პუტინის "ქართული გეგმები" - საიდან დაიწყებენ საქართველოს მოქალაქეების ტვინების "შტურმს" ГРУ-ს საინფორმაციო ჯარები?! - კვირის პალიტრა

პუტინის "ქართული გეგმები" - საიდან დაიწყებენ საქართველოს მოქალაქეების ტვინების "შტურმს" ГРУ-ს საინფორმაციო ჯარები?!

"ავანსი საქართველოსთვის", - ასე შეაფასა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხვალვე ევროკავშირის წევრები გავხდებით, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის რისკები მინიმუმამდე შემცირდა. ჩვენ კიდევ გვაქვს ღია ფანჯარა, რათა დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობა გამოვასწოროთ და გავაგრძელოთ სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - ამბობს გობრონიძე. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი პოზიტიურ მოლოდინთან ერთად საფრთხეებზეც საუბრობს - მათი აზრით, პუტინი გულხელდაკრეფილი არ იქნება და შეეცდება სტატუსის მონიჭების შემდეგ უფრო გაააქტიუროს დესტრუქციული პოლიტიკა, რათა ქვეყანა სტატუსს იქით არ წავიდეს. უფრო ვრცლად, თუ რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ამის შესახებ გიორგი გობრონიძე გვესაუბრება:

- რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრება (ევროკავშირი იქნება, ნატო თუ სხვა) ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სარგებელი მივიღოთ, რაც ამ ორგანიზაციის წევრობას მოჰყვება. ევროკავშირის წევრობის შედეგად ჩვენ პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური სივრცის დაცული ნაწილი გავხდებით.

- კანდიდატის სტატუსი, ალბათ, იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ საფუძველი გამოეცლება რუსულ პროპაგანდას, რომელიც ცდილობს ჩვენი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომ საქართველო დასავლეთს არაფერში სჭირდება. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ კრემლში­ გულხელდაკრეფილი არ დასხდებიან. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს კრემლის პროპაგანდის მორიგი საფუძველი?

- რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი "მარკერების" მოძებნას. ალბათ, გააძლიერებს იმ ხაზს, რომ თითქოს დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა. ადრეც მითქვამს და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ რუსული პროპაგანდა ძალზე მდარეა და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. ევროკავშირს საქართველოსგან მსგავსი არასდროს არაფერი მოუთხოვია, მაგრამ რუსი პროპაგანდისტები შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც დაარწმუნონ, თითქოს ევროკავშირში ჩვენი გაწევრება აპრიორი გაააქტიურებს ისეთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინება და ა.შ. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მაგრამ მახსოვს, როგორ მოუწია ევროკავშირის ელჩს საჯარო განცხადების გაკეთებამ, რომ ქართული სახელმწიფოსგან მსგავსი არაფერი მოუთხოვია. ვერც მოითხოვს! იმიტომ, რომ ეს სუვერენული საქართველოს საშინაო საკითხია და საერთო არაფერი აქვს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციასთან. ევროკავშირში ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებსაც ულტრალიბერალური მთავრობები ჰყავთ, და ისეთებიც, რომლებსაც ულტრაკონსერვატიული მთავრობები ჰყავთ. ამ კავშირში შემავალი ყველა სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, როგორი მთავრობა და რა ღირებულებების მატარებელი საზოგადოება ჰყავს. სწორედ ამითია ეს კავშირი საინტერესო.

- ფიქრობთ, რომ რუსული მდარე პროპაგანდა ქართველ საზოგადოებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს?

- კი, ასე ვფიქრობ. გვაწუხებს რუსული პროპაგანდა, მაგრამ ქართველი ხალხის 70%-ზე მეტი მაინც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. რუსული პროპაგანდა ცდილობს შეამციროს ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ ვერ ახერხებს. წარმოუდგენლად რთულია ქართველი ხალხის პროპაგანდისტული მეთოდებით დარწმუნება, რომ დასავლეთია მტერი, მაშინ, როცა დედაქალაქიდან 30 კილომეტრში რუსული საოკუპაციო ჯარი დგას, რუსული საოკუპაციო ბაზაა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, და ეთნიკური ქართველების უფლებებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებებს, ფეხქვეშ თელავენ. სულ ცოტა ხნის წინ რუსებმა ქართველი კაცი, თამაზ გინტური იმის გამო მოკლეს, რომ წინაპრების აშენებულ ეკლესიაში შევიდა. ამის შემდეგ რუსმა როგორ უნდა მითხრას, რომ დასავლეთია ჩემი მტერი და საფრთხეს უქმნის ჩემს რწმენას, ტრადიციასა და კულტურას?! იმაზე აღარაფერს ვამბობ, ოკუპირებულ რეგიონებში მიზანმიმართულად რომ ანადგურებენ ქართული კულტურის ძეგლებს. რუსეთის მცდელობა, სრულიად წაშალოს ქართული კვალი ოკუპირებულ რეგიონებში, რაიმე ფორმით ხელს უწყობს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას?!ახლა მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ საზოგადოებამდე კარგად მიიტანოს სათქმელი და ხალხი დაარწმუნოს, რომ ევროკავშირი ქვეყნების უნიკალურობას, კულტურასა და ტრადიციებს არაფერს ერჩის, პირიქით - სწორედ ეს ორგანიზაცია იძლევა ამ ყველაფრის უკეთ შენარჩუნების საშუალებას.

