რა აჩვენა სოციოლოგიურმა კვლევებმა - კვირის პალიტრა

რა აჩვენა სოციოლოგიურმა კვლევებმა

ახლახან გამოქვეყნდა სამი სოციოლოგიური კვლევა, რომელთა შედეგები პარტიების რეიტინგების მხრივ განსხვავებულია. თუმცა საერთო აქვთ ის ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" ისევ პირველ ადგილზეა, "ნაცმოძრაობა" - მეორეზე, ხოლო დანარჩენ პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. მოსახლეობა მთავარ პრობლემებად ისევ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ასახელებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა გაზრდილი მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი არც აქამდე ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ კვლევების საველე სამუშაოები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნებამდეა ჩატარებული. რა დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა ეს ყველაფერი და პოლიტიკური პროცესების განვითარების რა პერსპექტივაა, განსაკუთრებით საარჩევნო თვალსაზრისით, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს რამაზ საყვარელიძესა და ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ:

"ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის მმართველ პარტიაში იბადებოდა"

რამაზ საყვარელიძე: - ამ კვლევებით თვალში საცემია ის ტენდენცია, რომ ორი პარტიის გარდა, ყველა ზღურბლს ქვემოთაა. პარლამენტის კარს თითქოს უახლოვდებიან გახარიას პარტია და "ლელო", მაგრამ მათი მიახლოებაც ჯერ ძალიან საეჭვოა და ვერ ვიტყვით, არჩევნებისთვის ასევე იქნება თუ არა. ერთ წელიწადში შესაძლოა სულ სხვა პარტიები ამოტივტივდნენ და ესენი უფრო ღრმად ჩაიძირონ. მეორე ტენდენცია ის არის, რომ მმართველი­ პარტია ლიდერობს. მესამე და ძალიან საინტერესო ტენდენციაა ის, რომ ამ სამივე ძალიან განსხვავებული შედეგების კვლევაში დაახლოებით ერთნაირი ქულები აქვს მიწერილი "ნაცმოძრაობას", რომელიც 20%-ის ფარგლებშია. ეს ტენდენციები­ მიუთითებს იმ ფაქტს, რომ ქართული პარლამენტარიზმი არსებითად ისევ ერთპარტიული იქნება.

- წარმოვიდგინოთ, რომ "ოცნებამ" დასწია­ ბარიერი და ბევრმა პარტიამ მოახერხა პარლამენტში შესვლა.

- პარლამენტში ბევრი პატარა პარტია რომც შევიდეს, "ქართულ ოცნებას" მაინც არ დასჭირდება კოალიციის შექმნა. დღესაც ხომ ბუნებრივი ბარიერით არიან პარტიები­ გასული, მაგრამ შეძლეს რამის შეცვლა?

- 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა­ იყო, რამაც შედეგებზე არსებითი გავლენა მოახდინა ხმების გადანაწილების მხრივ. ახლა ხომ მხოლოდ პარტიული სიებით გასული ხალხით­ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი და ეს არ ცვლის მოცემულობას?

- ცვლის, მაგრამ მე ვლაპარაკობ იმ კვლევების ტენდენციების გათვალისწინებით,­ რაც ახლა გვაქვს, მითუმეტეს, ვერ ვხედავ მოტივს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბარიერი დასწიოს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ამისკენ უბიძგოს, ის არის, რომ "ხალხის ძალა" დგას 1%-იან შედეგზე და შესაძლოა მმართველმა პარტიამ რაიმე გააკეთოს.

- თუ მაინც არ ექმნება საფრთხე "ოცნებას", რომ მთავრობა კოალიციის გარეშე დააკომპლექტოს და დასწევს ბარიერს, ეს ხომ ქვეყანაში და მის გარეთაც მისცემს საშუალებას თავი მოიწონოს და ქულები დაიწეროს?

- კი, მაგრამ საქართველოსთვის რომელი იქნება უკეთესი? თუკი ქვეყნის ინტერესით შევხედავთ და სხვა ქვეყნების მაგალითებს დავაკვირდებით, ისინი ცდილობენ ბარიერი მაღალი იყოს, რადგან ქვეყნისთვის უკეთესია მაღალი ბარიერით მუშაობა.

