"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, 15-წუთიან დასვენებას და ჩაის ძალას..." - რჩევები სილამაზის შესახებ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალისგან
ცნობილი მსახიობი, ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილი 15 ნოემბერს 78 წლის გახდა. გუშინ სოციალური ქსელი მოიცვა უახლესმა ფოტოსესიამ - ქართველი მსახიობი ჭაღარა თმითა და მაკიაჟით ჰოლივუდის ნებისმიერ წარმომადგენელს სჯობს.
კირას ერთხმად აღიარებენ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ და ელეგანტურ ქალბატონად. წლების განმავლობაში მისი სახელი და გვარი არაერთი გამოკითხვის სათავეში აღმოჩენილა, როგორც ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალი.
კირა ანდრონიკაშვილს ულამაზესი ქალებით უხვად დაჯილდოებულ ქართულ კინოში თავისი განსაკუთრებული ადგილი უკავია. მაყურებელს დღემდე განსაკუთრებით უყვარს მის მიერ განსახიერებული როლები ფილმებში " მე ბებია ილიკო და ილარიონი", "მთვარის მოტაცება", "ერთი ცის ქვეშ", "მოლანდება" და მრავალი სხვა.
ულამაზესი კირა ანდრონიკაშვილის მამიდა ლეგენდარული მსახიობი - ნატო ვაჩნაძე გახლდათ. კირა ანდრონიკაშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს. ნინა კალანდაძე ჟურნალისტ ლიკა ევგენიძის დედაა. მეორე ქალიშვილი, ქეთი ყიასაშვილი ძალიან ჰგავს დედას.
წლების წინ, ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მისი სილამაზის საიდუმლო გენეტიკიდან მოდიოდა.
"რა თქმა უნდა, ყველაფრის საწყისი გენეტიკაა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა გადმოგეცა შენი წინაპრებისგან, არ მინდა იფიქროთ, რომ მე ჩემს წინაპრებს ან ოჯახის წევრებს ვაქებ, უბრალოდ ნამდვილად ხელს მიწყობდა გენეტიკა.იმის მიუხედავად, რომ მშობლები, მამიდები (კირა ანდრონიკაშვილის მამიდა - ნატო ვაჩნაძე. 20-30-იანი წლების ქართული კინოს მეგავარსკვლავი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ქართულ კინოში) თუ სხვა ოჯახის წევრები სილამაზით გამოირჩეოდნენ, ამაზე არასდროს არ იყო საუბარი ოჯახში, არასოდეს მახსოვს განხილვები ამასთან დაკავშირებით, მეც არასდროს არ მქონია წარმოდგენა იმაზე, რომ გამორჩეულად ლამაზი ვიყავი. თუმცა, გენეტიკასთან ერთად, აუცილებელია თავის მოვლა, რაც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს შესისხლხორცებული. იცით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, როგორ განეწყობი ამა თუ იმ საკითხის მიმართ, განწყობის თეორია ტყუილად ხომ არ დაწერა დიმიტრი უზნაძემ? მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება, ეს პირდაპირ აისახება ადამიანის გარეგნობაზე. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს შინაგან სამყაროს".
ქალბატონმა კირამ შვილები დამხმარეს გარეშე გაზარდა, თუმცა ამბობს, რომ ქალისთვის თუნდაც 15 წუთიანი დასვენება დღის მანძილზე აუცილებელია. ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩაის სმის კულტურას. (გააგრძელეთ კითხვა)