ცეცხლი ყინულზე - კვირის პალიტრა

ცეცხლი ყინულზე

ქართველი გულშემატკივარი საერთაშორისო სარბიელზე წარმატებებით განებივრებული ნამდვილად არ არის. ახალგაზრდულ ასაკში არაერთი სპორტსმენი ასპარეზიობს იმედისმომცემად, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, როცა პროფესიონალად ჩამოყალიბების დრო დგება, შედეგებიც კლებულობს. ხშირად ქრება კიდეც.

***

2006 წელს ასპარეზზე გამოვიდა 16 წლის მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც თამამად "შესრიალდა" გაცილებით ტიტულოვან და გამოცდილ სპორტსმენებს შორის და ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილით ბევრი გააოცა. იმავე წალს ტურინის ოლიმპიადაზე მე-10 ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე - მე-14. ლოგიკურია: თუ 16 წლის მოციგურავე კარიერის დასაწყისში ასეთ მაღალ შედეგს აღწევს, ასაკის მატებასთან ერთად მისგან მედლებსაც უნდა ველოდეთ. საბედნიეროდ, ელენე 16 წლისა უკვე პროფესიონალი იყო და ზრდაც შესაბამისად განარგძო: 2010 წელს ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო, ჩამორჩა გამარჯვებულ იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და ფინელ ლაურა ლეპისტოს. იმავე წელს ვანკუვერის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამაში საკუთარი რეკორდი დაამყარა - 61.92 ბალი მიიღო, თუმცა საერთო ჩათვლაში მე-14 იყო.

აქვე უნდა დავკონკრეტდეთ: ციგურაობაში გამარჯვებულის გამოსავლენად ყინულზე ერთი გამოსვლა საკმარისი არ არის. პირველ დღეს სპორტსმენები "მოკლე პროგრამას" ასრულებენ, სადაც რამდენიმე კომპონენტის აუცილებლად შესრულება ევალებათ, ხოლო მეორე დღეს "თავისუფალი პროგრამით" სრიალებენ. სახელიც მიგვახვედრებს, რომ მეორე შემთხვევაში მეტი დრო იმპროვიზაციას ეთმობა, თუმცა ქულების მოხვეჭის მიზნით იქაც აუცილებელია მთავარი კომპონენტების შესრულება.

***

...და იცით, ელენემ როდის დაამყარა პირადი რეკორდი თავისუფალი პროგრამით "ცეკვისას"? - 2012 წლის 28 იანვარს, შაბათს, ინგლისის ქალაქ შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. მეტსაც გეტყვით, ორი პროგრამის ჯამშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და კიდევ უფრო მეტი - ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელები და კალათბურთელები ახლო მომავალში ევროპის ჩემპიონები რომ ვერ გახდებიან, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, ჩვენთვის ევროპის პირველობაზე მათი მოხვედრა ოქროს მოგების ტოლფასია. ვფიქრობ, ელენე გედევანიშვილისთვის ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვედრა ჩემპიონობას მოპოვებას უდრის. თუმცა, ფეხბურთელებისა და კალათბურთელებისგან განსხვავებით, უახლოეს 10 წელიწადში ელენეს ოქროს მედლის მოგების შანსი რეალურად აქვს.

შევიხედოთ შეფილდის საცურაო დარბაზში, სადაც ვაჟებს შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში პირველობა რუს ევგენი პლუშჩენკოს დარჩა. იგი ევროპის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა. წყვილებშიც რუსებმა იყოჩაღეს - ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა. ყინულზე ცეკვაში კი საუკეთესო ფრანგული წყვილი იყო: ნატალი პეჩალატი და ფაბიან ბურზატი.

***

ქალთა შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში... მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ. მოკლე პროგრამით სრიალისას ელენე გედევანიშვილს შეცდომა არ მოსვლია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იგი ამ პროგრამაში ყოველთვის გამოირჩეოდა. ამჯერად 57.14 ქულა მოაგროვა და პირველი დღის შემდეგ მეოთხე იყო. მას უმნიშვნელო სხვაობით რუსმა ქსენია მაკაროვამ გაასწრო (57.55). მეორე გახლდათ ფინელი კიირა კორპი (61.80), პირველი - იტალიელი კაროლინა კოსტნერი (63.22).

თავისუფალი პროგრამისთვის უკვე მეორე წელია ქართველს ენდრიუ ლოიდ ვებერის "ოპერის მოჩვენება" აქვს შერჩეული. მუსიკაც ხელს უწყობს და ელენეც ყინულზე ცეცხლს ანთებს. შესაძლოა როგორც გულშემატკივარს, მომეჩვენა, მაგრამ ყველაზე დიდი ოვაცია სწორედ მის გამოსვლას მოჰყვა. პირდაპირ ეთერში რუსმა კომენტატორმა შეცდომაზე მიგვანიშნა - გედევანიშვილი ერთ ეპიზოდში ორი ფეხით დაეშვა, მაგრამ საერთოდ კარგი იყოო. როგორც გითხარით, მან თავისუფალში 108.79 ბალი დაიმსახურა და საერთო ჩათვლაში (ლიდერთა გამოსვლამდე) მხოლოდ კიირა კორპის ჩამორჩა. რჩებოდა ორი კონკურენტი - კაროლინა კოსტნერი და ქსენია მაკაროვა. კაროლინამ კვლავ უშეცდომოდ ისრიალა და მეოთხედ მოიგო ევროპული ოქრო. მოკლე პროგრამაში გედევანიშვილზე წინ მყოფმ რუს ქსენია მაკაროვას კი თავისუფალში თავდაჯერებულობა აკლდა და საბოლოოდ მეექვსე ადგილს დასჯერდა.

საინტერესოა, რომ პოდიუმი იმავე თანმიმდევრობით, იმავე ქვეყნებმა შეავსეს, რაც 2010 წლის ევროპის პირველობაზე - იტალია, ფინეთი, საქართველო. სხვაობა მხოლოდ ერთია: ფინელი ლეპისტოს მეორე ადგილი ამჯერად მისმა თანამემამულე მშვენიერმა კორპიმ დაიკავა. 2012 წლის ევროპის საუკეთესო ტრიოს სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთი იყო: 1. კაროლინა კოსტნერი - 183.55 ქულა, 2. კიირა კორპი - 166.94, 3. ელენე გედევანიშვილი - 165.93.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

(ავტორის შარჟი)