„ეს ომი გაგრძელდება მანამდე, სანამ „ჰამასი“ არ დანებდება“ - კვირის პალიტრა

„ეს ომი გაგრძელდება მანამდე, სანამ „ჰამასი“ არ დანებდება“

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ჩრდილოეთ რეგიონის დაკავების შემდეგ ისრაელი სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ღაზაშიც გააგრძელებს, სადაც, სავარაუდოდ, "ჰამასია" გამაგრებული. ისრაელის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომს ბოლომდე მიიყვანენ, რადგან თუ "ჰამასს" სრულად არ გაანადგურებენ, ის დაბრუნდება. ისრაელის გამოცემები ავრცელებენ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის განცხადებასაც, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ისრაელის არმიამ დაიწყო უფრო აქტიური ოპერაციები "ჰამასის" გვირაბების ასაღებად - ტერორისტებს გვირაბებიდან გამოსვლას აიძულებენ, რის შემდეგაც ისინი ან წინა პირობების გარეშე დანებდებიან, ან მათ გაანადგურებენ, მესამე ვარიანტი არ არსებობს. ისრაელ-"ჰამასის" ომის სიახლეებზე­ ებრაისტი ლაშა შაყულაშვილი­ თელ-ავივიდან გვესაუბრა, რომელთან ინტერვიუს ვიწყებთ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ როგორ ცხოვრობს ომში მყოფი ისრაელი და რა განწყობაა ერში.

- ომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ აეროპორტებმა შეცვალეს რეჟიმი - ევროპულმა, ამერიკულმა და აზიურმა ავიაკომპანიებმა დროებით შეწყვიტეს რეისები ისრაელში, რაც აქაურებმა მტკივნეულად აღიქვეს, ჩათვალეს, რომ ომი ისე მალე არ დამთავრდება, როგორც ჩვენ გვგონია. აქ პირველად გაჩნდა იმის განცდა, რომ რაღაც გრძელვადიანი დაიწყო, ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ისრაელში მანამდე სამხედრო დაპირისპირებები რამდენიმე დღეში ან კვირაში მთავრდებოდა. ამიტომაც ხალხის განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ ქვეყანაში ერი უფრო ძლიერია, ვიდრე მთავრობა. ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში რომ გააჩეროთ, ყველა გეტყვით, ეს ქვეყანა ჩემია, ჩემი დასაცავია და სხვაგან წასასვლელი არა მაქვსო. ერში მუდმივად ტრიალებს გოლდა მეირის ფრაზა: "ჩვენი სუპერძალა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს". საერთაშორისო ფრენების გაუქმება ისრაელელებმა ძალიან მძიმედ აღიქვეს, მაგრამ მაშინვე გამოვიდა ისრაელის ავიახაზები "ელალი" და თქვა, მიუხედავად ყველაფრისა, შეუფერხებლად ვიფრენთ ყველა იმ მიმართულებით, რომლებზეც დავფრინავდითო. ერთ-ერთი ყველაზე ბოლო, ვინც ფრენები შეაჩერა, საქართველოს ავიახაზები იყო... აეროპორტმა და ფრენების სტატისტიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის მოსახლეობაში საკუთარი ერის მიმართ ნდობის გაზრდაში - ომის პირველ კვირაში დაახლოებით 300 ათასი ისრაელელი­ დაბრუნდა ომში წასასვლელად, ტელევიზიით მუდმივად აჩვენებდნენ, რომ ჩამომსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა. ითხოვდნენ, ჩამოსვლა გვინდა და მეტი რეისი დანიშნეთო. დღეს ქვეყნიდან გამსვლელზე ბევრად მეტია შემომსვლელი. სამხრეთ ისრაელში არსებულ ქიბუცებში (სადაც ტერორისტები შევიდნენ), რომლებიც სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული იდეოლოგიური გაერთიანებაა, ფერმერებს ფერმები დარჩათ მოუვლელი, რადგანაც ტერორისტებს მხოლოდ ისრაელელები და ფესტივალზე მყოფი ხალხი არ გაუტაციათ, შრომითი მიგრანტებიც გაიტაცეს. ამიტომ ახლა გარდა იმისა, რომ ხალხი ომში საბრძოლველად ჩამოდის, ამას ემატებიან ისინიც, ვისაც სურთ მოხალისედ ჩავიდნენ სამხრეთში­ და ფერმებში იმუშაონ (დღეები­ აქვთ გადანაწილებული), ყველას შეაქვს წვლილი მოსავლის აღება-დაბინავებაში. კიდევ ის არის უცნაური, რაც დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავდება - უამრავი რეზერვისტი გვყავს. ამასთან, თითქმის ყველა კვებითი ბიზნესი ისრაელში (გამორიცხულია ნახოთ შენობა, რომლის ქვეშაც არ იყოს კაფე-რესტორნები, სადაც არ კეთდებოდეს სადილი ჯარისთვის) ჯარისკაცების სამსახურშია. კვირის ბოლოს (იქ კვირის ბოლო ხუთშაბათია) საკვების დიდი შეფუთვები იგზავნება ჯარისკაცებისთვის. ჩემს მეზობლებს აქვთ სწრაფი კვების ობიექტი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და შედარებით იაფად შეუკვეთოთ სადილი-კომპლექტი ჯარისკაცისთვის, თან შეფუთვაზე მათთვის წარწერებსა და კეთილ სურვილებს ტოვებენ, მათ შორის ბავშვებიც. ისრაელის უნივერსიტეტებში სწავლა შეჩერებულია, რადგან სტუდენტები რეზერვისტებად არიან წასული და მათ გარეშე სწავლა არ გაგრძელდება.

აქ ხომ ქალიან-კაციანად ყველა ჯარისკაცია. ომის დასაწყისში ძალიან ბევრმა გამოთქვა საბრძოლველად წასვლის სურვილი. ნაწილს წასვლაზე უარი უთხრეს, თუმცა განაცხადის გაკეთების შემდეგ თავად დაურიგეს იარაღი. ქუჩაში შეგხვდებათ ზრდასრული ქალი თუ კაცი, რომლებიც ავტომატგადაკიდებული დადის. მაგალითად, ნახავთ სალონში მომუშავე გოგონას, რომელიც პედიკიურს აკეთებს და თან ავტომატი აქვს გადაკიდებული. აქ ჯარი ყველას მოხდილი აქვს.

ჩემი მეგობრები საქართველოდან მეკითხებიან ხოლმე, ხალხი ასე ერთიანად როგორ წავიდა ომშიო. იმიტომ წავიდა, რომ ამ ქვეყანაში, როგორც გითხარით, ერი უფრო ძლიერია, ვიდრე მთავრობა. ხალხი მთავრობის დასაცავად არ წასულა, სამშობლოს იცავს. ისრაელში შენი ჯარი არ მთავრდება იმით, 2-3 წელიწადში სამხედრო სამსახურს მოიხდი, შენი ჯარი გრძელდება - გაქვს შენი ბრიგადა, რომელშიც მსახურობდი, იქ პერიოდულად გიძახებენ, გამზადებენ. ამ ქვეყნისაგან სამყარომ უნდა ისწავლოს, ომს როგორ შეხვდეს, ვიდრე ის, როგორ იომოს. აქ კიდევ არის 200 ათასზე მეტი კაცი, იძულებით გადაადგილებული პირები, იმ დასახლებების მოსახლეობა, რომლებსაც "ჰამასი" მუდმივად ბომბავს. ამას მედიაში არ ამბობენ და თქვენთან თუ გახმაურდება, კარგი იქნება - ეს 200 ათასი კაცი სატუმროებში გადაანაწილეს და პირველი, რაც სახელმწიფომ გააკეთა, ის იყო, რომ ქვეყნის მასშტაბით შეკრიბა ფსიქოლოგები, რომლებიც ევაკუირებულებთან, ამ დასტრესილ ადამიანებთან მუშაობენ. სიტუაციას რომ ვაკვირდები, მახსენდება, 90-იანების დასაწყისში რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ლტოლვილები. ვხვდები, როგორ სჭირდებოდათ მათ დახმარება და მუშაობა იმაზე, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება. აქ მთავრობამ მაშინვე გამოაცხადა, მთავარია, ამ ადამიანებმა ფსიქიკა შეინარჩუნონ, ვისაც რამე გჭირდებათ, თქვით, რომ ცხოვრება გააგრძელოთ, სხვა დანარჩენი მოგვიანებით იქნებაო. აშკარაა, დღეს იბადება სრულიად ახალი ერი, იმიტომ, რომ 90-იანების შემდეგ ისრაელში ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან დაახლოებით 1 მილიონი კაცი ჩამოვიდა. მათი უმრავლესობა სრულფასოვან ისრაელელად არ გრძნობდა თავს, ყველას ჰქონდა გაუცხოება, მაგრამ ამწუთას ისრაელმა შექმნა სრულიად ახალი ერი და ვინც აქ დარჩა, ყველას აქვს სურვილი, რომ ეს სახელმწიფო მისი საკუთარი იყოს.

- სულ რამდენი რეზერვისტია წასული საბრძოლველად და ვინ არიან ისინი? ამბობენ, რომ ღაზაში ბევრი რეზერვისტია დაღუპული...

- რეზერვისტები ისრაელის სახელმწიფოს ყველაზე აქტიური მუშახელია. ესენი არიან ყველა სფეროში დასაქმებული ადამიანები. მათი ომში წასვლით ეკონომიკას მიადგა ზიანი, ვინაიდან ბევრი რამ დაკეტილია. არის კომპანიები, საიდანაც სამი თაობის ადამიანები არიან ომში. ძალიან სევდიანია, როცა მაღაზიებზე თუ კომპანიების შენობებზე ასეთი წარწერები გხვდება: "დაკეტილი ვართ, იმედია, მშვიდობით დაგვიბრუნდებით და მალე უკეთეს ვითარებაში მიგიღებთ სტუმრად". ქალაქებში გაქრა სარეკლამო ბილბორდები - ყველა ბანკს, კომპანიას, დიდ ორგანიზაციას, ყველას, საომარი ლოზუნგები, ისრაელის დროშები და ფოტოები აქვს გამოკრული წარწერებით: "მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთად გამარჯვებისკენ, ისრაელი ყველას სახლია" და სხვა... პირველ დღეებში 380 000 რეზერვისტი გავიდა საბრძოლველად. ოფიციალურად არ დასტურდება, სულ რამდენია, ბევრი სამხედრო ქმედება გასაიდუმლოებულია. რეზერვისტების ოჯახის წევრებმაც არ იციან, ისინი სად არიან, მათ ტელეფონებიც არა აქვთ.. საღამოობით, ოფიციალურად ცხადდება ინფორმაცია დაღუპულებზე. როდესაც ისრაელში ადამიანი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იღუპება, მას პანთეონში ასაფლავებენ, სადაც სახელმწიფოს ლიდერები იკრძალებიან, აქ ერთ ჯარისკაცსაც კი დიდი სამხედრო პატივით კრძალავენ. სტატისტიკას რამდენიმე დღეში აახლებენ ხოლმე და ბოლო დღეებში გავიგეთ, რომ ღაზის სექტორში ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა. ამწუთას აქცენტი იმაზეა გადატანილი, რომ უნდა გაიმარჯვონ, ოღონდ ისე, როგორც თვითონ უნდათ, და არა ისე, როგორც ამას უყურებს სამყარო, რომელსაც "ჰამასის" სტატისტიკის სჯერა. ბევრი დიდი ქვეყანა ისრაელს უჭერს მხარს და მათ შორის საქართველოა ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი. საქართველოს ხელისუფლებამ როგორც გამოავლინა თავი, ძალიან საამაყოა, ვერაფრით დავუკარგავ ამას მათ, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, რომელმაც სინაგოგასთან ყვავილები მიიტანა, თუ პარლამენტარი და ოპოზიციონერი, რომლებმაც ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ქართველი ერი ყოველთვის ამბობს თავის სიტყვას იმაზე, რაც სამყაროში ხდება. საქართველო ძალიან ღირსეულად დადგა, თბილისში რამდენიმე მხარდამჭერი აქცია გაიმართა და მხარდამჭერებში ებრაულ თემზე ბევრად მეტი ეთნიკურად ქართველები იყვნენ.

- თუმცა მსოფლიოში ანტისემიტური მოძრაობებიც ვნახეთ...

- პირველივე დღეებში გამოცხადდა, რომ ამერიკიდან ჩამოსული ფლოტი საამიროებში გაჩერდა, ასევე, ამერიკის სამხედრო ბაზამ გაზარდა თავისი წარმომადგენლობა საუდის არაბეთში, სადაც წყლები კონტროლდება (იემენიდან ნასროლი რაკეტა ამ ამერიკულმა ბაზამ საუდის არაბეთის ტერიტორიაზე გაანეიტრალა). ამ ომში არაბული ქვეყნები რომ არ ჩაერთვნენ, ამან გადაადგმევინა "ჰესბოლას" ნაბიჯი უკან. თუ ის ჩრდილოეთიდან ჩაერთვებოდა, უფრო მძიმე შედეგების საშიშროება იქნებოდა. ისინი, ვინც დასავლეთში სლოგანებით გამოდიან, ცოტანი არიან, მაგრამ მათ უკან, კაცმა არ იცის, ვინ დგას, ვინ აკეთებს ანტისემიტურ აქციებს. არაბულ ქვეყნებში, ლიბანსა და ამანში თვითონ პალესტინელებმა მოაწყვეს დიდი არეულობა, რის გამოც იორდანიაში ბაიდენის ვიზიტი გაუქმდა. ვითომ ისრაელმა რომ დაბომბა საავადმყოფო პალესტინაში, ამ ინფორმაციის გავრცელებაზე არც ერთ დიდ მედიასაშუალებას ბოდიში არ მოუხდია, არც CNN-ს და არც BBC-ის (CNN განსაკუთრებით ანტიებრაულია). ღაზაში ყველაფერი "ჰამასს" ექვემდებარება. ტელეეთერში რომ ამბობენ, დაგიპყრობთ, ყველას ჩვენს სამართალზე გადმოგიყვანთო და სხვა, ამას უყურებს ბეირუთში ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახისთვის ნორმალური ცხოვრება უნდა და ამბობს, ეს რადიკალები და გიჟები აქ რომ შემოვიდნენ, ბოლოს მომიღებენ, ვინ მაცოცხლებსო. დასავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო აქციაზე გასულ ადამიანებს მინდა ვუთხრა - არაბულმა ქვეყნებმა იციან, რას წარმოადგენს "ჰამასი", ის ძალიან აშინებს­ არაბებს, რომლებმაც უარი თქვეს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისრაელში 2,1 მილიონი ისრაელელი არაბია, ისინი არაბულ ენაზე ლაპარაკობენ, აქვთ მეჩეთი, სკოლები. "ჰამასი" მათ ემუქრება და გამყიდველებს ეძახის, რანაირად ცხოვრობთ ებრაელებთან ერთ სახელმწიფოში, რატომ ინდობთო და ა.შ., მაგრამ არაბები ვერ ჩართეს ომში.

- მაინც რამ განაპირობა ის, რომ არაბულმა სამყარომ ომში ჩართვაზე უარი თქვა, დასავლეთის, კონკრეტულად ამერიკის ფაქტორმა ხომ არა?

- ახლო აღმოსავლეთში ამ ომში ჩართვა არავის უნდა. იქ უამრავი გაჭირვებული არაბული სახელმწიფოა. კატარს და სხვა რამდენიმეს რომ არ უჭირს, არ ნიშნავს, რომ ყველა არაბული სახელმწიფო კარგად ცხოვრობს. ამერიკელებმა და ისრაელის მოკავშირეებმა, მაგალითად, ლიბანს პირდაპირ აუხსნეს, თუ ამ ომში ჩაერთვებით და "ჰესბოლას" მისცემთ საშუალებას თქვენი ტერიტორიიდან ისრაელს დაარტყას, ეკონომიკა აღარ გექნება და პირველ რიგში საკუთარ ერს გამოუტან მძიმე განაჩენსო. თანამედროვე სამყაროში ბევრ ქვეყანაში არის ფსიქოპათი ლიდერი, მაგრამ არიან ერები, რომელთაც უნდათ განვითარება და აღმავლობა. მოგეხსენებათ, ამ ომის წინა პირობა ის იყო, რომ ისრაელი წარმოუდგენლად მნიშვნელოვან შეთანხმებას აღწევდა საუდის არაბეთთან, ისინი პარტნიორები ხდებოდნენ. ეს იმდენად მიუღებელი იყო "ჰამასისთვის", რომ მოხდა ის, რაც მოხდა."ჰამასის" მმართველი რგოლის არც ერთი წარმომადგენელი ღაზაში არ ცხოვრობს. ისინი ძირითადად ყატარში არიან, ნაწილი კი - თურქეთში. მათი ყველა ინტერვიუ სხვა ქვეყნებიდან გადმოიცემა, ისინი გამოდიან ლამაზად ჩაცმულები, არსად იმალებიან, საუბრობენ ინგლისურად... წარმოუდგენელი შეიარაღება და დაფინანსება აქვთ და მთელი აისის-ის (ISIS) მებრძოლები თავიანთ რიგებში ჰყავთ გადმოყვანილი (ისინი, რომლებმაც ევროპაში წასვლა ვერ მოასწრეს). მათ თავისი მეთოდებით დახოცეს ებრაელები, ისე, საჩვენებელი რომ ყოფილიყო, ყველას ენახა და დაშინებულიყო.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება ღაზაში მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო?

- არის ჰამასელების რამდენიმე ინტერვიუ, სადაც საუბარია, რომ რამდენიმე ასეულკილომეტრიან გვირაბში, რომელიც მათ ღაზაში აქვთ გაყვანილი, არ აპირებენ ჩაუშვან მშვიდობიანი მოსახლეობა. სანამ ისრაელი მიაყენებს სარაკეტო დარტყმას, აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ავიაციის მეშვეობით ყრის თეთრ ფურცლებს, სადაც არაბულად წერია - გადით, მოშორდით ამა და ამ შენობას, რადგან იქ ტერორისტების ბაზაა და რაკეტა მას მოხვდებაო. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია, რომ ყველა დაწესებულებასთან, იქნება სკოლა, საავადმყოფო, თუ ახალგაზრდული ცენტრი, ტერორისტების ბაზა მათ გვერდითაა განთავსებული (მიწაში კი არა) და იქიდან ისვრიან რაკეტებს. პალესტინელებს სამხრეთში გადანაცვლებისკენ ისრაელი მოუწოდებს, თვითონ კი საკუთარ მოსახლეობას დასახოცად იმეტებენ და გზებს უნაღმავენ, რომ არ გავიდნენ. სამხრეთში, იმ ნაწილში, სადაც ისრაელი მათ გადასვლას სთხოვს, განთავსებულია გაეროს ქვედანაყოფი. პირველივე 10 დღეში დახლოებით 800 ათასი კაცი იყო იქ შეფარებული (დღეს ბევრად მეტია) და დღემდე­ იღებენ დახმარებას. ღაზის სექტორში მიწის ზემოთ ერთი თავშესაფარიც კი არაა აშენებული, სადაც ხალხს შეუძლია შევიდეს. ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან, როგორ ბომბავენ ქუჩაში პალესტინელებს, რომლებიც გასვლას ცდილობენ. ისრაელმა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, რომ როდესაც ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, მათთან ერთად იყვნენ NY Times, CNN, Reuters, AP News-ის ჟურნალისტები, რომლებიც დადიოდნენ და იღებდნენ ხოცვა-ჟლეტას. ისინი არიან ადგილობრივი დაქირავებული ჟურნალისტები, "ჰამასის" წევრები და მათგან ყოველთვის ის ინფორმაცია გამოდიოდა, რასაც "ჰამასი" თავის კაბინეტში წერდა. ფაქტია, ცივილიზებული სამყაროს უმრავლესობა ისრაელის მხარეს დადგა, მათ შორის ევროკავშირიც, რომელმაც პირველივე დღეებში ბრიუსელში პარლამენტის წინ ისრაელის ჰიმნი დაუკრა.

- ისრაელს ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, მეორე საინფორმაციო ომია, რომელსაც აქამდე აგებდა...

- იმ ცრუინფორმაციამ, რომ ისრაელმა ღაზაში თითქოს საავადმყოფო დაბომბა, მწვანე აუნთო ასიათასობით რადიკალს ამერიკისა და ევროპის ტერიტორიაზე და როგორც აღმოჩნდა, მხარს უჭერენ "ჰამასს". ისინი ამ იდეოლოგიის მომხრენი არიან და უნდათ მისი ჩატანა შტატებში. ყველაფერი გამოაშკარავდა და საზოგადოება იმედოვნებს, რომ დასავლეთი გამოიღვიძებს და დაინახავს, რომ სამყაროში არის დიდი ძალა, რომელიც ცდილობს დაანგრიოს ყველაფერი დასავლური, გაანადგუროს დასავლური ცივილიზაცია და ხალხი ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიაზე გადაიყვანოს. დღეს აღარ არის 1939 და 1944 წლები, როცა ვიდეოკამერა მხოლოდ რამდენიმე­ კაცს ჰქონდა ხელისუფლებაში, ყველაფერი­ ინტერნეტში დევს და ამ ადამიანების რადიკალურმა გამოსვლებმა ძალიან ბევრი ევროპელი დააფიქრა, ბევრ ქვეყანაში ასიათასობით კაცი გამოვიდა ისრაელის მხარდასაჭერად. ომი გრძელდება იმის გამო, რომ ისრაელის სახელმწიფოს გაცხადებული პოზიცია აქვს - კატეგორიულად არ აპირებს ცხოვრებას "ჰამასის" გვერდით, რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. სანამ ყველა გვირაბი­ არ განადგურდება და საფრთხე სრულად განეიტრალებული არ იქნება, შეჩერებას არ აპირებენ. ისრაელის ყველა სამხედრო ქმედება პარტნიორებთანაა შეთანხმებული. მან ძალიან დააგვიანა სახმელეთო ოპერაცია, რადგან პალესტინელებს ეხვეწებოდნენ, ღაზის სამხრეთ სექტორში გადასულიყვნენ. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი პირველივე დღიდან ამბობდა, ჩვენ ვიცით, რომ "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, ის არ არის ხალხის ლეგიტიმური ხმა, ვიცით, რას ქადაგებს ისლამი და რაც ტერორისტებმა გააკეთეს, ისლამთან კავშირში არაა. როდესაც "ჰამასი" განადგურდება და ეს სენი მოსცილდება მსოფლიოს, ეს უპირველესად პალესტინელი ხალხისთვის იქნება კარგი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში იღებდა უზარმაზარ დახმარებას, დაფინანსებას და ის ხალხს არ ხმარდებოდა. ტერორისტები იმასაც კი არ ამბობენ, რამდენი კაცი ჰყავთ მძევლად, 4 კაცის გარდა, არავინ გამოუშვიათ. რასაც "ჰამასი" ღაზის სექტორში დაღუპულებზე ამბობს, "ჰამასის" სტატისტიკაა და მათი დასახელებული ციფრები სანდო არ არის. საინფორმაციო ომის დროს ის 12 ათასსაც დაგიწერს და 50 000-სსაც. არადა, მათი უამრავი ობიექტი განადგურებულია.

- სავარაუდოდ, როდის დასრულდება ისრაელ-ჰამასის ომი?

- ისრაელის პირველ პრეზიდენტ ხაიმ ვაიცმანს ნათქვამი აქვს, არავის ეგონოს, რომ ისრაელს დამოუკიდებლობას ლანგრით მიართმევენო. აქ რომ ვინმე ელოდოს იმას, რომ ისრაელს ოდესმე შეურყეველი მშვიდობა ექნებოდა, რამდენიმეწლიანი სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო აღარ იქნება. აქ ყველამ იცის, რომ ყოველთვის შეიძლება რაღაც მოხდეს და ამისთვის მზად უნდა იყოს. ისრაელელები სამართლიანად ამბობენ, მთელ მსოფლიოში რომ გაიძახიან, ისრაელმა შეწყვიტოს ომი, "ჰამასმა" რომ შეწყვიტოს ჩვენზე თავდასხმა და მისი საქმიანობა, ამის მოწოდებას რატომ არავინ ავრცელებსო. ბოლო პერიოდში არ მახსენდება არც ერთი დღე (გარდა იმ დღისა, როცა ბაიდენი იყო ჩამოსული), როცა დაბომბვა და ჭურვების ცვენა არ ყოფილიყოს. გუშინ თელ-ავივში ჩამოვარდა ბომბი და ორი კაცი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ომი გაგრძელდება მანამდე, სანამ "ჰამასი" არ დანებდება. თვეზე მეტია ომი მიდის და მათ რაკეტები არ ელევათ, მარტო თელ-ავივში კი არ გვესვრიან, ჩრდილოეთ ისრაელსაც ბომბავენ. ხვდებით, რა რაოდენობის შეიარაღება და ფინანსური რესურსია ამაში ჩადებული? მარტო პირველ ორ კვირაში 8000-მდე რაკეტა ისროლეს ყველა მიმართულებით.

ომის დასრულება თუნდაც იმაზეა დამოკიდებული, როდის ამოეწურებათ ტერორისტებს რესურსი. ახლა სიახლე შემოიტანეს - დიდი ქალაქები დასაძინებლად რომ ემზადებიან, მაშინ გვესვრიან, ან იმ დროს, წმინდა შაბათი რომ შემოდის და ებრაელები სინაგოგიდან ბრუნდებიან, რათა თავშესაფრებში ჩასვლა ვერ მოასწრონ. ისინი ამ ომს დიდხანს გეგმავდნენ და ძალიან მომზადებულნი არიან. რასაც ისრაელი ოფიციალურად ამბობს, "ჰამასი" ამისთვის მინიმუმ 2 წელი ემზადებოდა.

საერთაშორისო საზოგადოებაც კვაზისიტუაციის წინაშე დგას, იმიტომ, რომ ამდენი დახმარება მიდიოდა ღაზაში გაეროსთან და ეს ფული მაინც ტერორისტებთან ხვდებოდა. პირველ დღეებში, როცა ისრაელმა ღაზას ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირწმინდად გაიძარცვა გაეროს ქვედანაყოფი, "ჰამასმა" ყველაფერი გაიტანა. ახლა სექტორში ძველებურად შედის დახმარება. როცა მსოფლიო მედია ავრცელებდა, ისრაელი ღაზაში არაფერს უშვებსო, ხელისუფლებამ გაავრცელა სატელიტით გადაღებული ფოტოები, სადაც ნაჩვენებია "ჰამასის" საკუთრებაში არსებული საწვავის უდიდესი რესურსი. სექტორში ახლაც ყოველდღიურად შედის დახმარება რაფას გამშვები პუნქტიდან (ეგვიპტის ტერიტორიაა), მაგრამ საკითხავია, ეს ყველაფერი მიდის ხალხამდე?