"სულ მეშინია, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ დამაშვებინოს, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის - საზი­ანოდ იქცევა" - კვირის პალიტრა

"სულ მეშინია, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ დამაშვებინოს, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის - საზი­ანოდ იქცევა"

დღეს საქართველოსა სახალხო არტისტის, რეჟისორ თემურ ჩხეიძის საიუბილეო დაბადების დღეა - დიდი მაესტრო 80 წლის გახდებოდა. თბილისის საპატიო მოქალაქე 1943 წლის 18 ნოემბერს დაიბადა.

ერთხელ ბატონ თემურს ჩავეკითხე (უფრო ზუსტად, მის მიერ პეტერბურგში დადგმულ ინგლი­სურ პიესაში - "კოპენჰაგენში" დასმული მთავარი საკითხი კითხვად შე­ვუბრუნე) - სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის პირადი პა­სუხისმგებლობა-მეთქი? - უცნაურად გამიღიმა, - თუკი რამ სატანჯველი შეკითხვა არსებობს, ერთ-ერთი სწორედ ეს შეკითხ­ვააო, - და განაგრძო:

მთელი ცხოვრება ამ ზღვარს ვეძებთ. ერთია, პირადად მე რა მინდა და მეორე - რაც მინდა, თუ სჭირდება სხვას, სხვებს და, თუ პათეტიკურად არ ისმის - ქვეყანას. მუდმივი კითხვაა, მუდმივი საფიქრალი და საზრუნავი. სულ მეშინია, ღმერთმა ისეთი შეცდომა არ დამაშვებინოს ან ისე არ დამებინ­დოს გონება, რომ გავაკეთო რაღაც, რაც ჩემთვის კარგია და სხვისთვის - საზი­ანოდ იქცევაო...

წლიდან წლამდე ვერ მიცილებდა, ვურეკავდი, ვთხოვდი შეხვედრას და ინტერვიუს, ის კი მეხვეწებოდა, დამანებე თავი, რამდენი ინტერვიუ უნდა აიღო ჩემგან, დაგრჩა რამე საკითხავიო? მაინც არ ვეშვებოდი და ღიმილით ვუმტკიცებდი, - დამრჩა-მეთქი, - სინამდვილეში, მანამდეც და მას შემდეგაც ინტერვიუებს მაინც ვწერდით!

403984253-7544181248931470-1173202232717465812-n-1700319678.jpg
ჟურნალისტი ირმა ხარშილაძე და თემურ ჩხეიძე. 2001 წელი.

ერთ-ერთი ინტერვიუ სულაც ზუგდიდი-თბილისის გზაზე შედგა, რიკოთზე შესვენებისას.

ყოველი ინტერვიუ დიდი შემოქმედის და დიდი ადამიანის ერთგვარი მასტერკლასი იყო ჩემთვის.

პირისპირ პირველი შეხვედრა და ჩაწერა კი რადიოს უკავშირდება, იმდროინდელია, საზოგადოებრივი რადიოს პირველ არხზე რომ ვმუშაობდი და საყმაწვილო გადაცემაზე რომ მოვიწვიეთ - ვირტუალური "გემი ბავშვობით" ბატონი თემურის ბავშვობაში უნდა გვემოგზაურა.

ძირითადად, კითხვებს ჩვენი რადიოჯგუფის ბავშვები უსვამდნენ. მახსოვს, ბევრი საინტერესო ამბავი მოგვითხრო თავისი ბავშვობიდანაც. რამდენი ხანია, მინდა იმ ჩანაწერებს ჩავუჯდე, მაგრამ ვერაფრით მოვიცალე.

400029178-6887855181281355-1824532396218734599-n-1700319775.jpg
თემურ ჩხეიძის დაბადების დღე, 2015 წლის 18 ნოემბერი, ზუგდიდი

მახსოვს, ძალიან გვასიამოვნა, ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ცხადია - ჩვენც, უფროსებიც.

თარიღიც კი მახსოვს - 2001 წლის 14 ნოემბერი იყო... მაშინ არ ვიცოდი და... თურმე, მის დაბადების დღემდე 4 დღით ადრე გვისეირნია ბავშვობის გემით.

რადიოდან წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წელი იყო გასული და, უკვე "პალიტრა მედიის" ჟურნალისტმა, სულ სხვა სახის ინტერვიუებით შევუღონე გული.

399939459-156244660885611-2845218635036909663-n-1700319775.jpg
ფოტო: ირმა ხარშილაძე

თუმცა ამ ინტერვიუებს უკვე სხვაგვარი - გაცილებით სერიოზული შინაარსი ჰქონდა, საჭირბოროტოც, გლობალურიც და შემეცნებითიც!

მეც, თითქოს, უფრო დავუახლოვდი, თავადაც მენდობოდა და ინტერვიუებიც საკმაოდ გულახდილი, გულწრფელი გამოდიოდა!

დაუვიწყარი იყო ჩვენი ერთად მოგზაურობა ზუგდიდში!

დაუვიწყარი იყო მასთან ყოველი შეხვედრა!

დაუვიწყარი იყო მისი შემეცნებითი მასტერკლასები!

დაუვიწყარი იყო და არის - თავად!!!

399956802-856934652645057-5493199713915450389-n-1700319775.jpg
ფოტო: ირმა ხარშილაძე

უკანასკნელად (აბა, რას წამოვიდგენდი, რომ მეტად ვეღარ ვნახავდი) თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ფოიეში შევხვდით, დიდი ხნის უნახავი მყავდა, კოვიდის ტალღა თითქოს უკვე შენელებული იყო... ორივემ გავიხარეთ შეხვედრით, გულთბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი და ის-ის იყო, ინტერვიუს ჩაწერაზე დავაპირე საუბრის გაგრძელება, რომ რაღაც მოიმიზეზა და... თავაზიანად "გამექცა".

ოღონდ ეცოცხლა და სულ აღარ ჩავწერდი ინტერვიუს.

დღეს თქვენი დაბადების დღეა, ბატონო თემურ და ამ ქვეყნიდან იმ დიდ ქვეყანაში გილოცავთ 18 ნოემბერს, იმ ქვეყანაში, სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ არის სიხარული და - ცხოვრება იგი დაუსრულებელი...

მარადიული სასუფეველი ჰქონოდეს თქვენს უკვდავ სულს!

უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით, ირმა ხარშილაძე

წაიკითხეთ ასევე: "სასწაულს ტანი გიგრძნობს" - თემურ ჩხეიძის ზუგდიდური "მასტერკლასი" 50 წლის შემდეგ