„ოცნების “ დასამარცხებლად მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის“
"გპირდებით, რომ მომავალ არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიცია და სხვა ყველა, ვინც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა, "ქართული ოცნება" კი დამარცხდება", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას"“პირველ არჩევნად ასახელებს (3% - მეორე არჩევნად), 13% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" (3% - მეორე არჩევნად). რაც შეეხება სხვა პარტიებს: "საქართველოსთვის"“- 4% (4% მეორე არჩევანი), "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3% (4% მეორე არჩევანი), "ხალხის ძალა" - 1% (5% მეორე არჩევანი), "ლელო"“- 2% (4% მეორე არჩევანი), "გირჩი" - 3% (2 მეორე არჩევანი), "გირჩი&დროა" - ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია - 2% (3% მეორე არჩევანი), ლეიბორისტული პარტია - 2% (3% მეორე არჩევანი), "მოქალაქეები" - 2% (2% მეორე არჩევანი), "ხალხისთვის" - 2% (1% მეორე არჩევანი), "პატრიოტთა ალიანსი"“- 1% (1% მეორე არჩევანი), "კონსერვატიული მოძრაობა" - "ალტ ინფო" - 1% (1% მეორე არჩევანი), "ევროპული საქართველო"“ - 1% (1% მეორე არჩევანი), სხვა - 1% (1% მეორე არჩევანი).რა აძლევს არჩევნებში გამარჯვების იმედს და რას ფიქრობს "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების შესახებ გიორგი ვაშაძე ვრცლად გვესაუბრა.
- 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდება და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" კოალიცია და სხვა ყველა, ვინც შემოგვიერთდება, პირველ ადგილზე გავა. IRI-ს კვლევებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთადერთი გამონაკლისი პარტიაა, რომლის რეიტინგიც გაიზარდა, მაგრამ, რომ დავამარცხოთ "ოცნება" მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვა საკმარისი არ არის. ჩვენ ვაყალიბებთ "გამარჯვების კოალიციას". "სტრატეგია აღმაშენებელმა", გადავდგით ნაბიჯი კონსოლიდაციისკენ, ასე უნდა გადადგან ნაბიჯი და შესაბამისად, 5%-იანი ბარიერი პრობლემა აღარ იქნება, რათა ერთხელ და სამუდამოდ ეს ბნელი ძალა ჩამოვაშოროთ მართვას.
- IRI-ს კვლევებს თქვენგან განსხვავებულად კითხულობენ მმართველ გუნდში. მაგალითად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ნაცმოძრაობა" 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული. "უკვე 8 არჩევნები წააგეს, ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ, ახლაც ასეთი ბედი ელით, მეცხრედაც წააგებენ"...
- აქამდე "ქართული ოცნება" ახერხებდა ქართველი ხალხისთვის თავი პროევროპულ ძალად მიეყიდა, ახლა ყველამ გაიგო, რომ პრორუსული ძალაა. საქართველოში პრორუსულ ძალას არასდროს ჰქონია ქვეყნის მართვის მანდატი.
ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამჯერად არჩევნები ერთტურიანი იქნება და "ოცნებას" მეორე ტურში მანიპულაციების საშუალება აღარ ექნება. ჩვენ კარგად გვაქვს გაანალიზებული, რომ ბრძოლა მოგვიწევს რუსულ დეზინფორმაციულ მანქანასთან, რომელსაც ყველაფერი სიყალბის გავრცელებასა და ხალხის ტვინის გამორეცხვაზე აქვს გათვლილი.
- მმართველი გუნდი "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებაზე აკეთებს აქცენტს. ალბათ, თქვენც ვერ უარყოფთ, რომ თქვენს გუნდში დაპირისპირებაა...
- იმედია, ეს თემა მალე დაიხურება. მინდა იმედი გავუცრუო "ოცნებას" - მალე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოქვეყნდება მანიფესტი და ყველა თავის ადგილს იპოვის. საკუთარ თავს მიხედონ, მთელი უმრავლესობა ქალთა ძალადობაზე რომ არის მომართული. რას ჰგვანან, როგორ იქცევიან პარლამენტში...
- ხომ არ ფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია მივიღეთ, "ქართული ოცნების" პრორუსულობაში დადანაშაულებას საფუძველი გამოეცალა?
- ღარიბაშვილსა და კობახიძეს განაცხადის შეტანაც კი არ უნდოდათ კანდიდატის სტატუსზე, არც შეიტანდნენ, ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში. განაცხადი შეიტანეს, მაგრამ მერე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა დაიწყეს... ყველაფერი გააკეთეს, რომ ევროპელებს სამუდამოდ მოეხურათ კარი. დღეს რომ სტატუსს გვეძლევენ, "ქართული ოცნების" გარდა, ყველას დამსახურებაა, მათ შორის რუსეთისაც კი. უკრაინაში რომ არ შეჭრილიყო, კანდიდატის სტატუსის საკითხი არც დადგებოდა. მიწასთან გასწორდა, ჩამოიშალა "ქართული ოცნების" პროპაგანდა, თითქოს კანდიდატის სტატუსს იმიტომ არ გვაძლევენ, რომ ომში ვერ ჩაგვითრიეს, რომ მათ გეოპოლიტიკურ გეგმებში საქართველოს ადგილი არ იყო და ა.შ. კითხვა მაქვს ღარიბაშვილთან: არ გვაქვს გახსნილი მეორე ფრონტი, რატომ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს? "ქართულმა ოცნებამ" მთავარია, დღეს არსებული სიტუაცია არ დაამძიმონ, თორემ ამათგან ისედაც არავინ არაფერს ითხოვს. ახლახან ჩამოვედი ბრიუსელიდან და ვიცი, რასაც ფიქრობენ, არავის აქვს ილუზია, რომ იმ 9 პუნქტიდან, რომლებიც დათქმის სახით მივიღეთ, "ოცნება" რომელიმეს შეასრულებს. პირველი პუნქტი სწორედ დეზინფორმაციასთან ბრძოლას ეხება და ვის უნდა ებრძოლოს ეს ხელისუფლება, საკუთარ თავს? ან რა დეოლიგარქიზაციას მოახდენენ ესენი? სალომე ზურაბიშვილმაც კი თქვა, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.
- თქვენ ბოლო დრომდე არ გჯეროდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.
- სალომე ზურაბიშვილმა თავის განცხადებებს კონკრეტული ქმედებები უნდა მოაყოლოს. მიშა სააკაშვილის შეწყალების საკითხი პირდაპირი ტესტია მისთვის, თუ სად დგას სინამდვილეში. მაკრონსაც კი აქვს მისთვის ნათქვამი, რომ მიშას შეწყალება სწორი იქნებოდა. ვეთანხმებით ზურაბიშვილის განცხადებებს, უბრალოდ, დავაკვირდებით, იმოქმედებს თუ არა თავისივე განცხადებების შესაბამისად.
- როგორი შეიძლება იყოს 2024 წლის პარლამენტის შემადგენლობა?
- პარლამენტში შევა და ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნება არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ნაბიჯს გადადგამს კონსოლიდაციისკენ. ვინც მარტო დარჩენას არჩევს, ბარიერის კი არა, საერთოდ მხარდაჭერის გარეშე დარჩება. ამომრჩეველი გაიზარდა და იცის, რომ გადაუნაწილებელი ხმები "ქართულ ოცნებასთან" მიდის. ამიტომ თავის ხმას არ გააფუჭებს და ისეთ პარტიას არ მისცემს, რომელიც ძალას ვერ ასხივებს.
ხათუნა ბახტურიძე