პუტინი იმარჯვებს?! - "ბედნიერების სამინისტრო" რუსეთში და საჩუქრები "ჰამასისა" და ტრამპისგან - კვირის პალიტრა

პუტინი იმარჯვებს?! - "ბედნიერების სამინისტრო" რუსეთში და საჩუქრები "ჰამასისა" და ტრამპისგან

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“ (Le Monde) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „სიტუაციის ტრიუმფალური შემობრუნება ვლადიმერ პუტინის სასარგებლოდ: უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა, რუსეთის ეკონომიკა სტაბილურია, ახლო აღმოსავლეთში კრიზისია“ (ავტორი - ბენუა ვიტკინი, საკუთარი კორესპონდენტი მოსკოვში).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

მოსკოვი უძლებს, დგას და არ ეცემა - ასეთია დღეისათვის, 2023 წლის მიწურულს, რუსი და დასავლელი დამკვირვებლების თითქმის ერთსულოვანი დასკვნა. რუსეთისათვის ეს შეფასება საკმაოდ ტრიუმფალურ შეფერილობასაც კი იძენს. „უკრაინას ამჟამად მხოლოდ ორი არჩევანი აქვს: ან კაპიტულაცია, ან არსებობის შეწყვეტა“, - აფრთხილებს კიევს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი. „როგორ წააგო დასავლეთმა ეკონომიკური ომი რუსეთთან“, - ასეთი სათაური აქვს რუსულ „ბალტნიუსში“ (Baltnews) გამოქვეყნებულ ვრცელ გამოკვლევას. „მსოფლიო რუსეთს ნოეს კიდობნად თვლის“, - წერს დეპუტატი ელენე პანინა, ხოლო ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო მოსახლეობას „ბედნიერების სამინისტროს“ შექმნას სთავაზობს.

რუსეთი დასავლელი სატანისტების წინააღმდეგ“

ზოგიერთი კომენტატორის 2022 წლის თებერვლიდან გამოთქმულ აპოკალიპტურ დასკვნებს თუ 2023 წლის გამონათქვამებს შევადარებთ, გასაოცარ განსხვავებას შევამჩნევთ. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა არ უშვებდა დამარცხების მსგავს რაიმე განწყობის შექმნას, მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები ანტირუსულ აგიტაციაში აშკარად აჭარბებდნენ. შესაბამისად, რუსები პასუხის გაცემას ცდილობდნენ: „ჩვენ სატანისტური ძალების წინაშე ვდგავართ, სატანისტები გვებრძვიან. ვალდებულნი ვართ, გავუძლოთ“ , - ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.

სწორედ რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა ომის პირველი თვეების აგიტაცია-პროპაგანდის ხასიათის შეცვლის ინიციატივით. იგი, საერთოდ, იშვიათად უკეთებდა შეფასებას ფრონტზე შექმნილ სიტუაციას, რომელიც, თავდაპირველი მდგომარეობისაგან განსხვავებით, ზოგჯერ კრემლისთვის კატასტროფულიც კი იყო (მაგალითად, გასული წლის აგვისტო-სექტემბერში). პუტინის მოქმედებაში გარდატეხა მოხდა მიმდინარე წლის ივლისში, როცა გამოჩნდა უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობა: სწორედ იმ დროიდან რუსეთის პრეზიდენტი შეურყეველი ხდება, იგი უკვე ხშირად და გარკვეული მგზნებარებითაც კი აცხადებს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლას. რუსეთის ლიდერი თავს უფრო მშვიდად გრძნობს იმ პერიოდისაგან განსხვავებით, როცა კიევის ჯარი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში წარმატებას აღწევდა.

ფაქტები ადასტურებენ ვლადიმერ პუტინის სტაბილურ მდგომარეობას: რუსეთის არმია, რომელიც „სუროვიკინის ხაზის“ მიღმა დგას, შეუვალია და უკრაინის (ჩათვალე: დასავლეთის) კონტრშეტევას გაუძლო.

დიახ, კრემლი უძლებს, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მოსკოვმა ვერ მიაღწია იმ მასშტაბური მიზნების შესრულებას, რასაც თავდაპირველად, ომის დაწყებისას აცხადებდა - „უკრაინის დენაციფიცირება, დემილიტარიზება, ლიდერების გასამართლება, ნატოს უკუგდება, კიევისა და ოდესის დაპყრობა, დასავლეთის ჰეგემონიის შეწყვეტა მსოფლიოში“ და ა.შ. ერთადერთი რეალური წარმატება გამოიხატება ახალი ტერიტორიების დაკავებაში, რასაც, სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი თავდაპირველად გამორიცხავდა.

მაგრამ რუსეთმა ომის ყველა შედეგი გადაიტანა - ისინიც კი, რომლებიც მოსალოდნელი არ იყო, მრავალრიცხოვანი სანქციების სახით. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ხელისუფლება თვლის, რომ უკრაინასთან და დასავლეთთან მის დაპირისპირებაში დრო რუსეთის მხარესაა. კრემლს უკვე შესაძლებლობა აქვს, მეტი ყურადღება მიაქციოს ეკონომიკასა და საშინაო პოლიტიკას, წესრიგი დაამყაროს და თავი, ტრადიციულად, იმ ამაყად მდგომ ციტადელად და შეუვალ ბასტიონად წარმოადგინოს, რომელსაც „შავი ძალები უტევენ“.

როგორ ნეიტრალდება სანქციები

ეკონომიკურ სფეროში ის კატასტროფა, რასაც დასავლელი ექსპერტები (და თვითონ რუსებიც) ელოდნენ, არ მოხდა. თავდაპირველი რყევების შემდეგ რუსეთმა თავისი ლოჯისტიკური და საწარმოო სისტემის ადაპტირება მოახდინა და მესამე ქვეყნების მხარდაჭერით, დასავლური სანქციების ნაწილობრივი განეიტრალება მოახერხა. ევროპული ბაზრის დაკარგვას რუსეთის შემოსავლების მხოლოდ ნაწილობრივი შემცირება მოჰყვა.

მოსკოვი 2024 წლისათვის სამხედრო ბიუჯეტის 70%-ით გაზრდას გეგმავს, რომელიც შარშანაც ისედაც მკვეთრად იყო მომატებული. ნიშანდობლივია, რომ ოქტომბრის დასაწყისში თვითონ უკრაინელი თანამდებობის პირებიც ამბობენ, რუსეთს საომარი მოქმედებების წარმოება უმტკივნეულოდ, როგორც მინიმუმი, 2025 წლამდეც შეუძლიაო. რუსეთის პოზიციების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩრდ. კორეის მიერ რამდენიმე მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებამ. რუსმა ულტრანაციონალისტებმა ისევ დაიწყეს ფიქრი ოდესის, კიევისა და ხარკოვის ტრიუმფალურ დაბრუნებაზე და უფრო მეტზეც ოცნებობენ.

50 ათასი ევრო - თითოეული დაღუპულის ოჯახს

სოციალური თვალსაზრისით, სიტუაცია სტაბილურია: 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ, მართალია, მნიშვნელოვანი დაძაბულობა გამოიწვია, მაგრამ მოგვიანებით უკმაყოფილება ჩაცხრა. სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მართალია, რუსები დიდ ენთუზიაზმს არ ამჟღავნებენ საომარი მოქმედებების გაგრძელებაზე, მაგრამ არც მაინცდამაინც წინააღმდეგ გამოდიან. კრემლის აქტიურმა პროპაგანდამ, რომ რუსეთი დასავლეთის მუქარების წინაშე იმყოფება, თავისი შედეგი გამოიღო და რუსები მთავრობის გარშემო შეამჭიდროვა.

ბუნებრივია, ომში დაღუპულები ყოველი ოჯახის უბედურებაა, ამიტომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა დააშოშმინოს და მათი სოციალური მდგომარეობა სტაბილური იყოს. ყოველი დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი, როგორც წესი, კომპენსაციის სახით 50 ათას ევროს იღებს - ეს ისეთი თანხაა, რომლის დაგროვება რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც კი არ შეუძლია. თუ ეს არ იმოქმედებს, მაშინ ხელისუფლება რეპრესიებს მიმართავს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აჩვენა, რომ რუსეთის ინსტიტუციონალური სისტემა საკმაოდ მყიფეა. ეს ეხება ყველა სფეროს, სამხედროს ჩათვლით: სრულიად რეალურად არსებობს უეცარი კრახის შესაძლებლობა. მაგრამ ჯერჯერობით ელიტამ გაუძლო და ვლადიმერ პუტინმაც თავისი მცირედ, მაგრამ მაინც შერყეული ძალაუფლების აღდგენა დაიწყო. 2024 წლის არჩევნები კრემლისათვის რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

დიპლომატიურ ფრონტზე რუსეთმა შეძლო, წინ აღდგომოდა იმ იზოლაციას, რომელში „შეგდებასაც“ მას დასავლეთი უპირებდა. მართალია, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების მიზნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულმა ორდერმა პრეზიდენტის რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა და საზღვარგარეთ მისი გადაადგილების არეალი შეზღუდა, მაგრამ მან მაინც შეინარჩუნა უმეტესი სახელმწიფოების სიმპათიები, განსაკუთრებით - ჩინეთში და „გლობალურ სამხრეთში“. ეს კრემლს უქმნის გარკვეულ სივრცეს მანევრებისათვის, როგორც დიპლომატიური, ასევე - ეკონომიკური თვალსაზრისით.

საჩუქრები კრემლს „ჰამასისა“ და ტრამპისაგან

რუსეთისათვის ნამდვილ სასიამოვნო სიურპრიზად იქცა ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირება, რომლის შედეგად დასავლეთის პროუკრაინული პოზიციები შესუსტდა. კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაციით მაქსიმალური სარგებელი მიეღო და ახლა კიდევ ერთ „ციურ მანანას“ ელოდება - თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის დაბრუნებას, რაც აშშ-ის ევროპული პოლიტიკური თეატრიდან წასვლის სიმბოლოდ ითვლება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო