შეჩვეული ომი, დასავლეთის სახიფათო მესიჯები და მორიგი „კვლევათა ღელვა“ ქართულ პოლიტიკაში
გასული კვირა მძიმე იყო, რადგან უკრაინაში მებრძოლ ქართველთა შორის დიდი დანაკარგია. ისინი უკრაინაში მსოფლიო ბოროტებას ებრძვიან. ბოროტებას, რომელიც დანებებას არ აპირებს, მეტიც, იგონებს ათასგვარ შავ სქემას, რათა გაძლიერდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ომს შეჩვევა სცოდნია, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებას. ეს მოსალოდნელიც იყო. მთავარია, მსოფლიო და პირველ რიგში, დასავლეთი არ შეეჩვიოს აზრს, რომ ბოროტების დამარცხება შეუძლებელია და მასთან შესაძლებელია რაღაც გარიგება-მორიგება. ამ მხრივ კი დასავლეთიდან საგანგაშო მესიჯები ისმის.
რატომ „გოდებს“ დასავლური პრესა?!
თვეების განმავლობაში დასავლური პრესა წერს უკრაინის ჩაშლილ კონტრშეტევასა და იმაზე, რომ ომი ჩიხში შევიდა. ასევე დასავლური პრესა წერს, რომ ევროპის დედაქალაქებსა და ვაშინგტონში განიხილავენ ომის დასრულების პერსპექტივას.
სულ ერთი წლის წინ ომის დასრულების სცენარად განიხილებოდა პუტინის საბოლოო მარცხი და რაშიზმის, როგორც მოვლენის, აღმოფხვრა. დღეს, სამწუხაროდ, სულ სხვა სცენარები მუშავდება. პარალელურად, ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან ისმის განცხადებები, რომ უკრაინის შეიარაღებაში პრობლემებია, ჭურვები აღარ არის და ა.შ.
გარკვეულ დასავლურ პოლიტიკურ წრეებს ომის დასრულება ასე წარმოუდგენიათ - პუტინს მიაქვს ის ყველაფერი, რაც უკვე დაიპყრო, უკრაინის დანარჩენი ნაწილი კი დასავლური დაცვის ქოლგის ქვეშ მოექცევა. არ ვიცით, ამ სცენარზე რა აზრის არის პუტინი და რაც მთავარია, რჩება შთაბეჭდილება, რომ არ ეკითხებიან უკრაინელებს.
პირველ რიგში, ის ვთქვათ, რამდენად მორალურია ამაზე მსჯელობა. წარმოვიდგინოთ რიგითი უკრაინული ოჯახის ყოველდღიურობა - არ იციან, რომელი მხრიდან მოფრინდება "შაჰიდი" თუ რუსული რაკეტა, ლამის ყოველდღიურად მისდით ცნობები, რომ ფრონტზე დაიღუპა ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, ახლობელი და... ამ დროს კომფორტულ ევროპასა და ამერიკაში მსჯელობენ იმაზე, რომ ომი სასწრაფოდ დასასრულებელია უკრაინული ტერიტორიების ხარჯზე. ომს მხოლოდ იარაღი არ იგებს, ომს მოსახლეობის მორალური მდგომარეობაც იგებს და იმედია, დასავლური სახიფათო მესიჯები "მეხუთე კოლონის" როლს არ შეასრულებენ.
გარდა ამისა, სად აქვს დასავლეთს გარანტია, რომ პუტინი პაუზას არ გამოიყენებს გაძლიერებისთვის და "მეორე წრეზე" არ წავა?! იყო ასეთი პერსონაჟი მსოფლიო ისტორიაში - ადოლფ ჰიტლერი. მაშინდელ ლიდერებსაც ეგონათ, რომ დათმობებით ადოლფი დაწყნარდებოდა და საბოლოო ჯამში, მიიღეს მეორე მსოფლიო ომი - განადგურებული ევროპა, ათეულმილიონობით დაღუპული ადამიანი და ა.შ. უნდათ დღევანდელ მსოფლიო ლიდერებს, რომ 70 წლის შემდეგ (რა თქმა უნდა, თუ გადარჩა პლანეტა) ისტორიის წიგნებში დაწერონ, მეტი ფხა რომ გამოეჩინათ, მესამე მსოფლიო ომი არ იქნებოდაო?!
უკრაინის კონტრშეტევა რომ ჩაფლავდა, ამაში თავისი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის. რომ მიეცათ საკმარისი რაოდენობით თვითმფრინავები, შორსმსროლელი რაკეტები და დიდი რაოდენობით ტანკები, რამდენჯერმე გაიზრდებოდა უკრაინის არმიის წარმატების შესაძლებლობა. ამიტომ ამის ზიდვა დასავლეთსაც მოუწევს, ბოროტებასთან კი დიალოგი არ შეიძლება.
იპოვეთ ოთხი... საერთო...
ევროკომისიის 8 ნოემბრის დასკვნამ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დააგდო. თუმცა ევროკავშირს აქვს ერთი მნიშვნელოვანი დათქმა - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტ ინტერესს იწვევს პარტიული რეიტინგების მონაცემები.
ამ დროისთვის პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილია ოთხი კვლევის შედეგი. რომ არ დაგღალოთ, მხოლოდ რეიტინგების პირველ ხუთეულს გაგაცნობთ. დავიწყებთ საზოგადოებისთვის არცთუ ისე ცნობილი კვლევით, რომელიც იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციამ "თაობები საქართველოსთვის" 29 აგვისტო-11 სექტემბერს ჩაატარა.
იაგო კაჭკაჭიშვილის (ISSA) კვლევით:
1. "ქართული ოცნება" 25,2%;
2. "ნაციონალური მოძრაობა" 6,4%;
3. "გირჩი - მეტი თავისუფლება" 1,2%;
4.„"ლელო" 1,2%;
5. "გირჩი" (იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი) 0,9%
(გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მეექვსე ადგილზეა 0,8%-ით).
"ედისონ რისერჩის" კვლევა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით:
1. "ქართული ოცნება" 37%;
2.„"ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" 21%;
3. გახარიას პარტია "საქართველოსთვის" 9%;
4. "ლელო" 5%;
მეხუთე-მეექვსე-მეშვიდე-მერვე ადგილები 4-4%-ით გაინაწილეს "გირჩი/დროამ" (ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხიშტარია, ლეიბორისტული პარტია, ანა დოლიძის პარტია "ხალხისთვის" და "გირჩი" - იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი).
"გორბის" კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით:
1. "ქართული ოცნება" 55%;
2. "ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" 20%;
3. "გირჩი/დროა"“(ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია) 4%;
4. "ლელო" 4%;
მეხუთე-მეექვსე ადგილებს 3-3%-ით იყოფენ "ევროპული საქართველო" და გახარიას პარტია "საქართველოსთვის".
IRI-ს კვლევით:
1. "ქართული ოცნება" 25%;
2.„"ნაციონალური მოძრაობა" 13%;
3. "გახარიას პარტია -„საქართველოსთვის" 4%;
4. "სტრატეგია აღმაშენებელი" 3% (უცნაურია, რომ გიორგი ვაშაძის პარტიის რეიტინგი ცალკე დათვალეს, რადგან კარგა ხანია, ის "ნაცმოძრაობასთან" ალიანსშია);
5. "გირჩი" (იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი) 3%.
რისი თქმა შეიძლება? პირველ რიგში, ალბათ, იმის, რომ დაახლოებით ერთ პერიოდში ჩატარებული კვლევების ასეთი აცდენა, ალბათ, არ არის ჯანსაღი მოვლენა არც პოლიტიკაში და არც სოციოლოგიაში (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ "ედისონ რისერჩისა" და "გორბის" კვლევებში ერთმანეთს ემთხვევა "ნაცმოძრაობის" რეიტინგი, "ქართული ოცნების" რეიტინგი კი იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციისა და "აი-რა-ის" კვლევებში) - ანუ რამდენიც არ უნდა ვაანალიზოთ ეს კვლევები, პარტიების რეიტინგებში დაახლოებით საერთო სურათს ვერ გვაძლევს.
გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი ფაქტორი - კვლევები ჩატარებულია 8 ნოემბრამდე ანუ მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალური ნაბიჯები აშორებს. ამ სტატუსის მიღების მთავარი წილი, მოსწონს თუ არა ეს ოპოზიციას, სწორედ მმართველ პარტიას დაეწერება (ამ კუთხით "ოცნების" მთავარი კონკურენტი სალომე ზურაბიშვილია). შესაბამისად, დეკემბრიდან მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს (ზრდის კუთხით).
ცვლილება შეიძლება მოხდეს "ნაცმოძრაობის" რეიტინგში. კერძოდ, 23 ნოემბერს ცალკე ე.წ. ახალი მენეჯმენტი იკრიბება (სააკაშვილის მოწოდების შესაბამისად, რომ რაღაც მანიფესტს მოაწერეს ხელი), ცალკე ნიკა მელიასი. დიდი ალბათობით, 23 ნოემბრის შემდეგ ნიკა მელია საბოლოოდ დატოვებს პარტიას. ეს აუცილებლად დაასუსტებს "ნაცმოძრაობას", რაც აისახება პარტიის რეიტინგზე. გასაგებია, რომ "ნაცმოძრაობის" რეიტინგი სააკაშვილის პირადი რეიტინგია, მაგრამ მელია თავის წასართმევ ხმებს აუცილებლად წაართმევს თავის ყოფილ პარტიას.
პარტია შესაძლოა სხვა მხრივაც დასუსტდეს. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილს კონფლიქტი აქვს ვანო მერაბიშვილთან სოფო ჯაფარიძის გამო (კეზერაშვილს არ სურს, რომ სააკაშვილის სპეცწარმომადგენლები პარტიის პარალელურ სტრუქტურებს ქმნიდნენ, მერაბიშვილი კი სოფო ჯაფარიძეს მხარს უჭერს). მეორე მხრივ, კეზერაშვილის წერილის ამბავი ჯერ არ დასრულებულა. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილმა სააკაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც, თუ პარტიას "ამრევები" არ ჩამოშორდებოდნენ (დიდი ალბათობით, "კეზერა" ამრევებში მხოლოდ ნიკა მელიას არ გულისხმობდა), ის შეწყვეტდა დაფინანსებას. სააკაშვილი თითქოს დაეთანხმა კეზერაშვილის მოთხოვნებს, მაგრამ სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, ამერიკაში თავისი პარტიისთვის ახალი სპონსორის ძებნა დაიწყო.
გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ახალი მენეჯმენტი გეგმავს, რომ 23 ნოემბერს პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელოს მიხეილ სააკაშვილი. ეს მხოლოდ პიარსვლაა, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და პრემიერი კი არა, სოფლის რწმუნებულიც ვერ გახდება. სამაგიეროდ, "ოცნებას" ტუზი დაეცემა სააკაშვილის დაბრუნების საფრთხის შექმნის კუთხით. ეს სვლა კი ქართულ პოლიტიკაში, მოსწონთ ეს თუ არა სააკაშვილის ფანებს, ყოველთვის ამართლებს ხოლმე.
მოკლედ, ამ კვლევებში, ალბათ, იმდენად ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ "ოცნება"-"ნაცმოძრაობის" რეიტინგებზე, რამდენიც სხვა პარტიების რეიტინგებზე. ამ მხრივ კი ცუდი მდგომარეობაა - ოთხი კვლევიდან მხოლოდ ერთში ("ედისონ რისერჩი") გადალახავენ 5%-იან ბარიერს სხვა ოპოზიციური პარტიები.
ანუ კითხვა - სად არის "მესამე ძალა", რომელიც დააბალანებს "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" და 2024 წლის მოწვევის პარლამენტში ერთგვარი ოქროს გასაღები ექნება, კვლავ ჰაერშია გამოკიდებული. რა თქმა უნდა, თუ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ გადადგა თანამდებობიდან და "მესამე ძალის" ლიდერის ფუნქცია აიღო (იმ პირობით, რომ სხვა პარტიების ლიდერები გადადებენ გვერდზე პირად წყენებს და დაჯგუფდებიან ზურაბიშვილის გარშემო), მაშინ შესაძლოა მომავალ პარლამენტში გაჩნდეს ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ორპოლუსიანობას დაასრულებს.
შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი მზად არის ამ სცენარისთვის. თუმცა სხვა პარტიებს არ ეტყობათ, რომ ყველაფერზე მაღლა დადგომას“ აპირებენ... ასე რომ, დიდი ალბათობით, 2024 წლის შემდეგ ორპარტიულ პარლამენტს ვიხილავთ. უმრავლესობაში - "ოცნება", ოპოზიციაში - "ნაცმოძრაობა".
ყველაზე ძალიან თქვენს მონა-მორჩილს გაუხარდება, თუ მისი პროგნოზი ორპარტიულობის შესახებ არ გამართლდება.
გიორგი კვიტაშვილი