რუსეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სურვილს უკვე... სომხეთსაც კი აბრალებს... - კვირის პალიტრა

რუსეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სურვილს უკვე... სომხეთსაც კი აბრალებს...

ჩვენს მეზობელ სომხეთს, როგორც ჩანს, მალე მოუწევს იმის გადატანა, რაც საქართველომ ბოლო ათწლეულებში გაიარა - რუსეთიდან ცრუ ბრალდებების მთელი კორიანტელის ატანა...

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ფაშინიანის ხელისუფლებამ ურთულესი, მაგრამ სომხეთის მომავლისთვის ძალზე სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო-„ყარაბაღის-მეორე სომხეთის“ იდეა საბოლოოდ დათმო და გეზი დასავლეთთან სწრაფი ტემპებით დაახლოებისკენ აიღო,რითაც იწყება თავის სამსაუკუნოვან სტრატეგიულ პარტნიორთან-რუსეთთან გადამტერება,რასაც უკვე აღარ მალავენ კრემლთან დაახლოებული რუსი პროპაგანდისტები...

სხვანაირად ვერანაირად ვერ შეფასდება 19 ნოემბრის საღამოს რუსული სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებული სენსაციური ინფორმაცია იმის შესახებ,რომ სომხეთი თურმე უკრაინისთვის „ტოჩკა-უ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას აპირებს...

სომხეთს მართლაც გააჩნია წლების წინ რუსეთიდან მიწოდებული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ტოჩკა-უ“-ს ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარები(სამზე მეტი),რომლებსაც ორტონიანი ბალისტიკური რაკეტის 120 კმ მაქსიმალურ მანძილზე გაშვება შეუძლიათ და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის არმიამ ისინი მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენა აზერბაიჯანის წინააღმდეგ,თუმცა ბაქოში აცხადებდნენ,რომ სამი სომხური „ტოჩკა“ საერთოდ არ აფეთქდა(ინფორმაციისთვის-2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა 20-ზე მეტი „ტოჩკასა“ და „ტოჩკა-უ“-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტა,მათ შორისაა ოკუპირებული ოჩამჩირიდან ფოთის პორტისკენ გაშვებულებიც).

2-tochka-1700414411.png
უკრაინული Точка-У -ები კიევში...უკრაინელებს ეს სარაკეტო დანადგარები კიდევ ჰყავთ,ოღონდ მათ მიერ გასაშვები ბალისტიკური რაკეტები შემოაკლდათ...

და დღეს,როდესაც ძალზე სერიოზული და ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი სასაზღვრო პრობლემები აქვს სომხეთს ბევრად ძლიერ და თანაც ყარაბაღის ომებში საბოლოოდ გამარჯვებულ მეზობელ აზერბაიჯანთან,რატომ უნდა გაუგზავნოს ერევანმა კიევს „ტოჩკას“ რაკეტები,თვითონ რა,არ დასჭირდება,როდესაც აზერბაიჯანის არმიის ნახიჩევანისკენ გაჭრა ზანგეზურის დერეფნის შექმნის მიზნით,არ გამოირიცხება?

მაშინ,რაში სჭირდება რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ პროპაგანდას ახალი ცრუ ბრალდების აგორება,ამჯერად,სამხრეთ კავკასიაში თავისი მთავარი პარტნიორის-სომხეთის მიმართ?

როგორც ჩანს,ეს კრემლის იძულებული და შეიძლება ითქვას სახელდახელოდ შეთითხნილი ბრალდებაა,თუმცა მის „გაღრმავებას“ მოსკოვიდან მაინც ეცდებიან...

საქმე ის არის,რომ ცოტა ხნის წინ მალტაში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ოფიციალური შეხვედრა გამართა იტალიის,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის,იაპონიის,კატარის,ბაჰრეინის,შვეიცარიისა და...სომხეთის სახელმწიფო მეთაურების მთავარ მრჩევლებთან და მაღალჩინოსნებთან,რომლებსაც უკრაინის მიერ შემუშავებული „მშვიდობის ფორმულა“ წარუდგინა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

მოსკოვში ძალზე მტკივნეულად აღიქვეს,რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ერმაკი მალტაში შეხვდა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს არმენ გრიგორიანს და სომხეთი უერთდება უკრაინულ „მშვიდობის ფორმულას“,ისევე როგორც მანამდე კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია ფაშინიანის მეუღლის სტუმრობამ კიევში,ხოლო თავად ფაშინიანის არ სტუმრობამ მინსკში „ო-დე-კა-ბე“-ს მორიგ სამიტზე,რომელშიც რუსეთის პრეზიდენტიც მონაწილეობს...

ამის პარალელურად,უკრაინამ განაახლა „ტოკა-უ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოყენება რუსეთთან ომში და ერთი ასეთი რაკეტა დღეს უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქსაც კი „ესტუმრა“...

3-tochka-1700414362.png
უკრაინული „ტოჩკა-უ“-ს ყველაზე დიდ საბრძოლო წარმატებად იქცა ოკუპირებულ ბერდიანსკის პორტში მდგარი რუსული დიდი სადესანტო ხომალდის „სარატოვის“ ჩაძირვა, რომელმაც აგვისტოს ომის დროს ოჩამჩირესთან რუსული საზღვაო დესანტი გადმოგვისხა...

შედეგად, რუსი სამხედრო პროპაგანდისტების თავებში დაიბადა მორიგი „შედევრი“,რომ ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ეს ორი მოვლენა-თითქოს მალტაში შეხვედრისას ერმაკი და გრიგორიანი ფარულად შეთანხმდნენ იმაზე,რომ სომხეთი დაიწყებს თავის „ტოჩკა-უ“-ების დანადგარებისა და რაკეტების მიწოდებას რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის,რათა უკრაინელებმა ამ რაკეტებით რუსული ქალაქები დაბომბონო...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის არმიის შეიარაღებაში სავარაუდოდ, „ტოჩკა-უ“-ს 90-მდე დანადგარი და ორივე მოდიფიკაციის 300-მდე რაკეტა დარჩა.რუსეთის თავდასხმის მომენტისთვის უკრაინას საბრძოლო მზადყოფნაში არანაკლებ 12 ასეთი მობილური სარაკეტო დანადგარი ჰყავდა.რაკეტების ნაწილი უკრაინის არმიამ გამოიყენა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ,მაგრამ დარჩენილ რაკეტებს ათწლიანი შენახვის ვადა დიდი ხანია გასული აქვთ და უკრაინა მართლაც ეძებს მთელ მსოფლიოში „ტოჩკა-უ“-ს გამართულ ბალისტიკურ რაკეტებს,რათა სასწრაფოდ შეისყიდოს.

ძალზე ძნელი წარმოსადგენია,რომ აზერბაიჯანთან თავად „ნელ-თბილ“ ომში მყოფმა სომხეთმა 120 კმ-ზე მფრენი თავისი „ტოჩკა-უ“-ები, ასევე ომში მყოფ უკრაინას „დაუთმოს“,თუმცა...არ გამოირიცხება ისეთი ვარიანტიც,როდესაც აშშ-ისა და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების თავდებით,უკრაინისთვის გადაცემული „ტოჩკა-უ“-ების სანაცვლოდ სომხეთის არმიამ ბევრად უფრო საჭირო თანამედროვე დასავლური შეიარაღება მიიღოს,რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა სომხეთის საჰაერო თავდაცვასა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობებს...