"ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ"

საქართველოს ისტორიული შანსი მიეცა და დიადი მიზნისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა - ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭება საბოლოოდ დეკემბერში გაფორმდება. XVIII საუკუნიდან მოყოლებული, დიდი იყო საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ, თუმცა ყოველ ჯერზე ცდა უშედეგოდ მთავრდებოდა. ამ გზაზე დამაბრკოლებლად ხშირად იმპერიალისტური რუსეთი გვევლინებოდა, ზოგჯერ ხელს ისიც გვიშლიდა, რომ რეგიონით ევროპის დაინტერესება არცთუ ძლიერი იყო. ერთხანს შეჩერებული ევროკავშირის გაფართოება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ განახლდა და საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარაც გაიხსნა. რა გზა გამოიარა ქვეყანამ, როგორ მოვედით ისტორიულ დღემდე, რა დაბრკოლებები შეგვხვდა ამ რთულ გზაზე და რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროპულ ოჯახში კანდიდატის სტატუსით შესვლას, ამ საკითხებზე თსუ-ს პროფესორი, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი თეიმურაზ პაპასქირი გვესაუბრება:

- ისტორიაში ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, XX საუკუნეში, პირველი რესპუბლიკის დროს, ნამდვილად იყო საქართველოს ევროპასთან დაახლოების სურვილი. მაშინდელ ჩვენს ელიტას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან, დასავლელ სოციალ-დემოკრატებთან. პრობლემა ის იყო, რომ არჩეულ იქნა გერმანიის მხარე, მაგრამ ომიდან ის დამარცხებული გამოვიდა, რამაც ძალიან გაართულა ჩვენი მდგომარეობა: ამის გამო ჩვენ არ ვიყავით პარიზის საზავო კონფერენციის მონაწილეები, ვინაიდან ჩვენით დაინტერესება არ იყო. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ცდები ინგლისთან ურთიერთობის გამოსწორების, იტალიასთან კავშირის დამყარების. გვსურდა როგორმე ჩვენი ადგილი გვეპოვა ევროპაში. ვცადეთ ერთა ლიგაში გაწევრებაც, მაგრამ ყოველივე ეს რუსეთის ფაქტორის გამო დაიბლოკა. სხვათა შორის, არა მარტო საბჭოთა რუსეთის, არამედ დენიკინის ფაქტორიც იყო, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ფიქრობდა და უფრო ამის გამო იყო, რომ 1919 წელს იტალიელებმა თავი შეიკავეს, რომ საქართველო იტალიის სამანდატო ტერიტორია გამხდარიყო. 1920-1921 წლებში ჩვენი რეგიონით ინგლისის დაინტერესებაც მინავლდა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა ძალებმა ბაქო აიღეს, ინგლისმა, რომელსაც ბაქო-ბათუმის ხაზი და ნავთობი აინტერესებდა, დაიწყო გასვლა რეგიონიდან, რითაც საბჭოთა ძალებს საბოლოოდ გაუხსნა გზა საქართველოს დაპყრობისთვის. ამან საქმე ძალიან გაგვიფუჭა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებმაც 1939 წლამდე შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და 1940-ში გასაბჭოვდნენ, სსრკ-ის დაშლის დროს უპრობლემოდ გავიდნენ კავშირიდან. 1991 წლის სექტემბერში თვითონ სსრკ-მა აღიარა მათი დამოუკიდებლობა. დღეს ისინი უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. ჩვენ რომ ის მომენტი გადაგვეგორებინა, ალბათ, ჩვენც გაგვიადვილდებოდა იგივე, მაგრამ ჩვენ სსრკ-ის დამფუძნებელი წევრი ვიყავით ამიერკავკასიის ფედერაციის სახით, რომელშიც საქართველოც შედიოდა და, შესაბამისად, მათთან ერთად ჩვენი დამოუკიდებლობა არ ცნეს.

- ჩვენი ევროპასთან დაახლოების მცდელობის შემდგომი პროცესი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იწყება...

- 80-იან წლებში, სანამ განმათავისუფლებელი მოძრაობა მიდიოდა, მანამ კავშირების დამყარების იქით საქმე ვერ წავიდოდა. რაც შეეხება 90-იან წლებს, ეს პროცესი თავიდანვე ორიენტირებული არ ყოფილა დასავლეთისკენ, ვინაიდან თვითონ ევროკავშირი ოფიციალურად სსრკ-ის დაშლის შემდეგ შეიქმნა დღევანდელი ფორმით. ის 1993 წლიდან მოყოლებული იქმნება, როდესაც იმ შეთანხმებების მოდიფიკაცია მოხდა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს შორის არსებობდა (საუბარია ეკონომიკურ კავშირებზე). სსრკ-ის დაშლის შემდგომ დაიწყო საზღვრების გახსნა, შეიქმნა შენგენის ზონა, გაჩნდა ერთიანი ვალუტა (რომელიც მანამდე მხოლოდ ვირტუალური იყო და ეკიუ ერქვა, ის არც გამოუშვიათ) - ევრო. ბუნებრივია, ამ პერიოდში ჩვენი მისწრაფების მთავარი მიმართულება ნატო იყო და არა ჯერ კიდევ არარსებული და შექმნის პროცესში მყოფი ევროკავშირი. მთელი ჩვენი ყურადღება ნატოსკენ იყო მიმართული და როდესაც შესაძლებლობა იქმნებოდა, შევარდნაძე ცდილობდა მის გამოყენებას. თუმცა თავდაპირველად ეს არ უცდია. შევარდნაძემ მიმართულება მასზე პირველი თავდასხმის შემდეგ შეიცვალა, როდესაც მისთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთისთვის ის არ არის ხელსაყრელი პირი, თანაც, ეს არ იყო ანარქიის პირობებში მყოფი რუსეთი (როდესაც არ იყო ცნობილი, ვის ხელში იყო ძალაუფლება), 1994 წელს ძალაუფლება უკვე ელცინის ხელშია და, შესაბამისად, რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა აღიქვა ისე, როგორც აღიქვამდა ნორმალური პოლიტიკოსი. აქედან მოყოლებული იცვლება შევარდნაძის ვექტორი და ჩნდება დასავლური ნაწილი. გასაგებია, რომ იმხანად რაიმე პოლიტიკურ კავშირზე საუბარი შეუძლებელი იყო, ნატოს იმ პერიოდში "თაფლობის თვე" ჰქონდა რუსეთთან და ვერავინ იფიქრებდა, რომ ნატო ასე სწრაფად გაფართოვდებოდა, მისი წევრობა ხომ ჰიპოთეზური ამბავი იყო. იმ წელს 9 მაისის აღლუმზე მოსკოვში პირველად ჩადიან მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის ბილ კლინტონიც... ის, რითაც შეიძლება რეგიონში ევროპა დაინტერესებულიყო, იყო გზები, ნავთობსადენი, გაზსადენი და ის პროექტები, რომლებიც სწორედ იმ პერიოდში განხორციელდა და რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენს ევროპასთან დაახლოებას გეოგრაფიულად. იმ დროს ჩვენი ამოცანა ნატოში შესვლა იყო, ნატო დღესაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მასში გაწევრება ძალზე დიდი მიღწევა იქნება, რადგან დაცული ვიქნებით. დღეს უკვე არსებობს ევროკავშირიც, რომელსაც გაცილებით მეტი ინტერესი აქვს ჩვენს რეგიონში. დაახლოება დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდგომ, როდესაც დასავლურმა სამყარომ აღმოაჩინა საქართველო, რომელსაც თურმე ძალიან ბევრი რამის მიღწევა შეუძლია, რომ თურმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის კორუფცია არ ყოფილა განაჩენი და გამოუსწორებელი ამბავი, რომ საჭიროების შემთხვევაში თურმე შესაძლებელია კრიმინალის, კორუფციის დამარცხებაც, განვითარების თანამედროვე რელსებზე გადასვლა და ა.შ. სწორედ იმ პერიოდში ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებას.

- თუმცა დასავლეთთან დაახლოების პარალელურად, აქტიურდება რუსეთი, რისი შედეგიცაა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები...

- ზუსტად ჩვენი ამ მისწრაფების შედეგი იყო რუსეთის გააქტიურება. პუტინი 2005 წლიდან არ ფარავდა თავის მიზნებს. ის ჯერ საქართველოში "ვარდების რევოლუციამ" შეაშფოთა, შემდეგ უკვე "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" უკრაინაში. განსხვავებით 90-იანი წლებისგან, როდესაც რუსეთი ერიდებოდა აშკარად იმის ჩვენებას, რომ ის კონფლიქტის მხარეა, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებებში რუსი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ, ბომბავდნენ საქართველოს არმიის კონტროლირებად ტერიტორიას, ქალაქებს, რუსეთი მაინც ერიდებოდა თავის, როგორც მხარის ჩვენებას. უკვე 2008-ში პუტინის ამოცანა იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოების შეჩერება, ვინაიდან გამოაცხადა, რომ XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა სსრკ-ის დაშლა იყო. სწორედ XX საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო და ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ კატასტროფად როგორ შეიძლება მოიხსენიებოდეს სსრკ-ის დაშლა, რამაც, პრაქტიკულად, უსისხლოდ ჩაიარა? ეს როგორ უნდა შეადარო მეორე მსოფლიო ომს, სადაც, ყველაზე მინიმალური გათვლებით, 50 მილიონი კაცი დაიღუპა? იმხანად პუტინი არც მალავდა, რომ სსრკ-ის აღდგენა სურდა და, შესაბამისად, სჭირდებოდა ჩვენი რეგიონიდან დასავლეთის, ნატოს მოშორება. იმხანად რეგიონით მაინცდამაინც არც ევროკავშირის დაინტერესება იყო და ამიტომაც ჩვენი უპირველესი მისწრაფება ნატოს წევრობა გახლდათ. 2008 წლის ომიც ამ მიზეზით მოხდა - რუსეთი საქართველოში იმისთვის შემოიჭრა, რომ ჩვენი ნატოსკენ წინსვლა შეეფერხებინა, შეეჩერებინა ნატოს გაფართოება და მას საერთოდ დაევიწყებინა საქართველოს საკითხი. პუტინის პროგრამა-მაქსიმუმი იყო საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, რაც მაშინ ვერ მოახერხა.

- ვიცით, რომ იმხანად ევროპამ ჯეროვნად ვერ შეაფასა რუსეთი საფრთხედ. ხშირად, ალბათ, სამართლიანად ვსაყვედურობთ დასავლეთს, რომ 2008-ში, ჯერ კიდევ ომამდე, მაპ-ზე უარის თქმით ევროპამ სათანადოდ ვერ დაგვიცვა და ზოგიერთმა დასავლელმა ლიდერმა გაგვწირა კიდეც.

- 2008 წლის აპრილი ის პერიოდია, როდესაც ევროკავშირი იწყებს სერიოზულ მოთამაშედ გამოკვეთას - ის იმ მომენტში საფრანგეთისა და გერმანიის ინტერესებზე დგას. საქმეც ის არის, რომ პრაგმატული პოლიტიკის თუ რეალპოლიტიკის გატარების მომხრე ანგელა მერკელმა მოახერხა და დაარწმუნა ნიკოლა სარკოზი, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მიცემა რუსეთთან ურთიერთობას გააფუჭებდა. შესაბამისად, მაპ-ი დაბლოკეს, რაც რუსეთისთვის საქართველოზე თავდასასხმელად კარტ-ბლანში აღმოჩნდა. იმ მომენტში ევროპაში კიდევ ვერ აღიქვამდნენ რუსეთს საფრთხედ, იმად, რაც სინამდვილეში იყო. ამას მთელმა რიგმა ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის, იმანაც, რომ პოლიტოლოგებმა, მკვლევრებმა და სხვებმა ჩათვალეს, რომ რუსეთი არ არის ზესახელმწიფო, ის რეგიონული სახელმწიფოა და მისი არ უნდა გვეშინოდეს, ის არ წარმოადგენს ისეთ საფრთხეს, რაღაც ზომები რომ მიეღოთ. შესაბამისად, დასავლეთმა მაშინ ჩაყლაპა ეს ფაქტი, გადაწყვიტა, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინა. როცა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი იწყებოდა, იმხანად ბელგია ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელსაც არ სურდა ომი, მაგრამ თავს დაესხნენ და გერმანიის ჯარებმა დაიპყრეს. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც რუსეთს საქართველოსთან ომი სურს, როგორ შეიძლება საქართველომ ეს თავიდან აიცილოს? ერთია, სრული კაპიტულაცია გამოაცხადოს და ჩაბარდეს, და მეორე, იქნებ ვიღაც იპოვოს, ვინც დაიცავს და ეტყვის რუსეთს, არ გაბედო, ის ჩემი გავლენის სფეროაო. მხოლოდ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა აშშ-მა, რომ რუსეთის აგრესია უნდა შეწყდეს და მაშინ სარკოზის მედიაციით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც არ შესრულებულა.

ევროპელ ლიდერებს ეს პირველად არ ემართებათ, იგივე დაემართათ 30-იან წლებში გერმანიის საკითხზე, როცა თავდაპირველად ჩათვალეს, რომ ჰიტლერი არ არის დიდი საფრთხე მსოფლიო წესრიგისათვის, რომ ის რევანშისტულ პროპაგანდას ეწევა, მაგრამ სინამდვილეში საღი აზრის პატრონია და დიდ ომს არ გააჩაღებს და ა.შ. ამიტომ არც ავსტრიის ანშლუსზე თქვეს არაფერი, არც გერმანიის გამალებულ შეიარაღებაზე და საერთოდ ჩააბარეს სუდეტის ოლქი. მხოლოდ მაშინ გამოერკვნენ, როდესაც გერმანიამ დაარღვია მიუნხენის შეთანხმება და მთლიანად დაიპყრო ჩეხოსლოვაკია. მაშინ უკვე მიხვდა ევროპა, რომ ჰიტლერთან მოლაპარაკება არ შეიძლება, მაგრამ გვიანი იყო. დასავლეთსაც იგივე დაემართა რუსეთთან. გასაგებია, რომ სააკაშვილიც იმპულსური იყო, ამას ამოეფარნენ, ტალიავინის დასკვნაც ისეთი­ დაიდო, საიდანაც გინდოდა, ყურს იქიდან მოაბამდი - გინდ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებდი, გინდ საქართველოსი. ის დასკვნა, ძირითადად, (ოღონდ დიდი და არა მოკლე) უფრო საჩვენოა, თუმცა ამ დიდ დასკვნას არავინ კითხულობს და მხოლოდ მოკლე ვერსიას ამჯობინებენ. როცა 2014-ში რუსეთმა ყირიმი წაიღო, მაშინ უფრო შეშფოთდა დასავლეთი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი როლი ითამაშა ანგელა მერკელმა, რომელსაც მუდამ პრორუსული პოზიცია ჰქონდა. გერმანელი პოლიტიკოსები რაღაცნაირად რუსეთის მთავარი ხელშემწყობები აღმოჩნდნენ, მაგალითად, გერჰარდ შრიოდერი (ყოფილი კანცლერი მერკელამდე) რუსული კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი და ხელმძღვანელი აღმოჩნდა. შემდეგ მერკელი მოვიდა და მიუხედავად იმისა, ვითომ წინააღმდეგობას უწევდა პუტინს, ყველაფერი შეარჩინა. 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ პირველად იქნა გამოყენებული სანქციები, მაგრამ ამ სიტუაციაშიც თავი შეიკავა ევროპამ ბოლომდე მონაწილეობაზე, იმიტომ, რომ ყირიმის მოსახლეობას თურმე "თვითონ უნდოდა რუსეთთან შეერთება". ყირიმში ნამდვილად იყო რუსეთთან შეერთების მომხრეთა დიდი ნაწილი, მაგრამ ერთადერთ ნორმალურ რეფერენდუმში, რომელიც ამ საკითხზე 1991 წელს ყირიმის ტერიტორიაზე გაიმართა, უკრაინის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა ყირიმის მოსახლეობის 50%-ზე მეტმა, რითაც დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ უკრაინაში უნდოდა ცხოვრება. პუტინის ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს, კი ვიცით, როგორი შედეგებიც აქვს და როგორ მიიღწევა ისინი. მაშინ უკვე დაიწყო დასავლეთის გამოფხიზლება, მაგრამ იმხანად ჯერ კიდევ მერკელია გერმანიის ხელისუფლების სათავეში და კვლავინდებურად გრძელდება რუსეთის დაყვავების პოლიტიკა. რეალურად უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ განაპირობა იმ ისტორიული ფანჯრის გაჩენა, რომელიც ჩვენთვისაც გაიღო. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გავაფორმეთ, უვიზო რეჟიმი მივიღეთ, გავაფართოეთ ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები... ეს ყველაფერი პლუსად უნდა ჩაეთვალოს ამ ხელისუფლებას, რომ დაასრულა ის პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა როდესაც საშუალება მოგვეცა შარშან კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, როდესაც ევროპა, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რომ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკა არ მუშაობს, ჩვენ იმ პერიოდში დავადექით ევროპის გაღიზიანების პოლიტიკას, რაც დღემდე გრძელდება, მაგრამ ვინაიდან ქართველმა ხალხმა აჩვენა სწრაფვა ევროკავშირისკენ, რადგან ევროკავშირს გაუჩნდა გაფართოებისა და ამ რეგიონის ინტერესი, კანდიდატობის სტატუსიც მოგვცეს.

- მაინც რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს სასარგებლოდ ევროკომისიის რეკომენდაცია?

- უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირი მიხვდა, რომ რუსეთი მისთვისაც საფრთხეა. უკრაინას რომ არ გაეჩერებინა, ამ აგრესიულ რუსეთთან ევროკავშირი იქნებოდა მოსაზღვრე მთელ პერიმეტრზე და ეს გაცილებით დიდ პრობლემებს შექმნიდა. შესაბამისად, დასავლეთი მიხვდა, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროს. საქართველოს რაც შეეხება, რეგიონი უკვე იძენს ევროკავშირისთვის მნიშვნელობას. შავი ზღვა გადაულახავი გეოგრაფიული ზღუდე არ არის და ევროკავშირი ცდილობს ამ პოსტსაბჭოთა სივრცის მაქსიმალურად ათვისებას, რათა რუსეთი ისეთი სახიფათო აღარ იყოს. ასევე ცდილობს ენერგეტიკული საშუალებების დივერსიფიცირებას და ეს რეგიონი მართლაც დასაცავია. აქედან გამომდინარეობდა შარშან ევროკავშირის აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან გაცხოველებული მოლაპარაკება და მიღწეული შეთანხმებები. იქით ყაზახეთი ერთვება ამ საკითხში... ასე რომ, რეგიონში არსებობს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. ევროკავშირი თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს სერიოზულ მოთამაშედ. იმ შემთხვევაში, თუ არ გაფართოვდა, სტაგნაცია ემუქრება. როცა ევროკავშირმა გაყინა გაფართოების პროცესი, ამას მოჰყვა ბრექსიტი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, ევროკავშირს ახლა სურს დაამტკიცოს, რომ ეს შეცდომა იყო. ბრიტანეთის მაგალითზე ევროპის სხვა ქვეყანასაც გაუჩნდა აზრი, რომ უკეთესია დატოვოს ევროკავშირი, მაგალითად, საფრანგეთში ძალიან გაიზარდა ამის მოსურნეთა რიცხვი, რამაც შეაშფოთა ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ბრექსიტს თუ ფრექსიტიც დაემატა, მაშინ უკვე ევროკავშირი ჩაილურის წყალს დალევს. ევროკავშირისთვის ჩვენი რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია, რუსეთთან დაპირისპირება უფრო მძაფრდება და შესაბამისად, პოსტსაბჭოთა სივრცისადმი დასავლეთის ინტერესიც იზრდება.

- ანუ რეგიონიდან საბოლოოდ განიდევნება რუსეთი? ვინ რჩება მას სამხრეთ კავკასიაში დასაყრდენად?

- აზერბაიჯანს ვერაფრით ვერ ჩავთვლით რუსეთის დასაყრდენად. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგიონიდან რუსეთი განდევნოს და დღეს მისი მთავარი პარტნიორი თურქეთია. სომხეთი ყარაბაღის დაკარგვის შემდეგ ძალიან განაწყენებულია რუსეთზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ მიზეზი, რის გამოც ჯერ 2020-ში ყარაბაღში მეორე ომი წააგო და ახლა საბოლოოდ დაკარგა ყარაბაღი, არის რუსეთი და მისი პოლიტიკა რეგიონში. ფაშინიანმა პირდაპირ თქვა, რაში მჭირდება რუსეთი, თუ ის საჭირო მომენტში მიმატოვებსო. სომხებს ერთ რამეს შევახსენებ - XX საუკუნეში არ ყოფილა არც ერთი მოკავშირე, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რუსეთმა არ უგანა. ასე რომ, ეს გასაკვირი არ იყო. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სომხეთი ანტირუსულ რელსებზე დადგა. პუტინი თუ ფიქრობდა, რომ ყარაბაღის დაკარგვა სომხეთში დიდ დაპირისპირებასა და ფაშინიანის დამხობას გამოიწვევდა, ჯერჯერობით არ გამართლდა, პროტესტი მინავლდა და, პირიქით, სომხეთში სულ უფრო ძლიერდება ანტირუსული ტენდენციები. სომხეთი პირდაპირ გამოთქვამს სურვილს, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რაც ამ სიტუაციაში ჩვენთვის ძალზე ხელსაყრელია. სომხეთს ევროკავშირში ძლიერი ლობისტი ჰყავს საფრანგეთის სახით და ეს ჩვენთვისაც გამოსაყენებელია.

ისტორიის განმავლობაში ჩვენ არასდროს გვქონია ასეთი შანსი. ევროპასთან დაახლოების ჩვენი მისწრაფება ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს, თუ უფრო ადრე არა. ამასთან, ინტერესი ყოველთვის ჩვენგან იყო და ევროპიდან საპასუხო არაფერი მოდიოდა. თუ გადავხედავთ პირველი მსოფლიო ომის პირველ პერიოდს, ევროპას, ანტანტას, არ ჰქონდა რეგიონში ინტერესი (ინტერესი იყო, სანამ ბაქო რუსეთის ხელში ჩავარდებოდა). დაინტერესება უფრო სომხეთით, მაგრამ ისიც გასაბჭოებული აღმოჩნდა. დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. აქამდე თუ ჩვენ ვეხვეწებოდით ევროპას, ახლა აქეთ გვეხვეწებიან, ოღონდ პრიორიტეტები შეასრულეთ, ევროკავშირში რომ მიგიღოთო. რასაც ისინი გვთხოვენ, იმ რეკომენდაციებში ხომ ისეთი რაღაცებია, რაც ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანია?ხომ საჩვენოდ გვთხოვენ, იყოს მოწესრიგებული სასამართლო, საარჩევნო სისტემა... პრიორიტეტებში მიუღებელი ხომ არაფერია? სტატუსი დეკემბერში უნდა დამტკიცდეს, ეს ჯერ პროექტია და შესაძლოა პუნქტები შეიცვალოს, რაღაც დაემატოს ან ამოვარდეს, მაგრამ ჯერ დათქმებს ნუ შევაფასებთ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ კანდიდატობა ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრობა.

- რას ნიშნავს საქართველოსთვის სტატუსი და რა ბენეფიტების მოტანა შეუძლია?

- კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრების გზაზე ხარ და უკვე ამუშავებას იწყებს მთელი რიგი ინსტიტუციები, რომლებიც არსებობს ევროკავშირში, რომლებიც გეხმარება მიაღწიო საჭირო დონეს და პლუს გეხმარება ფინანსურად. კანდიდატი წევრისთვის მარტივი იქნება ბევრი რამ ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასე რომ, ეს დიდი პლუსია, რასაც ცოტა დრო დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად ვიგრძნობთ.

- ალბათ, გამორიცხული არაა, რუსეთმა ჩვენთვის ხელის შეშლა სცადოს. მისგან რა საფრთხეები შეიძლება წამოვიდეს? ვხედავთ, ოკუპაცია გრძელდება...

- რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა დღეს რუსეთის შესაძლებლობები ცოტა ლიმიტირებულია იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში ომი ისე არ წავიდა, როგორც რუსეთს ეიმედებოდა. ახლა რეალურად ომი გაძლებაზეა. ვნახოთ, ყველა წესით და ლოგიკით, რუსეთი ვერ გაუძლებს. არის კიდევ ერთი მომენტი, რის გამოც ევროკავშირი ჩქარობს გაფართოებას. მარცხის შემდეგ მათთვის რუსეთის დაშლის საშიშროება ძალიან მაღალია, შესაბამისად, რეგიონს გაძლიერება და საფრთხისგან დაცვა სჭირდება. როგორც კი რუსეთის მარცხი გაფორმდება, ჩრდილო კავკასიაში სერიოზული პროცესები დაიწყება. ვინაიდან მოლაპარაკებისთვის რეალურად ადგილი არ არის და რადგან ევროკავშირმა გაითავისა, რომ რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს, ევროკავშირის ნაბიჯებიც ამას უკავშირდება.

„ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ“

evropa2-1700240067.jpg

“მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მიულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს.

და ეს დიადი ისტორიული მოვლენა მოახდინა ერთმა გარემოებამ: საქართველოს ხალხის ერთსულოვანმა გამოსვლამ და ერთი აზრის, ერთი დროშის ქვეშ ერთხმად თავის მოყრამ....

ასეთია, ბატონებო, ახალი საქართველო და ის წარსდგა ევროპის წინაშე მსჯავრის მისაღებათ. წარვსდექით არა მოწყალებისათვის, არამედ უფლებისათვის. და მათ გვკითხეს: - რაა, რომ მოგაქვთ? ჩვენ უპასუხეთ: მოგვაქვს ორი ათასი წლის კულტურა, ბუნებით მდიდარი და მშვენიერი ქვეყანა; მოგვაქვს უაღრესი დემოკრატიული წყობილება, დემოკრატიული შემოქმედება და მოვითხოვთ შესაფერ ადგილს აზიის ყურეში. ჩვენ არ ვართ სამანდატო, სააპეკუნო ხალხი; ჩვენ ვართ ჩვენი თავის მანდატორი, ჩვენი ოპეკუნი, თავისი თავის ბატონი. და ეს ჩვენ დავასაბუთეთ არა სიტყვით, არა კეთილი სურვილებით, არამედ საქმით, სახელმწიფოს შეუწყვეტელი შენებით....

გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით - გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი...

დასავლეთი და აღმოსავლეთი - აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბალშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ...

ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს საზღვრებს: თუ თავი ჩვენი ჩვენ გვახლავს, ღარიბად არ ვიხსენიებით. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას სიტყვა დამფუძნებელი კრების 1920 წლის 14 იანვარი