"ვინმემ ამიხსნას ყოველ წელს რატო ვყრით მილიონებს ახალ ნაძვის ხეებში? რა ჯანდაბაა ეს?" - როგორ ეხმაურება ალეკო ელისაშვილი ახალი ნაძვის ხის შესახებ ინფორმაციას
პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, წელს დედაქალაქში ახალი ნაძვის ხე დაიდგმება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.
"ვინმემ ამიხსნას ყოველ წელს რატო ვყრით მილიონებს ახალ ნაძვის ხეებში? რა ჯანდაბაა ეს? გადმოვრგოთ მაგალითად რიყეზე დიდი ნაძვი და მოვრთოთ ყოველ წელს, ხეების გადარგვა მაინც იცის ამ ხელისუფლებამ" - წერს ელისაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის შეძენა 720 ათასი ლარი დაუჯდება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრი იქნება. მას ჯამში 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში კომპანია „ღამის შოუს სტუდიამ“ გაიმარჯვა. გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.