- ეს გასაგებია მაშინ, როცა ქვეყანაში­ კონსოლიდირებული დემოკრატიაა, მაგრამ როდესაც დემოკრატიული პრინციპების დამყარებაში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პარტიებისთვის ხელშეწყობა არ იქნება მნიშვნელოვანი?

- თუ ბარიერს დავწევთ, პატარა და სუსტი პარტიები ხომ ისეთივე სუსტები დარჩებიან? ფაქტია, რამდენჯერაც დასწიეს ბარიერი, პარტიებმა მაინც ვერაფერი გააკ­ეთეს, გარდა იმისა, რომ პარლამენტში ერთი-ორი კაცი გაიყვანეს. ასეთი სუსტი ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა შეძლო პარლამენტში შესვლა, არც მახსენდება და იცით, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ პარლამენტში შესვლა გაუადვილდათ და იმის მოტივი აღარ აქვთ, ამომრჩეველი მიიზიდონ, გამსხვილდნენ და ა.შ.

ჩვენს პარტიებს მიზნის დასახვა არ შეუძლიათ. ამბობენ, რომ მათი მიზანია ივანი­შვილის მოშორება, მაგრამ როგორ შეიძლება ვინმეს მოშორება პარტიის მიზანი იყოს? მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლო­ბაში ივანიშვილის მოშორების გეგმაც კი ვერ დასახეს. ევროინტეგრაცია ნამდვილად არის მიზანი, მაგრამ ამის მისაღწევად დადიოდნენ და ეუბნებოდნენ, სტატუსი არ მოგვცეთო. ასეთ სიტუაციაში როგორ გინდა­ ამომრჩეველს უთხრა, ხმა მიეცი იმ პარტიას, ვისაც არც პოლიტიკური მიზანი აქვს და არც ამ მიზნის მისაღწევი გეგმაო?

- აქამდე რატომ მოვედით?

- ეს უფრო რთული საკითხია, ვიდრე ახლა მე შემიძლია პასუხის გაცემა, რადგან ანალოგიური დეფიციტი კიდევ ბევრ რამეში­ გვაქვს ქვეყანაში, საერთოდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. შორს წასვლა არ გვინდა, რუსეთს შევხედოთ - პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ პუტინი აპატი­მრებს ოპოზიციონერებს, ოპოზიციის ის ლიდერები, რომლებიც ახლა ციხეში არიან, როდესაც რაღაც განცხადებებს აკეთებდნენ, ჩანდა, რომ ისინიც არანაკლები დერჟავნიკები და შოვინისტები იყვნენ. ასეა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში­ და უფრო ზოგად­ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ანალიზი და მიზეზე­ბის მეცნიერული კვლევა სჭირდება. ახლა თვალახვეული ვმოქმედებთ და შედეგებიც შესაბამისია.

- შედეგები მართლაც მძიმე სურათს აჩვენებს, მითუმეტეს, რომ ძალიან გაზრდილია უკმაყოფილოთა მაჩვენებლები. სადამდე შეიძლება ყოველივე ეს მივიდეს?

- ყველაზე რეალურია მმართველი პარტიის გაყოფა ორად ან სამად.­ ამხელა პარტიაა, სულ უფრო იზრდება­ და ეს პრობლემას უქმნის თავად "ოცნებასაც", რადგან კონკურენტი არა ჰყავს, სერიოზულად ვერავის ეკამათება. ამიტომ, კარგი იქნება, "ოცნება" გაიყოს, მითუმეტეს, ქართულ რეალობაში ძლიერი ოპოზიცია ყოველთვის მმართველ პარტიაში შიგნით იბადებოდა. პარტიაში რომ გაჩნდეს ჯგუფი, რომელიც ოპოზიციურ პარტიას შექმნის, ის ძალაუნებურად ოპოზიციური იქნება, რადგან ორივეს ენდომება ძალაუფლება და ქვეყანაში პოლიტიკური მრავალფეროვნება შეიქმნება.

