"მათხოვრების პარლამენტი გვაქვს...პოლიტიკურ ელიტას, რომელიც 25-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს, რატომ უნდა ჰქონდეს ტაქსის მძღოლის ხელფასი?!"
"პარლამენტში ჩვეულებრივი საგიჟეთია. ბავშვები რომ მოჰყავთ, იმათ ზოოპარკში ჰგონიათ თავი. როგორ შეიძლება იქ ბავშვების ტარება. ჩვეულებრივი ზოოპარკია. ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, თან ეს ყველაფერი რომ ხელოვნურია, არავის ახსოვს", - ამბობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი პარლამენტში ბოლოდროინდელ დაპირისპირებებზე. "გირჩის" ლიდერის აზრით, გახშირებული დაპირისპირება ცხადყოფს, რომ "პარლამენტი აღარ გვაქვს". შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომაზე ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას "ნაბიჭვარი" უწოდა, რის გამოც ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" წევრს ქაღალდები ესროლა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რა დროსაც ბოკუჩავამ მინისტრს სიტყვა გააწყვეტინა, ტყუილს ამბობო. "პარლამენტის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანები, პოლიტიკოსები იქ არ არიან... არსებობს ადამიანური ზღვარი, არ შეიძლება ქალს შეაგინო... არსებობს რაღაცები, რაც არ შეიძლება გააკეთო... იქამდე მივიდა საქმე, დეპუტატებს მნიშვნელოვანი თემა არა აქვთ საჩხუბრად", - ამბობს მეგრელიშვილი. რატომ ფიქრობს, რომ პარლამენტში "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირება ხელოვნურია, როგორ აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, რას ფიქრობს "აი-რა-ის" კვლევებზე და რას მოელის 2024 წლის არჩევნებისგან, ამის შესახებ ინტერვიუში შეიტყობთ.
- "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების სერიოზულ პარტიულ დაპირისპირებას ვერ ვხედავ. ამ ხალხის 99%-ს ერთმანეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. რომ დააკვირდეთ, ის "ნაციონალები", რომლებიც ყველაზე ხშირად ჩხუბობენ, რაიმე მნიშვნელოვან საკითხებს კი არ აპროტესტებენ, უბრალოდ, უზრდელობენ. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ არც ერთი მხარე არ იხევს უკან, "ნაცებიც" ილანძღებიან და "ქოცებიც". ხომ საინტერესოა, რის დასაფარად ხდება ეს ყველაფერი? ჩემი აზრით, იმის, რომ კანონებს აღარ ვიღებთ განხილვით. დღეში ასობით კანონს ვიღებთ და სულ აკრძალვებია. ოპოზიციამ ინფორმაცია მაინც მიიტანოს საზოგადოებამდე, თუ რას შვრება ხელისუფლება. ამას ხომ არ აკეთებს და უარესიც, ამ თემაზე საუბრის შესაძლებლობას ბლოკავს. შეიძლება ითქვას, პარლამენტი მართლა აღარ არის ისეთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს. აქ პოლიტიკოსები კი არა, როლების შემსრულებელი ადამიანები არიან. საკანონმდებლო ორგანოს ნოტარიუსის ფუნქცია აქვს. დემოკრატიულობანას ვთამაშობთ, რაღაც-რაღაცებს სახელები გადავარქვით - ადრე რომ ცენტრალური კომპარტია ერქვა, იმას ახლა მთავრობა დავარქვით, სახალხო დეპუტატების საბჭოს კი პარლამენტი და ა.შ. ყველაფერი ძველებურადაა, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ დღეს ყველაფრის თქმა შემიძლია, შემიძლია აღვწერო ის, რაც სინამდვილეში ხდება და მოგიყვეთ. ადრე ამას ვერ გავაკეთებდი, იმიტომ, რომ დამიჭერდნენ. როდესაც სისტემა ერთ ვერტიკალზეა აგებული და ეს დემოკრატიული ინსტიტუტებით იფუთება, ისეთი სისულელეები ხდება, რასაც დღეს პარლამენტში ვუყურებთ.
