"სიხარულისგან დავხტოდით, თან ხალხის გვრცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით, აღფრთოვანებული ვიყავით"
"რანინას" მეექვსე სეზონის გამარჯვებული ანასტასია ვასაძე საქართველოს 2023 წლის საბავშვო "ევროვიზიაზე" წარადგენს, მასთან ერთად კი "რანინას" 2022 წლის ფინალისტები - ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი იმღერებენ, ისინი შეასრულებენ სიმღერას Over The Sky, რომლის ავტორები არიან მებო ნუცუბიძე (მუსიკისა და ტექსტის) და ბეთხო - ირაკლი მანჩხაშვილი, კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, რომელიც ასევე მუშაობს სასცენო დადგმაზე ქორეოგრაფ გიორგი ტორიაშვილთან ერთად. ანასტასიასთან, ნიკოლოზსა და ოთოსთან ერთად "ევროვიზიის" სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე გამოვა, მხატვრული ტანმოვარჯიშეები ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია.
21-ე საბავშვო "ევროვიზია" საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო "ევროვიზიის" წარმატებული მონაწილე ქვეყანაა. პირველად 2008 წელს პროექტით "ბზიკები" გაიმარჯვა, 2011 წელს პირველ ადგილზე გავიდა ჯგუფი "ქენდი", 2016 წელს კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო, 2022 წელს კი მარიამ ბიგვავამ მესამე ადგილი დაიკავა.
ანასტასია ვასაძე:
- ნამდვილად არ ველოდით, თუ "ევროვიზიაზე" ჩვენ სამნი წავიდოდით და ძალიან ბედნიერი ვართ ამ გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, კარგი არჩევანია, რომ ნიკოლოზი და ოთოც მოდიან.
ოთო ბაზერაშვილი:
- თავიდან ვიცოდით, რომ მხოლოდ ანასტასია მიდიოდა, ჩვენ რეპეტიციაზე დაგვიბარეს და იქ დაგვხვდა მთელი გადამღები ჯგუფი, რაღაც ფურცელი გადმოგვცეს და რომ გავხსენით, ეწერა, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საბავშვო "ევროვიზიაზე" მიდიანო, სიხარულისგან დავხტოდით, თან ხალხის გვრცხვენოდა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებდით, აღფრთოვანებული ვიყავით.
ნიკოლოზ ხარატი:
- მეც ძალიან გამიხარდა, რა თქმა უნდა. ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, რადგან საბავშვო "ევროვიზიაზე" ანასტასიას გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია.
ანასტასია:
- ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვაჩენთ. "ევროვიზია" მასშტაბური კონკურსია და ამდენი მაყურებელი რომ გვნახავს, ღირსეულად უნდა გამოვიდეთ. მგონია, ყველაფერი კარგად იქნება.
ოთო:
- ჩვენ ჩვენი თავისა და გულშემატკივრების იმედი გვაქვს, მათ მხარი უნდა დაგვიჭირონ, ჩვენ კი მათი იმედი გავამართლოთ, რათა შემდეგ წელს "ევროვიზია" საქართველოში გაიმართოს. ხმის მიცემა 24 ნოემბერს 23 საათზე დაიწყება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება, კონცერტის მსვლელობისას შეწყდება და შემდეგ 15 წუთით ჩაირთვება. ხალხო, თქვენი იმედი გვაქვს, ძალიან გვიყვარხართ და გვეიმედებით!
ნიკოლოზი:
- ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, ხმა მოგვცეთ და გვერდში დაგვიდგეთ, თქვენი დახმარებით შევძლებთ გამარჯვებას! ეს ჩვენი ძალიან დიდი წარმატება იქნება. მინდა წინასწარ გითხრათ მადლობა, მჯერა, რომ დაგვეხმარებით, ამიტომაც მიყვარხართ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ! გაუმარჯოს საქართველოს! წარმატება ყველას!
ანასტასია:
- ჩვენ მართლაც თქვენი იმედი გვაქვს, ძალიან გვჭირდება თქვენი გულშემატკივრობა და მხარდაჭერა. ქართველები პატრიოტი ხალხია და მეც მჯერა, რომ ხმის მიცემას არ დაიზარებენ. მხოლოდ მე, ოთო და ნიკოლოზი კი არა, მთელი საქართველო გავიმარჯვებთ, თუ ბევრი დაგვიჭერს მხარს.
- თქვენ ბევრჯერ გიმღერიათ ერთად, ძირითადად, ქართული სიმღერები. ამ სიმღერაში როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?
ანასტასია:
- ძალიან კარგად, თვითონ სიმღერამ შეგვიწყო ხელი, მრავალფეროვანია.
ოთო:
- ამ სიმღერაში ტექსტის ნაწილი, მართალია, ინგლისურენოვანია, მაგრამ ქართული სულია შერეული, ხალხური, ფოლკლორული ინსტრუმენტები, ფანდური, ჭუნირი, კიდევ, აკორდეონი. ეს სიმღერა ძალიან მოგვიხდა, რადგან ჩვენს ვოკალურ მონაცემებზეა მორგებული.
- თქვენი სიმღერები ქართველ მსმენელს ძალიან მოსწონს. თავად რას უსმენთ ხოლმე, რით ერთობით თავისუფალ დროს?
ანასტასია:
- მუსიკას ვუსმენ, მაგალითად, ჯაზს; ბევრი მომღერალი მომწონს, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი; ვხატავ, მიყვარს ცეკვა, სამაგიდო თამაშები, მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ადგილას დავდივარ და ა.შ.
ნიკოლოზი:
- მე რომელიმე კონკრეტულ მომღერალს ვერ გამოვყოფ, ძალიან ბევრი მომწონს, ქართულ სიმღერებსაც ვუსმენ და ინგლისურსაც, ჯაზსაც. ჩემი ჰობია თხილამურზე სრიალი, მოტოციკლეტის, მანქანის, ველოსიპედის ტარება, თევზაობა, გართობა, ცელქობა (იცინის), ძალიან ცელქი ვარ.
(მოისმინეთ სიმღერა)
- ასეთი ცელქი და მოუსვენარი რომ ხარ, გაკვეთილებზე ჯდომა არ გიჭირს?
- არა, არა, ძალიან კარგად ვსწავლობ, ათიანები მყავს, ოღონდ ეს ტრაბახში არ ჩამითვალოთ.
- როგორ ასწრებ ამდენ რამეს?
- მივხვდი, რომ სწავლის გარეშე არაფერი გამოვა, არც სიმღერა და არც არაფერი. ჩემი საყვარელი საგნები მათემატიკა და ქართულია.
- ოთო, შენ?
- მე ძალიან მიყვარს ქართული სიმღერები, ხალხური, შემდეგ პოპი. უცხოელი მომღერლებიდან ფრენკ სინატრა და ბრუნო მარსი მომწონს, ქართველებიდან კი ძველი თაობის მომღერლები - გოგი დოლიძე, ჰამლეტ გონაშვილი, მათი შესრულებული სიმღერებით ბევრ რამეს ვსწავლობ, თუნდაც სუნთქვის სწორად აღებას. მაგალითად, ჰამლეტ გონაშვილი სუნთქვას რომ აიღებდა, დიდხანს შეეძლო სიმღერა. ძალიან მაგარი მომღერლები იყვნენ და მათი ხსოვნა იყოს. პირველად რომ მოვისმინე, აღვფრთოვანდი, ჩახვევებს მაგრად აკეთებდა. თურმე ერთ ქვეყანაში ყელში ჩახედეს და გაოცდნენ...
მოკლედ, ქართველებს ძალიან ბევრი მაგარი მომღერალი გვყავდა და მომწონს მათი შემოქმედება.
"მინდა ევროპამაც გაიგოს, რომ საოცრად ნიჭიერი ბავშვები გვყავს"
ზაზა ორაშვილი, რეჟისორი:
- საბავშვო "ევროვიზიამდე" სულ რამდენიმე დღეა და რეპეტიციები, სცენოგრაფიის ბოლო შტრიხები გავიარეთ, რომ ბავშვებმა ზუსტად იცოდნენ, სად უნდა იდგნენ, რა პოზიციაში იმღერონ... ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რათა მაყურებელს სიმღერა მაქსიმალურად კარგად მიეწოდოს. წელს სიმღერა შედარებით განსხვავებულია, ქართული ელემენტებიცაა, ევროპულ-ქართული სინთეზი გვინდა წარმოვაჩინოთ. თავიდანვე ნიჭიერი ბავშვები შეირჩნენ და მგონი, რომ საქართველოს კარგად წარადგენენ.
- როგორია სარეპეტიციო პროცესი?
- მთელმა საქართველომ იცის უკვე, რომ საოცრად ნიჭიერები არიან, მაგრამ მინდა ევროპამაც გაიგოს. ამავე დროს, ცელქებიც არიან, ზოგჯერ გვიჯერებენ, ზოგჯერ - არცთუ ისე კარგად, მაგრამ ვცდილობთ, საერთო ენა გამოვნახოთ და თამაშ-თამაშით ისე იმუშაონ, როგორც საჭიროა. ასეთ კონკურსში მონაწილეობა ძალიან საპასუხისმგებლოა და უნდა გაამართლონ უამრავი გულშემატკივრის იმედი, შრომა, მათ შორის, იმ გუნდის, ვინც მათთვის მუშაობს.
"გთხოვთ, თავი შეიკავოთ "კომპეტენტური" კომენტარებისგან"
მანანა მორჩილაძე, ვოკალის პედაგოგი:
- ძალზე რთულად შესასრულებელი სიმღერაა, რადგან სპეციფიკური ჟღერადობა აქვს, ხან ფოლკლორია, ხან პოპი. ბიჭების პარტიაც ისეთია, ხან ბექვოკალის ფუნქცია აქვთ, ხან სოლისტის და ამის დაბალანსება მარტივი არ არის, როდესაც ცოცხლად ასრულებ. ძალიან ნიჭიერები არიან და მგონი, თავს გაართმევენ. "ევროვიზია" ისეთი რამაა, პროგნოზის გაკეთება რთულია, ძალიან მინდა ღირსეულად წარვდგეთ და კარგად იმღერონ - ეს არის პროგრამა-მინიმუმი, დანარჩენი, ვნახოთ, რა მოხდება.
ეს ბავშვები არა მარტო ჩემი მოსწავლეები, არამედ ჩემი მეგობრებიც არიან. ახლა ისეთი თაობა მოდის, მათთან თუ არ იმეგობრე, არაფერი გამოვა. პედაგოგთან დიდ-პატარის პრობლემა, რაც ჩვენს ბავშვობაში იყო, უნდა მოიშალოს. შეიძლება, კიდეც დაიღალო, ხან შენ გაბრაზდე, ხან ისინი, მაგრამ თანაბარუფლებიანი ადამიანები ვართ. ცელქები არიან, განსაკუთრებით, ბიჭები, მაგრამ რა ვქნათ.
რაც შეეხება სიმღერას, ზოგს მოსწონს, ზოგს კი არა, გემოვნების საკითხია, მაგრამ ახლა საზოგადოებამ ეს რომ მეორე პლანზე გადადოს და ამ ბავშვებს უგულშემატკივროს, თავი შეიკავონ "კომპეტენტური" კომენტარებისგან, ხომ შეიძლება? კითხულობენ და გული სტკივათ. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, სიმღერას კი არ განიკითხავენ, საკუთარ ქვეყანას გულშემატკივრობენ, რადგან მისი წარმატება სურთ - დააჭერენ თითს და მისცემენ ხმას. ხომ არ ჯობია, ჩვენც ასევ მოვიქცეთ? არც ერთი ქვეყანა წასვლის წინ ბავშვებს უარყოფით მოსაზრებებს არ დააწევს გზაში.
"რანინამ" ანასტასიას ცხოვრება 180-გრადუსით შეცვალა"
ნინო გირგვლიანი, ანასტასიას დედა:
- ანასტასია ოთხი წლიდან მღერის. "რანინაში" მოხვედრა თვითონ ისურვა, ეს მისი მესამე ცდა იყო და ვამაყობ, რომ ასეთი უდრეკი, მიზანდასახული და მშრომელია, დაბრკოლებას არ შეუშინდა და შედეგს მიაღწია. პროექტმა ანასტასიას ცხოვრება 180-გრადუსით შეცვალა, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და საქმეს სერიოზულად მოეკიდა. მისი გამარჯვება ჩვენთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო, ისევე, როგორც ის, რომ ანასტასია საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენს. მთავარია, ბავშვები ღირსეულად გავიდნენ ჩვენი დროშის ქვეშ! როგორც კი "რანინაში" გაიმარჯვა, იმ დღიდან ვეუბნები, შენ არა ხარ ანასტასია ვასაძე "ევროვიზიის" სცენაზე, შენ ხარ საქართველოს დროშა და წარმოადგენ შენს ქვეყანას-მეთქი. ჩემი აზრით, ამ დიდ სცენაზე მოხვედრაც გამარჯვება და წარმატებაა. სამივე ძალიან ბევრს შრომობს ამისთვის.
"არა მგონია, რომ გამარჯვების გარეშე დავბრუნდეთ"
ელისო არაბიძე, ნიკოლოზ ხარატის დედა:
- ნიკოლოზს ძალიან პატარა ასაკიდანვე ჰქონდა რიტმის შეგრძნება და როცა წამოიზარდა, ნელ-ნელა სიმღერებზე აყოლა დაიწყო ზუსტად იმავე ტონალობაში და ძალიან გვიკვირდა. მუსიკის ხმას როგორც კი გაიგებდა, მღეროდა, ცეკვავდა, პატარაობიდანვე ტაშფანდურა იყო. 3 წლის იყო, როცა დათო არჩვაძესთან მივიყვანეთ და თუმანიანის "ღმერთი არის სიყვარული" ისე უმღერა, რომ დათო გაგიჟდა. 7-8 წლის ბავშვებთან ერთად იდგა და მღეროდა. იქიდან დაიწყო და გაგრძელდა მისი სასიმღერო ამბები.
რაც შეეხება პროექტს, როგორც იცით, წელს ანასტასიამ ღირსეულად გაიმარჯვა და როცა გადაწყვიტეს, საბავშვო "ევროვიზიაზე" მასთან ერთად ნიკოლოზსა და ოთოს ემღერათ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო, ბიჭებმაც გაიხარეს. ვნახოთ, რა გამოვა, იმედია, ბევრ ხმას დავაგროვებთ. არა მგონია, რომ გამარჯვების გარეშე დავბრუნდეთ.
"საქართველოს სახელით გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა"
ანა დათულიშვილი, ოთოს დედა:
- ოთო 4 წლის იყო, როცა "იუთუბის" დახმარებით ლექსები ისწავლა, პატრიოტულ ლექსებს ამბობდა ჯარისკაცის ფორმით და მილიონობით ნახვა ჰქონდა. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სიმღერაც ძალიან უყვარს. ჩვენ კახეთში ვცხოვრობთ და იქ შევიყვანე სტუდია "მზიურში" ვერიკო სახიაშვილთან. პირველ-მეორე კლასში იყო, ჰამლეტ გონაშვილის "დაიგვიანე" და "ურმულო" თავისით ისწავლა.
რაც შეეხება ოთოს მოხვედრას "რანინაში", ჩემი ნათლულია ალექსანდრე მრელაშვილი - "მხოლოდ ქართულის" ფინალისტი. ერთ დღეს ჩვენთან იყო სტუმრად, ამ დროს გადიოდა პროექტის რეკლამა და ოთოს უთხრა, ძალიან მინდა მონაწილეობა მიიღოო. ისე დაინტერესდა, იმ წამიდან მოსვენება დაეკარგა, კიდევ უფრო ბევრი სიმღერა ისწავლა და როცა გამომიცხადა, უკვე მზად ვარ, წავიდეო, წამოვიყვანე.
როცა "ევროვიზიაზე" ანასტასიასთან ერთად ოთო და ნიკოლოზი შეარჩიეს, არ ველოდი. "ევროვიზიაზე" წასვლა ხომ ყველა ბავშვის ოცნებაა და ანასტასიას გვერდით რომ ჩემი შვილიც იმღერებს, რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ. ცოტა შევცბუნდი კიდეც, რადგან საქართველოს სახელით გასვლა დიდი პასუხისმგებლობაა 12 წლის ბიჭისთვის. პირველი ადგილი ძალიან გამიხარდება, მაგრამ მთავარია, ღირსეულად წარადგინონ საქართველო.
წინასწარ მადლობა ყველას, ვინც ჩვენს შვილებს მხარს დაუჭერს.