"ზოგჯერ ჩვენს თავს უნდა გადავაბიჯოთ“ - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ ჩვენს თავს უნდა გადავაბიჯოთ“

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია თავისი საერო ცხოვრების, ოჯახის, პატრიარქთან ურთიერთობისა და უდიდესი წინაპრის, ამბროსი ხელაიას შესახებ გვესაუბრება, ჩვეული გულახდილობით გვიზიარებს მის შეხედულებებს, ემოციებს იმ რთულ წუთებსა თუ სასიამოვნო მოგონებებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია:

- პირველ რიგში, მადლობა უფალს, რომ ამ ულამაზეს საქართველოში დავიბადე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნის შვილი ვარ. რაც შეეხება ჩემს საერო ცხოვრებას, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში გავიზარდე, სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. ბავშვობის წლები ძალიან ლამაზი იყო, ოთხი ძმა ვართ და ოჯახში ყველა თაობა ერთად ვცხოვრობდით - დედა, მამა, ბებია და ბაბუა. ბებიის სითბო და სიყვარული, ბაბუის დარიგებები, მასთან ურთიერთობა ჩემზე ძალიან დადებითად აისახებოდა, თანაც მისი სახელი მქვია, სულ ბაბუსთან ერთად ვიძინებდი და ბევრ რამეს მიყვებოდა. იყვნენ მეორე ბებია-ბაბუა - დედას მამა, სტეფანე ხელაია, და ნუნუ ბებია. ისინიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობდნენ. დიდ სითბოსა და სიყვარულში გავიზარდე. დღეს ისინი ამქვეყნად აღარ არიან, მაგრამ ჩემს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვეს.

მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შვილ­ები­ ერთმანეთისგან არ უნდა გამოარჩიოს, რაც, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე - ერთ შვილს უპირატესობას ანიჭებენ და მეორეს აკნინებენ. მშობელი ბავშვს ეუბნება, შენი და ან ძმა შენ გჯობია, უკეთ იქცევაო, და ამით მის პიროვნებას ძალიან თრგუნავს. არც ისაა სწორი, შენიშვნა არ მისცე, თუ რაიმეს­ აშავებს და არც მუდმივად დათმობა. ოქროს შუალედი უნდა მოძებნო. ბევრი ვერ აცნობიერებს, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა დედმამიშვილების ურთიერთობა, მეგობრებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, რაც არასწორია, რადგან დასა და ძმაზე, შენს სისხლსა და ხორცზე მეტად ვინ უნდა გიყვარდეს? თუ ეს დამოკიდებულება არა გაქვს, პრობლემა შენშია, არ გესმის, ეს რა ფასეულობაა.ძმებს სოფელში ფიზიკურად გვიწევდა მუშაობა, ერთმანეთს მხარში ვედექით. ხანდახან ჩვენც ვზარმაცობდით. ცელქი ვიყავი. სკოლაში იყო რაღაც საგნები, რომლებიც­ არ მიყვარდა, ზოგი კი პირიქით, ძალიან მიყვარდა და არ ყოფილა შემთხვევა, ის გაკვეთილი არ მომემზადებინა. იყვნენ პედაგოგები, რომლებიც ძალიან მიყვარდა და მათგან გამომდინარე მათი საგანიც. როგ­ორც ყველა ბავშვი, მეც ისე ვიქცეოდი და უნდა გავუგოთ ხოლმე ჩვენს შვილებს­. ზოგ მშობელს არ ესმის შვილის, ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს, მაგრამ სხვა მიდგომაა საჭირო, ის ხომ პატარაა და ჯერ ბევრი რამ არ იცის, ვერ ხვდება, სხვა შეხედულებები­ აქვს და თავის წარმოჩენასა და დამკვიდრებას ცდილობს. კარგი პედაგოგი სწორად მართავს ამ ყველაფერს და ეს მნიშვნელოვანია.

- თქვენი შვილების სურვილებს თუ ითვალისწინებთ?

- ზოგჯერ ვითვალისწინებ, ზოგჯერ ვერა, სიტუაციის მიხედვით. შვილები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან და მე - მათი, იმიტომ, რომ ცხოვრებაში ჩემგან დასამალი არაფერი ჰქონდეთ და ყოველთვის ეიმედებოდეთ, რომ მამა მათ მოუსმენს, რჩევას მისცემს. ცუდი საქციელის გამო მათ არასოდეს ვუბრაზდები, ვესაუბრები და ვარკვევთ, რატომ ჩაიდინა, რა იყო მიზეზი და რამდენად მართალია. ვმსჯელობთ,­ განვმარტავთ. შესაძლოა რაიმეზე პროტესტი­ ჰქონდეს და ცუდი საქციელით მიიქციოს ყურადღება. მარტივია, შვილს რაიმე აუკრძალო, რთულია მასთან დიალოგი გქონდეს და სწორი მიმართულება აჩვენო, ამას დრო, შრომა უნდა, რისი ნერვებიც ზოგიერთ მშობელს არა აქვს.

- სასულიერო პირების შვილებს თუ აქვთ ხოლმე აკრძალვები? გვინახავს მაგალითები­, როდესაც ჩაცმულობის გამო მოზარდი მხო­ლოდ იმიტომ გაუკრიტიკებიათ, რომ ის მოძღვრის შვილი იყო. უცხო თვალი სხვანაირად უყურებს და განსჯის.

- ღვთის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია და არასწორ საქციელზე ყველა­ ერთნაირად აგებს პასუხს, მნიშვნელობა­ არა აქვს, ის სასულიერო პირის შვილი იქნება თუ ერისკაცის. თუ ჩაცმულობაში­ რაიმე მიუღებელია, სულერთია, ვისი შვილია, ყველასთვის არასწორია. თუ მისაღებია, მაშინ სასულიერო პირის შვილს რატომ არა აქვს უფლება ისე შეიმოსოს? თუმცა­ გეთა­ნხმებით, რომ სასულიერო პირის შვილებს, გამადიდებელი შუშით უყურე­ბენ. ჩემი შვილების შემთხვევაშიც ყოფილა, მაგალითად, ბავშვები რაღაცას აშავებენ, მაგრამ შენ როცა მღვდლის შვილი ხარ, ეს არ შეგშვენის, არ გიხდება, მეტი მოგეთხოვება. ესეც არასწორია, რადგან ბავშვი ითრგუნება.

mamao2-1700240497.jpg

- თუ ახერხებთ შვი­ლებთან ერთად დიდი დროის გატარებას?

- სამწუხაროდ, ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლია და ბოლო წლებში­ ვცდილობ გამოვასწორო როგორც შვილების, ისე მეუღლის წინაშე. სასულიე­რო ცხოვრებას ძალიან დიდ დროს ვუთმობ. შესაძლოა სახლში ღამის პირველ-ორ საათზე მივიდე, ან შუაღამისას უცებ გასაქცევი გავხდე, იმიტომ, რომ ადამიანს ჩემი დახმარება სჭირდება. ღვთის მადლით, შვილებიც გაგებით ეკიდებიან ამ ამბავს.

- თუმცა სინანულის გრძნობა, ალბათ, მაინც გაქვთ, ხომ?

- კი, სულ მაქვს. სხვისი შვილისთვის გაიქცევი, რადგან მას დახმარება სჭირდება და შენსას ძალაუნებურად აკლებ დროს, მაგრამ თან მგონია, რომ არ ვაკლებ, რადგან როცა ღვთის საქმეს აკეთებ, ის მადლი შენს შვილებთან მიდის. ჩვენ ხომ ღვთის წინაშე პირობა გვაქვს დადებული, რომ პატიოსანი, ერთგული მღვდლები ვიქნებით და ვემსახურებით ადამიანებს, მათთვის ვიცხოვრებთ და საკუთარ თავს ერთი წამითაც არ დავზოგავთ. ასევე აღთქმა და პირობა გვაქვს დადებული ჯვრისწერისას, რომ მეუღლეზე მთელი ცხოვრება ვიზრუნებთ, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ პასუხისმგებლობებით წარვდგებით ღვთის წინაშე. ამიტომ სწორად უნდა გადაანაწილო ეს ყველაფერი - ოჯახის გამო მღვდლობას არ უნდა წაართვა დრო და მღვდლობის გამო - ოჯახს. ოქროს შუალედი აუცილებლად უნდა დაიცვას სასულიერო პირმა, ეს ძალიან რთული, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. ბოლო წლებში ეს უფრო მეტად გავაცნობიერე და მეუღლესთან ურთიერთობაშიც ბევრი რამ შევცვალე.

- როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- სოფელში ვიყავი ჩასული და იმ დროს ჩემი მეუღლეც იქ იყო სტუმრად. პირველი დანახვისთანავე მთელი არსე­ბით ვიგრძენი, რომ ის ჩემი ნაწილი იყო. თავი­დან უარს მეუბნებოდა, მაგრამ საბოლოოდ დავითანხმე. დღესაც ვიხსენებთ ხოლმე,­ ან ჯვარი როგორ დავიწერეთ, ან როგორ დავქორწინდით, რადგან არაფერი მებადა, ქორწინების დღესაც ერთი თეთრი არ მედო ჯიბეში, მეგობრის დედა შემხვდა სამებაში და მან მაჩუქა 100 ლარი, იმით წავედით მერე ბათუმში. 2005 წელი იყო.

- ამ სირთულეებმა რამდენად გააძლიერა თქვენი ოჯახი?

- მაშინ "კვირის პალიტრაში", "კარიბჭეში", "გზაში", ასევე, "ახალ თაობაში", "სარკეში", ვწერდი და ჰონორარებით ვირჩენდით თავს. საავიაციო ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობდი, სკოლაში კი გაკვეთილებს ვატარებდი. მადლობელი ვარ ღმერთის, რთულ დროს ისეთ რაღაცებს აჩენდა, რომ ვერც წარმოვიდგენდი.

- ერთგან ბრძანეთ, რომ იოანე, თქვენი­ გარდაცვლილი შვილი, ძალიან მეხმარება ხოლმეო...

- იოანე ჩემი მეოთხე შვილია, ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი. როდესაც ადამიანს სარწმუნოება არა აქვს, ძალიან რთულია ელაპარაკო ცოცხალ რწმენასა და ასეთ ურთიერთობებზე, მაგრამ როცა ამას სარწმუნოებით უყურებ, მართლაც შეგრძნებების დონეზე ესაუბრები. იოანე ფერისცვალების მამათა მონასტერში განისვენებს, თაბორის მთაზე. მიწას რომ ვაყრიდი­, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბევრი რამ თან გაჰყვა მას. ბევრი რამ გადაფასდა ჩემში, უმნიშვნელოდ იქცა მიწიერი რაღაცები და ყველა დეტალი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ახლა ადამიანებს ბევრად სიღრმისეულად ვუდგები, ბევრ რამეს ვპატიობ, მათ შეცდომებს სხვანაირად ვხედავ.როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი. მამებმა მითხრეს, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ როცა იმ ადამიანებმა­ დამირეკეს, ძალიან გთხოვთ, თქვენ გამო ჩამოვედით და ძალიან გვინდა ეს მსახურება­ თქვენ ჩაატაროთო, უარი ვეღარ ვუთ­ხარი. მათ არც იცოდნენ, რაც იმ დღეს ჩემს თავს ხდებოდა. რაღაც პერიოდის მერე შეიტყვეს ეს ამბავი და დამირეკეს, რატომ არ გვითხარიო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ, პავლე მოციქულიც გვასწავლის, მოხარულთან მოხარული იყავით და მტკივნეულთან მტკივნეულიო. ზოგჯერ ჩვენს თავს უნდა გადავაბიჯოთ, შენი ტკივილიდან ან სიხარულიდან კი არა, სხვა ადამიანების ცხოვრებიდან უნდა გამოხვიდე, სწორედ ეს გაქცევს შენც ადამიანად.

- პატრიარქის სტიქაროსანი იყავით...

- პატრიარქთან პირველი შეხება 1989 წელს მქონდა, როცა გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღეს მარტვილში ჩამობრძანდა. დედამ მასთან სამადლობელი წერილი გამატანა. პატრიარქმა მაშინ "ლოცვანი" მაჩუქა, რომელიც ჩემი პირველი "ლოცვანი" იყო. მერე ჩვენს სოფელში ტაძრის საძირკველი­ აკურთხა. მაშინ ფოტოაპარატი მქონდა. მე ხეზე ვიყავი ამძვრალი და პატრიარქს იქიდან ვუღებდი ფოტოებს. როცა სემინარიაში­ ჩავაბარე და უწმინდესის სტიქაროსანი გავხდი, ცხადია, ხშირად ვხვდებოდი. ერთ­ხელ, ექვსფსალმუნებას ვკითხულობდი სიონის ტაძარში და როცა დავასრულე, საკურთხეველში შევედი­ მისგან ლოცვა-კურ­თხევის ასაღებად. მითხრა, იცი, როგორ უნდა წაიკითხო ფსალმუნი ამიერიდანო?­ როგორ-მეთქი? როცა ფსალმუნს კითხულობ, ღმერთს უნდა ესაუბრო, ჯერ ღმერთს უნდა გააგებინო, რას ევედრები და მერე შენ გაიგე და გაიაზრე, რას კითხულობ მთელი არსებით და ხალხი თავისთავად გაიგებსო. ჩემთვის უწმი­ნდესი მაგალითია სასულიერო პირისა, მღვდლობის, მოღვაწეობის, საოცარი სიყვარულის. არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო და ჩვენც ამას გვასწავლიდა.

- თქვენ ამბროსი ხელაიას შთამომავალი ხართ.

- ჩემი უსაყვარლესი მამები არიან ამბროსი ხელაია, გაბრიელ ფოფხაძე და ალექსი შუშანია. ბაბუა სულ მიყვებოდა, წინაპრებში მღვდელი გვყავდა, რომელმაც თავი გაწირა, ეკლესია არ დათმო, რის გამოც ციხეში მოხვდა, საიდან გამოსვლის შემდეგაც გარდაიცვალა. მაშინ არც ვიცოდით, რომ პატრიარქი იყო. ამბროსი ხელაია სიონშია დაკრძალული და ბავშვობისას, როცა ბიძასთან მოვდიოდი, რომელიც აქვე, თუმანიანზე ცხოვრობდა, სულ ამ ტაძარში დავდიოდი, პატრიარქი პარაკლისებს რომ ატარებდა, დედას მოვყავდი, გვლოცავდა. სულ იმ ადგილას ვიდექი ხოლმე, სადაც თურმე ამბროსი ხელაიას საფლავი ყოფილა. მისი შთამომავლობა ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. სულ ვცდილობ, ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, რომ მათ წინაშე წარდგომისას, ღმერთთან მისასვლელი პირი მქონდეს.