"ინტერვიუს ორიგინალში გავეცანი, ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია" - კვირის პალიტრა

"ინტერვიუს ორიგინალში გავეცანი, ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა, სალომე ზურაბიშვილს ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია"

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მიღებული შედეგები საქართველოში კვლავაც უამრავ კითხვას ბადებს. როგორ შეიძლება ერთსა და იმავე საზოგადოებაში, ფაქტობრივად, დროის ერთ მონაკვეთში ჩატარებული გამოკითხვები ასეთ განსხვავებულ შედეგებს იძლეოდეს, რაც ბოლო ხანს ვნახეთ. ამჯერად პოლიტიკურ რეიტინგებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ჩვენ უკვე ვწერდი ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით Eდისონ ღესეარცჰ -ის კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, ვის მისცემდით ხმას? P- გამოკითხულთა 37% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს" - 21%, პარტიას "საქართველოსთვის" - 9%, "ლელოს" კი 5%. ამ შედეგების მიხედვით, 4 პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. ამის მერე გამოქვეყნდა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთილი "გორბის" კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, იმავე შეკითხვაზე პასუხები ასეთია: "ქართულ ოცნებას" 55%, "ნაცმოძრაობა" - "სტრატეგია აღმაშენებელს" 20%. პარტიას "საქართველოსთვის" ამ გამოკითხვით მხოლოდ 3%-იანი მხარდაჭერა აქვს... 16 ნოემბერს კი გამოქვეყნდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IღI) კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს იმართებოდეს, გამოკითხულთა 25% "ქართულ ოცნებას", ხოლო 13% "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერდა მხარს. გახარიას პარტიას "საქართველოსთვის" 4%-იანი მხარდაჭერა აქვს. როგორც ხედავთ, ბოლო ორი კვლევით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ 2 პოლიტიკურ ძალას. აღსანიშნავია, რომ სამივე კვლევა ჩატარებულია 8 ნოემბრამდე, ანუ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციამდე. ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან ინტერვიუ სწორედ ამ ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგების მქონე კვლევების თაობაზე საუბრით დავიწყეთ.

- "გორბის" კვლევით 105% რომ არა აქვს "ქართულ ოცნებას", არ გიკვირთ?.. ხუმრობა იქით იყოს და, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, თუ ვის გამოჰკითხავ. დარწმუნებული ვარ, "გორბში" ძალიან კარგად იციან, ამას რაოდენი მნიშვნელობა აქვს. იციან, თუ როგორ ხდება ამისთვის რესპონდენტების შერჩევა, იციან, რომ ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციულად განაწილებული და ა.შ. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შერჩევის დროს გააკეთეს ყველაფერი ისე, რომ "რომელიღაც" პარტიისთვის რეიტინგი აეწიათ. მონაცემების დამუშავებას თუ ნახავთ, ვფიქრობ, იქ უზუსტობა არ იქნება, არ იქნება რიცხვები ჩასწორებული, უბრალოდ, ისე შეარჩიეს ხალხი, რომ მიეღოთ ის შედეგი, რაც წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი.

ორი დანარჩენი კვლევა შედარებით რეალური ჩანს, თუმცა გამიჭირდება ამ რეიტინგების რაოდენობრივ მახასიათებლებზე ლაპარაკი, ამიტომ მხოლოდ თვისებრივ მახასიათებლებს შევეხები. საუბედუროდ, ამ გამოკითხვებშიც ჩანს, რომ ორი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მათ გარდა არავინ შევიდეს მომავალ პარლამენტში. "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" სურთ, რომ მომავალი პარლამენტი მხოლოდ მათგან დაკომპლექტდეს. ჩემი დაკვირვებით, ეს არ გამოუვათ და მომავალი პარლამენტი ორპარტიული არ იქნება. თითქმის დარწმუნებული ვარ, სულ ცოტა, გახარიას პარტია შევა პარლამენტში და ვიმედოვნებ, მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა გახდება საჭირო. როგორი იქნება ამ კოალიციის სტრუქტურა, წესით, უკვე 4-5 თვეში უნდა გამოჩნდეს.

ვფიქრობ, 5%-იანი ბარიერის პირობებში ეს სამი პარტია აუცილებლად გავა. კი ითხოვს ოპოზიცია, მაგრამ არ ველი, რომ ხელისუფლება ბარიერს შეამცირებს. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ამ სამი პარტიის გარდა კიდევ მოახერხებს რომელიმე პოლიტიკური ძალა პარლამენტში მოხვედრას. საუბედუროდ, ამ პატარა ოპოზიციურ პარტიებში, რაც ნაკლები რეიტინგი აქვთ, მით მეტს ყვირიან - ძალიან დიდი ამბიციები აქვთ, მოწყვეტილი არიან რეალობას და ვერ ხვდებიან, რომ ეს რიგით ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს. ეს არაადეკვატურობა ყოველთვის დამაზიანებელია.

ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერ ხვდებიან, რომ მოსახლეობას ზომიერები სურს. მორჩა, დასრულდა ის დრო, როცა ძალის დემონსტრირებით და მუშტის ქნევით იწერდნენ რეიტინგებს. ჩვენი პოლიტიკოსები ვერა და ვერ გამოვიდნენ წარსულის ბურუსიდან, ნახეთ, რას აკეთებენ პარლამენტში, ლანძღვა-გინება და გაწევ-გამოწევა აქვთ ლამის ყოველდღე, არადა, ხალხს მშვიდი ცხოვრება უნდა, მოჰბეზრდა მუდმივად სტრესულ რეჟიმში ცხოვრება.

ის, რომ ამდენი ძალადობრივი დანაშაული ხდება ქვეყანაში, მამა შვილს არ ინდობს და შვილი მამას, ქორწილში მეგობრები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და ა.შ., შემთხვევით არ ხდება, თქვენ გგონიათ, ამ ყველაფერში პოლიტიკურ ელიტას არ მიუძღვის ბრალი? ჩემი აზრით, მათი როლი ამაში საკმაოდ დიდია. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით მათი შემყურე ახალგაზრდები, მათგან ტოლერანტობას კი არა, ექსტრემიზმს სწავლობენ. თუ პარლამენტი არის ჩვენი საზოგადოების სახე, გამოდის, ისეთივე საზოგადოება გვაქვს, როგორი ლანძღვა-გინებაც ისმის დღეს პარლამენტში. პოლიტიკოსებმა უნდა გაიაზრონ, რომ ქვეყანაში არსებულ ვითარებაში მათი წვლილი უდიდესია

- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას", თუმცა თითქმის არასდროს არაფერს ამბობდა ბიძინა ივანიშვილზე, რის გამოც ოპოზიცია ხშირად აკრიტიკებდა. გასულ კვირას კი მან ფრანგულ გამოცემა "ლე მონდთან" ინტერვიუში ივანიშვილზე შემდეგი განაცხადა: "ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება. ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთთან. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა".

- მაგ ინტერვიუს ორიგინალში ანუ ფრანგულად გავეცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ნიუანსი თარგმანში დაიკარგა. ფრანგული თავისებური ენაა და იქ ნახევარტონებს, პატარ-პატარა აქცენტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ოლიგარქობაზე ლაპარაკობდა, ივანიშვილი მთლად ოლიგარქად არ მოუხსენებია, დაახლოებით ასე თქვა, ოლიგარქიული ელფერის ფიგურააო. სალომე ზურაბიშვილი არის დასავლური წესებით აღზრდილი ადამიანი და არასდროს იტყვის იმას, რისი დამტკიცებაც არ შეუძლია.

შესაბამისად, ის მაინც მოზომილი იყო, თუმცა გეთანხმებით, ამჯერად მან იმაზე მეტი რამ თქვა ივანიშვილზე, ვიდრე აქამდე მოგვისმენია. თუმცა მე მაინცდამაინც არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მართავს დღეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ივანიშვილი მხოლოდ მაშინ ერევა საქმეში, როდესაც კონკრეტულად მას შეეხება თემა თუ პრობლემა, დანარჩენ შემთხვევაში ეს "ბავშვები" მიყრილი ჰყავს და ესენიც "თამაშობენ". ჩემი აზრით, ჩვენი ხელისუფლება პრორუსული კი არა, კონფორმისტია. როგორც კი რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, პირველი მტერი რუსეთის ეს პოლიტიკური ელიტა გახდება.მათ ყველა ფეხზე ჰკიდიათ, რუსეთიც, უკრაინაც, ევროკავშირიც. ეს ხალხი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მათ თვითგადარჩენისთვის აუცილებლად სჭირდებათ მშვიდობა, რა ფასიც არ უნდა დაუჯდეთ. ეს სჭირდებათ თავისი ქონების, ძალაუფლების და ა.შ. გადასარჩენად.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ხვდება, რომ მას არანაირი იმპიჩმენტი არ ემუქრება და ისე იქცევა, როგორც საჭიროდ მიაჩნია. ფიქრობს არა მარტო პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაზე, არამედ თავის სამომავლო ბედზეც, ეს კი 120%-ით ევროპასთან არის გადაჯაჭვული, და ის ახლა ყველას აჩვენებს თავის პროევროპულ განწყობას, რაც ქართველი ერის მისწრაფებების თანმხვედრია. ძალიან საინტერესო ინიციატივებით გამოდის, ხვდება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. ახლახან შეხვდა კულტურის სფეროს მუშკებს, შემდგომ ხელი მოაწერეს იმ ცნობილ დეკლარაციას "ჩემი ხმა ევროპას". ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც. მე წარმოდგენა არა მაქვს, როგორ ხედავს ის თავის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას უახლოეს წლებში. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს. დიდი იმედი მაქვს, რომ არ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, ასეთ შემთხვევაში მას ორივე მხრიდან ემუქრება თავდასხმები.

ხელისუფლება მას "ნაცმოძრაობის სახეს" უწოდებს, რაც სისულელეა, ოპოზიცია კი საყვედურობს, თუ რატომ არ შეიწყალა მიხეილ სააკაშვილი. დარწმუნებული ვარ, არც შეიწყალებს. ის საკმაოდ ხისტი ადამიანია, თავისი სიტყვის გადათქმა არ უყვარს. ვფიქრობ, შეიძლება რომელიღაც ნეიტრალურ ძალას დაუჭიროს მხარი.

- ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ შესაძლოა ხელი შეუწყოს ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბებას?

- სიმართლე გითხრათ, არაპირდაპირ სწორედ ამის თქმას ვცდილობდი. დიახ, მეც ვფიქრობ, რომ ის ეძებს ამგვარ ძალას, მაგრამ, სავარაუდოდ, ჯერ ვერ იპოვა. ის ძალები, ვისაც შეიძლება მან გაუწიოს ერთგვარი ლობისტობა, ძალიან სუსტები არიან.... მაგალითად, ავიღოთ ანა დოლიძის პარტია. ის სწორი მენტალიტეტის ადამიანია, მაგრამ მისი პარტიის რეიტინგი ნულის ტოლია და ამასთანავე, დგას ანა დოლიძე და სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რაც აბსოლუტურად მცდარი პოლიტიკაა. მე მას მხარში ვედექი, თავის დროზე "ეკონომიკური პოლიტიკაც" დავუწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არაფრისმაქნისები არიან. ასეთი ჯგუფი ბევრია საქართველოში, მაგრამ, საუბედუროდ, პოლიტიკური ამბიციები ძალიან სჭარბობთ. მათ გაერთიანების შესაძლებლობას არ აძლევს ლიდერობის სურვილი, თორემ ასეთი პატარ-პატარა ჯგუფები რომ გაერთიანდებოდნენ, შესაძლოა მნიშვნელოვანი ძალაც შეექმნათ. აქვე ვიტყვი, რომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია "ლელოს" პოლიტიკა. დადის ეს პარტია მოხეტიალე რაინდივით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ... თავისი ადგილი ვერ მონახა პოლიტიკაში... არ ვიცი, ეს გამოუცდელობით მოსდის, პოლიტიკური პრაგმატიზმის არქონით თუ იმით, რომ ეს ძალა მხოლოდ მავანთა ბიზნესინტერესების დასაცავად შეიქმნა. მოკლედ, ჩემთვის "ლელო" გაუგებარი წარმონაქმნია, ნორმალური იდეოლოგიც არა ჰყავთ. არადა, ჰყავთ ასეთი წევრი პარტიაში, რომელსაც, როგორც ჩანს, ყურს არავინ უგდებს. ეს გულდასაწყვეტია, რადგან ასეთი ფინანსური შესაძლებლობის მქონე ორგანიზაციას შეეძლო პოლიტიკური სათამაშო ველის ძალიან დიდი წილი ჩაეგდო ხელში. დღეს მესამე ძალად ჩამოყალიბების რესურსი ყველაზე მეტად აქვს გიორგი გახარიას პარტიას, მაგრამ რამდენად დაუჭერს მას მხარს ზურაბიშვილი, არ ვიცი, მათ შორის საკმაოდ მკვეთრი იდეოლოგიური განსხვავებებია. დადის ხმები, რომ მათ შორის მოლაპარაკებები იმართება, თუმცა მათ კავშირს სკეპტიკურად ვუყურებ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

განაგრძე კითხვა:„დიახ, სალომე ზურაბიშვილს სურს „მესამე ძალის“ შექმნა, მაგრამ...“