სპეცდანიშნულების მწერალი - ოპერაცია "ტვინების მოწამვლა": რა დაუჯდა კრემლს გერმანელი ჰუბერტ ზაიპელის წიგნები, რომელიშიც ის პუტინს აქებდა და ადიდებდა - კვირის პალიტრა

სპეცდანიშნულების მწერალი - ოპერაცია "ტვინების მოწამვლა": რა დაუჯდა კრემლს გერმანელი ჰუბერტ ზაიპელის წიგნები, რომელიშიც ის პუტინს აქებდა და ადიდებდა

დეზინფორმაციისა და სიცრუის პროპაგანდა, მოსახლეობის ფართო მასების „ტვინების მოწამლვა“ და ამით გამოწვეული „მართვადი ქაოსი“ XXI საუკუნის მთავარი საფრთხეა, გლობალურ დათბობაზე უფრო მნიშვნელოვანიც კი. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის სულ უფრო მზარდი შემოჭრის კვალდაკვალ რეალური ხდება გლობალური დეზინფორმაციის საფრთხე, როდესაც ავტორიტარული რეჟიმები ფსიქოლოგიურ ომში ხელოვნური ინტელექტის ფაქტიურად ამოუწურავ რესურსებს გამოიყენებენ.

ეს უახლოესი და სამწუხარო პერსპექტივაა, მანამდე კი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ტრადიციული მეთოდებიც კარგად გამოიყენება. გაყიდული და დაშანტაჟებული პოლიტიკოსები, მწერალ–ჟურნალისტ–ექსპერტები და მათი „პატრონები“ არა მარტო „ყვითელი პრესით“ და სოციალური ქსელებით ავრცელებენ დეზინფორმაციას, არამედ ცდილობენ „რესპექტაბელური შეფუთვითაც“ გაავრცელონ სიცრუე. ამიტომ ხშირად დიდ ტირაჟიანი წიგნების, დოკუმენტური ფილმებისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებითაც ცდილობენ ჩვენს მოტყუებას.

რუსეთის ხელისუფლებას დეზინფორმაციის მნიშვნელობა არ ესწავლება. მით უფრო ვლადიმერ პუტინს, რომელიც კა-გე-ბეს გამოზრდილია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეტყობა ძალზე გაუჭირდათ უკრაინაში ძველი და ახალი აგრესიის შენიღბვა, ამიტომაც კვლავ „წვერებიანი ანეგდოტივით“ მოძველებულ მეთოდებს იყენებენ. ადრე ინდოეთის (ეგვიპტის, სირიის, ალჟირის და ა.შ. – აქ ქვეყანას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) პატარა გაზეთში (რომელსაც ფარულად საბჭოთა დაზვერვა აფინანსებდა) დაიბეჭდებოდა ანტიამერიკული სტატია, რომელსაც უმალ გადაბეჭდავდნენ საბჭოთა ცენტრალური გაზეთები „პრავდა“ და „იზვესტია“, შემდეგ კი უკვე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის კომუნისტური გაზეთები აიტაცებდნენ კა-გე-ბეს კაბინეტებში შექმნილ სიცრუეს და „უმაღლესი დონის სენსაციაც“ სახეზე იყო.

რუსეთი საინფორმაციო ომისთვის არასდროს იშურებდა ფულს. ყიდულობდა და ყიდულობს: პოლიტიკოსებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს, მეცნიერებსა და სპორტსმენებს და ა.შ. დღე არ გავა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების კაბინეტებში დამუშავებული დეზინფორმაცია, მათმა გავლენის აგენტებმა მსოფლიოს არ მოსდონ. ფაქტია, რომ პუტინის ხელისუფლებამ ღია და ფარული მეთოდების გამოყენებით აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკური ლიდერების ურთიერთდაპირისპირებას ათწლეულებია, რაც ცდილობს – ხან გამოსდის კიდეც. ჯერ კიდევ 2008 წლის „აგვისტოს ომმა“ გვიჩვენა, რომ ერთ ფლანგზე „ბებერი ევროპის“ ის ქვეყნები (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი) იმყოფებოდნენ, რომლებიც თავის დროზე ჰიტლერთან და სტალინთანაც ნახულობდნენ საერთო ენას, მეორე მხარეს კი, ის ქვეყნები, რომლებმაც თავად იწვნიეს საბჭოთა კავშირის იმპერიის მთელი სისასტიკე.

რუსეთის დიდი მონდომებით, ევროპასა და ამერიკაში კარგა ხანს მიმდინარეობდა (და ახლაც გრძელდება) გაცხარებული დისკუსია იმის დასადგენად, თუ ვინ გაისროლა პირველმა და ვინ დაიწყო „აგვისტოს ომი“. ხოლო ის კი, თუ რატომ არ სრულდება სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ყველა პუნქტი, რატომ განახორციელა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ან რა უნდა ათასობით რუს ჯარისკაცს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, „ბებერი ევროპის“ ქვეყნების ლიდერებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე აღარც აინტერესებდათ. მაშინ ცივი ზამთრის მოლოდინმა და მოსკოვში მათზე არსებული კომპრომატების გამოქვეყნების შიშმა, ევროპის ბევრი ქვეყნის ლიდერის ლუსტრაცია მოახდინა. თეთრის და შავის დადგენას ორთაჭალის აბანოები უკვე აღარ დასჭირდა.

რუსეთის სპეცსამსახურები დღესაც ასევე მოქმედებენ და იმპერიული პოლიტიკის „გასაპრავებლად“ ძველ, უკვე კარგად გამოცდილ „გავლენის აგენტებს“ იყენებენ ან ახლებს „ავერბოვკენ“. უკრაინაში რუსეთის აგრესია, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, იმდენად აშკარა იყო, რომ მხოლოდ უცხოპლანეტელებს თუ გაუჩნდებოდათ რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების გამართლებისა და მხარდაჭერის სურვილი. თუმცა თანდათან „საინფორმაციო ფრონტზე” გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასაბუთებას „ობიექტური“ ისტორიულ-ეთნიკური მიზეზებით ცდილობდენ.

ერთ-ერთი მათგანი გერმანელი ჟურნალისტი ჰუბერტ ზაიპელი არის, რომლის „კარიერული წინსვლა“ მთლიანად რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა. 2012 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმის ("მე, პუტინი. პორტრეტი") შემდეგ ზაიპელი უცბად „მსოფლიოში ცნობილ კონოდოკუმენტალისტად“ იქცა. ხოლო ორი წიგნის: "პუტინი. ძალაუფლების ლოგიკა" (2015) და "პუტინის ძალა. რატომ სჭირდება ევროპას რუსეთი" (2021) – გამოცემის შემდეგ, ზაიპელი, რუსეთის მასმედიაში, უკვე „მსოფლიოში ცნობილ მწერლადაც“ მოგვევლინა. გინდათ შეიტყოთ, თუ რატომ ვერ იარსებებს ევროპა რუსეთის გარეშე, ან როდის გაერთიანდებიან აშშ–ის წინააღმდეგ რუსეთი და ევროპა, ან რატომაა ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსი? – წაიკითხეთ გერმანელი ჟურნალისტის ჰუბერტ ზაიპელის წიგნები და ყოველივე ამას შეიტყობთ. დაახლოებით ამგვარი სარეკლამო განცხადებებით იყო აჭრელებული რუსული გაზეთები და ინტერნეტ–პორტალები. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მორიგი დეზინორმაციულ–პროპაგანდისტული ოპერაციისთვის გერმანელი ჟურნალისტი ჰუბერტ ზაიპელი შეარჩიეს. ზოგადად „ამხანაგ პუტინს“ გერმანია განსაკუთრებით უყვარს და გერმანულ ენაზე მეტყველებს კიდეც – სწორედ ამანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი „მეხოტბე ტრუბადურის“ კანდიდატურის შერჩევის დროს.

picture-1-1700200663.jpg
დიქტატორი და ჟურნალისტი გაუყვნენ სიცრუის გზას . . .

ჰუბერტ ზაიპელი იყო ერთადერთი ევროპელი ჟურნალისტი, რომელიც მრავალჯერ შეხვდა პირადად პუტინს. უფრო მეტიც , ის რუსეთის პრეზიდენტს დაჰყვებოდა ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობებში - ვიზიტების დროს და ოცზე მეტი ინტერვიუ აიღო პუტინისგან.

2016 წლის 7 ივნისს მოსკოვში ჰუბერტ ზაიპელის პირველი წიგნის – "პუტინი. ძალაუფლების ლოგიკა" – რუსულენოვანი ვარიანტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თავად რუსეთის პრეზიდენტიც დაესწრო. პუტინმა ჟურნალისტების კითხვას ასე უპასუხა: „არ ვიცი, რატომ აკეთებს ზაიპელი ამას (წიგნის წერას და გამოცემას – ბ.ა.) “, ხოლო კითხვაზე, წაიკითხა თუ არა პუტინმა წიგნი თავის შესახებ, მან უპასუხა. ”არა, მე ისედაც ვიცი რაც ეწერებაო”. შესაშური „თავდამბლობაა“!

გულუბრყვილო მკითხველს ეგონა, რომ როდესაც გერმანელმა ჟურნალისტმა პუტინის შესახებ წიგნის დაწერა გადაწყვიტა, ის დაუკავშირდა გამომცემლებს და მათი დაფინანსებით ჩადიოდა რუსეთში, თვეობით ცხოვრობდა მოსკოვის სასტუმროებში, რაც ნამდვილად არაა „იაფი სიამოვნება“ და წიგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით დაფარა დანახარჯები. ამგვარად, რომ ყოფილიყო ჰუბერტ ზაიპელის საწინააღმდეგო რა გვექნებოდა? ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის დიქტატორული მმართველობის სტილი უკვე ამ საუკუნის დასაწყისიდან არ იყო არავისთვის დაფარული, გერმანელი ჟურნალისტს პუტინის სახოტბო წიგნებს მხოლოდ არაობიქტურ ანალიზად და შეცდომად ჩავუთვლიდით. განა მასზე დიდი მწერლები არ იყვნენ ფრანგი ანრი ბარბიუსი და გერმანელი ლიონ ფოიხტვანგერი, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ, როდესაც დიდ დიქტატორ იოსებ სტალინს ქება დიდებას არ აკლებდნენ? ჰუბერტ ზაიპელის შემთხვევაში კი ყველაფერი ძალზე ბანალურად მარტივი აღმოჩნდა“: გერმანელი ჟურნალისტის ფილმიც და წიგნებიც . . . თავად რუსეთის ხელისუფლების მიერ ყოფილა შეკვეთილ–დაფინანსებული.

picture-1-1700200733.jpg
პუტინი წიგნის პრეზენტაციაზე მოსკოვში.

“ხოლო არა რაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაური ყოს” - (ლუკა მოციქულის სახარება, თავი 12)

ასე, რომ ადრე თუ გვიან ოფშორული ზონების „ციხე–კოშკებიც“ ეცემა და ყველა დიდ-პატარა საიდუმლოც გაცხდდება. რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ „მსოფლიო დონის შემოქმედის“ მუზას..

თავად რუსეთის ხელისუფება აფინანსებდა. ჰუბერტ ზაიპელის „შემოქმედებითი წვა“ თურმე თითქმის ერთი მილიონი ევრო დაუჯდა პუტინის „კარის ოლიგარქ“, მილიარდელ ალექსეი მორდაშოვს. თუმცა ეს „წვრილმანები“ რა მოსატანია, როდესაც საქმე დიქტატორის განდიდებას ეხება? ჟურნალისტის რა ობიქტურობაზე შეიძლება ამ დროს ვისაუბროთ? რუსი ოლიგარქებიც რუსეთის ხელისუფლების ნაწილი და იმპერიის „პატარა ჭანჭიკები“ არიან, რომელთა ბედიც „კრემლის ბრძანებელის“ ხელშია: უნდა აბრამოვიჩ–უსმანოვ–მარდაშოვები იქნებიან, თუ გაურჩდებიან ბერეზოვსკი–ხოდორკოვსკის ბედი არ ასცდებათ. ჰუბერტ ზაიპელის სიახლოვეს რუსეთის ხელისუფლებასთან ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ზაიპელი იყო პირველი უცხოელი ჟურნალისტი, რომელმაც მოსკოვში ინტერვიუ აიღო ყოფილ ამერიკელ მზვერავ ედვარდ სნოუდენთან, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა ნდობა და სიახლოვე არსებობს რუსეთის სპეცსამსახურებსა და ზაიპელს შორის.