"ყველაფერი მოუჩანთ და სასირცხო ადგილებზე ლამის, ფოთოლი აქვთ აფარებული... ძალიან ბევრი სასახელო, კარგი ახალგაზრდაც გვყავს" - რას ნატრობს ყველაზე მეტად მედეა ლორთქიფანიძე
"ადამიანის ცხოვრება სიყვარულის გარეშე უფერული და უშინაარსო იქნებოდა", - ამბობს ყოველთვის ღიმილიანი, პოზიტიური ქალბატონი - მედეა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს:
- ადამიანს ცხოვრებაში უამრავი სირთულე ხვდება, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ: სულ ახალგაზრდამ ძალიან დიდი გაჭირვება გამოვიარე - ოთხ წელიწადში მთელი ოჯახი დავკარგე - ერთიმეორის მიყოლებით დამეღუპა ბებია, მშობლები და ძმა! ოთხი უახლოესი ადამიანი ასე ერთბაშად გამომეცალა ხელიდან. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ახალი დამთავრებული მქონდა, ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და სად წავსულიყავი, ისიც არ ვიცოდი. თბილისში რომ ჩამოვედი, ერთხანს დეიდასთან ვცხოვრობდი და რომ გამიჭირდა, ჭურჭლის მრეცხავადაც კი ვიმუშავე. არც კი მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში უფრო ნათელი დღეები დადგებოდა.
- როგორ მოახერხეთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა?
- ღვთის წყალობით, გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც ამ განსაცდელში ხელი გამომიწოდა და გზაზე დამაყენა: კუკური მჟავანაძე - ასე ერქვა ადამიანს, რომლის ამაგს ალბათ ვერასდროს გადავიხდი. მისი რჩევით და დახმარებით, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავაბარე და ამ ინსტიტუტის თეატრში დავიწყე მუშაობა. ამავდროულად, სტუდქალაქში ბინაც გამომიყო. ასე, თანდათან, დავაღწიე თავი ახლობლების დაღუპვით გამოწვეულ სტრესს და ცხოვრებისეულ სირთულეებს. ამასობაში, ჩემს პირად ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა და მომავლის იმედი გამიჩინა - ეს იყო ჩემი მომავალი მეუღლე შალვა მახარაძე, რომელთანაც ყველაზე ბედნიერი წლები მაქვს გატარებული. ის ძალიან კარგი ექიმი იყო, პროფესორის წოდება ჰქონდა და ყველაზე ცნობილი ექიმებიც კი პატივს სცემდნენ. მერე გაჩნდა ჩემი ერთადერთი ქალიშვილი - შორენა, რომელმაც მამის გზა აირჩია და სამედიცინო დაამთავრა. მას ორი შვილი ჰყავს და მათ ზრდის. ბედნიერი ვარ, რომ კარგი ოჯახი შექმნა, საუკეთესო სიძე მყავს და ოთხივეს ერთად რომ ვხედავ, ყველაფერი ცუდი მავიწყდება.
- როცა დაოჯახდით, მსახიობის კარიერა რატომ დათმეთ?
- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, ბავშვივით მიხაროდა, რომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრში ვმუშაობდი, სულ იქ ვიყავი, მაგრამ სცენით გატაცებას სიყვარულმა და ოჯახმა აჯობა: მომავალმა მეუღლემ იმდენი მოახერხა, რომ თანდათან შევეჩვიე და მის გარეშე ვეღარ ვძლებდი. უგანათლებულესი, ძალიან კეთილშობილი და კარგი ადამიანი იყო. როცა დავქორწინდით, მითხრა, კარიერაზე ზრუნვას, სჯობს, ბავშვს და ოჯახს მიხედოო, მეც ხათრი ვეღარ გავუტეხე და არჩევანი ოჯახის სასარგებლოდ გავაკეთე.
- ქალბატონო მედიკო, დღევანდელი ახალგაზრდები სხვაგვარად ფიქრობენ - ისინი ოჯახის გამო კარიერას იშვიათად თმობენ...
- მე მაშინაც ასე ვფიქრობდი და ახლაც მგონია, რომ ქალმა ჯერ ოჯახს და შვილებს უნდა მიხედოს. პატარა ბავშვს დედა სჭირდება და არა ბებია, ან ძიძა: ჩვილი ბავშვი დედის სიახლოვეს და სიყვარულს ძალიან კარგად გრძნობს, თითქოს პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება. ამიტომ, სცენას და მსახიობობას ოჯახი ვარჩიე. ძალიან კარგად ვცხოვრობდით, დამხმარე ქალიც გვყავდა და ჩემი მეუღლე არაფერს გვაკლებდა. ბავშვი რომ წამოიზარდა, სამსახურიც მომიძებნა ზოოლოგიის ინსტიტუტში, სადაც ძალიან კარგი ხალხი დამხვდა, ყველასთან მეგობრულად ვიყავი, რადგან არაჩვეულებრივი თანამშრომლები მყავდა. იქაურ მეგობრებს ჩემს ცხოვრებაში ვერ დავივიწყებ, რადგან მათგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს. მეც ყველას კარგად ვექცეოდი, ასეთი ხასიათი მაქვს: ადამიანს ბოროტებას არ გავუკეთებ, ჭორაობა ხომ საშინლად არ მიყვარს, რამდენჯერ წაჩხუბებული ხალხიც შემირიგებია, პრეტენზიული საერთოდ არ ვარ და ალბათ ამიტომ, სადაც კი მიმუშავია, თითქმის ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს.
- პოლიტიკის გამო არასდროს გიკამათიათ?
- პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ჩემი საქმე არაა. არ მესმის, ადამიანები პოლიტიკის გამო რატომ კამათობენ. ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს, ჩვენი ცხოვრება ხომ ბევრად უკეთესი იქნებოდა? პოლიტიკას თავისებური ცოდნა და განათლება უნდა, ასეთი განათლება მე არ მაქვს, ამიტომ, როდესაც პოლიტიკაზე კამათობენ, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ არ მინდა, ჩვენი შვილები ომში დაიღუპონ. არ მინდა, დედებს შვილების ნაცვლად, ფარატინა ქაღალდი ჩამოუვიდეთ, სადაც წერია, რომ ის გმირულად დაიღუპა! ომი არ მინდა - სულ ეს არის ჩემი ნატვრა და ყველაზე დიდი სურვილი.
- როგორ ფიქრობთ, რამდენჯერ შეიძლება შეუყვარდეს ადამიანს?
- სიყვარული ისეთი გრძნობაა, რომ არც მოსვლას გეკითხება და არც - წასვლას. თუ კარგი ოჯახი გაქვს, ქმარი პატივს გცემს და შენც გიყვარს, ასეთი სიყვარული იოლად არ გაქრება, მაგრამ როცა ქმარი ყოველდღე ნასვამი მოდის და სულ გეჩხუბება, მისდამი სიყვარული ნელ-ნელა ქრება და ქალი ახალ სიყვარულს ეძებს. ამიტომ, მე სულ ვამბობ - კაცების ბრალია, როცა ქალები ორჯერ და სამჯერ თხოვდებიან. კაცი სულ რომ იგინება, ილანძღება და მეუღლეს ამცირებს, იმას ვინ შეიყვარებს? ქმარმა ქალს ტკბილი სიტყვა უნდა უთხრას, ტკბილი სიტყვით ყველაფერს მიაღწევს, ჩხუბით და გინებით კი, სიყვარულსაც დაკარგავს და პატივისცემასაც. ვიღაცასთან რომ დადიხარ, შოკოლადები და შამპანურები მიგაქვს, ცოლისთვის კი, ხმელი პური არ გემეტება, ასეთ ოჯახში სიტკბო და სიყვარული როგორ იქნება?
- ახლანდელ ახალგაზრდებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად თავისუფლები არიან, თქვენც ეთანხმებით ამ საყვედურს?
- ამას ყველა თაობის ახალგაზრდებზე ამბობდნენ, მაგრამ ამ თაობის გოგონებში იცით, რა არ მომწონს? - ყველგან საყურე რომ უკეთიათ. ორიოდე წლის წინ, ავტობუსში ერთი ლამაზი გოგო დამემგზავრა. გვერდით რომ მომიჯდა, შევხედე და წარბზე საყურე ეკეთა... უიმე, რა ლამაზია, როგორ გიხდება-მეთქი, კომპლიმენტი ვუთხარი. მერე დავაკვირდი და ყურზეც რამდენიმე საყურე ეკეთა, ცხვირშიც საყურე ჰქონდა და ტუჩზეც. ვეღარ მოვითმინე და ვკითხე: დედიკო, კიდევ სად გიკეთია ეს შეჩვენებული საყურე-მეთქი და ხელი ქვევითკენ წაიღო. ხმამაღლა დავიძახე: არიქა, არ გინდა, აღარ მაჩვენო-მეთქი... თურმე, ჭიპზეც საყურე ეკეთა, მერე ენა გამოყო და იქაც ერთი საყურე ჰქონდა დამაგრებული... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა - მე ხომ წყნარად ლაპარაკი არ შემიძლია, ყველაფერს ქოთქოთით ვამბობ და ჩემს რეაქციაზე მთელი ავტობუსი სიცილით კვდებოდა. არ მესმის, ახალგაზრდა, ლამაზ გოგოს ყველგან საყურე რატომ უნდა ეკეთოს?! არც ის მომწონს, საყურე კაცს რომ უკეთია, თითებზე ბეჭდები აქვს ასხმული და თვალებს აბრიალებს!
- პირსინგის მსგავსად, ტატუც არ მოგწონთ?
- ეგ რა მოსაწონია, დედიკო?! მოდის ახალგაზრდა, ლამაზი გოგო და სხეული ათასნაირი ნახატით აქვს აჭრელებული... ადრე, ეგეთ ადამიანს რომ დავინახავდით, ციხიდან ახალი გამოსული გვეგონა და გავრბოდით. ახლა მთელი სხეული მოხატული და აჭრელებული აქვთ. ადრე, ქალს კოჭი რომ გამოსჩენოდა, სირცხვილი იყო, ახლა ყველაფერი მოუჩანთ და სასირცხო ადგილებზე ლამის, ფოთოლი აქვთ აფარებული. ქუჩაში ტიტლიკანები რომ დადიან, ეს ყველაზე მეტად არ მომწონს, მაგრამ არ მინდა, ჩვენი ინტერვიუ უარყოფით ნოტაზე დასრულდეს და გეტყვით, რომ ძალიან ბევრი სასახელო, კარგი ახალგაზრდაც გვყავს.
- ყველაზე მეტად რა მოგწონთ ამ თაობაში?
- ძალიან ნიჭიერი, გონიერი თაობა მოდის, რომელიც ცდილობს, ყველაფერს თავისით მიაღწიოს. ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მათ ხელი შეუწყოს და ნორმალური სამსახურით უზრუნველყოს. ახალგაზრდა ბიჭებს იმხელა შემოსავალი უნდა ჰქონდეთ, რომ ოჯახის შექმნა არ უჭირდეთ... ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გადავრჩეთ, რომ ჩვენი ხალხი გამრავლდეს და გაძლიერდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)