"შაჰიდის" ქურდები - როგორ "გადაიქცა" გერმანული დრონი ირანულ უპილოტოდ, რომელსაც უკრაინელები გერმანული იარაღიდან აგდებენ
ომის დაწყების შემდეგ უკრაინელების ერთ-ერთ მთავარ თავსატეხს იმ Shahed-136 -ი ტიპის კამიკაძე-დრონების სისტემატური თავდასხმები წარმოადგენს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიჰყიდა ირანმა რუსეთს.
თანაც ამ „შაჰიდებისგან“, ძირითადად, უკრაინული ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა უფრო ზარალდება, ვიდრე - ფრონტის ხაზზე სანგრებში მსხდომი უკრაინის დამცველები, რადგან „შაჰიდის“ დამიზნება ინერციულ-თანამგზავრული კომბინირებული მეთოდით ხდება სტაციონალურ ობიექტზე, მაგალითად, კონკრეტულ შენობაზე ქალაქში, რის შემდეგაც „შაჰიდის“ ამ მოდიფიკაციის გადამიზნება სხვა სამიზნეზე შეუძლებელია.
180 კმ/სთ სიჩქარით და თანაც დაბალ სიმაღლეზე მფრენი „შაჰიდების“ ჩამოგდება უკრაინელმა მეზენიტეებმა მეტ-ნაკლებად წარმატებული გახადეს, მრავალრიცხოვანი მობილური საზენიტო ჯგუფების გამოყენებით, რომლებიც "პიკაპებზე" დამონტაჟებულ ტყვიამფრქვევიან და პროჟექტორიან საზენიტო საშუალებებს წარმოადგენენ.

და მიუხედავად ამისა, „შაჰიდები“ კვლავ რჩებიან ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ უკრაინული ქალაქებისთვის, პირველ რიგში კი - „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმის გათვალისწინებით, როდესაც 20-30 ათასდოლარიანი „შაჰიდის“ გარანტირებულად ჩამოსაგდებად 100-200 ათასდოლარიანი საზენიტო რაკეტაა უფრო უტყუარი ან არადა, ის უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ქალაქის რომელიმე შენობაზე მოხვედრისა და 50 კგ-იანი საბრძოლო ქობინის აფეთქების შემდეგ...
საიდან გამოუჩნდა ასეთი მაღალეფექტიანი საბრძოლო საშუალება ირანს, რასაც უკრაინაში ომის საწარმოებლად ასე ეხვეწება მოსკოვი თეირანს და თავადაც იწყებს რუსეთში Герань-2 -ის სახელწოდებით მისი მოდიფიცირებული ვარიანტების ლიცენზირებულ სერიულ წარმოებას...

როგორც ირკვევა ამ კამიკაძე-დრონის შექმნის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებიდან იწყება და არა ირანსა თუ ისრაელში, არამედ - ნატოს წევრ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში...
Die Drohne Antiradar - ასე დაარქვეს იმ ერთჯერადი გამოყენების საფრენ აპარატს, რომელიც თავის დროზე ძალზე ცნობილმა გერმანულმა საავიაციო ფირმამ Dornier-მა შექმნა საბჭოთა რადიოლოკატორების მოსაძებნად და ასაფეთქებლად, „გაუშვი და დაივიწყე“ სქემით გამოსაყენებლად.

სატვირთო მანქანის ძარაზე დამონტაჟებული კონტეინერიდან სტარტაღებული ეს, 110 კგ-იანი დრონი 250 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა და 3 საათს შეეძლო ჰაერში ბარაჟირება, სანამ სამიზნეს - აქტიურ რეჟიმში მომუშავე მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურ სადგურს აღმოაჩენდა და მასზე პიკირებას განახორციელებდა...
თუმცა 1980-იანი წლების ბოლოსკენ ჯერ ვარშავის პაქტი დაიშალა, მერე საბჭოთა იმპერიაც დაემხო და ნატოს წევრ ქვეყნებში შემუშავებული, იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ბევრი სამხედრო პროექტი, უბრალოდ, დაიხურა - დასავლეთმა პირველ „ცივ ომში“ თავი გამარჯვებულად ჩათვალა და დღევანდელი გადასახედიდან... მაგრადაც შეცდა.

„დორნიეს“ ამ ანტისარადარო დრონის შემდგომი ბედიც უცნობი დარჩა, თუმცა მალევე ისრაელმა დაიწყო ანტისარადარო დრონის IAI Harpy-ის გამოყენება, რომელიც არათუ ძალიან წააგავდა გერმანულ Die Drohne Antiradar-ს, არამედ - მისი გაშვებაც ანალოგიურად ხდებოდა.
ისრაელს კი, ეტყობა, უკვე ირანმა მიბაძა, რომელმაც Shahed-136-ების დამზადება დაიწყო, ეხლა კი Герань-2-ის სახელწოდებით უკვე რუსული კამიკაძე-დრონებიც უტევენ უკრაინულ ქალაქებს, რომელთა ჩამოსაგდებად უკრაინელი მეზენიტეები ყველაზე ეფექტიანად სწორედ გერმანიიდან მიღებულ Gepard-ის ტიპის მობილურ საზენიტო დანადგარებს იყენებენ...
მოკლედ, წრე შეიკრა - ერთ დროს გერმანელების მიერ კონსტრუირებული დრონის ირანული და რუსული კლონების ჩამოგდება უკრაინელებს ისევ გერმანული საზენიტო დანადგარებიდან უწევთ...