გეოპოლიტიკური ტრაგედიის წინასწარმეტყველება - "დასავლეთი უკრაინის გაყიდვის მიზნით გარიგების დადებას აპირებს" - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური ტრაგედიის წინასწარმეტყველება - "დასავლეთი უკრაინის გაყიდვის მიზნით გარიგების დადებას აპირებს"

„თუ ისრაელს სურს იმის გაგება, რა დონით უნდა ჰქონდეს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი, მას ამისათვის შორს წასვლა არ დასჭირდება - საკმარისია, შეხედოს უკრაინას და დარწმუნდება, თუ როგორ უსირცხვილოდ ღალატობს დასავლეთი კიევს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „სუსტი ნებისყოფის მქონე დასავლეთი უკრაინის გაყიდვის მიზნით გარიგების დადებას აპირებს. ამერიკელი და ევროპელი ლიდერები დაიღალნენ კიევის მოთხოვნებით და მზად არიან, ზელენსკის მებრძოლებს უღალატონ“ (ავტორი - კონ კაფლინი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„უკრაინელებმა, თავიანთი მდგომარეობისდა საუბედუროდ, გაარკვიეს, რომ დასავლური მხარდაჭერა შეიძლება ცვალებადი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა სამხედრო მოქმედებები თავის მიზანს ვერ აღწევს. ისრაელის „ცახალის“ სარდლობასაც, ალბათ, მშვენივრად ესმის, რომ ღაზას რომელიმე საავადმყოფოს ბავშვთა პალატას ერთი ბომბიც რომ მოხვდეს, ეს ფაქტი საკმარისი იქნება, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა დახმარებაზე უარი განაცხადონ და ისრაელს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვონ.

ღაზას სექტორის კონფლიქტს თავისი ისტორიული სირთულეები აქვს, უკრაინის კონფლიქტი კი, პალესტინასთან შედარებით, უფრო გასაგები და მარტივია. სწორედ ამიტომ დასავლეთი მუდმივად აკრიტიკებს ვლადიმერ პუტინს და რუსეთს პერმანენტულად უცხადებს სანქციებს, იმავდროულად კი - მხარს უჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვთან დაპირისპირებაში.

მაგრამ... ომები, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ხარჯიანი და მძიმე გადასატანია. განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როცა ომი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიოს ეკონომიკაზე. ღაზას კონფლიქტი ისეთ გეოგრაფიულ არეალში მიმდინარეობს (ხმელეთის ვიწრო ზონაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სადაც მხოლოდ ორი მლნ. ადამიანი ცხოვრობს), რომ ის არ შექმნის პრობლემებს მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რუსეთ-უკრაინის ომისაგან განსხვავებით, რომელმაც მსოფლიოში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. და რადგანაც რუსეთ-უკრაინის ომი კრემლის მიერ ჩაფიქრებულია არა მარტო უკრაინის, არამედ - დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულადაც, მაშინ, ბუნებრივია, ამერიკას და ევროკავშირს სურვილი აქვს, მოსკოვს „ცხვირი გაუტეხოს“ და თავისი მოქმედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვით გაამართლოს.

გენერალ ვალერი ჟალუზნის აღიარების კვალობაზე, რომ კონტრშეტევამ არსებითი შედეგი ვერ გამოიღო, დასავლელმა ლიდერებმა უცებ მოისურვეს ამ კონფლიქტის რაც შეიძლება მალე შეწყვეტა.

უკრაინელების წარუმატებლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ კიევს ევროპელმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა შორი მოქმედების რაკეტები არ მისცეს, ასევე, დროულად არ მიაწოდეს ტანკები და განსაკუთრებით - თვითმფრინავები, რომელთა გარეშე რუსული თავდაცვითი ზღუდეების გარღვევა საეჭვო ჩანდა. მართალია, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ბოლოსდაბოლოს, დათანხმდა „ფალკონების“ (F-16-ების) მიწოდებაზე, მაგრამ პირველი ამერიკული თვითმფრინავები უკრაინის ცაში მხოლოდ მომავალ, 2024 წელს თუ გამოჩნდებიან, დანარჩენები კი... 2025 წელს.

უკრაინელები, ალბათ, განცვიფრებულნი და, იმავდროულად, ნაწყენებიც არიან დასავლელი მოკავშირეების ასეთი დაყოვნებით და გულგრილობით. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად აშფოთებს ის ამბები, რომელთა მიხედვით, დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან სურთ, რომ კიევმა სერიოზულად იფიქროს მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკამ ამას წინათ უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებების ინიცირება მოახდინა იმ მიზნით, რომ კიევისათვის ეცნობებინა, რისი დათმობა მოუწევს უკრაინას რუსეთთან შეთანხმების მიღწევის დროს. უფრო ადრე კი ყველამ გაიგო იტალიის პრემიერ-მინისტრის - ჯორჯა მელონის პოზიცია, რომელიც მან უნებლიედ რუს პრანკერებთან საუბრისას გაამჟღავნა - „ევროპა დაიქანცა უკრაინის კონფლიქტით“ და მას „სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, კიევთან მიმართებით გარკვეული იდეები აქვს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი მტკიცედ უარყოფს რუსებთან შეთანხმების დადების იდეას და ამბობს, რომ „რუსებთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა და მათთვის რაღაცის დათმობა არასოდეს მოხდება“. მაგრამ მკაცრი სიმართლე იმით გამოიხატება, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები დაიღალნენ კიევისათვის დახმარების გაწევის უსასრულობით. ასეთ პირობებში ვოლოდიმირ ზელენსკის სხვა არჩევანი აღარ რჩება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამსხვრევას დაიწყებს ის პოლიტიკური ფუნდამენტი, რაზედაც მისი რწმენა და იმედები არის დამყარებული ანუ - დასავლური სოლიდარობა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული, რომ კონფლიქტი მომავალ წელსაც გაგრძელდეს - იმიტომ, რომ 2024-ში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში იბადება კითხვა - შეძლებს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც სამომავლოდ ასევე არჩევნები ელოდება, ქვეყნის ხელმძღვანელობას ომის შემდგომ ეტაპზე?

მოკლედ რომ ვთქვათ, ამერიკაშიც და ევროპაშიც აქტიური ძალისხმევა მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის ღალატისათვის - იმიტომ, რომ, თურმე, დასავლელი მეთაურები კიევის მხარდაჭერით დაიღალნენ. თუ პოლიტიკური გამორჩენისათვის ასე ადვილად შეიძლება გაწირო უკრაინელი ხალხის ინტერესები და უკრაინა რუსეთის მსხვერპლად გადააქციო, მაშინ რა გასაკვირია, რომ ისრაელსაც იგივე მოუვიდეს „ჰამასთან“ ბრძოლის დროს, თავისი არსებობის შესანარჩუნებლად?

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო