ქიმერა - კაცობრიობის მხსნელი თუ გამანადგურებელი?! - კვირის პალიტრა

ქიმერა - კაცობრიობის მხსნელი თუ გამანადგურებელი?!

ღეროვანი უჯრედების შესახებ კაცობრიობის ცოდნა ფართოვდება. დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ ღეროვანი უჯრედები არის ორგანიზმის "საშენი აგურები", რომლებიც განუწყვეტელი გამრავლებით მთელ ორგანიზმსა და მის ორგანოებს წარმოქმნის: გულს, კანს, ღვიძლს, თმას და ა.შ.

ღეროვანი უჯრედების გამრავლების პროცესი ბუნებრივი და გარდაუვალია ემბრიონში, როდესაც მიმდინარეობს ნაყოფის ჩამოყალიბება. შემდეგ ღეროვანი უჯრედების გამრავლება მცირდება, თუმცა­ მათი განსაზღვრული რაოდენობა ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე რჩება, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ორგანოში (უმეტესობა ძვალში) - ანუ ეს უჯრედები ყველაზე ცხოველმოქმედი ემბრიონის ჩამოყალიბების პერიოდშია.A ამიტომაც გაჩნდა ჭიპლარის უჯრედების ბანკები, სადაც ამ უჯრედებს გაყინულ მდგომარეობაში ინახავენ. მიზანი: თუ ოდესმე ადამიანი მძიმედ დაავადდება, ექიმები ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს მის დაავადებულ ორგანოებში "გაუშვებენ", რის შემდეგაც ჭიპლარის ჯანმრთელი ღეროვანი უჯრედები ამავე ორგანოს ჯანმრთელ უჯრედებად გადაიქცევიან, გამრავლდებიან და დაავადებულ უჯრედებს განდევნიან. შედეგად დგება გამოჯანმრთელება. თუმცა ყოველთვის ასე არ არის, ჯერჯერობით, ღეროვან უჯრედებსაც აქვს "ნაკლი". ამიტომაც დღეს უკვე მას მეცნიერები სრულიად ფანტასტიკურ სფეროებში ცდიან. მსოფლიოს სხვადასხვა სამეცნიერო ლაბორატორიაში მიმდინარეობს ექსპერიმენტები ე.წ. ქიმერების გამოყვანაზე. ქიმერები ის ორგანიზმებია, რომლებიც, ჯერჯერობით, გარკვეულიც არ არის, კაცობრიობის საკეთილდღეოდ იქმნება თუ პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს მხოლოდ ექსპერიმენტია, ამ კითხვის დასმა­ უკვე საინტერესოა. რა არის ქიმერა? მეცნიერებს სურთ ქიმერებში ჩამოაყალიბონ ორგანოები, რომელთაც ტრანსპლანტაციის მომლოდინე მილიონობით ავადმყოფს გადაუნერგავენ. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეცნიერი ამ აკრძალულ ზღვარს გადალახავს და თავის შექმნილს სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს? ამასობაში კი ჩინელმა მეცნიერებმა მაიმუნის ქიმერა შექმნეს ორი სხვადასხვა ჯიშის­ მაიმუნისგან... ამ თემაზე ბიოლოგ ნანო ალავიძეს­ ვესაუბრეთ:

- ბევრი ჩვენგანი სახტად დარჩა სტატიით,­ რომელიც ცნობილმა ამერიკულმა სამეცნიერო ჟურნალმა Cell-მა გამოაქვეყნა და რომელიც მაიმუნი-ქიმერას დაბადებაზე მოგვითხრობს. რა შეიძლება მოხდეს, თუ მეცნიერება შეძლებს ნებისმიერი ტიპის ქიმერის შექმნას?

