ვარსკვლავი ლეგენდის ქალაქში - კვარა და ნეაპოლი
ფეხბურთის ექსპერტად ნამდვილად არ გამოვდგები, შევეცდები მოყვარულის თვალით დანახულ ნეაპოლსა და ნეაპოლელების შესახებ მოგიყვეთ. ჩემი მოგზაურობა და თავგადასავალი საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" უკავშირდება. ქართველებს ფეხბურთი გვიყვარს, თუმცა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები განებივრებული არა ვართ ჩემპიონის სტატუსით. ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენამ ქართველ საზოგადოებაში დიდი გადატრიალება მოახდინა. ფეხბურთის მოყვარულებს რწმენა დაუბრუნდათ, რომ შესაძლოა ქართულმა ფეხბურთმა ისევ გაიბრწყინოს. ბავშვებმა ფეხბურთის თამაში კვარას გამო დაიწყეს. ვისაც ფეხბურთი არ აინტერესებდა, ახლა ყოველ უქმეებზე "ნაპოლის" თამაშებს ტელევიზორის წინ სულგანაბული ელოდება. ჰოდა, მეც რიგით ქართველს, მინდოდა ამ "ვარსკვლავბიჭუნას" სანახავად იტალიაში ჩავსულიყავი და მისი გაბრწყინება საკუთარი თვალით მენახა... როგორც ამბობენ, ვერც ერთი სპორტი ვერ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც ფეხბურთი და ამ ფრაზის სიცხადე ნეაპოლში შევიგრძენი.
როდესაც თბილისიდან ნეაპოლში ბინა დავჯავშნეთ და მასპინძელს მივწერეთ, რომ მატჩზე ("ნაპოლი"-"მილანი") დასასწრებად საქართველოდან ჩავდიოდით, მოსული მესიჯის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვეულებრივ ხალხთან არ მქონდა საქმე. ბინის პატრონი გვწერდა, რომ სუპერფანია "ნაპოლის", უყვარს ხვიჩა და ბინაში განსაკუთრებულ საჩუქრებს დაგვახვედრებდა.
"ნაპოლისთან" დაკავშირებული პირველი თავგადასავალი რომის აეროპორტში, პასპორტის კონტროლის გავლის დროს დაიწყო. მესაზღვრემ საბუთებს ჩახედა და როდესაც ნახა, ბინა ნეაპოლში გვქონდა აღებული, გვკითხა, მატჩზე მიდიხართო. ცოტა დავიძაბე, რომში მესაზღვრეს, წესით, "ნაპოლი" არ უნდა უყვარდეს, დიდი ალბათობით, "რომას" ან "ლაციოს" გულშემატკივარი უნდა იყოს. მორიდებით ვუთხარით, რომ კვარაცხელიას თამაშზე ჩამოვედით. უცებ იღებს ტელეფონს და გვანახებს თავის ფოტოებს, სელფებს "ნაპოლის" მაისურში, თან ამბობს. "ნაპოლის" გულშემატკივარი ვარ, სულ ვესწრები თამაშებს, თქვენ სად სხედხართო. გაოგნებული ვაჩვენებ ბილეთს. ის მეუბნება, თქვენ ლურჯებში გქონიათ ადგილი, მე ყვითლებში მაქვს. იქნებ მაინც შევხვდეთო. მოკლედ, ერთმანეთს "ფორცა "ნაპოლის" შეძახილით დავემშვიდობეთ.
ნეაპოლში ჩასვლისთანავე მატარებლის ბაქანზე როგორც კი ფეხს დადგამ, ოსიმენისა და კვარაცხელიას უზარმაზარი ფიგურები გეგებებიან. ადამიანებს სიამაყის გრძნობა ყოველდღიურობაში, ალბათ, უფრო ნაკლებად გვაქვს. რომ იამაყო, რამე განსაკუთრებულიც უნდა გააკეთო. თუმცა, როდესაც ნეაპოლში ჩადიხარ, ეს გრძნობა თავისით მოდის მხოლოდ იმ ერთი ფაქტის გამოც, რომ ამ პატარა ბიჭის მიწიდან ხარ. ყველა გამჩნევს, მოდიან, გესალმებიან, სიყვარულს გიხსნიან, შენც ბედნიერი ხარ.
განსაკუთრებით აღმაფრთოვანებელი იყო მატჩის დღე. სტადიონთან ქართულ დროშამოფარებულს რომ გხედავენ, იწყება შეძახილები: "კვარა, კვარა!" შენც იღიმი და გული გიჩუყდება. შევეცადე რამდენიმე ადამიანი ჩამეწერა. ბევრმა ინგლისური არ იცოდა, თუმცა იმის თქმას, რომ კვარა საუკეთესოა, ახერხებდნენ:
- კვარა საუკეთესოა, გვიყვარს კვარა!
- ლამაზი მოთამაშეა, იდეალურად ფლობს ბურთს!
- კვარა ისეთივე მშვენიერია, როგორიც მისი ქვეყანა. საქართველო ფანტასტიკური ქვეყანაა, კვარა ფანტასტიკური მოთამაშეა, სხვა საუკუნიდან.
- ის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში!
- კვარას გარეშე "სკუდეტოს" ვერ მოვიგებდით, ბედნიერი ვართ, რომ გვყავს.
- კვარას გადმოსვლის შემდეგ, გუნდმა თამაშის სტილი შეცვალა, უფრო სწრაფი გახდა.
- კვარას გადმოსვლის შემდეგ "ნაპოლის" თამაში უფრო სწრაფი და შემტევი გახდა, მადლობელი ვართ საქართველოსი იმ ტალანტისთვის, რომელიც გამოგვიგზავნა.
ნეაპოლელების სიყვარული გადამდებია. მე მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი ნეაპოლში, გაოგნებული ვარ ამ ხალხზე, მათ განწყობებზე და მიმღებლობაზე. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია, რანაირად შეიძლება ფეხბურთი ასე ყოველდღიურობაში იყოს შემოჭრილი. დაუვიწყარი წუთები გავატარე სტადიონზე. როცა კვარა ბურთს ეხება და კარისკენ ურტყამს, წამის მეასედში ალბათ, გულისცემაც ჩერდება. გულწრფელად დამაინტერესა, როგორ ცხოვრობენ ნეაპოლში ქართველები. დავუკავშირდი ნეაპოლში მცხოვრებ ქართველებს. ზოგი მათგანი ამბობს, რომ ამ ქალაქში საცხოვრებლად ხვიჩას “ნაპოლიში” გაბრწყინების შემდეგ გადმოვიდა.
"რომ გაიგეს ქართველი ვიყავი, კვარას და კვარადონას მეძახდნენ"
ნონა სამუშია: - ხვიჩა ნეაპოლში თითქმის დიეგო მარადონასთან არის გატოლებული. მე სხვა ქალაქში ვცხოვრობდი და როცა კვარაცხელია გადმოვიდა "ნაპოლიში", გადავწყვიტე მეც აქ გადავსულიყავი, რათა მეც ვყოფილიყავი საერთო ზეიმის ნაწილი. ნეაპოლელებს მატჩის საყურებლად დიდი ტელევიზორები აქვთ გარეთ გამოტანილი. მე დავდიოდი დროშაშემოხვეული, მოდიოდნენ ჩემთან და მეკითხებოდნენ, კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართო, მეხუტებოდნენ, და რაღაცებს მჩუქნიდნენ. იმ უბანში, სადაც ვცხოვრობდი, რომ გაიგეს, ქართველი ვიყავი, კვარას და კვარადონას მეძახდნენ. ხვიჩამ პირველი გოლი რომ გაიტანა, იმავე საღამოს დამიკავშირდა "ნაპოლის" გულშემატკივარი ლუიჯი ფერერო და მითხრა, ხვიჩას გულშემატკივრების ჯგუფის გაკეთება მინდაო, და მე, რიგითი ქართველი, ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ჯგუფის წევრი გახდა. მთელმა იტალიამ შეიყვარა კვარა.
"ხვიჩაზე ამბობენ, ჩვენი კერპია, ჩვენი ვარსკვლავიო"
ნინო ჭურღულია: - ბედნიერია ის, ვინც ნეაპოლელების სიყვარულს დაიმსახურებს. ძალიან გაუმართლა ჩვენს ბიჭს, რომ სწორედ იქ მოხვდა. ხვიჩაზე ამბობენ, ჩვენი კერპია, ჩვენი ვარსკვლავიო. როცა იგებენ, რომ ქართველი ვარ, მაშინვე კეთილგანწყობილი ხდებიან. არასდროს დამავიწყდება კვარაცხელიას პირველი ნაბიჯები, ნეაპოლის ქუჩებში ყველა კვარას გაიძახოდა. ცდილობდნენ მისი გვარი სწორად გამოეთქვათ.
"არ მეგულება ადგილი, სადაც ერთი ადამიანი, თან უცხოელი, ასე უყვარდეთ"
ნატა გელითაშვილი:
- ქუჩაში ხშირად მეკითხებიან, შენ კვარას ქვეყნიდან ხარო, და ფოტოებს იღებენ ჩემთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" დაიწყო თამაში, იტალიელების განწყობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალიან შეიცვალა. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს სითბო.
არ შეიძლება ნეაპოლზე და ფეხბურზე ისაუბრო და მარადონას დიდებულებას არ შეეხო. გაღმერთებული ადამიანი, მითიური არსება, ლეგენდა, რომლის შესახებ ისტორია თაობიდან თაობებს გადაეცემა. ნეაპოლი სუნთქავს ფეხბურთით და ამ სუნთქვის სათავეში მარადონა დგას. არ არსებობს არანაირი ეჭვი მისი დიდებულების შესახებ, ის ყველა ნეაპოლელისთვის არის გმირი, გაღმერთებული ადამიანი. როგორც თავად ეძახიან - D10S, რაც იტალიურად “ღმერთს” ნიშნავს.მარადონას სიყვარული მათშია შერწყმული. ის ყველგანაა. ქალაქი გადავსებულია მარადონას პოსტერებით, ფიგურებით, ერთ თუნდაც პატარა ქუჩას ვერ გაივლი მარადონა, რომ არ იყოს გამოსახული. საჭმელშიც კი მარადონაა, არსებობს კერძები მარადონას სახელწოდებით, კოქტეილი “მარადონა” (ისეთივე ძლიერივე ძლიერია, როგორც თავად ფეხბურთელი, მის პროფესიაში) ქალაქში მარადონას ხატები იყიდება, მის ხატზე ლოცულობენ, პირდაპირი მნიშვნელობით. არ მეგულება ადგილი, სადაც ერთი ადამიანი, თან უცხოელი, ასე ჰყავდეთ გადიდებული და ასე უყვარდეთ. “ნაპოლი” “მილანის” მატჩის დაწყებამდე სტადიონზე, რომელიც ასევე დიეგო არმანდო მარადონას სახელობისაა, ლეგენდარული ფეხბურთელის ხსოვნისადმი მიძღვილი სიმღერები დაუკრეს. ჩემს უკან იტალიელი მამა-შვილი ისხდნენ. ბიჭი თინეიჯერი იყო დაახლოებით 13/14 წლის, მარადონას სიმღერებზე გული აუჩუყდა და პატარა ბავშვივით ტირილი დაიწყო. მამა აწყნარებდა და ეხუტებოდა. ეს არ არის უბრალოდ ფეხბუთის ან ფეხბუთელის სიყვარული, ეს რაღაც უფრო დიდია, რომელიც ადამიანზე მაღლა დგას.
ჩვენი ბიჭი იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილა დაბადებული სწორედ ნეაპოლში, რომ მოხვდა. მემგონი არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი, რომ ვერცერთ სხვა საფეხბურთო კლუბში მოხვედრის შემთხვევაში ისე ვერ აიტაცებდნენ და შეიყვარებდნენ, როგორც ეს ნეაპოლელებმა შეძლეს. ასაკისა და სქესის განურჩევლად ფეხბურთი მათთვის წმინდა და ხელშეუხებელია.
სოფო კაჭარავა