- ე. ი. აღიარებთ, რომ პარლამენტი არ მუშაობს, მაგრამ პარლამენტარებისთვის ხელფასების გაზრდას ითხოვთ. იმ ქვეყანაში, სადაც უმეტესად ხელფასები 500 ლარს არ აღემატება, დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდამ უსამართლობის განცდა გააჩინა.
- სინამდვილეში საქართველოში საშუალო ხელფასი 200 ლარია.
- ეს სტატისტიკის სამსახურის დათვლით, რომელიც 1000-ლარიან და 500-ლარიან ხელფასებს აჯამებს და ისე გამოჰყავს საშუალო ხელფასის ოდენობა, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ისეთი ხელფასები, რომ ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ.
- საქართველოში არ არსებობს სფერო, სადაც წარმატებულ ადამიანს მაღალი შემოსავალი არ ჰქონდეს. თქვენ იცით, რა ჯდება წარმატებული ექიმის, იურისტის მომსახურება, რა ღირს კარგი ფეხბურთელი და ა.შ.? პოლიტიკაში ყველაზე წარმატებულ 150 კაცს, პოლიტიკურ ელიტას, რომელიც 25-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს, რატომ უნდა ჰქონდეს იგივე ხელფასი, რაც ტაქსის მძღოლს აქვს? ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ, ვიდრე პარლამენტარებმა, ანუ რეალურად მათხოვრების პარლამენტი გვაქვს.
უკიდეგანო გულუბრყვილობაა დაიჯერო, ეს წარმატებული ხალხი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში მილიონებს ხარჯავს, თვეში 4.000 ან 5.000 ლარად იცხოვრებს. ან თავს ვიტყუებთ, ან ვურიგდებით იმ ფაქტს, რომ პარლამენტში კორუფციაა. კორუფცია აუცილებლად იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქრთამს იღებენ და ჯიბეში იდებენ? ისიც კორუფციაა, ვიღაცის დაკვეთით რომ აჭერენ ღილაკს ხელს. ეს ხალხი საკუთარ ნებას ყიდის. ამაზე მეტი უბედურება რა არის?!
ძალიან ცუდია, რომ დღეს პოლიტიკოსს აკრძალული აქვს პოლიტიკური საქმიანობა.
- რას გულისხმობთ?
- მე რომ იდეის მჯერა, თუ სხვა ადამიანებსაც სწამთ ამ იდეის, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება პარლამენტში ლობირება გავუწიო? ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომელიც საჯაროდ ფინანსდება - ხან გვაჯარიმებენ და ხან სხვა პრობლემებს გვიქმნიან. ყველა სხვა პარტიაში სხვაგვარი მექანიზმები მუშაობს და ყველამ კარგად ვიცით, რაც არის ეს მექანიზმები. ამიტომაც არ არსებობენ საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, ამიტომ არ აფიქსირებს დეპუტატი საკუთარ პოზიციას პარლამენტში. თქვენ გინდათ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მოვა, არც თავისუფალი იყოს და არც წარმატებული. არც ის გინდათ ეს ადამიანები თავიანთი უნარების შესაბამისად დაფინანსდნენ. თუ საზოგადოების ყველა წარმომადგენელს გინდათ გამდიდრება, პოლიტიკოსებს რატომ არ უნდა გვინდოდეს? "ფარას კანონი", რომელსაც მთელი საქართველო აპროტესტებდა, ამერიკაში იმიტომ არის დაშვებული, რომ ლობისტური საქმიანობაა დაშვებული და პოლიტიკოსებს ევალებათ თავიანთი ლობისტური საქმიანობა საჯარო გახადონ.
- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლობიზმი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური ქრთამის ლეგალიზებისთვის.
- როგორ იქნება ქრთამის ლეგალიზებისთვის გამოყენებული, თუ ყველაფერი კანონიერი იქნება? საზოგადოებამ პოლიტიკოსები თავიანთ მწყემსებად ანუ ცხოვრების გზის მაჩვენებლებად კი არა, თავიანთი დაკვეთის შემსრულებლებად უნდა მიიჩნიოს. ხომ ნახეთ, რა მოხდა ცოტა ხნის წინ, კანონით ავკრძალეთ ორგანოების გადანერგვა ანუ ორგანოების გაყიდვა, რაც ნიშნავს, რომ ინდუსტრიას, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა, ჩაქუჩი ჩავარტყით თავში. ისედაც იშვიათი იყო ტრანსპლანტაციის ოპერაციები. ახლა სუროგაციის აკრძალვასაც აპირებენ. ე.ი. ადამიანებს ვუკრძალავთ დაეხმარონ უშვილო წყვილებს ბავშვების გაჩენაში. ჯერ სიკეთეა ბავშვების გაჩენა, მერე კიდევ ბევრისთვის ეს შემოსავლის წყაროა. ამ ხალხს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება, მივიდეს პარლამენტართან და დაუკვეთოს, რომ მათი უფლებები არ შეილახოს. ასეთი სიგიჟეების მოგონებას რაღაცით ხომ უნდა დავუპირისპირდეთ? დღეს ასეთი საკითხების განხილვისთვის პარლამენტში არავის სცალია, ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული. ამიტომაც არის პოლიტიკური პროცესი გათიშული. არც ის ადამიანები არიან საჭირო ადგილზე, ვისაც შეიძლება აღელვებდეს, მაგალითად, ღვიძლის ტრანსპლანტაცია, და არც ასეთი ოპერაციების გამკეთებლებს აქვთ იმის რესურსი, რომ პოლიტიკოსი თავისი ინტერესების დასაცავად დაიქირაოს.
- ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები, რომლის თანახმად, მომავალ შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ოცნებას" მისცემდა ხმას, "ნაციონალებს" კი 13%. თქვენ რას გეუბნებათ ეს შედეგი?
- "გორბის" კვლევაზე კომენტარს ვერ გააკეთებ, "აი-რა-ი" თანამიმდევრული მაინც არის. მაგალითად, ამ კვლევაში ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" 25% კი უჭერს მხარს, მაგრამ 38%-ს პასუხი არა აქვს გაცემული. "ნაციონალური მოძრაობის" 13%, ალოკაციით რომ ვიანგარიშოთ, 20%-მდე მაინც გაიზრდება. თუ საკითხს ასე შევხედავთ, დიდად არ განსხვავდება "ედისონის" კვლევებისგან. რაც ყველაზე მთავარია, გამიხარდა, რომ ამ კვლევების მიხედვით ჩვენ წინსვლა გვაქვს. "აი-რა-ის" კვლევის მიხედვით, საკმაოდ ახლოს ვართ ბარიერთან.
- სხვა პარტიების ლიდერებს, რომლებსაც თქვენზე დიდი პროცენტი დაუწერა იგივე "აი-რა-იმ", განგაში აქვთ გამოცხადებული. მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ პარტიებს შორის რაღაც ტიპის ერთობა თუ არ შედგება, არჩევნებს "ქართული ოცნება" ერთპიროვნულად მოიგებს.
- რანაირად შედგება ერთობა, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთთან არ ლაპარაკობს? ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პარტიასთან გავერთიანდეთ, მაგრამ მანამდე წინასწარ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რასაც გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს შევთავაზებთ. იცით, რატომ ვერ უგებს ძალიან სუსტ "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია? იმიტომ, რომ ოპოზიციონერმა ამომრჩეველმა არ იცის, მისი ფავორიტის გამარჯვების შემთხვევაში როგორ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება. შესაბამისად, არსებული სტატუს-კვო ურჩევნია გაუგებარ მომავალს.
ხათუნა ბახტურიძე