„არჩევნები საქართველოში არ უნდა გაყალბდეს, ვინაიდან მმართველ ძალას ეს არ სჭირდება. მას ისედაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“ - კვირის პალიტრა

„არჩევნები საქართველოში არ უნდა გაყალბდეს, ვინაიდან მმართველ ძალას ეს არ სჭირდება. მას ისედაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“

ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებზე "კვირის პალიტრა" მწერალ კონსტანტინე ჯანდიერს ესაუბრა:

- კანდიდატის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობაზე გკითხავთ. რას ნიშნავს ეს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის?

- ახალი წელთაღრიცხვის 423 წელს ქართლის ქრისტიანმა მეფე ვარაზ-ბაკურმა (იგივე ბურზენმა), ბიზანტიის იმპერატორ თეოდოს II-ის მოთხოვნით კონსტანტინოპოლში გაგზავნა თავისი 12 წლის ვაჟი მურვანი. ეს იყო გარანტია იმისა, რომ ბიზანტიისა და ირანის მწვავე დაპირისპირებაში ქართლი სპარსეთს არ მიემხრობოდა. როგორც ჩანს, ქრისტიანობა არც მაშინ კმაროდა იმისათვის, რომ დასავლურ ცივილიზაციას საქართველოს ნდობა ჰქონოდა.­ ოცი წლის შემდეგ იმპერატორის კარზე აღზრდილი მურვანი დიდი ქრისტიანი ასკეტი და გამოჩენილი ღვთისმეტყველი - პეტრე იბერი გახდა. ქართლის სამეფოსთვის მაშინ ეს იყო ერთგვარი ცივილიზაციური გზაგასაყარი. ქრონისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ: "მურვანის მამამ, იბერთა ქვეყნის მაშინდელმა მბრძანებელმა, გაგზავნა­ იგი, ვინაიდან ის ქრისტიან რომაელთა მეგობრობას უფრო მაღლა აფასებდა, ვიდრე უღვთო სპარსელთა დახმარებას". დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, ეს საგარეო ვექტორის არჩევას ნიშნავდა. იმ შორეული დროიდან დღემდე ქართველთა ცნობიერებაში, ყველაფრის მიუხედავად, ეს ვექტორი უცვლელი იყო, მუდამ დასავლეთისკენ მიმართული. ქართული კულტურა და მენტალობა საუკუნეების განმავლობაში­ დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი­ იყო, იმის მიუხედავად, რომ ამ სულიერი ერთობის პოლიტიკურად გაფორმება დიდხანს შეუძლებელი იყო. რა გასაკვირია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე­ საქართველოს საგარეო კურსი ევროპისა­ და შეერთებული შტატებისაკენ მიიმართა.­ დასავლეთთან ინტეგრაციის გზა მრავალი­ მიზეზის გამო აღმოჩნდა რთული და წინააღმდეგობებით სავსე. არ არსებობდა საგარეო ურთიერთობების ელემენტარული გამოცდილება, პროფესიონალ დიპლომატთა კადრები, ოფიციალური ვიზიტების გამართვისა და საელჩოების შესანახად საჭირო ფინანსური რესურსი. გარდა ამისა, ინტეგრაციის ყველა ეტაპზე ვაწყდებოდით რუსეთის გააფთრებულ წინააღმდეგობას დიპლომატიური, ეკონომიკური და პირდაპირი სამხედრო საშუალებების გამოყენებით. რაც მთავარია, არ არსებობდა თავად ჩვენი­ დასავლელი პარტნიორების­ მზაობა საქართველოს (ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების) დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებისათვის. დასავლეთში ბევრი უფრთხოდა ბირთვული იარაღის მქონე საბჭოთა კავშირის დაშლას და ეს ბუნებრივიცაა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საწყის ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა შევარდნაძის ფაქტორი. მისდამი დასავლეთის ნდობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რამაც განაპირობა ჯერ ბაქო-სუფსის, მერე კი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენების, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების რეალიზაცია, შეიარაღებული ძალების წვრთნისა­ და აღჭურვის პროგრამის დაწყება, ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. ქვეყანამ საერთაშორისო ფუნქცია შეიძინა და საბოლოოდ სტამბოლის შეთანხმების თანახმად რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანით დაგვირგვინდა.

ამ საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებებში,­ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად უდიდესი როლი შეასრულა შევარდნაძის შექმნილმა საკონსულტაციო-სარეკომენდაციო ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის სამუშაო ორგანოს საგარეო პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში. ყველაფერთან­ ერთად, განათლებულ, ინტელექტუალურ პირთა ეს ჯგუფი ქართული დიპლომატიის სკოლა, ერთგვარი "კადრების სამჭედლო" აღმოჩნდა. ამ ჯგუფის წევრების, სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სამინისტროს ყველა­ თაობის თანამშრომელთა დაუღალავი, თანამიმდევრული მუშაობის შედეგია ყველა საგარეო პოლიტიკური მიღწევა გასული საუკუნის 1991 წლიდან მოყოლებული, 1999 წლის სტამბოლის ისტორიული შეთანხმებით დამთავრებული.

ეს მეთოდური, თანამიმდევრული სვლა ევროპული და ევროატლანტიკური მიმა­რთულებით ათასგვარი წინააღმდეგობის­ - ტერაქტების, რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის, შიდაპოლიტიკური­ უთანხმოებისა და სხვა ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, არ შეჩერებულა.­ ამის დასტურია ევროკავშირთან ასოცირე­ბის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, საქართ­ველოს ევროპული პერსპექტივა და ბოლოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ღიმილის მომგვრელია ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილის საღ აზრს მოკლებული მტკიცება, თითქოს ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლებამ კი არა. ევროპული ოჯახის წევრობას ქართველი ხალხი V საუკუნიდან, პეტრე იბერის დროიდან მიელტვის და იმსახურებს. ქართველი ხალხის არჩეულია ყველა მთავრობა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ევროპისკენ გადადგა ნაბიჯები. ამავე ხალხმა, 2012 წელს, "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებიდან არა ევროპული კურსის გაგრძელების, არამედ სწორედაც სრულიად ანტიევროპული, ტოტალიტარული და სადისტური მმართველობის გამო გაუშვა ხელისუფლებიდან. ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალური გაფორმება უეჭველად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური წარმატება, მისი წარსულის, კულტურისა და ცივილიზაციური ღვაწლის აღიარება; და კიდევ: ეს იქნება ხალხის, მთავრობის და, ცხადია, მთელი ქართული დიპლომატიის მორიგი გამარჯვება. თუ მაინცდამაინც გვინდა ეს გამარჯვება ვინმეს პერსონალურად მივულოცოთ, მაშინ, დათო მაღრაძის თქმისა არ იყოს, ასეთ პიროვნებად ნამდვილად ედუარდ შევარდნაძე მესახება.

- ამ სტატუსს აქვს დათქმები, ერთ-ერთი ისაა, რომ საპარლამენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. გჯერათ, რომ ასე იქნება?

- გაყალბებული არჩევნები არაერთი­ მინახავს, მაგალითად, 2008 წლის საპრეზი­დე­ნტო არჩევნები საქართველოში, 2020 წლის პრეზიდენტის არჩევნები აშშ-ში, როდესაც ზოგიერთ შტატში საკანონმდებლო­ დონეზე დაშვებული იყო ხმის მიცემა ფოსტით, ამომრჩევლის იდენტიფიკაციის გარეშე. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ უნდა გაყალბდეს, ვინაიდან მმართველ ძალას ეს არ სჭირდება. მას ისედაც მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მეტიც, ეს მისთვის კონტრპროდუქტიული იქნება, რადგან ოპონენტები, მათი სპონსორები, კარგად დაფინანსებული არასამთავრობოების ნაწილი და უცხოელი მფარველები ყველა შემთხვევაში შეეცდებიან არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებას. ისინი მხოლოდ აქ ხედავენ თავის შანსს. და კიდევ, არჩევნებზე დაკვირვების მანდატი­ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეთ არჩევნებთან დაკავშირებულ ყალბი ინფორ­მაციის გავრცელებაში მხილებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა გამოცდილება მკარნახობს, რომ საზოგადოება ინტუიციურად ყოველთვის გრძნობს სიყალბეს.

- "ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი, კითხვის ნიშანი დაესმება საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას...

- მე დავამატებდი - მიშას პალატა-ლუქსიდან არგამოშვების გარდა, "არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა ეჭვქვეშ დადგება" იმ შემთხვევაშიც, თუკი შინაგან საქმეთა მინისტრად არ დანიშნავენ მეგიზ ქარდავას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს არ ჩააბარებენ მუხაძესა და ახალაიას, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არ აირჩევენ ხაბეიშვილს, თუ განათლების მინისტრის პორტფელს არ ანდობენ ანი წითლიძეს და თუ კეზერაშვილს ვახტანგ გორგასლის ორდენს არ მისცემენ... გავაგრძელო?

- თქვენი ვარაუდით, პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს?

- თეორიულად არაფერია გამორიცხული, გააჩნია, ევროპელი მეგობრები სანაცვლოდ რა პრეფერენციებს შესთავაზებენ საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ. პრაქტიკულად კი ყველაზე გამოცდილ კლინიცისტსაც გაუჭირდება ასეთი არაპროგნოზირებადი პაციენტის მომავალი ნაბიჯების განჭვრეტა.

