ემიგრაცია „კეთილდღეობისთვის“ და შვილებთან გაუცხოების მძიმე შედეგი... - კვირის პალიტრა

ემიგრაცია „კეთილდღეობისთვის“ და შვილებთან გაუცხოების მძიმე შედეგი...

"დღევანდელი მოზარდების ტრაგედია დედ-მამასთან გაუცხოებაა, რასაც მწვავე­ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მივყავართ", - ამბობს ფსიქოთერაპევტი მანანა­ სოლოღაშვილი, რომელსაც ამ მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრეთ:

- გარდატეხის ასაკში მშობლის როლი განუზომელია: სწორედ ამ ასაკში მიმდინარეობს ბავშვის ტრანსფორმაცია, მისი მომწიფება ფიზიკურად და სექსუალურად... ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოზარდობის ასაკად მიიჩნევს ადამიანის სიცოცხლის ეტაპს 10-დან 20 წლამდე, საქართველოში კი მიჩნეულია, რომ ეს ეტაპი 12-დან 19 წლის ასაკამდე გრძელდება. ეს არის მოზარდობის ასაკი - ყველაზე რთული, გარდამავალი პერიოდი. ამ ასაკში მოზარდი შეიძლება უმიზეზოდ ტიროდეს, იცინოდეს, ბრაზობდეს... ისინი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან, მაგრამ საამისოდ არც ფინანსური რესურსი აქვთ და არც სხვა საშუალება. წარმოიდგინეთ, რამდენად უმწეოა ამ სიტუაციაში ბავშვი, რომელსაც დედა ან მამა გვერდით არ ჰყავს.

- საქართველოში ათასობით მოზარდის მშობელი ემიგრაციაშია, ზოგს არც დედა ჰყავს გვერდით და არც მამა. როგორ აისახება ეს ბავშვის ფსიქიკაზე?

- უკიდურესად აზიანებს. ამ ასაკში მოზარდს ისედაც ახასიათებს მშობლებისგან გაუცხოება. ამ მოვლენაზე მოსწრებულად ამბობდა მარკ ტვენი, როცა 15 წლის ვიყავი, მამაჩემი იმდენ სისულელეს ამბობდა, ვერ ვიტანდი, მაგრამ 21 წლის რომ გავხდი, გამიკვირდა, როგორ დაჭკვიანდა მოხუცი რამდენიმე წელიწადშიო... დიახ, ამ ასაკის ბავშვებს თანატოლებთან ურთიერთობა უფრო მოსწონთ და მათ მეტად ენდობიან, ვიდრე მშობლებს, მით უმეტეს, როცა ისინი შორს არიან. დედ-მამის სიშორე ყველაზე მეტად მოზარდის თვითშეფასებას აზიანებს, თვითშეფასება კი დიდ როლს ასრულებს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ბავშვს დედა, მამა ან ორივე მშობელი ტოვებს იმ ასაკში, როცა მის ორგანიზმში წარმოუდგენელი ძვრებია, მოზარდები გულჩათხრობილები ხდებიან, თავს დაუცველად გრძნობენ და ზოგჯერ აგრესიულადაც იქცევიან. მშობელთან დაშორება კიდევ უფრო ამძაფრებს ყველა ემოციას, რაც ამ სტადიაზე მოზარდისთვის ისედაც დამახასიათებელია. შესაძლოა ჩვენი მკითხველი დაინტერესდეს, რით აიხსნება ეს ყველაფერი - უპირველეს ყოვლისა, მშობელსა და მოზარდს შორის ხშირი ემოციური კავშირის უქონლობიით. მათ შორის ემოციური კავშირი არ უნდა გაწყდეს, განსაკუთრებით, მამასთან.

- რატომ მაინცდამაინც მამასთან?

- ფსიქოლოგებმა კარგად იციან, რომ მამა-შვილს შორის კავშირი განსაკუთრებით სათუთი და მოსაფრთხილებელია. შვილი დედასთან ემოციურ კავშირს დიდ­ხანს ინარჩუნებს, თუნდაც იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს. რა ხდება მამასა და შვილს შორის? - საკმარისია, ერთმანეთს ორი კვირის განმავლობაში არ დაელაპარაკონ, რომ ემოციური კავშირი გაწყდეს.

შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ფაქტია. დედა შესაძლოა წასული იყოს, მაგრამ შვილთან მისი კავშირი სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს - სანამ რომელიმე მათგანის სიცოცხლე არ დასრულდება. ეს კანონზომიერება დადგენილია იმ დედებთანაც კი, რომლებმაც შვილი გააჩინეს და ისე გააშვილეს, რომ არც უნახავთ. სწორედ ამით აიხსნება, რომ ასეთი­ დედები მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან და დედა-შვილი ერთმანეთს ეძებს. ადვილი წარმოსადგენია, რა ემართება ბავშვს, რომლის დედა ემიგრაციაში მიდის და ბებია-ბაბუის, ნათესავების ან ძიძის იმედად ტოვებს!

- თქვენც გყოლიათ ასეთი პაციენტები?

- რასაკვირველია. ერთ-ერთი ახლა უკვე 28 წლისაა. 10 წლის იყო, როდესაც დედა უცხოეთში სამუშაოდ წავიდა და ბებია-ბაბუასთან დატოვა. ბაბუა ხშირად სვამდა, ჩხუბობდა და გოგონას, უბრალო რამის გამო სჯიდა. დღეს ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. დედას უცხოეთში ჩააკითხა, მაგრამ მასთან საშინელი გაუცხოება იგრძნო. ამ ყველაფრის გამო ბოლოს ფსიქოზის ზღვრამდე მივიდა. ამას წინათ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ასეთი შვილის სტატუსი წავიკითხე - დედა უცხოეთში მაშინ წასულა, როცა შვილები სტუდენტები გახდნენ. ახალგაზრდა ქალი წერდა: "დაბადების დღეს გილოცავ, დედა! ამ 15 წლის განმავლობაში დანაშაულის გრძნობა მახრჩობს, რომ ჩემ გამო წახვედი, ახლაც ამ გრძნობით ვცხოვრობ. სულაც არ მინდოდა ეს დიპლომი, ოღონდ შენ გვერდით ვყოფილიყავი".

თვითონ მშობლებიც განიცდიან შვილებთან გაუცხოებას. ვიცნობ ქალს, რომელიც წლებია, უცხოეთშია, მძიმედაა ავად, რამდენიმე თვით დაბრუნდა, რომ ემკურნალა, მაგრამ შვილებთან, რომლებსაც უკვე საკუთარი ოჯახები აქვთ, საშინელი გაუცხოება იგრძნო და ისევ უკან გაბრუნდა. ასე რომ, გაუცხოება მარტო შვილების კი არა, მშობლების ტრაგედიაცაა.

- დედები ხომ იმისთვის მიდიან უცხოეთში,­ რომ მათ შვილებს ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეთ?

- გააჩნია, ვისთვის რაა ფასეული: ერთისთვის მთავარი სულიერი ურთიერთობაა, ვიღაცისთვის - აიფონ-14, კარგი ბინა და კარგი ავეჯი. ფაქტია, მოზარდობის ასაკში დატოვებული ახალგაზრდების უმრავლესობას ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება უვითარდება, მათ უფრო ხშირად ითრევს ქუჩა. ამ ახალგაზრდების დედები ან მამები უცხოეთში არიან გადახვეწილი, შვილებს ფულს უგზავნიან, მაგრამ ამ ფულით მათი შვილები ჯანმრთელობას იზიანებენ. მე ნამდვილად არ მივცემ თავს უფლებას, რომ მათ რაღაც ვურჩიო, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს - მოზარდობის ასაკში მაინც არ დატოვონ შვილები, რომლებსაც რთულ დროში უწევთ ცხოვრება, არ მოაკლონ მათ სითბო და მაქსიმალური მხარდაჭერა აგრძნობინონ!

შეიძლება მშობელი არსად იყოს წასული, მაგრამ სამსახურიდან ისეთი დაღლილი ბრუნდებოდეს, რომ შვილისთვის აღარ ეცალოს, უფრო მეტიც, დაძინებულს ტოვებდეს და დაძინებულს ნახულობდეს. არადა, ბავშვისთვის აუცილებელია მშობელმა მისთვის 20-30 წუთი მაინც გამონახოს. ჩვენ ამას ემოციურ არეკვლას ვუწოდებთ - ეს ნიშნავს, რომ დედ-მამას შვილთან ემოციური კონტაქტი უნდა ჰქონდეს, მისი ინტერესებით დაინტერესდეს, ჰკითხოს, თავს როგორ გრძნობს, დღემ როგორ ჩაიარა და ა.შ. ზოგს ჰგონია, შვილს საკვები და ტანსაცმელი თუ აქვს, ეს საკმარისია. სამწუხაროდ, ასეც ხდება: შეიძლება მშობელი არსად წავიდეს, მაგრამ მათ შორის გაუცხოება მაინც იგრძნობოდეს, განსაკუთრებით, მოზარდობის ასაკში, როდესაც მშობელს ყველაზე მეტად ევალება შვილს სირთულეების გადალახვაში დაეხმაროს.

ფსიქოლოგის რჩევები

გარდატეხის ასაკში მოზარდს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს კვებისა და ძილის რეჟიმი, ის ზედმეტად არ უნდა გადავტვირთოთ როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად...

თუ ცუდად მოიქცევა, მკაცრი ზომების გამოყენებას თავი უნდა ავარიდოთ და ქცევის წესები მშვიდად ავუხსნათ.

როდესაც მოზარდს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება სურს, ამის საშუალება უნდა მივცეთ და მხარი დავუჭიროთ. ზოგჯერ მისი უცნაური ახირებაც მშვიდად მივიღოთ, თუ ამ ახირებით სხვებს ან საკუთარ ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.

არ უნდა გავაკრიტიკოთ მათი უცნაური ჩაცმულობა ან ვარცხნილობა, რადგან ეს მათთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი გზაა. როცა ცუდად იქცევიან, მარტივი ენით, მშვიდად, სიყვარულით ავუხსნათ, რომ ასე არ შეიძლება. მათი ქცევა უნდა გავაკრიტიკოთ და არა პიროვნება.

მუდმივი დაღლილობა, აპათია ან ზედმეტი ენერგიულობა სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს და უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. მოზარდის ნიჭი, უნარი და მიღწევები უნდა დავაფასოთ და რაც შეიძლება ხშირად შევაქოთ - ეს უნდა იცოდნენ მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა, რომლებსაც ოჯახში მოზარდი ჰყავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე