„ირაკლი საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის“
სიმტკიცის, პატრიოტიზმისა და სიმამაცის სიმბოლო - ასე ახასიათებენ თანამებრძოლები რამდენიმე დღის წინ რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ირაკლი ქურციკიძეს. "ირაკლი საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, ის ჩემი იმედი იყო, ჩვენი იმედი, ის საქართველოს მომავალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და პროფესიონალი იყო, სულ რაღაც ახალს სწავლობდა და საბრძოლო მოქმედებების დროს იყენებდა, მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, ხშირად იმეორებდა... არც კი ვიცი, როგორ დავემშვიდობო, მხოლოდ ერთი ვიცი, გმირები გვაძლიერებენ. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!" - ამბობს მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი სპეცრაზმელი და უკრაინის ცენტრალური სადაზვერვო დანაყოფის, "ზგარდის" წევრი ლაშა შერგელაშვილი.
- ოპერაცია, რომლის დროსაც ირაკლი დაიღუპა, ისევ გრძელდება. ამიტომ დეტალებზე ბევრს ვერაფერს გეტყვით. ირაკლი პოზიციის სიღრმეში ორ მებრძოლთან ერთად პირველი შევიდა. ბიჭები მტერმა აღმოაჩინა და ტანკიდან ჭურვი ესროლეს. ირაკლის ნამსხვრევი თავში მოხვდა და დაიღუპა, დანარჩენი ორი დაიჭრა. მათ უკან დაიხიეს, შემდეგ სპეციალური რაზმი ჩამოაყალიბეს, დაბრუნდნენ პოზიციაზე და ირაკლის ცხედარი გამოიტანეს.
ირაკლი უკრაინაში ჩამოსვლის პირველივე დღეს ჩემთან, ანუ უკრაინის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოში მოხვდა. ამ დანაყოფში ქართველები ცოტანი ვიყავით. მისი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი უწყებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობდა. სხვა დანაყოფებიდანაც ხშირად სთხოვდნენ დახმარებას, რასაც სულ ვაპროტესტებდით. აგვისტოში საქართველოში შვებულებით წამოვიდა, სექტემბერში დაბრუნდა, მოვიდა და გვითხრა, სხვა დანაყოფში გადავედიო. ვკითხეთ, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და იცით, რა გვითხრა? თქვენ ყოველთვის მთხოვდით, რომ უარი მეთქვა სხვა დანაყოფებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე ოპერაციებში დახმარებას მთხოვდნენ, მე კი თქვენთვისაც მიჭირდა უარის თქმა და მათთვისაცო. აი, ასეთი საოცარი ადამიანი იყო... იმ ოპერაციაზე, სადაც ირაკლი დაიღუპა, ჩვენც ვიყავით, მაგრამ სხვა მხარეს ვიდექით. რადიოსადგურიდან გავიგეთ მისი ამბავი. უკრაინელებიც ძალიან განიცდიან მის ამბავს, ბევრს უნდა საქართველოში ჩამოსვლა მის დაკრძალვაზე. სხვათა შორის, ოფიციალურ პირებსაც.
- რატომ სთხოვდით, რომ სხვა დანაყოფებს არ დახმარებოდა?
- იმიტომ, რომ წინა ხაზზე მიჰყავდათ. ირაკლის შესაძლებლობები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე უნდა გასულიყვნენ. მისი სამუშაო მოითხოვდა განსაკუთრებულ კონცენტრაციასა და გამბედაობას. თავად განსაჯეთ, რამხელა მამაცობაა საჭირო, როდესაც იცი, რომ მტერი გიყურებს, შენ კი მათ თვალწინ იწყებ განნაღმვას. ერთხელ ვკითხე, რატომ იგდებ სიცოცხლეს საფრთხეში, როცა შეგიძლია ისედაც დაგვეხმარო-მეთქი? იცით, რა მიპასუხა? ამას იმიტომ ვაკეთებ, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინო და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმაროო. გეგმავდა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში რამდენიმე ხანს დარჩენილიყო და უკრაინელ სამხედროებს ტერიტორიების განნაღმვაში დახმარებოდა.
- იმ ოპერაციის შესახებ გვიამბეთ, რომლის დროსაც 7 თანამებრძოლი გადაარჩინა.
