რა გავლენას იქონიებს აშშ-ჩინეთის ურთიერთობა საერთაშორისო დღის წესრიგზე - კვირის პალიტრა

რა გავლენას იქონიებს აშშ-ჩინეთის ურთიერთობა საერთაშორისო დღის წესრიგზე

აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა ყურადღების ცენტრში მოექცა და არც არის გასაკვირი, რადგან ორი სუპერძალის ლიდერის შეხვედრა მსოფლიოში­ არსებულ დაძაბულ ვითარებას თუ ვერ განმუხტავდა, პრობლემების მოგვარების კონტურებს მაინც გამოკვეთდა. თუნდაც ის, რომ კონტურები ვერ გამოიკვეთა, უკვე დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, მითუმეტეს, რომ აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობა დაძაბულია.

შეხვედრის დრო და წინა პირობები

ნოემბრის დამდეგს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები­ სან-ფრანცისკოში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) შეხვდებოდნენ ერთმანეთს (გაიმართა 12-18 ნოემბერს). როგორც თეთრი სახლი აცხადებდა, გეოპოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციის გამწვავების გამო აუცილებელია დიპლომატიური კავშირების გაღრმავება და აშშ-ჩინეთის ურთიერთობის ნორმალიზება, რათა მომავალში მხარეებს შორის უთანხმოების გაჩენის რისკები შემცირდეს. "ეს იქნება კონსტრუქციული შეხვედრა და მნიშვნელოვანი დიპლომატიური დიალოგი", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრას უკანასკნელ თვეებში ამ ქვეყნების ოფიციალური წარმომადგენლების არაერთი დიპლომატიური ვიზიტი უძღოდა წინ.

ზაფხულში ჩინეთში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მისი ვიზიტის მიზანი იყო მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების, ამერიკისა და ჩინეთის, აზრთა სხვადასხვაობა კონფლიქტში არ გადაზრდილიყო. საუბრის მთავარ საკითხებს შორის იყო ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები და სამხრეთ ჩინეთის ზღვა და ტაივანი.

25 ოქტომბერს ჩინეთის პრეზიდენტის­ განცხადებაზე დაყრდნობით ჩინეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია­, რომ ჩინეთი მზად არის ითანამშრომლოს ამერიკასთან, რათა ერთობლივად შეძლონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირება. ამ განცხადებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფორმულირება, რომ ჩინეთი მზად არის აშშ-თან "განსხვავებული შეხედულებების მართვის" თაობაზე თანამშრომლობისთვის. "შეძლებს თუ არა ორი ქვეყანა, დაამყაროს ურთიერთობების "სწორი" გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

საინტერესოა, რომ ჩინური მედიის ცნობით, პრეზიდენტ სი ძინპინის ეს განცხადება ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინაში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების ეროვნული კომიტეტის ყოველწლიურ ვახშამზე­ გახმიანდა, ეს კი ნიშნავს, რომ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ჩინეთმა ოფიციალურად, საერთაშორისო დონეზე გამოხატა. ცხადია, იგულისხმება, რომ ამას წინ სამუშაო ფორმატით მოლაპარაკებებიც უძღოდა, რადგან, როგორც წესი, ასეთი განცხადებები სახელმწიფოს მეთაურების შეთანხმების გარეშე არ კეთდება, მითუმეტეს, როდესაც მსოფ­ლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებზეა ლაპარაკი. ანუ შეიქმნა მოლოდინი, რომ აშშ და ჩინეთი იმაზე მაინც უნდა ყოფილიყვნენ შეთანხმებული, რომ გლობალური პრობლემები ერთობლივად მოაგვარონ, ამისთვის კი რა მექანიზმებს გამოიყენებენ, ეს უკვე მოლაპარაკების შემდგომი ეტაპია. სახელმწიფო მედიის თანახმადვე, ჩინე­თის პრეზიდენტი წერილში ასევე ამბობს,­ რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები უნდა დაშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანასწორობისა და ორივე მხარის გამარჯვების" პრინციპებზე. განცხადების ეს ნაწილი იმით არის საინტერესო, თუ რა ჩაითვლება ორივე მხარის - აშშ-ის და ჩინეთის გამარჯვებად მაშინ, როცა ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა ბევრ კითხვას ბადებს და ამ ურთიერთობას, სადაც, ცხადია, სხვა ქვეყნებიც მოიაზრებიან, უკვე უწოდეს "ბოროტების ბლოკი", რომელიც დასავლურ ბლოკს უპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ 25 ოქტომბერს, როდესაც­ ეს განცხადება გავრცელდა, არც იდგა დღის წესრიგში პრეზიდენტების შეხვედრა. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მეორე დღეს ჩავიდოდა, რამაც გააჩინა მოლოდინი, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრებს ჩინეთის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაც მოჰყვებოდა, რაც ბევრ საკითხს მოჰფენდა ნათელს. მაშინ ისიც ითქვა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს სან-ფრანცისკოშიც გამართავდა, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, რომელიც ნოემბერში გაიმართებოდა. ამ სამიტზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, უკვე ჩინეთის პრეზიდენტი ჩავიდა და ბაიდენსაც შეხვდა.

