უკრაინის კონტრშეტევა უშედეგოდ მთავრდება, რატომ?
2023 წლის 4 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წამოიწყეს დიდი ხნით ადრე დაანონსებული კონტრშეტევები რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების გასათავისუფლებლად. დღეს 20 ნოემბერია და ხუთ თვეზე მეტხანს მიმდინარე უკრაინული კონტრშეტევების შეფასებისას, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიის მთავარი საბრძოლო ამოცანა, ზაფხულ-შემოდგომის კონტრშეტევების შედეგად მიეღწია აზოვის ზღვის სანაპირომდე და, ფაქტობრივად, შუაზე გადაეჭრა თითქმის ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზი, რითაც რუსეთის დონის როსტოვიდან სახმელეთო მომარაგებას გადაუკეტავდა ანექსირებულ ყირიმს, შეუსრულებელი აღმოჩნდა და როგორც ჩანს, ამ წელს უკრაინის სასარგებლოდ ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვლება, წვიმების სეზონის დაწყების გათვალისწინებითაც.
რა გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევების წარუმატებლობის მთავარი მიზეზები. მიზეზი არაერთია და ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ზოგს ობიექტური საფუძველი აქვს, ზოგსაც წმინდა სუბიექტური, რის გაანალიზებასაც ამ სტატიაში შევეცდებით.
პირველი - უკრაინის კონტრშეტევები დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაანონსდა და უკრაინელ მოსახლეობასა და მსოფლიოს იმ ნაწილშიც, რომელიც უკრაინის მხარეზეა, შეიქმნა კონტრშეტევების წარმატებული შედეგის ძალიან დიდი მოლოდინი. უფრო მეტიც, ასეთი განწყობა სუფევდა არა მარტო სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ თურმე თავად უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშიც - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დღეს აღიარებს, რომ უკრაინის გენშტაბში შეიძლება ნატოელი გენერლების კარნახითაც გეგმავდნენ, რომ კონტრშეტევაზე გადასული უკრაინის არმია დღე-ღამეში 30 კმ-ით მაინც უნდა წაწეულიყო წინ, რაც ფანტასტიკა აღმოჩნდა, რადგან ზაპოროჟიეს ფრონტზე ხუთ თვეში უკრაინის არმიამ მხოლოდ... 17 კმ-ით თუ წაიწია წინ.
მეორე - უკრაინის არმიის გენერალური კონტრშეტევის მიმართულების ამოცნობა არცთუ ძნელი იყო ფრონტზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე და ის ყველა შემთხვევაში დაემთხვეოდა სამხრეთ ფრონტზე, ზაპოროჟიედან სამხრეთით ტოკმაკისა და მელიტოპოლის მხრიდან აზოვის სანაპიროსკენ გაჭრას ბერდიანსკზე გასასვლელად, ხოლო დამხმარე კონტრიერიშის წამოწყება მოსალოდნელი გახლდათ აღმოსავლეთ ფრონტზე, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან (ხერსონიდან) მარცხენა სანაპიროზე დესანტირება, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ წინსვლა არმიანსკზე გასასვლელად და საუკეთესო შემთხვევაში, აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ გენიჩენსკთან ამ ორივე კონტრიერიშის მიმართულებების შეერთება, რაც რუს ოკუპანტებს ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე "ტომარაში" მოაქცევდა და შესაბამისად, გათავისუფლებული იქნებოდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოდართან, რომლის ნაპირზეც უკრაინელები დესანტს გადასხამდნენ.
ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე, კრემენოე-სვატოვოს მონაკვეთზე, მთავარი კონტრშეტევის დაწყება ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის გასათავისუფლებლად ან აღმოსავლეთ ფრონტზე ოკუპირებული დონეცკისკენ დიდი შეტევის წამოწყება აზრს მოკლებული იყო, რადგან ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას და იმ მიმართულებებზე რუსეთიდან დამატებითი ძალების მიხმარება კრემლს არ გაუჭირდებოდა.
მესამე - რუსეთის გენშტაბის სამხედრო ანალიტიკოსებისთვის ძნელი არ იყო იმის განსაზღვრა, თუ დაანონსებული საზაფხულო კონტრიერიშებს საით მიმართავდა უკრაინის არმია და ამიტომაც ჯერ კიდევ 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის პერიოდიდან დაიწყო გრანდიოზული მასშტაბის თავდაცვითი ზღუდეების აგება სწორედ ზაპოროჟიეს სამხრეთ ფრონტის გასწვრივ, რაც 2023 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მაშინდელი სარდლის, გენერალ სუროვიკინის პატივსაცემად არაოფიციალურად შერქმეული "სუროვიკინის თავდაცვის ზღუდე", ალბათ, 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული მასშტაბისა და სიგრძის საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც "დრაკონის კბილებს" (პირამიდის ფორმის რკინაბეტონის კონსტრუქციები), ტანკსაწინააღმდეგო თხრილებს, ესკარპებსა და კონტრესკარპებს და რაც მთავარია, ამ თავდაცვითი ზღუდეების პირველ ხაზამდე (სულ თავდაცვის სამი ხაზი გაკეთდა, ძირითადი იყო მეორე, მესამე - სარეზერვო) მისასვლელები უხვად იყო დანაღმული ქვეით- და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით.

