„საქართველოში საპატრულო პოლიციაში ჩემ გარდა არავინაა აზერბაიჯანელი ქალი“
21 წლის საბინა იუსუბოვა ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორად მუშაობს და როგორც მეუბნება, თავი ამ პროფესიაში იპოვა. გარდა ამისა, საბინა ერთდროულად ორ უნივერსიტეტში სწავლობს - ეუფლება იურიდიულ და სამედიცინო განათლებას, ფლობს ოთხ ენას. "ბედნიერი ვარ ხალხს და ჩემს ქვეყანას რომ ვემსახურები. ადამიანი თუ მიზანდასახულია და სურვილი აქვს, ყველაფერს მიაღწევს. ქართული ენა არ ვიცოდი, მოვინდომე და ვისწავლე, ჩაბარება მინდოდა და ერთის ნაცვლად ორ უნივერსიტეტში ჩავაბარე, პოლიციაში მუშაობა მინდოდა და გავხდი პოლიციელი. ჯერჯერობით, ყველა სურვილი ავისრულე. აი, ასეთი ჰიპერაქტიური ვარ, ვერ ვჩერდები", - იცინის და ეტყობა, რომ არც გაჩერდება.
- ქალაქ რუსთავში გავიზარდე, ბებია-ბაბუასთან. მშობლები სოფელ ქეშალოში ცხოვრობენ. რუსთავის მე-19 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, პირველი კლასიდან მასწავლებლების საყვარელი მოსწავლე ვიყავი. ბებიაჩემი აიშა ისტორიის მასწავლებელი იყო, მაგრამ როცა დავიბადე, სამსახურს თავი დაანება და ჩემს აღზრდას მოახმარა მთელი ცოდნა-ენერგია. ბაბუა, მაგარამ იუსუბოვი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად მუშაობდა მარნეულსა და რუსთავში (სამწუხაროდ, გარდაიცვალა) და მისი შემხედვარე თავიდანვე ექიმობაზე ვოცნებობდი.
2020 წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, შემდეგ წელს კი ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ორივეგან ქართულ სექტორზე ვსწავლობ.
- არ გიჭირს ორ უნივერსიტეტში სწავლა და თან მუშაობა? ან ქართული როდის ისწავლე ასე კარგად?
- კი, მიჭირს, მაგრამ მეორე მხრივ, მომწონს, ჰიპერაქტიური ვარ, ვერ ვჩერდები... ქართული ბავშვობაში არ ვიცოდი. რუსთავში მეზობელი მყავდა ქართულის მასწავლებელი და ის დამეხმარა ენის შესწავლაში. ქართულის ასათვისებლად ბევრი დრო დამჭირდა, დღესაც კი ვსწავლობ.
- სამედიცინოს სტუდენტმა პოლიციისკენ რატომ გაგიწიათ გულმა?
- ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული ენის შესწავლის ერთწლიანი კურსი რომ გავიარე, უნდა გადამეწყვიტა, რომელ ფაკულტეტზე მესწავლა. პოლიციელი ბიძა მყავდა, მაჰირი, რომელიც საზღვარზე მუშაობდა პატრულ-ინსპექტორად. ერთხელ ჩვენთან მოვიდა და მოიკითხა ჩემი სწავლის ამბები. ვუთხარი, რომ მიჭირდა ფაკულტეტის არჩევა. მითხრა, მოდი, სამართალი აირჩიე, კარგად ისწავლი და მერე მეც დაგეხმარები, რომ პოლიციელი გახდეო. ბიძაჩემს ძალიან უნდოდა მისი ქალიშვილი პოლიციელი გამხდარიყო, მაგრამ ის ადრე გათხოვდა. ამ საუბრიდან 20 დღეში ბიძა მტკვარში დაიხრჩო და იმ დღიდან მტკიცედ გადავწყვიტე მისი ოცნების ასრულება. ასე ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა ქვემო ქართლის საპატრულოში.
- ესე იგი, პოლიციაში იპოვეთ თქვენი ადგილი?
- დიახ, ჩემი პროფესია ვიპოვე. თავიდან ექიმობაზე თუ ვოცნებობდი, ახლა პოლიციელობა მეტად მომწონს. ბედნიერი ვარ, ხალხს და ჩემს ქვეყანას რომ ვემსახურები. როგორც პატრულ ქალს მძღოლები პატივს მცემენ. ჩვენც პატივისცემით ვექცევით მათ, სხვანაირად როგორ იქნება. თანამშრომლებიც ისე მეხმარებიან, მათგან იმხელა სითბოს და სიყვარულს ვიღებ, არც ვგრძნობ, რომ სხვა ერის წარმომადგენელი ვარ. ადამიანი თუ მიზანდასახულია და სურვილი აქვს, ყველაფერს მიაღწევს. მე ენა არ ვიცოდი, მოვინდომე და ვისწავლე, ჩაბარება მინდოდა და ერთის ნაცვლად ორ უნივერსიტეტში ჩავაბარე, პოლიციაში მუშაობა მინდოდა და გავხდი პოლიციელი. ჯერჯერობით, ყველა სურვილი ავისრულე, მინდა მეტს მივაღწიო.
- ალბათ, ამაზე არ გაჩერდებით...
- არ ვიცი, ხვალ რა იქნება. შესაძლოა მომავალში სამედიცინო ექსპერტობაზე ვიფიქრო... საქართველოში საპატრულო პოლიციაში ჩემ გარდა არავინაა აზერბაიჯანელი ქალი. გარდაბანში, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობს ერთი შესანიშნავი, ჩემთვის სამაგალითო ქალი, ნურლანა ახმედოვა.
- რამდენი ენა იცით?
- ოთხი: აზერბაიჯანული, ქართული, თურქული და ინგლისური. რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, სახელმწიფო ენა, წერა-კითხვა უნდა იცოდე. რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ.
- საბინა, პოლიციელობა როცა გადაწყვიტეთ, მშობლებისგან წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვედრიათ?
- ყველას ძალიან უკვირს აზერბაიჯანელი პატრული ქალი, მეკითხებიან, როგორი ოჯახი გყავს, რომ შენს პოლიციელობას როგორ დათანხმდაო. არადა, მე ყოველთვის თავისუფალი ვიყავი, ოჯახში არავინ მზღუდავდა. დავდიოდი ყველგან, სხვადასხვა ქალაქში, არც ერთი ექსკურსია არ ჩამიგდია. როცა პოლიციის აკადემიაში ჩაბარება გადავწყვიტე, არავისთვის მითქვამს, ვიდრე ბოლო ეტაპი არ გადავლახე. სპეციალური შემოწმების შემდეგ მომივიდა პასუხი - თქვენ იწყებთ აკადემიაში სწავლას ამა და ამ დროს. ჩავედი სოფელში და მამას ვუთხარი, მამა, პოლიციელი უნდა გავხდე, აკადემიაში ჩავაბარე-მეთქი. მარტო ის მითხრა, შენი ხმა აღარ გავიგო, დავიღალეო. მერე დასძინა, შენი მჯერა და ვიცი, არასდროს მიიღებ ცუდ გადაწყვეტილებას, ეს არჩევანი თუ გაქვს, მე შენ გვერდით ვარო.
- თქვენს თემში ქალთა უფლებებზე მაინტერესებს თქვენი აზრი...
- გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ და სულ ამას ვამბობ ყველასთან. ქალი ძლიერი უნდა იყოს, კაცი ხომ ისედაც ძლიერია? მაინცდამაინც ფიზიკურ ძალას კი არ ვგულისხმობ, სულით, ჭკუით, ცოდნით ძლიერები უნდა იყვნენ. ქალებს წინსვლა უჭირთ და განათლება აუცილებელია. ქალთა უფლებები არ უნდა იყოს შეზღუდული, თუ სურვილი აქვს, ქალმა უნდა ისწავლოს, იმუშაოს... ყველა გოგონას ვურჩევ მიზანი დაისახოს და წინააღმდეგობის მიუხედავად, მის მისაღწევად იბრძოლოს, არაფრის შეეშინდეთ.
გოგონებს რომ ზღუდავენ, არ აძლევენ განათლებას, ამის მიზეზი ის მგონია, რომ ზოგ მამაკაცს ეშინია, რომ ქალი მასზე წინ არ წავიდეს. მგონი, ქალების სიძლიერის ეშინიათ ჩვენს მამაკაცებს.