- ეს მის დაღუპვამდე ხუთი თვით ადრე, ივნისში მოხდა. სამხედრო ოპერაციიდან მანქანით მომავალი ბიჭები ჭურვზე აფეთქდნენ. ყველა გადარჩა, მაგრამ მძიმე ტრავმები მიიღეს. ერთ-ერთ მებრძოლი (თუ არ ვცდები, ამერიკელი იყო) ხერხემალში გადატყდა. უკან მეორე ავტომობილი მოდიოდა, რომელსაც დაჭრილები უნდა გამოეყვანა და ისიც იქვე, ათ მეტრში აფეთქდა. ირაკლის ცხვირში ჰქონდა ნაღმის სამსხვრევი მოხვედრილი, მაგრამ ფეხზე დგომა შეეძლო. ერთი მებრძოლი, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო დაჭრილი, ორ კილომეტრზე ზურგზემოკიდებული ატარა, თან დაბომბვის დროს. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც ირაკლი თვითონ გადაეფარა დაჭრილებს. ვიდეოს ირაკლის სამხრეკამერა იწერდა, რომელიც ჩვენ მოგვიანებით ვნახეთ... რაღაც მომენტში ირაკლისთან კონტაქტი დავკარგეთ. ყველა დაჭრილი გამოიყვანეს, დავიწყეთ ირაკლის ძებნა, მაგრამ ვერსად მივაგენით. ზოგმა გამოიტირა კიდეც, მაგრამ არ ვკარგავდი მისი პოვნის იმედს. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ ირაკლი ერთ-ერთ თავშესაფარში დაჭრილი ვიპოვეთ და ჰოსპიტალში გადავიყვანეთ. არ უნდოდა იქ დარჩენა. მაინც დავტოვეთ, მაგრამ ბოლოს თავისი გაიტანა, დროზე ადრე წამოვიდა იქიდან. როდესაც ირაკლის სამხრეკამერით გადაღებულ ვიდეოს ვუყურებდით, ირაკლი, რომელიც ხან ერთ დაჭრილთან მიდიოდა, ხან მეორესთან, ღიღინებდა, "შენ ხარ ვენახიო". ვკითხე, რა გამღერებდა, ბიჭო-მეთქი, გაიცინა და მითხრა, რა ვიცი, თავისით მოდიოდა სიტყვებიო. ირაკლის გმირობის ამბავი უკრაინელმა ჟურნალისტებმა გააშუქეს. სპეციალური სიუჟეტი მოამზადა ტელეკომპანია "რადამაც".
- რა ხდება ახლა ფრონტის ხაზზე, როგორია ქართველი მებრძოლების განწყობა, მას შემდეგ რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში შევიდა, რომ შეცდა, როდესაც სჯეროდა, რომ არანაკლებ 150 ათასი მებრძოლის ფრონტის ხაზზე დაღუპვის შემდეგ რუსეთი შეჩერდებოდა...
- ეს პოლიტიკური დაპირისპირება მებრძოლებს არ გვეხება. ჩვენ ძველებურად ვაგრძელებთ ბრძოლას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მალე დამთავრდეს ეს ომი და საქართველომაც თავი დაიხსნას რუსეთის მარწუხებისგან. ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ რუსეთმა საქართველოში ვერ შეძლოს იმ გზის გაგრძელება, რომელსაც 90-იანი წლებიდან ადგას. უფრო შორეულ წარსულზე აღარაფერს ვამბობ. აქ უნდა დავამარცხოთ რუსეთი, რათა საქართველოში მშვიდობა იყოს. ძალიან ცუდად მომხვდა ყურში ასეთი ფრაზა "მშვიდობა ყველაფრის ფასად". რას ნიშნავს ეს, რა იგულისხმება, მშვიდობის ფასად სახელმწიფოებრიობასაც დავთმობთ? ასე მართლა ფიქრობს ვინმე ჩემს ქვეყანაში?! რას ვეუბნებით მერე წინაპრებს, რომლებმაც საკუთარი სისხლით მოიტანეს ამ დრომდე ეს ქვეყანა? ან იმ ბიჭებს, რომლებიც უკრაინაში საქართველოს სახელით, საქართველოს გადარჩენისთვის დაეცნენ?! ნუთუ ვინმეს მართლა ჰქონია, რომ ბიჭები აქ ფულის გამო მიდიან ტყვიაზე? ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ მხოლოდ ირაკლიზე გეტყვით - ის ისეთი პროფესიონალი იყო, მხოლოდ საქართველოში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში გაუხსნიდნენ ყველა კარს. შეთავაზებაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ უარს ამბობდა.
ჩვენი მიზანია საქართველოს თავისუფლება, ოკუპანტის დამარცხება და მშვიდობა ჩვენი შვილებისთვის.
ხათუნა ბახტურიძე