„ახლანდელი დინამიკიდან გამომდინარე, ომი 2-3 წელი ან მეტიც შეიძლება გაგრძელდეს“ - კვირის პალიტრა

„ახლანდელი დინამიკიდან გამომდინარე, ომი 2-3 წელი ან მეტიც შეიძლება გაგრძელდეს“

10 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ავდეევკისთვის ბრძოლაში რუსეთის საოკუპაციო არმიამ დაახლოებით 10 000 კაცი დაკარგა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ფრონტის ხაზზე, ამ საკითხზე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გვესაუბრება.

- ავდეევკა ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია დონეცკთან, საიდანაც შესაძლებელია ქალაქის დაბომბვა. დისტანციის გამო რუსებს სამხრეთით ოპერაციების ჩატარება და ჯარის მომარაგება უჭირთ. ამიტომ მთელი ძალა მიმართული აქვთ ერთი დასახლებული პუნქტის გასანადგურებლად, ვიდრე ასაღებად. ავდეევკა სტრატეგიული ობიექტი არ არის. მას რუსებისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ ბრძოლის შესაძლებლობა კიდევ აქვთ. უკრაინა რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს ავდეევკას, მით მეტ ზიანს მიაყენებს რუსებს. ახლანდელი დინამიკიდან გამომდინარე, ომი 2-3 წელი ან მეტიც შეიძლება გაგრძელდეს, თუ გვინდა უკრაინამ გაიმარჯვოს.

- ევროპა და ამერიკა ომით რომ დაიღალა, ამას ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის პესიმისტური განცხადებაც მოწმობს. ჩეხეთის პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო უპირატესობის მოპოვების საშუალება პრაქტიკულად აღარ აქვს და სავარაუდოდ, მომავალ წელს სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება.

- ისრაელის ომმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ძალიან დააზიანა. მიუხედავად სანქციებისა, რუსეთმა იარაღის მრეწველობა გაზარდა. თუმცა დასავლეთის ლიდერები აცნობიერებენ, რომ უკრაინის მარცხი არამარტო უკრაინის, თავად დასავლეთის მარცხი იქნება. მიუხედავად წნეხისა, დასავლეთი უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო ინვენტარის მიწოდებას არ შეწყვეტს. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ახლა ეს შეუძლებელია. შესაძლებელია კონფლიქტის გაყინვა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტაქტიკური სიტუაციით აღარც უკრაინას ექნება ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა ძველებური ეფექტურობით და აღარც რუსეთს. ძალიან მოიმატა აღჭურვილობის ფასმა, განსაკუთრებით საარტილერიო საბრძოლო მასალებზე, თუმცა არა მგონია, ომი გაჩერდეს იარაღის ან აღჭურვილობის დეფიციტის გამო.

- ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა იდეა წამოაყენა, რომ უკრაინა ნატოში ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის გარეშე მიიღონ.

- ძალიან კარგი იქნება მიიღო უკრაინა ვალდებულებების გარეშე და ამავე დროს აღიარო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა დათმობს ყირიმს ან დონბასს. მეხუთე პარაგრაფი (ნატოს მე-5 მუხლი, თუU თავს დაესხმები ერთ წევრ ქვეყანას, თავს ესხმი ნატოს ყველა წევრს) არ გავრცელდება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ მათი დეოკუპაცია არ მოხდება. თუ ომი იქნება, ყირიმსა და დონბასში, ნატო არ აიღებს ვალდებულებას, რომ მათთან ერთად იომოს, თუმცა თუ ომი სხვა ტერიტორიაზე გადავა, მეხუთე პარაგრაფი გააქტიურდება. ვფიქრობ, ეს უკრაინისთვის იქნება ძალიან მომგებიანი და ერთგვარი გამოსავალი.

სოფო კაჭარავა