„განა ახლა არ ხდება კარგი, ხდება, მაგრამ პოლიტიკამ „შეჭამა“ ყველაფერი“ - კვირის პალიტრა

„განა ახლა არ ხდება კარგი, ხდება, მაგრამ პოლიტიკამ „შეჭამა“ ყველაფერი“

არისტოკრატული პოლონური გვარის წარმომადგენელი, სულით ხორცამდე ქართველი ირაკლი ტრიპოლსკი შესანიშნავი კინოდოკუმენტალისტი და არაჩვეულებრივი მამის, დიდი არტისტის, იაკობ ტრიპოლსკის ვაჟია. არიან რეჟისორები, რომლებიც თავიანთ ფილმებზე ძალიან იშვიათად საუბრობენ. არადა, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, როცა ეკლესიას დევნიდნენ, გადაიღო დოკუმენტური ფილმი "ქართული მართლმადიდებელი ეკლესია", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთხანს პოლიტიკაშიც იყო, მისი დეპუტატობის დროს მიღებულმა კანონმა "მთის შესახებ" იმდენად კარგად იმუშავა, რომ დღეს მთაში უამრავი ადამიანის პირობები გაუმჯობესდა. სიკეთეს უხმაუროდ აკეთებს, თუმცა თავის თავზე როცა უწყებ საუბარს, მაშინვე თემას გიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს საჯაროდ თავისი აზრების გაზიარება, დიდი თხოვნის შემდეგ ინტერვიუზე დავიყოლიე. ის წლების განმავლობაში საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" მთავარ რეჟისორად მუშაობდა, სადაც შედგა ჩვენი პირველი შეხვედრაც.

- ბატონო ირაკლი, გვიამბეთ, როგორ გადაიღეთ დოკუმენტური ფილმი ქართული ეკლესიის შესახებ, იმ დროს, როცა ეს აკრძალული იყო.

- ეს იყო პირველი დოკუმენტური­ ფილმი, რომელიც საპატრიარქომ დაუკვეთა­ დოკუმენტური ფილმების სტუდიას. სტუდიის დირექტორი ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი იყო. მაშინ თეატრალური ინსტიტუტის ახალკურსდამთავრებული დოკუმენტალისტები უკვე ვმუშაობდით სტუდიაში­. ბატონმა ჭაბუამ მე და ბატონ ნუგზარ ყიფიანს შემოგვთავაზა ამ ფილმის გადაღება, ოპერატორი გოგა ხაინდრავა იყო. მკაცრი ცენზურის გამო ფილმი 20-წუთიანი უნდა ყოფილიყო, ქრისტიანობის შემოსვლიდან 1811 წლამდე, რუსეთის მიერ ავტოკეფალიის გაუქმებამდე. ბატონი ჭაბუას დიდი ძალისხმევით ფილმს 10 წუთი დაემატა და ნახევარსაათიანი გახდა. ერთი ეპიზოდის გადაღებისას სიონში წირვა მიმდინარეობდა. ტაძარში ფრესკების მოხატვაზე მხატვარი ლევან ცუცქირიძე მუშაობდა და ბევრი ხარაჩო იდგა, თან სავსე იყო ხალხით და ჩვენც დავემატეთ ჯაბახანა აპარატურით. უცებ განათების ნათურა გასკდა და შეშინებულები მიწაზე დავწექით. ერთადერთი, ვინც არ შერხეულა და ჩვეული სიმშვიდით განაგრძო წირვა, უწმინდესი იყო.

- ჩემი აზრით, პოლიტიკამ რაღაცნაირად ჩაყლაპა კულტურა. ადრე უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა.

- ადრე უფრო მეტი განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. ახლა უწიგნურები გავხდით, არავის არაფერი აინტერესებს, ერთმანეთის ლანძღვა-გინების გარდა. აი, მაგალითად, მამას წიგნის უკანა ყდაზე, მისი ასეთი ჩანაწერია: "ჩემი ცხოვრების ადრინდელი წლები ბინდბუნდად მახსოვს... ბოლოს და ბოლოს, მაინც გადავწყვიტე, მოკრძალებით ვკიდებ ხელს საწერ კალამს. ვშიშობ... ვაითუ ყველას თავისი საკადრისი ვერ მივაგო?" - როცა ვინმე ვინმეზე რაიმეს წერდა, კი არ ლანძღავდა. განა მაშინ კრიტიკა არ არსებობდა? იყო, მაგრამ ამას ისე ლამაზად და ფრთხილად აკეთებდნენ, არავის სტკენდნენ გულს. დღეს რატომღაც ყველას ჰგონია, რომ თვითონ არის და სხვა არავინ არის მისნაირი. მაშინ წიგნიერი თაობა იყო, ეპოქაც - სხვანაირი.

tripolski3-1700241755.jpg

- რამდენად რთულია პოლიტიკოსობა?

- მოხდა ისე, რომ ერთხანს პოლიტიკაში უნდა ვყოფილიყავი და ვიყავი კიდევაც. მერე გავანებე თავი. ერთი, რაც გავაკეთე, კანონია "მთის შესახებ", რომელმაც იმუშავა. კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია.

- მამაზე, იაკობ ტრიპოლსკიზე ვისაუბროთ...

- ერთხელ ვარშავიდან ჩამოვიდა მათი წამყვანი თეატრის მთავარი რეჟისორი და მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს დაესწრო, სადაც მამა მთავარ როლს თამაშობდა. ლოჟაში ის, გიგა ლორთქიფანიძე და კოტე მახარაძე ისხდნენ. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ხილი და შამპანური მიართვეს სტუმარს. სამი-ოთხი ჭიქის შემდეგ მამაზე მიუთითეს, ამ კაცს პოლონური წარმოშობის გვარი აქვსო. მამას ჭიქა მიაწოდეს და მან მიმართა სტუმრებს, მე რომ ვყოფილიყავი ვარშავაში რომელიმე­ სპექტაკლზე და იქ პროგრამაში წამეკითხა ქართული­ გვარი, ხომ შევიდოდი სპექტაკლის შემდეგ, მოვიკითხავდი და ვეტყოდი, ბიჭო, შენ აქ საიდან გაჩნდი-მეთქი? მე აქ მთავარ­ როლს ვთამაშობ, თქვენ კი არც გიკითხავთ და მხოლოდ ახლაღა დამიძახეთ სუფრის ბოლოში, ამიტომ მე ქართველი ვარ და თქვენ პოლონელიო, დადგა ჭიქა და წამოვიდა. თუ დრო ჰქონდა, სულ იმას ამბობდა, ფასანაურში წავიდეთო. იქ ტრიპოლსკების დიდი სახლი დგას, სადაც მამას მუზეუმის გაკეთებას ვაპირებ. შეძლებული ხალხი ყოფილან ჩემი წინაპრები, პოლონეთიდან რომ ჩამოვიდნენ და ამხელა სახლი ააშენეს. რომ გააკულაკეს, პირველი სართული ჩამოართვეს და სკოლა გახსნეს. მამაჩემი მეორე სართულზე ცხოვრობდა და პირველზე დადიოდა სკოლაში. ბევრი იწვალა იმ სახლის დასაბრუნებლად და, როგორც იქნა, დაუბრუნეს. მამა ობლად იზრდებოდა.­ პაპაჩემი 1924 წელს მოუკლავთ.­ ამხელა სახლისა და მამულის პატრონები უღარიბესთა სიაში მოხვდნენ. ერთ დღეს კომისია ჩამოსულა­ სკოლაში, ღარიბი ოჯახების შვილები გამოჰყავდათ და ეკითხებოდნენ თურმე, როგორ ცხოვ­რობთო. იაშას დაუწყია მოყოლა, ასე გვიჭირს, ასე ვცხოვრობთო, თან ტიროდა.­ ამბობდა, ამას რომ ვყვებოდი, გავითიშე და გონს რომ მოვედი, ირგვლივ ყველა ტიროდაო. ეტყობა, იქიდანვე ჰქონდა აუდიტორიაზე ზემოქმედების უნარი, არტისტობის ნიჭი.

მე და მამას სიყვარულით სავსე დამოკიდებულება გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭირი მაქვს ნანახი, მაინც ბედნიერი კაცი ვარ, ისეთი ხალხი მოდიოდა ჩვენთან: ვერიკო ანჯაფარიძე სულ კარტს მეთამაშებოდა. არ არსებობდა, 50 კაპიკი მომეგო მისთვის და არ მოეცა. ერთხელ არ ვართმევდი და მითხრა, არა შვილო, თამაში­ თამაშიაო. სესილია თაყაიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, კოტე მახარაძე... ცხოვრება ჩემს სახლში ღამის 11 საათიდან იწყებოდა..

tripolski2-1700241755.jpg

- როგორი იყო მამას ეპოქა?

- განათლებული. მაგალითად, ბერნარდ შოუს არაერთი ნაწარმოები მამას ნათარგმნია. დღეს გინდა მწერალი აიღე და გინდა პოლიტიკოსი და ჰკითხე, 10 მწერალი დაგისახელონ. მარტო პოეტების და მწერლების ცოდნაზე ხომ არ არის? ნებისმიერ საკითხზე იმხელა ამბიციები­ აქვთ. თან საშინლად გაღიზიანებული არიან. აგერ გადასარევი ახალგაზრდა გამოჩნდა­, ხვიჩა კვარაცხელია, უკვე ვარსკვლავია და ლამის ჩადეს მიწაში... ტალახაძე მსოფლიოში ყველაზე ღონიერი კაცია, ისიც ჩადეს მიწაში, იმიტომ, რომ რაღაც საკითხზე თავისი აზრი დააფიქსირა. რას უყურებ შენ, იმან რა თქვა? რაც უნდა, ის თქვას. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ხალხი თავისი ქვეყნისთვის სასახელოა. ამას წინათ კახეთში ვიყავი გამოფენაზე და იქ ერთმა კახელმა კაცმა მითხრა, გავუცხოვდით, ერთმანეთს მხოლოდ ქელეხებში ვხვდებით, რადგან ეს სავალდებულოაო. იშვიათად, კარგ ამბავში ვნახოთ ერთმანეთიო! გულზე მომხვდა.

მამა მიყვებოდა, პაპამ ფასანაურიდან ურმით ჩამომიყვანა, სამი დღე და ღამე მოვდიოდითო, ახლა გადაღებაზე დავჯდები­ თვითმფრინავზე, ორ საათში ჩავალ და საღამოს ისევ სახლში ვარო. ნათესავთან, მეგობართან მისვლას ახერხებდნენ, კინოში,­ თეატრში, ოპერაში წასვლას. დღეს სიკვდილი გახშირდა, გაახალგაზრდავდა. თუ ადრე ერთი კაცის სიკვდილს გაიგებდი, მთელი საქართველო ფეხზე იდგა. განა ახლა არ ხდება კარგი, ხდება, მაგრამ პოლიტიკამ "შეჭამა" ყველაფერი. არ არსებობს დღეს ერთი ადამიანი გამოვიდეს და თქვას, ეს დამსახურება მაქვს ამ და ამ დარგშიო, რომ მაშინვე არ გალანძღონ, შენ ის არა ხარ, ბავშვობაში რომ ფეხი გადაგიტრიალდა, ან ვიღაცის ეზოში ვაშლი მოიპარეო. მაშინვე ჩაგდებენ მიწაში, იმიტომ, რომ ავტორიტეტი არ სჭირდებათ!

- როგორ ფიქრობთ, ახლა მამას თაობა რომ მოსწრებოდა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, როგორ შეხვდებოდნენ ამ ამბავს? ან თქვენი პირადი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით...

- ძალიან კარგად შეხვდებოდნენ,­ მიუხედავად იმისა, უმეტესობა პარტიული იყო, არასოდეს განელებიათ თავისუფლებაზე ოცნება. მაშინ ჩვენთვის ევროპა და ამერიკა იყო თავისუფლება. მაგის გამო ჩავაბარე უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში, რათა ამ ქვეყნიდან რომ გავქცეულიყავი, ენა მცოდნოდა.

- დაბოლოს, კახი კავსაძის თქმისა არ იყოს, გვეშველება რამე?

- გვეშველება თუ უწიგნურობას დავძლევთ. ესეც ამ ახალი თაობის მშობლების ბრალია. ადამიანი მაინც ოჯახიდან მოდის. მაგალითად, ჩვენთან ყოველდღე სადილზე 4 საათზე უნდა ყოფილიყავი. გშიოდა თუ არა, უნდა მოსულიყავი. მერე მიდიოდა საუბრები და განხილვები... ნასადილევს მამას 1 საათი მაინც უნდა დაეძინა, საღამოს კი თეატრში უნდა წასულიყო. ახლა ყველა გარეთ სადილობს, ოჯახის წევრებიც ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს. მოიშალა ყველაფერი. ცოტა ხნის წინ, მარჯანიშვილის თეატრში, გივი ბერიკაშვილის საღამო გაიმართა. ჩემი ნება რომ იყოს, რაღაცას მოვიფიქრებდი, რომ მსგავს საღამოებზე ახალგაზრდები მიგვეყვანა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომ ნახონ რა თაობის შვილები არიან. იქნებ უფრო მეტად შეუყვარდეთ თავისი ქვეყანა და წინაპრები. მე ერთი ვიცი მხოლოდ - უნდა გავაკეთო ჩემი საქმე და ვაკეთებ კიდეც. ჩემი, როგორც რეჟისორის მოვალეობაა, მსოფლიოს დავანახო საქართველო! გამგებს თუ უნდა, გაიგებს, დანარჩენი ჩემი საქმე არაა.

რუსუდან შაიშმელაშვილი