მეოთხე - ლოგიკურად მოსალოდნელი გახლდათ, რომ უკრაინის არმია თავიდან სამხრეთ ფრონტზე რამდენიმე მიმართულებით წამოიწყებდა კონტრშეტევას მოწინააღმდეგის დასაბნევად და შემდეგ მთელ ძალებს გენერალური კონტრშეტევის მიმართულებაზე მოუყრიდა თავს.
თუმცა ასე რატომღაც არ მოხდა - კონტრშეტევის ორი მთავარი მიმართულება რამდენიმე დღეში თითქოს მართლაც გამოიკვეთა - ერთი ორეხოვოდან ტოკმაკისკენ, ხოლო მეორე უფრო აღმოსავლეთით, მარიუპოლისკენ, მაგრამ მთელი ძალების კონცენტრაცია მაინც არ მოხდა და უკრაინული დანაყოფები ჯიუტად აგრძელებდნენ შეტევებს აღმოსავლეთ ფრონტზე ბახმუტის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოსაქცევად, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკარგული და მიწასთან გასწორებული ბახმუტის უკან დაბრუნების სამხედრო აუცილებლობა არ არსებობდა. ეს შეიძლება მხოლოდ უკრაინის პოლიტიკური ხელისუფლებისთვის ყოფილიყო მომგებიანი, რათა პრეზიდენტ ზელენსკის დასავლელი ლიდერებისთვის დაენახებინა, დაკარგული ბახმუტი უკან დავიბრუნეთო, მაგრამ ამან ძალების გაფანტვა გამოიწვია.
ომის დროს პოლიტიკოსების სამხედროების საქმეში უხეშად და დამღუპველად ჩარევის მაგალითი ხომ საქართველოშიც მოგვეპოვება, თუნდაც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის ოპერაციის დროს.
მეხუთე - დასავლელი პარტნიორების სამხედრო დახმარება უკრაინის მთავარი კონტრიერიშის წინ დაგვიანებული და არასრული აღმოჩნდა. მართალია, ნატოს წევრმა ქვეყნებმა 4 ივნისამდე მოახერხეს 9 უკრაინული ბრიგადის პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და უკრაინის არმიას 230 ტანკი და 1 550 ჯავშანმანქანა გადასცეს საარტილერიო დანადგარებთან ერთად, მაგრამ ეს არ კმაროდა საავიაციო მხარდაჭერის გარეშე - უკრაინელ მებრძოლებს (მათ შორის უცხოელ მოხალისეებს, პირველ რიგში კი ქართველ მეომრებს) ისე უწევდათ შეტევაზე გადასვლა, რომ არ იყო ჩახშობილი მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლი. ასეთ პირობებში, ძლიერი საავიაციო და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერის გარეშე, მაგალითად, ნატოს წევრი ქვეყნების არმიების, მათ შორის თავად ამერიკული არმიის მებრძოლებიც კი უარს იტყოდნენ შეტევაზე.
მეექვსე - უკრაინის გენშტაბმა და ნატოელმა გენერლებმა არასათანადოდ შეაფასეს იმ ნაღმური ველების საფრთხე, რომლებიც "სუროვიკინის თავდაცვის ზღუდეებამდე" მისასვლელებში იყო. არასაკმარისი რაოდენობით იქნა გამოყენებული ნაღმური ველების განნაღმვის დისტანციური სისტემები, ასევე განნაღმველი ტრალები. შესაბამისად, რობოტინესთან იერიშის დროს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდნენ გერმანული "ლეოპარდები" და ამერიკული "ბრედლის" ქვეითთა საბრძოლო მანქანები, რამაც უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინა შეტევაზე გადასულ უკრაინელ მებრძოლებზე, რადგან მათ დასავლეთის პოლიგონებზე მომზადების პერიოდში უნერგავდნენ, რომ "ლეოპარდებისა" და "ბრედლების" დანახვაზე რუს ოკუპანტებს პანიკა დაეწყებოდათ და სანგრებიდან თავქუდმოგლეჯილები გაიქცეოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა... პირიქით, ნაქებმა დასავლურმა ტექნიკამ "სუროვიკინის თავდაცვის ზღუდის" პირველ ხაზამდეც ვერ მიაღწია, ისე გამოვიდა მწყობრიდან ნახევარი საუკუნის წინანდელი საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით.
მეშვიდე - ნაღმურ ველზე შეფერხებულ უკრაინული კონტრშეტევის მთავარ ძალას, უმოძრაოდ მდგარ ჯავშანსატანკო ჯგუფებს, არანაკლებ ოთხი დიდი საფრთხე დაემატა: რუსული სანგრებიდან ნასროლი "კორნეტისა" და "ფაგოტის" მართვადი ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტები, რუსული არტილერიის ძლიერი ცეცხლი, კამიკაძე-დრონები და "ალიგატორის" შვეულმფრენებიდან შორი მანძილიდან გამოშვებული "ვიხრის" ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები.
მერვე - რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ მძლავრ რადიელექტრონული ბრძოლის საშუალებებს უშუალოდ ფრონტის ხაზთან, რითაც პრობლემები შეუქმნეს უკრაინელების "საბრძოლო კოზირს" - "ჰაიმარსებიდან" გაშვებულ მართვად რაკეტებს, რადგან მიზანში მათ ზუსტად მოხვედრას სწორედ ჯი-პი-ეს-სისტემა უზრუნველყოფს, მის სიგნალებს კი ხშირად რუსული სადგურები ახშობენ. შესაბამისად, უფრო შორ მანძილზე მფრენი "ჰაიმარსების" მიზანში მოხვედრის სიზუსტემაც იკლო და უკრაინელების კონტრსაბატარეო ბრძოლაც არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა, როგორც შარშან, როდესაც ფრონტის ხაზზე გამოჩენილი ამერიკული "ჰაიმარსები" რუსი არტილერისტებისთვის ჯერ კიდევ "ახალი ხილი" იყო.
მეცხრე - რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენა რამდენიმეთვიანი პოზიციური ბრძოლების პერიოდი და საოკუპაციო ძალების რაოდენობა 400 ათასამდე გაზარდა, რითაც უკრაინის ფრონტზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა "გადააჯერა", რის გამოც რუსი ოკუპანტებისთვის დიდი მსხვერპლი პირად შემადგენლობაში კატასტროფული აღარ არის.
მეორე მსოფლიო ომის გაკვეთილებიდან გამომდინარე, გამარჯვებულმა საბჭოთა არმიამ დამარცხებულ გერმანიაზე ბევრად მეტი მსხვერპლი ნახა, მაგრამ ამას სტალინი არ შეუჩერებია და არც პუტინს შეაჩერებს, რადგან ისტორიულად რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი, სხვა ქვეყნების ტერიტორიების დასაპყრობად რუსეთი ყველა ფასს გადაიხდის, ხოლო დაღუპულების ნაცვლად "ქალები ახალ შვილებს გააჩენენ".
კიდევ ბევრი ობიექტური და თუნდაც სუბიექტური მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც უკრაინის ამ წლის მთავარი კონტრიერიში რუსი ოკუპანტების ნაწილობრივ გასაყრელად მაინც, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ომი გრძელდება...
ფეხბურთის არ იყოს, როდესაც ერთი მხარე უტევს და ბურთი ვერ გააქვს, შეიძლება თავად მიიღოს კარში ბურთი - ასეა ომშიც. ახლა მოსალოდნელია რუსი ოკუპანტების შეტევების გაძლიერება ახალი უკრაინული ქალაქების დასაპყრობად, მათ შორის ავდეევკისა თუ კუპიანსკის.
ამასთან, ძალზე არასახარბიელო ვითარება იქმნება უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე - ამერიკელი კონგრესმენები ვიწროპარტიული ქიშპობის გამო არ ამტკიცებენ ქვეყნის იმ ბიუჯეტს, სადაც უკრაინისთვის 2024 წელს 61-მლრდ დოლარიანი ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევაა გათვალისწინებული; ევროკავშირი აღიარებს, რომ მომავალი წლის გაზაფხულამდე უკრაინის არმიას ვერ მიაწვდის შეპირებულ ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს; სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი საერთოდ წყვეტს სახელმწიფო სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის უნგრეთის ხელისუფლების მსგავსად, რომელიც ომის დაწყების დღიდან ბლოკავს ევროკავშირის მიერ 50 მლრდ ევროს გამოყოფას კიევისთვის; ღაზის სექტორში "ჰამასის" ინსპირირებული ომი ისრაელის არმიას უკრაინის მოწილედ აქცევს ისედაც დეფიციტური 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების გაყოფაში. მოკლედ, უკრაინას ძალზე რთული პერიოდი დაუდგება ამ ზამთრისთვის, რაც კიევმა რამენაირად უნდა გადაიტანოს, მათ შორის მოსალოდნელი რუსული საჰაერო დარტყმების მომატების ფონზე, რაც უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებისკენ იქნება მიმართული. სხვა შემთხვევაში, აგრესორ რუსეთთან წაგებული უკრაინა მთლიანად დასავლეთის წაგებად აღიქმება, რაშიც საქართველოც მძიმედ "გაიჭყლიტება".