- ქიმერების შექმნა გენური ინჟინერიის მიღწევაა. ეს ემბრიონული­ უჯრედე­ბის მართვის ექსპერიმენტი აქამდე მღრნელებზე, ბოლო დროს კი მაიმუ­ნებზეც ჩა­ატარეს. ამ კვლევებით მეცნიერებმა­ უმნიშვნელოვა­ნესად წაიწ­იეს­ წინ. არის რისკებიც, თუმცა ჯერ დადებით შედეგებზე ვისაუბროთ. დღეს ქიმერების ექსპერიმენტი­ პირველ რიგში მოიაზრება იმ ნევრ­ოლოგიური­ დაავადებების სამკ­ურ­ნალოდ, რომლებითაც კაცობ­რიობა­ იტანჯება და მედიცინა ვერაფერს შველის. მათ შორის არის პარკინსონი, ჰიდროცეფალია, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი, დემენცია...თუ შეიქმნება ადამიანის უჯრედული ქსოვილის მსგავსი ქსოვილები ცხოველებში, ცხადია, ასეთი ქსოვილი მოგვცემს საშუალებას, რომ ამ დაავადებებზე ექსპერიმენტები დავაჩქაროთ და სამკურნალო საშუალებას რაც შეიძლება სწრაფად მივაგნოთ, ამით კი ადამიანებს ტანჯვა ავაცილოთ.

შემდეგია ტრანსპლანტაცია. მსოფლიოში ყოველდღე 22-25 ადამიანი იღუპება ჯანმრთელი ორგანოს ტრანსპლანტაციის მოლოდინში და თუ მეცნიერები ქიმერებში ჯანმრთელ ორგანოებს გამოზრდიან, ეს ხომ მძიმე სენით დაავადებულთა ხსნა იქნება.

ქიმერების შექმნაში პირველ მნიშვნელოვან შედეგს ჩინელებმა მიაღწიეს. 2019 წელს მათ ღორისა და მაიმუნის ღეროვანი უჯრედებით გამოიყვანეს გოჭები, რომლებსაც ნაწილობრიც მაიმუნის ნიშან-თვისებებიც ჰქონდათ. მათ ექსპერიმენტის სრული ფაზა გაიარეს: ცოცხლები გაჩნდნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლეს. სხვათა შორის, სამეცნიერო ჟურნალებში მაშინ ბევრი მეცნიერი წერდა, რომ ეს სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია მეცნიერებაში, რომელიც ახალი ტიპის ორგანოების ლაბორატორიაში გამოყვანასა და მათ ცხოველებში გამოზრდას გულისხმობს.

- როგორ მიაღწიეს მეცნიერებმა, მაგალითად, მაიმუნი-ქიმერას დაბადებას? რა მეთოდებით შეძლეს ორი სრულიად განსხვავებული ჯიშის მაიმუნის დნმ ერთ ორგანიზმად ჩამოეყალიბებინათ?

- თუკი ღორისა და მაიმუნის დნმ-ის შეერთება­ შეიძლება, ორი სხვადასხვა ჯიშის მაიმუნის დნმ-ის შეერთება შედარებით მარტივია. თუმცა ამჯერად უფრო საინტერესოა მეთოდის მიმართ­ულება. კერძოდ, მათ ერთ-ერთი მაიმუნისგან კოლბაში გამოზარდეს ემბრიონი, შემდეგ 7 დღის ემბრ­ი­ონის ღეროვანი უჯრედი­ გაამრავლეს და მეორე მაიმუნის ემბრიონში გადანერგეს. შედეგად, ქიმერას ორივე ჯიშის მაიმუნის ორგანოები უნდა ჰქონოდა. მაგალითად, ერთი ჯიშის მაიმუნის ღვიძლი, მეორე მაიმუნის კი - ტვინი. გააჩნია, რომელი ემბრიონის ღეროვანი "აჯობებდა" ორგანიზმში. ამის შემდეგ გადანერგილი ემბ­რიონები რამდენიმე მაიმუნის საშოში გადა­იტანეს გამოსაზრდელად. მანამდე დონორის, ანუ პირველი მაიმუნის ღეროვანი­ უჯრედები მწვანე ცილით შეღებეს... ექსპერიმენტში მონაწილე მაიმუნებიდან მშობიარობამდე მხოლოდ ერთმა მიაღწია და შვა მაიმუნი-ქიმერა. მას მწვანე­ თითები და თვალები ჰქონდა. ცხადია, ეს დონორის უჯრედების გამო იყო, რომელიც მწვანედ შეღებეს. შემდეგ კი მეცნიერებმა ქიმერას ყველა ორგანო შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ქიმერას დონორის ღეროვანის უჯრედების წილი სხვადასხვა ორგანოში­ 21-დან 92%-მდე ჰქონდა. თუმცა, როგორც სამეცნიერო ჟურნალში წერენ, ქიმერა იხრჩობოდა და ამიტომ ვერ მოახერხეს მასზე დაკვირვება და 10 დღისა დააძინეს... სავარაუდოდ, როგორც ჩანს, გენეტიკურმა შერწყმამ მაინც ვერ გაამართლა.

- არიან მეცნიერები, რომელთაც სულაც არ სურთ მსგავსი ექსპერიმენტები განვითარდეს. შესწავლილი აქვთ ეს მეთოდები და სარგებლის ნაცვლად კაცობრიობის სავარაუდო ზიანს ხედავენ. მაგალითად, შესაძლოა ცხოველის ემბრი­ონში გადანერგილი ადამიანის უჯრედი ცხოველის ტვინში მოხვდეს, განვითარდეს და გამანადგურებელი შედეგი გამოიწვიოს.

- ეგ აზრი რეალობიდან შორს ნამდვი­ლად არ არის. თუკი დონორი მაიმუნის ღეროვანმა უჯრედებმა მეორე მაიმუნის თითებამდე მიაღწია და ისინი მწვანე ცილით­ შეღება, რატომ არ შეიძლება ლაბორატორიულად ცხოველში გადანერგილმა ადამიანის ემბრიონის უჯრედმა ცხოველის ტვინამდე მიაღწიოს? სწორედ ეს არის ის რისკი, რომელიც სამეცნიერო ექსპერიმენტებს შეიძლება ახლდეს, მით უფრო, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენია აზროვნების შედეგი. ზოგმა ნებსით, ზოგმა უნებლიეთ, შესაძლოა ცუდი შედეგებიც მიიღოს. ამაზე ერთ ამბავს გიამბობთ, რომლის იდენტიფიცირებას არ მოვახდენ: რამდენიმე წლის წინ ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში ჩამოიყვანეს იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც სურდა ღეროვანი უჯრედებით თავის ტვინის დაავადებების მკურნალობის მეთოდი დაენერგა, იმიტომ, რომ იტალიაში ეს მეთოდი აკრძალულია. ცხადია, ასეთი ტიპის მკურნალობა, ჯერჯერობით აბსურდია - ღეროვანი უჯრედები უსასრულო ზრდ­ით ხასიათდება და ამას ჯერ ვერავინ აკონტროლებს. ამის გამო მხოლოდ იმ ორგანოებში გვაძლევს­ განმაკურნებელ შედეგებს, სადაც ფაშარი ქსოვილია, მაგალითად, სისხლში. ისეთ რთულ ქსოვილში კი, როგორიც ტვინია, ღეროვანი უჯრედების გამრავლების შედეგად შესაძლოა წარმოიქმნეს ბურთის მსგავსი მასა, იგივე სიმსივნე, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია.კიდევ კარგი, სახელმწიფომ­ რჩევა ჩვენს მეცნიერებს ჰკითხა და მათი რეკომენდაციით ეს მეთოდი ჩვენში არ დანერგილა.

- იცით რა გამახსენდა? ცნობილმა მეცნიერმა მარია კიურიმ ლაბორატორიაში ურანის ქიმიური გამოსხივება რომ შემთხვევით აღმოაჩინა და მერე ეს გამოსხივება სხვა მეცნიერებმა ატომურ ბომბად გარდაქმნეს.

- ალბათ, იგივე ასოციაცია ბევრს გაუჩნდება, როდესაც ქიმერების­ შექმნის შესახებ ინფორმაციას ნახავს­. ამიტომაც გითხარით, რომ ამის ორ შედეგად შეიძლება­ გარდაქმნა - უსაზღ­ვრო დადებითობად და უსაზღვრო უარყო­ფითობადაც. ეს რომ არ მოხდეს, სახელმწიფოები უნდა არეგულირებდნენ კანონმდებლობით, მათთან ერთად კი საზოგადოება. ჩემთვის იმ ქართველი მეცნიერის მაგალითი საამაყო და მისაბაძია, რომელმაც თავის ტვინის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის მეთოდი არ დაუშვა საქართველოში. იმედია, კეთილგონიერება ყველგან გაიმარჯვებს.