“მეფისნაცვალთან აუდიენციისთვისაც კი მიუღწევია, მოწინავე ქალთა ჯგუფთან ერთად" - ვინ იყვნენ ეკატერინე და გიორგი ჯაბაურები და რას ჰყვება მათზე გამსახურდიების რძალი - კვირის პალიტრა

“მეფისნაცვალთან აუდიენციისთვისაც კი მიუღწევია, მოწინავე ქალთა ჯგუფთან ერთად" - ვინ იყვნენ ეკატერინე და გიორგი ჯაბაურები და რას ჰყვება მათზე გამსახურდიების რძალი

"ეს ცოლ-ქმარი იმ დროისთვის ქალთა უფლებების დამცველებადაც კი გვევლინებიან" - ვინ იყო გიორგი ჯაბაური და რას ჰყვება მასზე გამსახურდიების რძალი

"ბუხრის ცეცხლი, მუშა ხალხის ქომაგი და ჟანდარმების გამბრაზებელი", - ასე იხსენებს იოსებ გრიშაშვილი თავის მეგობარს გიორგი ჯაბაურს, რომლის შესახებაც დღევანდელმა ქართველმა საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის. არადა, ის მე-19 საუკუნის საქართველოში ცნობილი და დიდად პატივსაცემი კაცი ყოფილა.

იმის შესახებ, თუ რა დამსახურებები აქვს გიორგი ჯაბაურს ქართველი ხალხის წინაშე და რით იყო გამორჩეული, მისი შვილთაშვილი ანა ჯაბაური გვიამბობს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ულვაშებდაწკეპილი, სიმპათიური ყმაწვილი იყო ჩემი დიდი პაპა - გიორგი ჯაბაური. თურმე, სრულიად ახალგაზრდა, ქარიზმატული, ჭკვიანი, მაგრამ არაპრივილეგირებული ფენის წარმომადგენელთათვის მეტად არასახარბიელო ეპოქაში დაბადებული, თვითგანათლებას მისძალებია (გარდა ერთ-ერთი სასწავლებლის დამთავრებისა) და როგორც ჩანს, წარმატებულადაც, რადგან ძალიან მალე, მისივე მსგავს - უცენზო და ხელმოკლე ახალგაზრდებში განათლების შეტანა დაუსახავს მიზნად. როგორც ჩანს, არც ინტუიცია ჰქონდა ურიგო, რადგანაც ჯერ კიდევ გამოუცდელს, საკმაოდ პროგრესული გზები გამოუნახავს მიზნის მისაღწევად: სახალხო თეატრის შექმნა და წერა-კითხვის გამავრცელებლის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, კერძოდ კი, ქართლში..."

"მისი გონიერების, გაბედულების, გარეგნული თუ შინაგანი ქარიზმის დამსახურებაა, რომ კუდაბზიკა აზნაურებმა უარი ვერ უთხრეს ერთადერთი, განებივრებული ქალიშვილის - ეკატერინე იოსელიანის მითხოვებაზე, რომელსაც კეთილშობილ ქალთა რუსული გიმნაზია ახალი დამთავრებული ჰქონდა და რომელიც თავადაც საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ყოფილა, რადგან მეუღლესთან ერთად მაშინვე ჩაბმულა თეატრის მოღვაწეობასა და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაში. თურმე ერთად დადიოდნენ ქართლის სოფლებში გლეხთათვის წერა-კითხვის სასწავლებლად, ხოლო უკან დაბრუნებულნი, სხვა მოწინავე ახალგაზრდებთან ერთად, მუშათა კლასის წარმომადგენელთა ჩაბმას ცდილობდნენ თეატრის საგანმანათლებლო-შემოქმედებით მუშაობაში - დგამდნენ ცნობილ ავტორთა ნამუშევრებს..."

"ეკატერინე მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბებული ქალთა საზოგადოების აქტიური წევრი ყოფილა და ასე განსაჯეთ, მეფისნაცვალთან აუდიენციისთვისაც კი მიუღწევია, მოწინავე ქალთა ჯგუფთან ერთად, ქალთა საკითხებთან დაკავშირებით. გიორგის ღვაწლი არც ახლადმოსულ ქართულ ეროვნულ მთავრობას გამორჩენია თვალთახედვის არედან და 1918 წელს გორის სამაზროს კულტურის განყოფილების უფროსადაც დაუნიშნავთ..."

"ტრაგიკული მოვლენების დროსაც არ დაუკარგავს ამ საოცარ ცოლ-ქმარს მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და სიმამაცე, პოლიტიკური დევნილების შეფარებაც არაერთხელ გაუბედავთ, რაც მათი შუათანა ულამაზესი ვაჟკაცის, სრულიად ახალგაზრდა ინჟინრის - არჩილ ჯაბაურის ციმბირში სამუდამო გადასახლებით აზღვევინეს ბოლშევიკებმა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე