"არაფერი ეშველება ერს, თავის წარსულს თუ არ გაუფრთხილდება" - რა საჩუქარი გადასცა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მუზეუმს - კვირის პალიტრა

"არაფერი ეშველება ერს, თავის წარსულს თუ არ გაუფრთხილდება" - რა საჩუქარი გადასცა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის მუზეუმს

"თითქმის თხუთმეტი საუკუნე დასჭირდა კაცობრიობას და ბოლოს მიხვდა, რომ წარსულის შენახვის გარეშე მომავალი არ არსებობს. მუზეუმი, აი, ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი თავის წარსულს ღრმად შეისწავლის და დღევანდელობას გონივრულად მიუსადაგებს. კაცმა რომ თქვას, არაფერი ეშველება ერს, თავის წარსულს თუ არ გაუფრთხილდება", - რობერტ სტურუა. რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი 90 წლისაა. იგი ქვეყნის ეროვნული საგანძური და ერის გენეტიკური მეხსიერებაა. თუ რა პროექტები განახორციელა მუზეუმმა ბოლო წლების მანძილზე, ამის შესახებ მუზეუმის გამგე ბელა ჭუმბურიძე გვესაუბრება.

- რუსთაველის თეატრის მუზეუმის სულისჩამდგმელები და დამაარსებლები სანდრო ახმეტელი და ია ქანთარია იყვნენ. მათ თეატრში მოსვლის დღიდანვე იზრუნეს სამუზეუმო მასალის მოკვლევა-დაბინავებაზე, რასაც თითქმის ათეული წელი შეალიეს და ძლიერ ინსტიტუციას ჩაუყარეს საფუძველი. მუზეუმი კულტურის აქტორია, ის ინახავს ერის მეხსიერებას, მოიპოვებს სამუზეუმო მასალას, იკვლევს მას, ახდენს ფაქტის ინტერპრეტაციას და აწვდის საზოგადოებას. მუზეუმში დაცულ მასალას დღეს სხვა კუთხით ვხედავთ, ვკითხულობთ, აღვიქვამთ, გვესმის. გავა წლები და ახალი თაობა სრულიად სხვაგვარად წაიკითხავს დღევანდელ ისტორიას.

რა აქტივობებით გამოირჩეოდა რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი ბოლო ათი წელი? მუზეუმმა თეატრის სხვადასხვა სივრცეში მოაწყო გამოფენები: "შექსპირი რუსთაველის თეატრში", "თავისუფლება" - 9 აპრილის თემასთან დაკავშირებით, "In Tirannos" - აღინიშნა რეპრესირებულ ხელოვანთა ხსოვნის 80 წლისთავი, "ცხვრის წყარო" - 100, მხატვარ-დეკორატორების "თეატრალური ვერნისაჟი" და სხვა.

წლებია ვთანამშრომლობთ ეროვნულ გალერეასთან. რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმიდან დროებით სარგებლობაში, სხვადასხვა გამოფენისთვის მათ მივაწოდეთ - ესკიზები, მაკეტები, აფიშები, ისტორიული სპექტაკლების უნიკალური ფოტოების ციფრული ვერსიები. აღსანიშნავია მუზეუმის ჩართულობა საგამომცემლო საქმიანობაში. მდიდარმა სამუზეუმო მასალამ არაერთი წიგნი-ალბომის გამოცემას შეუწყო ხელი: კარლო საკანდელიძე, მედეა ჩახავა, "დრო და სივრცე", "ქიმერიონი", "რუსთაველის თეატრის შენობა" და სხვა. მუზეუმის თანამშრომლების მიერ გამოსაცემად მომზადდა - "რუსთაველის თეატრის სცენოგრაფია 1950-2000" და საიუბილეო ალბომი "რობიკო".

მუზეუმი თანამშრომლობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა და კონსერვატორიის პედაგოგებთან და სტუდენტებთან. წლების განმავლობაში იწერება საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევრები, მიმდინარეობს სამაგისტო თუ სადოქტორო თემების მასალებზე კვლევა-ძიება. ამის დასტურია თუნდაც, წელს ოქტომბრის ბოლოს გამართულ კონფერენციაზე "სამუზეუმო მასალის კვლევა-ინტერპრეტაცია მესამე ათასწლეულის თვალსაწიერიდან", სამი ახალგაზრდა მკვლევრის მონაწილეობა - თინათინ გაბელაია, მერი ფხოველიშვილი და ირაკლი არეშიძე. თეატრალური სეზონის განმავლობაში ასობით დამთვალიერებელი სტუმრობს რუსთაველის თეატრს და მუზეუმს: მოსწავლეები, სტუდენტები, შშმ პირები, უცხოელები - გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან საფრანგეთიდან... და შთაბეჭდილებების წიგნში ჩნდება მადლიერებისა და მოწონების ჩანაწერები.

წელს ივნისში თეატრში განხორციელდა პროექტი "მეამბოხე ახმეტელი", რომლის ფარგლებში მოწვეულმა ოთხმა ახალგაზრდა რეჟისორმა (გიორგი კაშია, რატი კობეშავიძე, თამარ ჭინჭარაული, თათია პოპიაშვილი), რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად სანდრო ახმეტელის დადგმული სპექტაკლების "სალომეა", "ლამარა", "თეთნულდი", "ყაჩაღები" - პიესების კითხვა მოაწყვეს. ამასთან, ამ ლეგენდარული სპექტაკლების ამსახველი მინიექსპოზიციები ექსპერიმენტული დარბაზის ფოიეში მოეწყო. ასევე ამ პროექტის ფარგლებში, ია შერაზადიშვილისა და თეა კერვალიშვილის სცენარის მიხედვით, რეჟისორმა, კინოდოკუმენტალისტმა გიორგი მოლოდინაშვილმა გადაიღო ფილმი "მათ სხვა დრო წამოეწიათ". თეატრის მუზეუმმა პროექტის მონაწილე რეჟისორებს, მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს მიაწოდა ფონდებში დაცული ისტორიული სპექტაკლების პიესების ორიგინალები, სარეპეტიციო და წარმოდგენის დღიურები, ფოტოები, აფიშები, ხელნაწერები, ესკიზები, რეცენზიები...

აღსანიშნავია დონაციები, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ფონდებს. ამერიკაში მცხოვრებმა მხცოვანმა მეცნიერმა, მწერალმა, მსახიობმა ვიქტორ მესხიშვილმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა შექსპირის შემოქმედების ამსახველი უნიკალური გამოცემა THE COMPLETE WORKS OF SHAKSPEARE.

წელს, 14 იანვარს, მუზეუმს ბატონმა რობერტ სტურუამ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა:

"ქართული თეატრის დღე და ჩემი მოკრძალებული ძღვენი! 2023 წელს, დეკემბერში, უილიამ შექსპირის პიესების ორი პოემის ტომი (ე.წ. FOLIO) დიდ იუბილეს იხდის - 400 წელი! წიგნი 1623 წელს, დეკემბერში გამოიცა! სულ 1000 ცალი დაიბეჭდა იმ ფულით, რომელიც შექსპირის მეგობრებმა, მსახიობებმა და გავლენიანმა პირებმა შეაგროვეს! დიდი პოეტი 1617 წელს გარდაიცვალა... ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, წიგნის გამოცემა შექსპირის მეგობარმა - ბენ ჯონსონმა ითავა! ამიტომაც ამ საოცარ ტომს "პირველ ფოლიოს", ზოგჯერ "ბენ ჯონსონის ფოლიოს" სახელით იხსენიებენ!

ფოლიო - საბეჭდი ქაღალდის ფურცლის მეოთხედს ნიშნავდა. მთლიანად შემონახულია მხოლოდ და მხოლოდ 12 ეგზემპლარი! "პირველი ფოლიოს" ბოლო ნიმუში 2006 წელს სოტბის აუქციონზე 5,6 მილიონ ევროდ გაიყიდა! ხვალ, ქართული თეატრის დღეს! ამ თარიღთან დაკავშირებით, მე, "ბენ ჯონსონის ფოლიოს" ზუსტ კოპიოს გულიდან ვიგლეჯ და რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმს ვჩუქნი! ეს წიგნი, როგორც ჯილდო, ცნობილმა ინგლისელმა კრიტიკოსებმა გადმომცეს. მოგეხსენებათ, 1980 წელს, ლონდონში ორი კვირა, ყოველდღე რუსთაველის თეატრი "რიჩარდ III"-ს თამაშობდა! გილოცავთ ქართული თეატრის დღეს!"

რუსთაველის ეროვნული თეატრის მუზეუმი ყოველწლიურად, თეატრის და მუზეუმების საერთაშორისო დღეს, როცა დამთვალიერებელთა დასწრება თავისუფალია, ეხმიანება გამოფენებით და ექსკურსიებით. მუზეუმში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუზეუმო მასალის გაციფრულება.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"

ფოტოები იხილეთ ლინკზე