"ნაციონალები" "ოცნების" დამხმარეები არიან...სალომე ზურაბიშვილით ვამაყობ...კეზერაშვილი კი ბინძური გზით გამდიდრებული ავაზაკია" - ალეკო ელისაშვილი
"სარკეში უნდა ჩავიხედოთ, დიდად და ლამაზად ვერ ვჩანვართ, მაგრამ ამის გამო სარკეს ხომ არ უნდა გავუბრაზდეთ? ის ვართ, როგორც გამოვიყურებით. ახლა უნდა ვფიქრობდეთ, როგორ მოვხაზოთ პროდასავლური კოალიციის კონტური", - ამბობს "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი IRI- ის კვლევის კომენტირებისას.
- პარტია "მოქალაქეები" როგორც შეუძლია, ისე ემზადება, რათა 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს. რთულია, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში მედია კონტროლდება. პარტიზანული მეთოდებით ვცდილობთ გაძრომას სახელისუფლებო და ოპოზიციურ მედიას შორის, რომ ჩვენი სათქმელი გავიტანოთ. ჩვენ წინაშე ორი საკითხი დგას: პარტიული მიზნები და ეროვნული ამოცანები. ეროვნული მიზანია ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ არა უარესი პოლიტიკური ძალით, უარესი პოლიტიკური ძალა კი "ნაციონალური მოძრაობაა". სხვანაირად ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით დემოკრატიად, ისედაც უკვე ბრეჟნევის ეპოქაში ვართ და თუ არაფერს შევცვლით, საბოლოოდ ჩავიძირებით ჭაობში. გარდამავალი დემოკრატიის თეორიებშიც კი წერია, რომ ქვეყანაში ორჯერ მაინც უნდა შეიცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით. ჩვენ მხოლოდ ერთხელ შევცვალეთ, 2012 წელს. 2003 წელს რაც მოხდა, გინდა ვარდების დაუძახე, გინდა კაკაოსი, მაინც რევოლუცია და გადატრიალება იყო. ახლა ძალიან გვჭირდება, რომ ხელისუფლება მეორედაც შეიცვალოს არჩევნების გზით. გული მწყდება, რომ ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი ვერ ხედავს ამ დიდ ეროვნულ მიზანს და ვიწროპარტიული ჭუჭრუტანიდან იყურება. ყველამ უნდა გავიაზროთ, ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნები. ეს უნდა გახდეს ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავი ყველა პოლიტიკოსისთვის. IRI-ს კვლევას რომ ნახავ, უნდა დაფიქრდე რაღაც კონტურის მოხაზვაზე.
- თქვენ თუ გაქვთ მონახაზი?
- მე ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან, სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა. ბევრი შეცდომა დამიშვია, ბურჯანაძესა და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ. ოპოზიციონერებმა ახლა ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური უნდა მოვხაზოთ, თუ ხელისუფლების შეცვლა მართლა გვინდა. დღეს ოპოზიციაში ბევრს ჰგონია, რომ მარტო შეცვლის ყველაფერს. ეს გადაჭარბებული ამბიცია და თავის თავზე უაზრო წარმოდგენებია. თუ მიწაზე დაეშვებიან და სწორად შეხედავენ პროცენტებს, საკუთარ შეცდომებზე იფიქრებენ. ჩემს თავზეც ვამბობ ამას, შეცდომები დაშვებული რომ არ მქონდეს, 2% კი არა, გაცილებით მეტი მექნებოდა.
- "ნაციონალებს" არ გულისხმობთ ამ პროდასავლური კოალიციის კონტურში?
- ეგენი „"ქართული ოცნების"“ დამხმარეები არიან. ხალხმა, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებები, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ხილვა გვინდა და არა რუსეთის კუდქიცინა ბეჩავად ყოფნა, ამბიციები უკან უნდა დავქაჩოთ, ყავარზე გადებული კუდი ჩამოვწიოთ და ერთმანეთთან სალაპარაკოდ დავსხდეთ.
- ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მისი განცხადებები ხელისუფლების შესახებ სულ უფრო და უფრო კრიტიკული და შემტევი ხდება. უკვე დაიწყო ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაც, რაც "ოცნებამ" წითელი ხაზის გადალახვად აღიქვა. რა მისიის შესრულება შეუძლია ზურაბიშვილს იმ პროდასავლური კოალიციის შექმნაში, რომელზეც თქვენ საუბრობთ?
- მე ძალიან მეამაყება პრეზიდენტი, რომლის გაპრეზიდენტება არ მინდოდა. ისეთ კარგ რაღაცებს ამბობს, რომ გულს მფხანს, ძალიან სწორად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ღარიბაშვილი და მაკრონი რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაკრონმა ფოტო დადო და დაწერა, ქართველ ხალხს ბრავოო. ღარიბაშვილს კი არა, ქართველ ხალხს უთხრეს ბრავო. ღარიბაშვილი გვერდზე ედგა და ქართველ ხალხს მიმართავდა. ეს იმის აქცენტი იყო, რომ "ქართული ოცნება" ევროპაში გულზე არავის ეხატება. სხვათა შორის, შევნიშნე, პრეზიდენტი ქართულად საუბრის დროს შეცდომებსაც აღარ უშვებს ძველებურად ხშირად. მართლა მიხარია, ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" კონტროლიდან რომ გამოვიდა. მართალს ამბობს, ივანიშვილი არის კლასიკური ოლიგარქი, დღეს საქართველოში მხოლოდ ფორმალურად გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, სინამდვილეში ოლიგარქიული მმართველობაა. ერთი კაცი, რომელიც ისიც კი არ ვიცით, ფიზიკურად სად არის, ამ ქვეყნის მოსამართლეც არის, მსაჯულიც და მეფეც. კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილს ახლა აეხილა თვალები და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. "ოცნების" არ იყოს, მეც მაქვს კითხვა: ამ დრომდე რატომ ვერ ხედავდა ამ ყველაფერს? არ ვიცი, მაგრამ ამ ამბავს, როგორც ყველა მედალს, ორი მხარე აქვს. "ქართულმა ოცნებამ" ერთხელ მაინც როგორ ვერ შეარჩია მისთვის სასურველი პრეზიდენტი? რას უნდა მივაწეროთ, რომ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ისტორია მეორდება პრეზიდენტებთან დაკავშირებით?!
- მმართველი გუნდის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ოლიგარქი ოპოზიციას ჰყავს კეზერაშვილის სახით.
- კეზერაშვილი ბინძური გზით გამდიდრებული ავაზაკია. საკუთარ პარტიაში კი რას თამაშობს, ეგ არ მაინტერესებს.
ხათუნა ბახტურიძე