მესამე მსოფლიო ომი გადაიდო?! - კრიტიკული მნიშვნელობის შეხვედრა, რომელზეც ლამის მთელი პლანეტის ბედია დამოკიდებული
სან-ფრანცისკოში გაიმართა შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შორის. ამას დღეს მსოფლიოსთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ორი დიდი ომი მიდის, ათეულობით კონფლიქტია და ახალი ომებიც იღვიძებს.
გავეცნოთ ინფორმაციას, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა.
CNN-ის ინფორმაციით, ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. .
„ჩინეთს არ აქვს გეგმები დაამარცხოს შეერთებული შტატები და შეერთებულმა შტატებმა არ უნდა დაგეგმოს ჩინეთის ჩახშობა ან შეკავება. ორივე მხარემ უნდა გაიგოს ერთმანეთის პრინციპები და ძირეული ხაზები, არ შექმნას ან არ გამოიწვიოს პრობლემები ან გადალახოს საზღვრები, ამის ნაცვლად, უნდა ჰქონდეთ მეტი კომუნიკაცია, მეტი დიალოგი, მეტი დისკუსია, განსხვავებებისა და ინციდენტების მშვიდად მოგვარება“, - აღნიშნა სი ძინპინმა.
ჩინური მედიის ცნობით ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრების, კომუნიკაციის შენარჩუნებისა და კონფლიქტების პრევენციის აუცილებლობას.
შეხვედრაზე ისინი შეთანხმდნენ, რომ განაახლონ მაღალი დონის სამხედრო კომუნიკაცია და ითანამშრომლონ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე განაახლონ შეხვედრები თავდაცვის სამინისტროებს შორის და საზღვაო სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.
ჯო ბაიდენმაც ისაუბრა ურთიერთობების ნორმალიზაციის აუცილებლობაზე. სხვათა შორის, მას შეხვედრის შემდეგ ჰკითხეს, თვლის თუ არა ის, რომ სინ ძინპინი დიქტატორია, რაზედაც ჯო ბაიდენმა უპასუხა:
”არის. ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ არის კაცი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას”, - განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ ჩინეთის მთავრობა სრულიად განსხვავდება აშშ-ის მთავრობისგან.
თუ აშშ-მ და ჩინეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, ეს შესაძლოა, მსოფლიოსთვის გარკვეული შემობრუნების წერტილი გახდეს. კერძოდ, ჩინეთს დიდი გავლენა აქვს რუსეთზე და შეუძლია გარკვეულწილად პუტინს აღვირი ამოსდოს. გარდა ამისა, ჩაიშლება ე.წ. ბოროტების ბლოკის შექმნა, რომელიც ასე ძალიან სურს კრემლს - რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მონაწილეობით.
თუ მსოფლიოში მოვლენების ესკალაცია გაგრძელდა, ექსპერტები და პოლიტიკოსები(თითქმის ყველა კონტინენტიდან) შიშობენ, რომ მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება. ასე რომ, მსოფლიოს მთავარი მოთამაშეეების ლიდერების შეხვედრა, მართლაც რომ კრიტიკული მნიშვნელობისაა.
მეორე მხრივ, ალბათ, დიდი ოპტიმიზმის საფუძველიც არ უნდა გვქონდეს. იმიტომ, რომ ჯერჯერობით მსოფლიოში ვერავინ გამოიცნო - რა უნდა ჩინეთს.