"2 კვირის წინ ცივი იარაღით შეიარაღებული მისი მეზობლის სახლში შევიდა, აერია სახლები ... დღეს, გამთენიისას სახლის კარზე დაუკაკუნა" - რა დელები ხდება ცნობილი კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე? - კვირის პალიტრა

"2 კვირის წინ ცივი იარაღით შეიარაღებული მისი მეზობლის სახლში შევიდა, აერია სახლები ... დღეს, გამთენიისას სახლის კარზე დაუკაკუნა" - რა დელები ხდება ცნობილი კოსტა სანიკიძის დაჭრის ფაქტზე?

გამთენიას მსახიობი, პრაიმ ჰაუსის ყოფილი მონაწილე, კოსტა სანიკიძე დაჭრეს. მას ოპერაცია კლინიკა "ჰელსიკორში" უკვე ჩაუტარდა. როგორც მისი მეგობარი, სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, კოსტა გონზე მოვიდა, თუმცა მისი მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა.მან დიდი რაოდენობით, 2 ლიტრი სისხლი დაკარგა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, თეკლათის 7 ნომერში მოხდა. კოსტა სანიკიძეს დამნაშავე სახლში მიადგა. გამთენიას, 7 საათზე სახლის კარზე დაუკაკუნეს. კარი მან გააღო და სწორედ ამ დროს მამაკაცმა მას თავის ეზოში დანით რამდენიმე ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს და ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ირკვევა ისიც, რომ ამ უმძიმეს ფაქტამდე ორი კვირით ადრე მასზე თავდასხმა სცადეს. მაშინ თურმე დამნაშავეს სახლი შეეშალა და ის კოსტას სახლის ნაცვლად მისი კარის მეზობლის სახლში აღმოჩნდა. ამის გამო ვერ მოიყვანა ეტყობა მაშინ განზრახვა სისრულეში. მართალია, ეს ამბავი კოსტა სანიკიძემ მაშინვე პოლიციას აცნობა, მომხდარი ფაქტი მედიითაც გახმაურდა, საქმეც აღიძრა, მაგრამ ვერ მოხეხრდა დამნაშავის ვინაობის დადგენა.

როგორც ჩანს, შურისძიების წყურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დამნაშავემ მორიგი თავდასხმა დაგეგმა და ამჯერად განახორციელა კიდეც. თუმცა ძალოვნებმა ის დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. ცნობილია, რომ დანაშაულში ბრალდებული ახალგაზრდა 26 წლისაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქმეზე გამოძიება დაიწყო და დამნაშავეს ბრალს მალე წაუყენებენ. რა გახდა თავდასხმის მიზეზი, რატომ იმეტებდა მოსაკლავად თანატოლს თანატოლი, ეს დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კონფლიქტის მიზეზზე არავინ საუბრობს, ალბათ მალე გამოძიებით გაირკვევა ბევრი დეტალი. სოციალურ ქსელში ბევრი სტატუსი დაიდო და გულშემატკივრობენ დაჭრილ ახალაზრდას. ყველა მას გამოჯანმრთელებას უსურვებს. გურამ შეროზია მასთან ერთად იყო პროექტში, ამბობს, რომ ძალიან განიცდის მომხდარს.

გურამ შეროზია:

- ძალიან შემაშფოთებელია რაც მოხდა. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც იყო მისი დაჭრის მცდელობა. მე შემეხმიანა მაშინ კოსტა და მომიყვა ეს ამბავი. დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. ვიღაც უცხო ადამიანი დილის 6 საათზე, კოსტას შესაშინებლად შევიდა ცივი იარაღით შეიარაღებული მისი მეზობლის სახლში, იქ ეძებდა კოსტას. მაშინ გამოაგდო მეზობელმა. აერია სახლები. ჩავთვალეთ, რომ ვიღაც გიჟი იყო. თუმცა სერიოზული პრობლემა იყო ეს ამბავი. ამიტომ მეც ვურჩიე სასწრაფოდ პოლიციისთვის მიემართა და ჟურნალისტებთანაც ამბავი გაეხმაურებინა, რომ მალე გამოძიებულიყო საქმე. ასეც მოიქცა. განაცხადა პოლიციაში. ასეთ მოკლე დროში ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა. მითხრა, არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს ამის ჩამდენი, არავისთან არ მაქვს დაძაბული ურთიერთობაო. მეგონა ეს საკითხი მოგვარდა, რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე ისევ კოსტას სხვა თემაზე, მაგრამ ამაზე არც კი გვისაუბრია.

- ეჭვები ვინმეზე ჰქონდა?

- არ ჰქონდა ეჭვი არავისზე. კონკრეტულ ვიღაცას რამე ეწყინა, ასეთი რამ არ ყოფილაო. ახლა არ ვარ თბილისში და სალომე ბარათაშვილისგან ვიგებ მის ამბებს. მძიმედ არის ჯერჯერობით.არ ვიცი ეს ვინ და რატომ ჩაიდინა. კოსტა ძალიან სხვანაირი ჩანს ეკრანზე. ძალიან კარგი ადამიანია. "პრაიმ ჰაუსში", დაძაბულ გარემოში სხვანაირად ჩანდა, მაგრამ რომ დამთავრდა პროექტი, ჩვენ ძალიან დაგვილაგდა ურთიერთობები. სადაც ვხვდებოდით ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით, მეგონა პროექტთან ასოცირებული რაღაცეები პროექტთან ერთად დამთავრდა. არ ვიცი რა მოხდა. მართლა ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. რეალურ ცხოვრებაში რამდენჯერად შევხვედრილვარ, კიდევ უფრო მშვიდი ადამიანია. როგორიც ჩანდა გადაცემაში იმაზე პოზიტიური და მეგობრულია. ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ ვიღაცას ამ მარაზმის ჩადენის სურვილი გასჩენოდა. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. ამბობენ დამნაშავე დაკავებულიაო. მართლა ვერ ვხვდები რატომ მოხდა. რაც მოხდა საშინელი შემთხვევაა. კოსტას მეზობლები ამბობენ, რომ ინციდენტი მის ეზოში მოხდა, ამიტომ მათთვის დეტალები უცნობია.

პოლიციამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და მიზეზებზე არ საუბრობს.

ერთი ვერსიით, მომხდარი კონფლიქტი ქალს უკავშირდება, თუმცა ამ ვერსიას მისი უახლოესი მეგობრები კატეგორიულად გამორიცხავენ. ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, გონზეა, მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. თუმცა რჩება რეანიმაციაში",- ამბობს მეგობარი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი შვილი უკვე მოინახულა დედამ, კოსტამ შეძლო თუ არა მისთვის მომხდარზე რაიმეს თქმა უცნობია. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ალბათ სამართალდმაცველები კოსტა სანიკიძეს დაკითხავენ, რადგან ჯერჯერობით მათთვის უცნობია ანგარიშსწორების მოტივი. ვნახოთ რა გაირკვევა. იმედია, დაჭრილი ახალგაზრდა მალე გამოჯანმრთელდება და გამოძიებას მისცემს ჩვენებას. ალბათ იტყვის რა ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულ თანატოლთან და რატომ მოხდა ეს მძიმე ფაქტი. თავად ბრალდებული ალაპარაკდება თუ არა, ესეც გაირკვევა.

თეა ხურცილავა

(სპეციალურდა საიტისთვის)