"ძაღლებისგან პოლიტიკური რჩევებს იღებს, მათ ოთხფეხა შვილებს უწოდებს, ტვ-ში ბილწსიტყვაობს" - არგენტინის ახალი პრეზიდენტი "ელ ლოკო"
არგენტინის ახალ პრეზიდენტს მეგობრები და მტრები დონალდ ტრამპს, ჟაირ ბოლსონარუს, ელვის პრესლისა და მაქციასაც კი ადარებენ. ზოგიერთი ამბობს, რომ ხავიერ მაილი ბორის ჯონსონის და საშინელებათა ფილმის მკვლელი თოჯინას, ჩაკის ნაზავს წააგავს.
ულტრამემარჯვენე მაილის არაავტორიზებული ბიოგრაფიის ავტორი, ხუან ლუის გონსალესი პოლიტიკოსზე ყვება, რომ ის ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და 1980-იან წლებში მას მეტსახერლად "ელ ლოკო", ანუ შეშლილი შეარქვეს.
"მილეის იდეებზე მეტად მისი გონებრივი მდგომარეობა და ემოციური სტაბილურობა მადარდებს",- წერს ავტორი.
მაილიმ პოპულარობა არგენტინულ სატელევიზიო შოუებში მოიპოვა. გადაცემებში ის ეკონომიკაზე საუბართან ერთად ხშირად მიმართავდა ბილწსიტყვაობას და მაყურებელმა ის თავისი გადაჭარბებული ექსცენტრიულობით გაიცნო. ასეთმა იმიჯმა ხავიერ მილეის პოლიტიკური კარიერის დასაწყებად მისცა ბიძგი. ეკონომისტი მაილი კონგრესში 2021 წელს აირჩიეს, წელს კი პრეზიდენტიც გახდა.
საპრეზიდენტო კამპანიისას, მაილიმ პირობა დადო, რომ არგენტინის ცენტრალურ ბანკს გააუქმებდა, ინფლაციას შეაჩერებდა და ქვეყნის მთავარ ვალუტად ამერიკულ დოლარს დააწესებდა.მაილის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ ექსცენტრიულ პოლიტიკოსს მასტიფის ჯიშის 5 უშველებელი ძაღლი ჰყავს და თითოეულ მათგანს ცნობილი ეკონომისტების სახელები ჰქვიათ: "ის მათ თავის ოთხფეხა შვილებს უწოდებს და პოლიტიკურ რჩევებსაც სწორედ მათგან იღებს".
ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკურ კრიზისში ჩაძირული ქვეყნის მოსახლეობისთვის, სადაც წლიური ინფლაცია ახლა 140%-ზე მეტია და ყოველი მეხუთე არგენტინელი სიღარიბეში ცხოვრობს, მაილის რადიკალური განცხადებები ჭკვიანური ნაბიჯი იყო.