ტრაგედია, რომელმაც დეკანოზ შალვა კეკელიას ცხოვრება შეცვალა და რა ურჩია მას პატრიარქმა - "როდესაც შვილი დავკრძალე, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი...."
გთავაზობთ ეპიზოდს დეკანოზ შალვა კეკელიასთან ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 20 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა
- ერთგან ბრძანეთ, რომ იოანე, თქვენი გარდაცვლილი შვილი, ძალიან მეხმარება ხოლმეო...
- იოანე ჩემი მეოთხე შვილია, ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზი. როდესაც ადამიანს სარწმუნოება არა აქვს, ძალიან რთულია ელაპარაკო ცოცხალ რწმენასა და ასეთ ურთიერთობებზე, მაგრამ როცა ამას სარწმუნოებით უყურებ, მართლაც შეგრძნებების დონეზე ესაუბრები. იოანე ფერისცვალების მამათა მონასტერში განისვენებს, თაბორის მთაზე. მიწას რომ ვაყრიდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბევრი რამ თან გაჰყვა მას. ბევრი რამ გადაფასდა ჩემში, უმნიშვნელოდ იქცა მიწიერი რაღაცები და ყველა დეტალი უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ახლა ადამიანებს ბევრად სიღრმისეულად ვუდგები, ბევრ რამეს ვპატიობ, მათ შეცდომებს სხვანაირად ვხედავ. როდესაც ჩემი შვილი დავკრძალე და მეუღლე რეანიმაციაში უმძიმეს მდგომარეობაში მყავდა, ზუსტად იმ დღეს ნათლობა მქონდა დაგეგმილი. მამებმა მითხრეს, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ როცა იმ ადამიანებმა დამირეკეს, ძალიან გთხოვთ, თქვენ გამო ჩამოვედით და ძალიან გვინდა ეს მსახურება თქვენ ჩაატაროთო, უარი ვეღარ ვუთხარი. მათ არც იცოდნენ, რაც იმ დღეს ჩემს თავს ხდებოდა. რაღაც პერიოდის მერე შეიტყვეს ეს ამბავი და დამირეკეს, რატომ არ გვითხარიო. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს მხარში ამოვუდგეთ, პავლე მოციქულიც გვასწავლის, მოხარულთან მოხარული იყავით და მტკივნეულთან მტკივნეულიო. ზოგჯერ ჩვენს თავს უნდა გადავაბიჯოთ, შენი ტკივილიდან ან სიხარულიდან კი არა, სხვა ადამიანების ცხოვრებიდან უნდა გამოხვიდე, სწორედ ეს გაქცევს შენც ადამიანად.
- პატრიარქის სტიქაროსანი იყავით...
- პატრიარქთან პირველი შეხება 1989 წელს მქონდა, როცა გიორგი ჭყონდიდლის ხსენების დღეს მარტვილში ჩამობრძანდა. დედამ მასთან სამადლობელი წერილი გამატანა. პატრიარქმა მაშინ "ლოცვანი" მაჩუქა, რომელიც ჩემი პირველი "ლოცვანი" იყო. მერე ჩვენს სოფელში ტაძრის საძირკველი აკურთხა. მაშინ ფოტოაპარატი მქონდა. მე ხეზე ვიყავი ამძვრალი და პატრიარქს იქიდან ვუღებდი ფოტოებს. როცა სემინარიაში ჩავაბარე და უწმინდესის სტიქაროსანი გავხდი, ცხადია, ხშირად ვხვდებოდი. ერთხელ, ექვსფსალმუნებას ვკითხულობდი სიონის ტაძარში და როცა დავასრულე, საკურთხეველში შევედი მისგან ლოცვა-კურთხევის ასაღებად. მითხრა, იცი, როგორ უნდა წაიკითხო ფსალმუნი ამიერიდანო? როგორ-მეთქი? როცა ფსალმუნს კითხულობ, ღმერთს უნდა ესაუბრო, ჯერ ღმერთს უნდა გააგებინო, რას ევედრები და მერე შენ გაიგე და გაიაზრე, რას კითხულობ მთელი არსებით და ხალხი თავისთავად გაიგებსო. ჩემთვის უწმინდესი მაგალითია სასულიერო პირისა, მღვდლობის, მოღვაწეობის, საოცარი სიყვარულის. არ მახსოვს, მას ვინმე განეკითხოს, ყოველთვის ყველა ადამიანში მხოლოდ დადებითს ეძებდა, მისი მტერიც რომ ყოფილიყო და ჩვენც ამას გვასწავლიდა.
- თქვენ ამბროსი ხელაიას შთამომავალი ხართ.
- ჩემი უსაყვარლესი მამები არიან ამბროსი ხელაია, გაბრიელ ფოფხაძე და ალექსი შუშანია. ბაბუა სულ მიყვებოდა, წინაპრებში მღვდელი გვყავდა, რომელმაც თავი გაწირა, ეკლესია არ დათმო, რის გამოც ციხეში მოხვდა, საიდან გამოსვლის შემდეგაც გარდაიცვალა. მაშინ არც ვიცოდით, რომ პატრიარქი იყო. ამბროსი ხელაია სიონშია დაკრძალული და ბავშვობისას, როცა ბიძასთან მოვდიოდი, რომელიც აქვე, თუმანიანზე ცხოვრობდა, სულ ამ ტაძარში დავდიოდი, პატრიარქი პარაკლისებს რომ ატარებდა, დედას მოვყავდი, გვლოცავდა. სულ იმ ადგილას ვიდექი ხოლმე, სადაც თურმე ამბროსი ხელაიას საფლავი ყოფილა. მისი შთამომავლობა ჩემთვის უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. სულ ვცდილობ, ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრო, რომ მათ წინაშე წარდგომისას, ღმერთთან მისასვლელი პირი მქონდეს.