- განვიხილოთ სხვა და უფრო სერიოზული საფრთხე. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა, გრუ-ს "საინფორმაციო ჯარებმა" გააძლიერონ პროპაგანდა, რომ რუსეთი უკრაინაში­ იმარჯვებს და თბილისმა დროულად უნდა აირჩიოს, გამარჯვებული რუსეთის ბანაკში იქნება თუ დამარცხებული დასავლეთის?

- არაფერს გამოვრიცხავ, მე ისეთი რუსული არარაციონალური შინაარსის პროპაგანდისტული მესიჯები მომისმენია, რომ შეიძლება ფსიქიკურად არამდგრად ადამიანსაც გაეღიმოს. მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ რუსული პროპაგანდა კორონავირუსის შექმნას და ლუგარის ლაბორატორიიდან გავრცელებას გვაბრალებდა. უკრაინასთან დაკავშირებით უფრო შორს წავიდა და ინფრაწითელი გადამცემებით შეიარაღებულ ფაშისტ ბატებზე გადაცემებს აკეთებდნენ, სტატიებს წერდნენ და სერიოზული სახეებით განიხილავდნენ. ძალიან ძნელია განსაზღვრო, რა მომწიფდება რუსი პროპაგანდისტების თავებში, მათ ყველანაირი სისულელის თქმა შეუძლიათ.დღეს რუსეთის მთელი რესურსი მიმართულია უკრაინისკენ, შესაბამისად, კავკასიაზე მოჭერილი მარწუხი შედარებით სუსტია და ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, თავი დავაღწიოთ იმ ჭაობს, სადაც შეიძლება მართლა ჩავრჩეთ, თუ რუსეთმა მართლა გაიმარჯვა. ცუდი ის არის, რომ რუსეთ­მა როგორი შედეგითაც არ უნდა დახუროს უკრაინის ფრონტი, ჩვენ ყველა შემთხვევაში მოგვიტრიალდება.­ არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი დათმობის თუ მოთმენის პოლიტიკით რუსეთი საქართველოზე ხელს აიღებს. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მოსკოვი დე იურე აღიარებდა ჩვენს დამოუკიდებლობას, საქართველო საერთაშორისო ნეიტრალიტეტს აცხადებდა, ბოლშევიკური რუსეთი კი ამ ნეიტრალიტეტის დაცვის გარანტიად გვევლინებოდა. რა მოხდა 1921 წლის თებერვალში? რუსეთმა მისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება თავზე გადაგვახია და დაიწყო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაცია. სხვათა შორის, რუსეთმა გამსახურდიას პერი­ო­დში თავადვე აღიარა, რომ საერთაშორისო­ ვალდ­ე­ბულება დაარღვია, რის შედეგადაც შეიქმნა იურიდი­უ­ლი საფუძველი იმისათვის, რომ საქართველოს 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა აღედგინა. ჩვენ გვაქვს იმის მწარე გამოცდილებაც, რომ ჩვენი ისტორიის რაღაც მომენტში დავდექით იქ, სადაც რუსეთი­ გვთხოვდა დადგომას, მაგრამ მოსკოვი ამით არ დაკმაყოფილდა. 1992-1999 წლებში საქართველოზე პრორუსული სახელმწიფო ბელარუსიც არ ყოფილა, ყველაფერი მივიღეთ, რაც რუსეთმა შემოგვთავაზა - დავტოვეთ ყველა რუსული ბაზა, უფრო მეტიც, ორი კიდევ დავამატეთ, ეუთოს და გაეროს ეგიდით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ხელი მოვაწერეთ აბსოლუტურად დამამცირებელ და გაუგებარ ხელშეკრულებას. საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკა ვერ ნახავს ისეთ ოქსიმორონს, როგორიც იყო 1992 წელს ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულება, რუსეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი შევიყვანეთ კონფლიქტის დამრეგულირებლად. შევედით დსთ-ში და ყველა ისეთ საკვანძო თანამდებობებზე, როგორიც თავდაცვა, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები იყო, მოსკოვის რეკომენდაციით დავნიშნეთ ხალხი, მაგრამ ერთი პატარა გაფართხალება არ გვაპატიეს, მილსადენის აშენების გამო საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ორჯერ მოუწყვეს ტერაქტი. რატომ გამოთქვა შევარდნაძემ ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სურვილი, ხომ უნდა ვიკითხოთ? იმიტომ ხომ არა, რომ მანამდე ყველანაირად სცადა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მაგრამ არ გამოვიდა?! ყველაფერი მივეცით რუსეთს, საკუთარი სულის გარდა.

რუსეთი ჩვენ არასდროს განგვიხილავდა პარტნიორულ, მეგობრულ სახელმწიფოდ, ყოველთვის ტერიტორიულ დანაკარგად მივაჩნდით და ასე იქნება მომავალშიც. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დღევანდელი ისტორიული შანსის გამოყენება. უნდა მოვახერხოთ, რომ კონფრონტაცია არ გადაიზარდოს ომში. სწორედ ამისთვის გვჭირდება ევროკავშირი და ნატო. მარტო, იზოლირებულად არ უნდა დავრჩეთ. მე ძალიან ბევრი კრიტიკული მოსაზრება მაქვს ევროკავშირზე, ძალიან არ მომწონს მათი რეგულაციები და ბიუროკრატია, მაგრამ ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, დღეს საქართველოსთვის ის იმპერატივია, რომელიც გვჭირდება თავის დასაცავად.

განაგრძე კითხვა:„რუსული პროპაგანდა აუცილებლად შეეცდება ახალი „მარკერების“ მოძებნას. ალბათ გააძლიერებს იმ ხაზს, რომ თითქოს დასავლეთს ჩვენი გარყვნა უნდა“