ამ შეხვედრამდე ზუსტად ერთი თვით ადრე კი ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად პუტინი თავად ჩავიდა. მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული, ჩინეთში პუტინის ჩასვლა აშკარად ჩინეთის წინაშე რუსეთის პრეზიდენტის თავის დახრა და პირველ ძალად აღიარების ტოლფასი იყო. ეს, ცხადია, არ არის გასაკვირი, თუკი რუსეთის მდგომარეობას გავითვალისწინებთ, რადგან ახლა მას სჭირდება პარტნიორების რამენაირად შენარჩუნება და მოპოვება, ჩინეთის პოტენციალისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით კი პუტინს სი ძინპინისთვის ხვეწნა ნამდვილად სჭირდება.

მეორე საკითხია თავად ჩინეთის ინტერესები, რომელიც რუსეთისთვის პოლიტიკური სუპერძალის იმიჯის წართმევას ცდილობს და ამის საფუძვლები, ეკონომიკური თუ სამხედრო პოტენციალით, ნამდვილად აქვს. შესაბამისად, სი ძინპინთან პუტინის ხლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა­ ჰქონდა, ოფიციალურად კი ვიზიტის მიზანი, მხარეების თქმით, იმის ჩვენებაა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ნდობა და "უსაზღვრო" პარტნიორობაა შენარჩუნებული. ამიტომაც იყო ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო, თუ რუსეთსა და ჩინეთს შორის "უსაზღვრო პარტნიორობის შენარჩუნების" ფონზე რას ნიშნავს ჩინეთ-ამერიკის ერთობლივი ძალისხმევა გლობალური პრობლემების მოსაგვარებლად.

putin-1700396792.jpg

შეხვედრის შედეგები

აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ მხარეებს ერთობლივი განცხადება არ გაუვრცელებიათ. თუმცა შეხვედრამდე ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ "ორი დიდი ქვეყნის, როგორიც ჩინეთი და შეერთებული შტატებია, ერთმანეთზე ზურგის შექცევა არჩევანი არ არის. არარეალურია რომელიმე ერთმა ქვეყანამ, მეორეს რემოდელირება მოახერხოს. კონფლიქტსა და კონფრონტაციას ორივე მხარისთვის აუტანელი შედეგები მოაქვს".

