩუნების სურვილი გამოსჭვივის.
„ამ ჩვენს ქვეყანაში, ქართველი რომ აშენებდა, მტერი ანგრევდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გამართული პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ის, რაც გადარჩა, დღემდე მოღწეული, არ აღიგავოს პირისაგან მიწისა და ქართული ხუროთმოძღვრების მაღალი შეფასება მიეცეს...“ მეუბნება თსუ-ს გეოგრაფიის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი.
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში, როცა სტუმარი მოდის, ხშირად აქცენტი კეთდება ისტორიული ძეგლების მონახულებაზე. სწორედ, ისტორიული ძეგლების გაცნობით იქმნება შთაბეჭდილება ქალაქზე, მუნიციპალიტეტებსა თუ დაბაზე. ისტორიული ძეგლების კარგი მდგომარეობა, მასთან მისასვლელი გამართული გზები და მოვლილი გარემო ყოველთვის, ყველა ეპოქაში უნდა იყოს პრიორიტეტული.
დღეს, ამა თუ იმ ძეგლის გამორჩევა და ასე ვთქვათ წინ წამოწევა ხდება იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს ის, რამდენად ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან და ასე შემდეგ, იმდენად ექცევა ყურადღება სახელმწიფოს მხრიდანაც. ზოგჯერ, გაცილებით ძველი, შეიძლება ითქვას 10- 15 საუკუნის წინანდელი ძეგლები, თავისი უზარმაზარი ისტორიით არის ყურადღების მიღმა.
- ხომ შეიძლება, სახელმწიფოს არ ჰქონდეს იმის რესურსი, რომ მასიურად ყველა ძეგლი კონტროლზე აიყვანოს, ან იმდენად ძველია, რომ აღარ ღირს მისი აღდგენა? აქვე შევახსენებ მკითხველს, რომ საქართველოში სულ 8 ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და აქედან მხოლოდ 1014-ს აქვს ეროვნული ძეგლის სტატუსი. ეროვნული ძეგლის სტატუსი მაშინ ენიჭება ნაგებობას, თუ მას აქვს განსაკუთრებული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება, ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპსა და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.
- არა, ვერ დაგეთანხმებით. ნებისმიერი ძეგლი მნიშვნელოვანია და რომელიმეს „გაწირვა“, რომ ის რესტავრაციას არ ექვემდებარება, სწორი მოდგომა არ არის. ასევე, არ არის მართებული ამ ძეგლების ასე დაყოფა. თან, ვინ რას აკეთებს ამ მიმართულებით, მართლა ვერ გაიგებ. ვგულისხმობ იმას, რომ სადღაც არის არაერთი უნიკალური ძეგლი, რომლებსაც არ აქვს სათანადო სტატუსი. ვფიქრობ, ეს იმის ბრალია, რომ შესაბამისი სამსახურები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ასეთი ძეგლები განადგურების პირასაა. გულდასაწყვეტია, რომ ისტორიულ ძეგლებზე თანხა არ იხარჯება, სამაგიეროდ, ათასობით ლარი თანამედროვე ნაგებობისთვის შეიძლება დაიხარჯოს. ანაც, მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხებით „კარუსელები“ დაიდგას და იმავე ტერიტორიაზე. დანგრევის პირას მყოფი უნიკალური ძეგლისთვის არაფერი გაკეთდეს...
ზოგჯერ, კონსერვაციასაც რომ აკეთებენ, იმას კი არ ფიქრობენ, ძეგლი თავისი პირვანდელი იერსახით, თავისი ისტორიით გადარჩეს, არა, მიადგებიან და არემონტებენ, ლამის 21-ე საუკუნის ძეგლს ამსგავსებენ, რაც იგივე განადგურებაა. ასეთ შემთხვევაში ზიანი გამოუსწორებელია - თავიდან აშენებული კოშკი, ნაგებობა თუ ძეგლი მე-10 საუკუნის ძეგლად ვეღარ ჩაითვლება.
იგივეს აკეთებს საპატრიარქო, სამწუხაროდ და ეს უნდა ითქვას. თუ გადაწყვეტს, რომ მის ინტერესებშია ამა თუ იმ ძეგლის აღდგენა, მიადგებიან და ათასგვარი დარღვევით კეთდება რემონტი...

- რა შეთანხმებაა ამ მხრივ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის?
- მე როგორც ვიცი, არანაირი შეთანხმება არ არსებობს და არც არავინ ეწინააღმდეგება. უფრო სწორად, ხომ უნდა მოწმდებოდეს, რამდენად სწორად მიდის რეკონსტრუქცია, თუ ამას რეკონსტრუქცია ჰქვია საერთოდ? ვფიქრობ, გაცილებით მეტი სპეციალისტის ჩართვაა საჭირო და მოკვლევაა ჩასატარებელი. რემონტი არ სჭირდება ძეგლებს. მოვლა და გადარჩენა სჭირდება. 10-15 საუკუნის წინანდელ ძეგლებს 21-ე საუკუნის ძეგლს რომ ამსგავსებენ, ვინ არის პასუხისმგებელი?
- მაპატიეთ, თითქოს ექსკურსიაზე წასულ ბავშვებსაც აღარ აინტერესებთ მაინცდამაინც ისტორიული ძეგლების მონახულება, სხვა აქტივობა ურჩევნიათ...
- არ გეთანხმებით. ბავშვი მიიღებს იმას, რასაც აწვდი. საზოგადოების ცნობიერების დონე ასამაღლებელია, ამაში კი დაგეთანხმებოდით. ჩემი დაკვირვებით, როდესაც მედიით შუქდება ესა თუ ის ადგილი და ძეგლი, შემდგომ ინტერესიც იზრდება იმ ისტორიული ნაგებობის მიმართ. მეტი ინფორმაციაა საჭირო, მედიისა და შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერა, რომ მიზანმიმართული სამუშაოები ჩატარდეს. სახელმწიფო სამსახურებს რომ ჰკითხო, არსებობს ჩამონათვალი, მაგრამ არსადაა გაწერილი, პირველ რიგში ეს ძეგლი უნდა გაკეთდეს, შემდეგ - ის და ასე შემდეგ.
- აქედან გამომდინარე ხომ არ არის თქვენი წიგნის - "საქართველოს ბუნების 100 ძეგლის" დასტამბვა? თუ აღმოაჩინეთ ახალი ადგილები, ნანგრევები...
- ეს წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან არანაირი დახმარება და შემდგომ ინტერესიც არ ყოფილა, საინტერესო აღმოჩნდა გიდებისთვის. წიგნი: "საქართველოს ბუნების 100 ძეგლი“ - ბუნების 100 საოცრებაა წარმოდგენილი. ბუნების ძეგლის სტატუსის მატარებელ 40 ძეგლს შორის, მხოლოდ 25 არის დახასიათებული. თუმცა, ჩვენი აზრით, მნიშვნელობითა და უნიკალურობით ამ წიგნში ასახული ობიექტები ტოლს არ უდებენ ერთმანეთს. 10 წელი ვმუშაობდით ამ საკითხზე და ვფიქრობ, მათი მოძიება, შესწავლა და კეთილმოწყობა გაზრდის ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს. ამ კუთხით აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს...
- მადლობელი ვარ, რომ ამ წიგნის მფლობელი მეც ვარ. მასში არაერთი საინტერესო ფაქტი და ლეგენდა აღმოვაჩინე და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მასზე შემდგომში კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება...
ბოლოს, მინდა გკითხოთ „ცის ციალზე“, რომელიც ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა და საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო. როგორც გეოგრაფი როგორ განმარტავდით აღნიშნულ ფაქტს?
- "ავრორა ბორეალისი", რომელიც დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ შორის, საქართველოდან, გამოწვეულია მზეზე მიმდინარე ძლიერი ამოფრქვევებით, რის გამოც, დედამიწა ძლიერი გეომაგნიტური შტორმის ქვეშ მოექცა.
ციალი დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეზე აღინიშნება მზის აქტივობისას გამოტყორცნილი დამუხტული ელექტრონებისა და იონების (მზის ქარის) ნაკადის მაგნიტურ ველთან და ატმოსფერულ აირთან ურთიერთქმედებისას.
რაც უფრო მაღლა ხდება ატმოსფეროდან ურთიერთქმედება, ნათება უფრო წითელია, დაბალ სიმაღლეზე – მწვანე, ლურჯი ან იისფერი.
ამ ნათების ევროპის ქვეყნებზე გავრცელება დასტურია იმისა, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი (ფარი, რომელიც გვიცავს) იცვლება და მისი ინტენსივობა შეთხელებულია პოლუსზე, რაც საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მზიდან წამოსულ მაგნიტურ ქარიშხალს და რადიაციას ამ დამცავი ფარის გარეშე, შეუძლია გაანადგუროს ჩვენი ცივილიზაციის ელექტრონული ინფრასტრუქტურა და სიცოცხლე.
ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ცხვარაშვილი