უკრაინის არმიის წარმატება! - მოულოდნელი დესანტი, რომელმაც შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებების სურათი შეცვალოს - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიის წარმატება! - მოულოდნელი დესანტი, რომელმაც შესაძლოა, საბრძოლო მოქმედებების სურათი შეცვალოს

რუსეთის ოფიციალურმა საინფორმაციო საშუალებებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე განთავსებული რუსეთის არმიის დაჯგუფება „დნეპრი“ აღმოსავლეთით გადაჯგუფებას აპირებდა, უკეთესი პოზიციების დასაკავებლად...

ამ პატარა ინფორმაციამ დიდი სკანდალი ააგორა, რადგან ზუსტად ათ წუთში ყველა რუსულმა სააგენტომ ის წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. რატომ?

საქმე ის არის, რომ ზუსტად ერთი წლის წინ, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და შესაბამისად, დაპყრობილი უკრაინული ქალაქის - ხერსონის დატოვების იძულებითი გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინაც ეს „უკეთეს პოზიციებზე გადაჯგუფებით“ გაამართლეს და დღევანდელი გადასახედიდან მართლებიც აღმოჩნდნენ, რადგან ხერსონში რუსი ოკუპანტების დარჩენის შემთხვევაში, მათ უკრაინის არმია აუცილებლად მიიმწყვდევდა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და გაანადგურებდა.

ერთი წლის შემდეგ თითქმის იმავე ფორმულირების - აღმოსავლეთით უკეთეს პოზიციებზე გადაჯგუფებასთან დაკავშირებით - ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გავრცელდა, თუმცა შემდეგ ის უარყვეს იმ მიზეზით, თითქოს უკრაინელებმა ფეიკ-ინფორმაციებით შეძლეს რუსული მასმედიის დროებით შეცდომაში შეყვანა, თუმცა...

1-dneprii-1700123768.png
უკრაინელი საზღვაო ქვეითები ასეთი ძრავიანი, რეზინის ნავებით ახერხებენ დნეპრის მარცხენა ნაპირზე, მეტ-ნაკლებად ფარულად, ღამით დესანტირებას, მაგრამ უკრაინული ტანკების გადასაყვანად ბარჟებია საჭირო, რომლებიც ბევრად ადვილი აღმოსაჩენია...

თუმცა, როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებული რუსი ოკუპანტების მდგომარეობა მართლაც არც თუ ისე სახარბიელოა...

4 ივნისს დაწყებული უკრაინული კონტრშეტევებიდან ხუთ თვეზე მეტი გავიდა და, სამწუხაროდ, უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ უკრაინის არმიამ საწადელს ვერ მიაღწია - არათუ ვერ გავიდა აზოვის ზღვის სანაპირომდე, არამედ - ვერ შეძლო რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულამდე გამავალი სახმელეთო სატრანსპორტო დერეფნის გადაჭრაც...

ასეთ უიმედო სიტუაციაში, როდესაც ზაპოროჟიეს ფრონტზე წინ წაწევა ვერ ხერხდება, ხოლო აღმოსავლეთ ფრონტზე - ავდეევკასთან, ბახმუტთან და კრემენოესთან, პირიქით - რუსი ოკუპანტები არიან შეტევაზე გადმოსული, უკრაინის არმიას ერთგვარი წარმატება აქვს სწორედ დასავლეთ ფრონტზე, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე (ქალაქ ხერსონის მოპირდაპირე ნაპირზე), სადაც მოახერხა დესანტის გადასხმა...

თავიდანვე, როდესაც უკრაინის გენშტაბი მთავარ კონტრშეტევებს გეგმავდა, მის ოპერატიულ რუკაზე აუცილებლად იქნებოდა დატანილი უკვე განთავისუფლებული ხერსონის რაიონიდან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე დესანტირებაც, რაც ზაპოროჟიეს ფრონტზე სამხრეთი მიმართულებიდან კონტრშეტევის დაწყების პარალელურად უნდა განხორციელებულიყო სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით, არმიანსკოეს დასახლებისკენ, რათა გადაეჭრათ ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო ხაზები...

მაგრამ უკრაინული კონტრშეტევის დაწყებიდან ორ დღეში, 6 ივნისის დილას, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს მანამდე დიდი ხნით ადრე დანაღმული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი მდინარე დნეპრზე, რითაც დატბორეს დნეპრის მარცხენა, უფრო დაბალი ნაპირის დიდი ფართობი...

ამით, მართალია, დაზარალდა თავად რუსი ოკუპანტების თავდაცვითი ზღუდეების ნაწილიც, მოწყობილი მარცხენა სანაპიროზე, მაგრამ სამაგიეროდ, ფაქტობრივად, ჩაიშალა უკრაინელების კონტრშეტევის დაწყება ამ მიმართულებით, რადგან შეიცვალა მდინარის კალაპოტი, დატბორა ტერიტორიები და ხელახლა გახადა დასაგეგმი კონტრშეტევითი ოპერაცია.

2-dneprii-1700123929.png
ანტონოვსკის საავტომობილო ხიდი მდინარე დნეპრზე, რომელსაც ჯერ უკრაინული „ჰაიმარსები“ ზუსტად „ხვრეტდნენ“, ხოლო შემდეგ ხერსონიდან გამოქცეულმა რუსმა ოკუპანტებმა სპეციალურად ააფეთქეს და დაანგრიეს, რათა უკრაინულ ტანკებს დნეპრის მარცხენა ნაპირზე კონტრშეტევები ვერ გაეგრძელებინათ...

მიუხედავად ამისა, უკრაინის არმიის რიგმა დანაყოფებმა დროთა განმავლობაში პატარა ნავებით მალულად მოახერხეს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა და ფეხის მოკიდება, ჯერ დანგრეული ანტონოვსკის ხიდის ქვეშ, რომელსაც დაუნდობლად ბომბავდა რუსული არტილერია.

დღეისათვის უკრაინელმა მებრძოლებმა მცირედით გააფართოვეს თავის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე და დაკავებული აქვთ დასახლებული პუნქტი კრინკი, ასევე, აკონტროლებენ მიმდებარე ტერიტორიებს დანგრეული ანტონოვსკისა და სარკინიგზო ხიდების მიმდებარედ.

სერიოზული წინსვლის გასაგრძელებლად უკრაინულ დანაყოფებს აუცილებლად სჭირდებათ მარცხენა სანაპიროზე დამატებითი ცოცხალი ძალითა და მძიმე საბრძოლო ტექნიკით დახმარება.

ქვეითების გადასროლა ღამით ნავებით, 500-600 მ სიგანის დნეპრზე შესაძლებელია, მაგრამ საბრძოლო ტექნიკის გადაყვანისთვის ან ბარჟები, ან პონტონებია საჭირო, რომლებსაც ადვილად დააფიქსირებს რუსეთის სამხედრო დაზვერვა და საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის ზუსტ კორექტირებას განახორცილებს მდინარეში ნელა მოცურავე ბარჟების გასანადგურებლად.

უკრაინელების უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტორი, რომ მათი არტილერია დნეპრის მარჯვენა სანაპიროზეა განლაგებული, რომელიც ბევრად მაღალია მაცხენა სანაპიროსთან შედარებით და უკრაინელ არტილერისტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოგებიანი კონტრსაბატარეო ბრძოლა გაუმართონ რუსი ოკუპანტების არტილერიას.

3-dneprii-1700123841.png
16 ნოემბრისთვის მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, კრინკისთან, ბრძოლის ოპერატიული მდგომარეობა - ლურჯი ისრებით უკრაინის არმიის დანაყოფების შეტევებია გამოსახული, წითელი ისრებით კი - რუსი ოკუპანტების შეტევების მიმართულებები...

ამასთან, კრინკის დასახლებულ პუნქტში უკრაინულ დესანტს გადაჭრილი აქვს ის საავტომობილო გზა, რომლითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ახალ კახოვკასთან, აფეთქებულ კაშხალთან თავის პოზიციებს ამარაგებდნენ და ამჟამად იძულებულნი არიან, შემოვლითი გზებით იარონ.

უკრაინაში, ფაქტობრივად, უკვე დაიწყო წვიმის სეზონი, რაც ორივე მებრძოლი მხარისთვის გააძნელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, ოღონდ მძიმე საბრძოლო ტექნიკის გამოყენებით, თორემ ქვეითი სადაზვერვო-დივერსიული და მოიერიშე ჯგუფებისთვის წვიმა ძალიან დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები არტილერიისა და ავიაციის საშუალებით ცდილობენ, მდინარე დნეპრში „გადაყარონ“ მარცხენა სანაპიროზე დესანტირებული და პლაცდარმოპოვებული უკრაინელი მებრძოლები.

თუკი უკრაინის არმიამ მოახერხა მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოპოვებული პლაცდარმის ამ ზამთარს არათუ შენარჩუნება, არამედ - მისი გაფართოებაც კი, ეს საუკეთესო საშუალება გახდება, მომავალი წლის გაზაფხულზე აქედან ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ „ყელთან“ გასაჭრელად...