- ეს შანსი არჩევნებამდეა თუ არჩევნების შემდეგ?

- არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩება საიმისოდ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მანევრი გაკეთდეს. ამიტომ უფრო მგონია, არჩევნების მერე შეხედავენ, რა სიტუაციაა. თავად მმართველ ჯგუფში უნდა იყოს პოზიცია მომწიფებული, რომ ერთპარტიული მმართველობის გაგრძელება წამგებიანია გინდ პოლიტიკურად, გინდ სოციალურად და გინდ საერთაშორისო არენაზეც.

- მმართველ ჯგუფში ივანიშვილს მოიაზრებთ, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ეს თუ ვინმეს უნდა აწყობდეს, პირველ რიგში, ივანიშვილს.

"ნაცმოძრაობასთან" ოპოზიციის გაერთიანება წაგების ფორმულაა"

ვახტანგ ძაბირაძე: - ამ კვლევების­ შედეგებში მოულოდნელი არაფერი ყოფი­ლა.­ პირველ ადგილზეა მმართ­ველი პარტია,­ მერეზე "ნაცმოძრაობა", მერე გახარია, "ლელო" და ა.შ. რაც შეეხება ელექტორალურ გადანაწილებას, რეალურად სამი ჯგუფია, საიდანაც ერთი "ოცნებას" უჭერს მხარს, მეორე - "ნაცმოძრაობას", მესამე კი დიდი ჯგუფია, რომელსაც არც ერთი მოსწონს, არც მეორე და ნაწილდება წვრილ პარტიებზე. როდესაც "ოცნება" ამბობს, ჩვენ ისევ შევინარჩუნებთ ხელისუფლებასო, ამაში გადაჭარბებული არაფერია. რეალურად მთელი მანდატები მხოლოდ ორ პარტიაზე გადანაწილდება და ცხადია, "ქართულ ოცნებას" 76 მანდატზე მეტი ექნება. დაახლოებით ასეთი რამ მოხდა 1995 წლის არჩევნებში, როდესაც ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა და მათ ჯამურად მხოლოდ 38% ჰქონდათ, მაგრამ მთელი მანდატები წაიღეს. ეს კვლევები ცხადყოფს, რომ არჩევნებზე მანდატებს­ "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გაინაწილებენ­, მმართველი პარტია უმრავლესობას შეინარჩუნებს და დარჩება ერთპარტიული მმართველობა.­ გარდა ამისა, ჩანს ისიც, რომ საზოგადოებამ დაიწყო კოალიციურ მთავრობაზე ფიქრი, რათა დასრ­ულდეს ერთპარტიული მმართველობა­. ამას კი სჭირდება წვრილ პარტიებს შორის გადაჯგუფება.

- გასაგებია, რომ "ოცნებას" არ სურს კოალიცია, "ნაციონალურ მოძრაობას" აწყობს მესამე ძალის ჩამოყალიბება?

- რა თქმა უნდა, უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლაზე არავინ იტყვის უარს, მაგრამ "ნაცმოძრაობას" ამის რესურსი არა აქვს. რაც შეეხება მესამე ძალას, "ნაცმოძრაობას" ეს რომ არ აწყობს, ამაზე მიუთითებს ის, რომ სულ დიდ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ. ამომრჩევლის 40% "ნაცმოძრაობას" ხმას არც ერთ შემთხვევაში­ არ მისცემდა, და, თუკი პატარ-პატარა პარტიები, რომლებზეც ამ 40%-ის დიდი ნაწილია გადანაწილებული, "ნაცმოძრაობასთან" გაერთიანდებიან, ეს ხმები, მინიმუმ, მათ წინააღმდეგ აღარ იქნება გამოყენებული. "ნაცმოძრაობა" ამას უნდა მიხვდეს.­ გასათვალისწინებელია ისიც, რა მოხდება "ნაცმოძრაობაში", ერთიანობას შეინარჩუნებენ თუ არა, სააკაშვილი ახალ კოზირს ჩამოვა თუ არა და ა.შ. ამის შემდეგ, ალბათ, როგორღაც ჩამოყალიბდება ოპოზიციური სპექტრი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე შექმნის კოალიციას, ძალიან ცდება. ნებისმიერ გაერთიანებას დრო სჭირდება, რათა ამომრჩეველი მიიზიდოს.

- ოპოზიციის გაერთიანება იქნება შედეგიანი, რაზეც აპელირებს "ნაცმოძრაობა"?

- "ნაცმოძრაობასთან" მთელი ოპოზიციის გაერთიანება გამარჯვების კი არა, წაგების ფორმულაა.

ძალიან კარგი იქნებოდა მესამე ძალის შექმნა, მაგრამ არ ვიცი, ეს რამდენად­ შესაძლებელია. თუმცა გახარიას ამბიცია, რომ მარტო გადალახავს ბარიერს, არარეალისტურია. აღარაფერს ვამბობ "ლელოზე"­, რომელიც გულში მჯიღს იცემს, ჩვენ ბარიერის გადალახვას კი არა, გამარჯვებას ვაპ­ირებთო. დღეს არ არის ის განწყობა,­ რომ "ლელო" თუ მარტო დარჩება,­ 5%-იანი ბარიერი გადალახოს. არის კიდევ ერთი მომე­ნტი - ოპოზიციის გაერთიანე­ბას ახალი ლიდერი დასჭირდება, ახალი­ ლიდერი კი ვერც გახარია იქნება და ვერც ხაზარაძე. ორივემ უკან უნდა დაიხიოს, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოიძებნოს დიდი გაერთიანების ახალი ლიდერი. ასეთი­ გაერთიანება, ყოველგვარი "მარშალის გეგმის" და მსგავსი რაღაცების გარეშე და ახალი პროგრამით, რომელიც დღევანდელ რეალობას იქნება მორგებული, ჩათვალეთ, რომ "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" თანაფარდი იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ასეთი დიდი გაერთიანება, თუ ის სწორად წარმართავს საარჩევნო კამპანიას, პირველ ადგილზე გავიდეს და პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების უფლება მოიპოვის.

- ლიდერი ვინ შეიძლება იყოს?

- გაერთიანება უნდა მოინდომოს ყველამ,­ ცხადია, "ნაცმოძრაობის" გარეშე. რაც შეეხება ლიდერს, ის შეიძლება იყოს თუნდაც ზურაბიშვილი, თუ პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. მოიძებნებიან სხვებიც...

ქვეყანა ერთსა და იმავე ადგილზე ტრიალებს. შესაძლოა ეკონომიკური წინსვლა მართლა არის, მაგრამ ეს მოსახლეობას არ ეტყობა. სანამ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნა ბიზნესის წარმატების საფუძველი იქნება და "დაკრიშვის" გარეშე ვერაფერს გააკეთებ, რეალური წინსვლა და ხელისუფლებაზე გათვლილი ეკონომიკა ვერ გვექნება. ძალიან მინდა შეიქმნას მესამე ჯგუფი, ძალიან მინდა ერთპარტიულობა დასრულდეს. ცხადია, არ ველი, რომ ეს ჭაობიდან მაშინვე ამოგვიყვანს, მაგრამ რაღაც მექანიზმები შეიქმნება, რათა ჩაკეტილი სივრცე­ გავარღვიოთ. თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში და თან ისე, რომ ერთპარტიულობა ვერ დავასრულეთ, ძალიან მეშინია, რა მოხდება. ასეთი სისტემით 2028 წლამდე რომ ვერ მივაღწევთ, შემიძლია, როგორც იტყვიან, საციმბიროდ მოვაწერო ხელი. ეს პრობლემაც ძალიან მაშინებს, რადგან არასტაბილური ვითარების შექმნა მაშინ, როდესაც წკიპზეა ქვეყანა, ძალიან იოლია. ამიტომ ძალიან მინდა მომავალ წელს კოალიციური მთავრობა გვყავდეს, რაც მეტ-ნაკლებად სტაბილურობის გარანტია იქნება. ყოველ შემთხვევაში, ქუჩაში გასვლაზე აღარავინ იფიქრებს.

რუსა მაჩაიძე