- რა უწამლებს არსებულ პოლარიზაციას?

- საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კვლავ სახელმწიფო ტელევიზიად გადაკეთება ის საკითხი აღმოჩნდა, რომელმაც პირველად უახლეს ისტორიაში­ გააერთიანა საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია. ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა და სრული კონსენსუსი დღემდე არც ერთ კანონპროექტს არ ღირსებია. ერთხანს ეჭვიც კი გამიჩნდა, იქნებ შევძელით და შევასრულეთ დეპოლარიზაციის ევროპული მოთხოვნა-მეთქი.

ვინც არ იცის რაშია საქმე, განვმარტავ: ამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების მოდელის შეცვლის შესახებ, რაც მთლიანად ცვლის საზოგადოებრივი­ მაუწყებლის სტატუსს და, ფაქტობრივად, აუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს. აქვე აღვნიშნავ იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის მომზადების პროცესში მის ავტორებს კონსულტაციები არ გაუვლიათ ამ დარგის სპეციალისტებთან არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ, არც რაიმე საექსპერტო დასკვნა არსებობს. განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ კანონპროექტი არ ეყრდნობა სხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების იმპლემენტაციის გამოცდილებას. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, არც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ან დირექციის წარმომადგენლების მოსაზრების მოსმენის სურვილი ჰქონია ვინმეს. სამაგიეროდ, გაირკვა, რომ ეს კანონმდებლობა თავის დროზე განსახილველად შეუტანია, არც მეტი, არც ნაკლები, რომან გოცირიძეს და ახლა პატივცემული პარლამენტარი კოლეგებს პლაგიატში სდებს ბრალს.აქ საჭიროდ მიმაჩნია, განვმარტო, მაინც რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აზრი და რით განსხვავდება სხვა ტიპის მაუწყებლებისაგან. უპირველესად ის წარმოადგენს კომერციული თუ ვიწროპარტიული ინტერესებით მოქმედი მედიის პრაქტიკულად ერთადერთ შესაძლო ალტერნატივასა და ჯანსაღი, აზროვნების სურვილის მქონე საზოგადოების საყრდენს, ვინაიდან არა პოლიტიკურ პარტიებსა და კორპორაციებს, არამედ თავისუფალ მოქალაქეებს, კულტურასა და დემოკრატიას ემსახურება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სივრცე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის, განსხვავებული იდეებისა და შეხედულებების თავისუფალი გაცვლა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სამოქალაქო მშვიდობის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული სუვერენიტეტის დაცვის ერთგვარი საშუალება. ეს არის არა სახელმწიფო, არამედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ტელევიზია.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მაუწყებელი თავისუფალია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, სახელმწიფოს და ნებისმიერი კომერციული გავლენისაგან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია ასევე საქართველოს უმაღლესი სამართლებრივი აქტით - კონსტიტუციით. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საზმაუწყებელი ფინანსდება არა ქვეყნის ბიუჯეტიდან გადარიცხული და სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებით გამოყოფილი თანხის ოდენობით, არამედ ერთიანი შიდა პროდუქტის 0,14%-ის შესაბამისად.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი დაფინანსების წესის შეცვლით საზოგადოებრივ მაუწყებელს უწყებრივად დამოკიდებულს ხდის ამა თუ იმ სამინისტროს ან მთავრობის კონკრეტული შემადგენლობის კეთილ ნებაზე, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო ტელევიზია. არაფერია გასაკვირი, რომ გოცირიძეს, კირკიტაძესა და მთელ "ნაცმოძრაობას" სხვაგვარად ვერც წარმოუდგენიათ, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, მათ პოზიციას, როგორც ჩანს, ეთანხმება მდუმარე უმრავლესობა. ნუთუ არც ერთ პარლამენტარს კითხვა არ გაუჩნდა ამ ნაჩქარევ, ყველასთვის დამაზიანებელ ცვლილებაზე? ხომ უნდა დავფიქრდეთ, რას გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის უწყებრივ დამოკიდებულებაში მყოფ სახელმწიფო ტელევიზიად გადაკეთება, როდესაც ევროკავშირიდან ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ? არა მგონია, ეს საქმეს წაადგეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკი საერთოდ არ არის დაფინანსების მოცულობაზე, პრობლემას ქმნის დაფინანსების შემოთავაზებული წესი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის, მიზნისა და სულისკვეთების წინააღმდეგაა მიმართული.

იმედია, პარლამენტის ხელმძღვანელობა გამოიჩენს კეთილგონიერებას, შეხვდება მაუწყებლის წარმომადგენლებს და ვითარება ნორმალური, საქმიანი და კვალიფიციური მსჯელობის კალაპოტში გადაინაცვლებს.