ბაიდენის თქმით, მის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთისთვის უკეთესად გაეგოთ და სხვადასხვა საკითხზე აზრი გაეცვალათ. მისივე თქმით, ორივე ქვეყნის პოლიტიკური მმართველობა უნდა დარწმუნდეს, რომ კონკურენცია არ გულისხმობს სახელმწიფოებს შორის კონფლიქტს. მოგვიანებით სი ძინპინმა განაცხადა, რომ პლანეტა დედამიწა საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ორივე სახელმწიფომ წარმატებას მიაღწიოს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კომუნიკაციები აღდგება. ამასთან, იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების შესაფასებლად და ფენტანილთან საბრძოლველად. ასევე განიხილეს ტაივანსა და ჩინეთში ადამიანის უფლებების საკითხი. აქვე უნდა ითქვას, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ტაივანის საკითხი, რადგან ტაივანისთვის ამერიკის მხარდაჭერა არ ჯდება ჩინეთის პოლიტიკაში და ჩინეთის ლიდერს აშშ-ის ხელისუფლების აქტიურობა ძალიან აღიზიანებს.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ყოფილი მთავრობის წევრები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ განუხილავთ კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. ჩინეთისა და აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობა 2022 წელს მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაშინდელი სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ხოლო წელს ამერიკელებმა აშშ-ის თავზე ჩინური სადაზვერვო ბუშტი ჩამოაგდეს. ბოლო პერიოდში ტაივანის საკითხზე ჩინეთის ქმედებებმა ვითარება უფრო დაძაბა, რასაც რეგიონში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებისთვის შეიარაღების მიყიდვის გაზრდა მოჰყვა­. აშშ-მა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ წელს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რამაც ჩინეთი ძალიან გააღიზიანა, მიუხედავად იმისა, რომ წვრთნები სამხრეთ კორეის ერთ-ერთ პატარა კუნძულთან მიმდინარეობდა.

გამოცემა ღეუტერს-ის ცნობით, შეხვედრაზე ჩინეთის პრეზიდენტმა ბაიდენს უთხრა, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში ტაივანი ყველაზე დიდი და საშიში საკითხია. ამერიკის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რომელიც ბაიდენი-სი ძინპინის შეხვედრას ესწრებოდა, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი მიზანი ტაივანთან მშვიდობიანი "გაერთიანებაა", თუმცა მან იმ პირობებზეც ისაუბრა, რა შემთხვევაში გამოიყენებენ ძალას. სი ძინპინის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: "აშშ-ის მკაფიო და ხანგრძლივი პოზიციაა, რომ მას მტკიცედ სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს". ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, "სტაბილურობა და მშვიდობა კარგია, მაგრამ განსაზღვრულ ეტაპზე საჭიროა საკითხი საბოლოოდ გადაიჭრას".

თუმცა ყოველივე ეს მედიის გავრცელებული ცნობებია და ამაზე ერთ მხარეს არ უსაუბრია. მეტიც, შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას სი ძინპინს "დიქტატორი" უწოდა: "ის დიქტატორია იმ გაგებით, რომ მართავს ქვეყანას, კომუნისტურ ქვეყანას, დაფუძნებულს ხელისუფლების სრულიად განსხვავებულ ფორმაზე, ვიდრე ჩვენია".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბაიდენმა სი ძინპინს "დიქტატორი" უწოდა. ასე მოიხსენა მიმდინარე წლის ივნისშიც ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდების შესახებ საუბრის დროსაც.

ბაიდენის კომენტარს ჩინეთის დელეგაციის, რომელიც აშშ-ში სამიტს ესწრებოდა, მყისიერი რეაქცია არ მოჰყოლია. თუმცა მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ "ასეთი განცხადება უკიდურესად არასწორი და უპასუხისმგებლო პოლიტიკური მანიპულაციაა. ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება ამას. არსებობენ განსაზღვრული ფარული მოტივების მქონე პირები, რომლებიც ცდილობენ უთანხმოების დათესვას და ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობის გაფუჭებას".

ყველა ეს საკითხი, რაზეც განცხადება გაკეთდა, ფაქტობრივად, ორი ქვეყნის ურთიერთობის საკითხია, რომლის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა უპასუხოა კითხვა, თუ რა როლს ითამაშებს ჩინეთი უკრაინაში დაწყებული ომის დამთავრებაში. ცნობილია, რომ ომის დასრულების ჩინური გეგმა დასავლეთმა დაიწუნა, მაგრამ, ცხადია, ამით ჩინეთის ამბიციები არ შემცირებულა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ წარიმართება აშშ-ჩინეთის ურთიერთობა, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს საერთაშორისო დღის წესრიგზეც. თუმცა პოლიტიკური მიმომხილველები ამბობენ, რომ "შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის კომენტარმა საერთო სურათი უცვლელი დატოვა".

რუსა მაჩაიძე