"ბატონმა კოლიამ: "კანდელაკი ხაჩუო", - ბრძანა და მაშინვე დამამტკიცა როლზე" - როგორ გამოიყურება "ფოთოლა" წლების შემდეგ
ჭიათურის მაღაროდან გამოყოლილი მეგობრობა და სიყვარული
ახლახან ზედიზედ რამდენჯერმე მომიხდა "საჰაერო ვენეციად" წოდებულ ულამაზეს ქალაქში - ჭიათურაში სტუმრობა. სხვათა შორის, სწორედ ამ პატარა ქალაქში აიგო საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო და სატვირთო საბაგიროები. ჭიათურა ჩემი დედულეთია და მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ალბათ, ამიტომაც განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის 1960-იანი წლების ბოლოს რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი "განგაში", სადაც პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ბევრი არაპროფესიონალი ახალგაზრდა მონაწილეობს.
მასში ნაჩვენებია სკოლის დამთავრების შემდეგ კომკავშირული საგზურით თბილისიდან ჭიათურაში სამუშაოდ ჩასული ახალგაზრდების ცხოვრება. მიწისქვეშა მაღაროში მუშაობა, სასიყვარულო თავგადასავლები, მეგობრობა და მეტოქეობა, სიხარული და ტკივილი - ყველაფერია თავმოყრილი კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ულამაზესი სიმღერებით დამშვენებულ ამ შავ-თეთრ ფილმში.
"განგაშის" ერთ-ერთი მთავარი გმირის, ფოთოლას როლის შემსრულებელი არაპროფესიონალი მსახიობი, საოცრად ხალისიანი და თბილი ქალბატონი ღუღუნი კანდელაკი წლების წინ დაბა სიონში გავიცანი. ხომ არსებობენ, ასაკისდა მიუხედავად, სულით მარად ახალგაზრდა ადამიანები, ღუღუნი კანდელაკიც სწორედ ასეთი აღმოჩნდა - უშუალო და ახალგაზრდული. თავიდანვე გავარკვიეთ ურთიერთობა - "ქალბატონოთი" და "თქვენობით" არ უნდა მიმემართა და დღემდე ასე ვართ.
"კანდელაკი ხაჩუ"
- ფილმის გადაღებისას 18-19 წლის ვიყავი და უცხო ენათა ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ნიკოლოზ სანიშვილის ასისტენტმა ირა ბილანიშვილმა ტროლეიბუსში შემამჩნია და ფილმის სინჯებზე დამიბარა... თავიდანვე ფოთოლას როლისთვის მსინჯავდნენ (ვისაც ფილმი ერთხელ მაინც უნახავს, ვერაფრით დაივიწყებდა ფოთოლას, გამორჩეულად ტანმაღალ შეყვარებულ გოგონას, მასზე გამიჯნურებულ, შედარებით ტანმორჩილ ყარამანსა და უბერებელ სიმღერას: "შენი გული, ჩემი გული, ჭირიმე"... - ავტ.). პარტნიორად ბევრი დაბალი ბიჭი დამახვედრეს, ოღონდ ყარამანის როლისთვის ყველას მაინც მსახიობმა გოგი ქავთარაძემ აჯობა. პავილიონში გრიმის გარეშე გამატარ-გამომატარეს, რაღაცები მომაყოლეს, მერე ბატონმა კოლიამ: "კანდელაკი ხაჩუო", - ბრძანა და მაშინვე დამამტკიცა როლზე. სხვათა შორის, ისე ბუნებრივად ვითამაშე, ბატონმა კოლიამ როლიც კი მე გამახმოვანებინა.
წარმოგიდგენია, რას მოვესწარი, ვისთან მოვხვდი? - უდიდესი არტისტების, ჩიტოლია ჩხეიძის, კოტე დაუშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას გვერდით ვიყავი ერთი წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, დღეს ახალმა თაობამ, ალბათ, ჩიტოლია ჩხეიძისა და კოტე დაუშვილის სახელი და გვარიც კი აღარ იცის. ახალგაზრდების უმრავლესობა არაპროფესიონალები ვიყავით, რომ იტყვიან, ქუჩიდან აგვიყვანა ბატონმა კოლიამ. თვითონ მამასავით გვედგა თავზე. ძალიან მკაცრი კი იყო, მაგრამ სხვაგვარად ჩვენთან ვერაფერს გახდებოდა - საკმაოდ ვცელქობდით და ჩვენს მოთოკვას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა. "განგაშმა" მე, გია ფერაძე, მანანა ცხოვრებოვა, ლერი გაფრინდაშვილი, დათო აგიაშვილი ძალიან დაგვაახლოვა და დაგვამეგობრა... იმ ფილმის მონაწილე და შემოქმედი ადამიანების უმრავლესობა უკვე გარდაცვლილია! განსაკუთრებით გული მტკივა, ჩემი თანატოლები ან ცოტათი უფროსები რომ გამოგვაკლდნენ - ციცინოს როლის შემსრულებელი მანანა ცხოვრებოვა, "ოსიკო" - გია ფერაძე, "ბონდო" - ლერი გაფრინდაშვილი, ჩემი შეყვარებული "ყარამანი" - გოგი ქავთარაძე, ყველაზე ბოლოს "დათო" - დათო აგიაშვილი... (ღუღუნიმ უცებ სიცილით დააყოლა, - ახლა არ მითხრა, შენი ჯერიაო... არადა, მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია. სხვათა შორის, ბატონი დათო მეც კარგად მახსოვს ტელევიზიის პირველი არხიდან. იმხანად, სწავლის პარალელურად იქ ვმუშაობდი და ხშირად მხვდებოდა დერეფნებში. მართალია, მხოლოდ სალმით ვიცნობდი, მაგრამ მართლაც დაუვიწყარი გარეგნობა ჰქონდა - უსიმპატიურესი მამაკაცი იყო. - ავტ.). საბედნიეროდ, ფილმიდან ცოცხალია გია ფერაძის გმირის შეყვარებული "მარიკა" - ეთერ ბაქრაძე, მომღერალ ლიზა ბაგრატიონის დედა და, ასევე, თინა ტიტვინიძე.
ვიდრე გადაღების დღეებს გავიხსენებ, ულამაზეს და უსიმპათიურეს დათო აგიაშვილზე მინდა, ორი სიტყვა გითხრა: ძალიან მიჭირს მისი წარსულ დროში გახსენება... სულ ერთად ვიყავით. იმხანად "პლეხანოვზე" ვცხოვრობდი და ჩემთან ვიკრიბებოდით ხოლმე. ძალიან მიყვარდა დათოსთან მისვლაც. მაშინ ბატონი ნიკა (დათოს მამა, ცნობილი მწერალი ნიკა აგიაშვილი) ცოცხალი იყო და მასთან და დეიდა ქეთოსთან (დათოს დედა) საუბარი ერთ რამედ ღირდა. ძალიან მებრალება დეიდა ქეთო, შვილის გარდაცვალებას რომ მოესწრო. დათო ჩვენგან ბევრად განსხვავდებოდა, თანატოლები კი ვიყავით, მაგრამ ყველაზე დალაგებული, დინჯი და სერიოზული ადამიანი იყო. ფილმის რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ სანიშვილიც კი ყოველთვის ხაზს უსვამდა დათოს მოწესრიგებულობასა და პასუხისმგებლობას. არადა, ასე ახალგაზრდა ბიჭს როგორი მამაკაცური თვისებები ჰქონდა და რა გარეგნობის იყო! დედა, ნეტავ იცოდე, რამდენ გოგოს უყვარდა! მის ქალიშვილს, მაიკოს კარგად ვიცნობ, გარეგნობით მამამისის ასლია. ვაჟებს კი, ნიკასა და გიორგის არასდროს შევხვედრივარ - ამერიკაში გაიზარდნენ და ახლაც ლოს-ანჟელესში ცხოვრობენ. ტელეეკრანზე მინახავს და ორივე შესანიშნავი გარეგნობისაა. ნიკა კინორეჟისორია, გიორგი, იგივე ჯორჯ ფინი - კინომსახიობი. რამდენიმე წლის წინ დათო ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, შინაც მესტუმრა, - ძალიან მომენატრეო. წლების უნახავი გვყავდა ერთმანეთი. ძალიან გაჭაღარავებული იყო. იმდენი რამ და ვინმე გავიხსენეთ... დამპირდა, მომავალ წელსაც ჩამოვალ და ჩემს ვაჟებს გაგაცნობო, თან ხუმრობით დააყოლა: ნიკასთან ჩაგიწყობ საქმეს, ეგებ ამ სიბერეში ფილმშიც გადაგიღოსო. ნეტავ, ერთი სამახსოვრო ფოტო მაინც გადაგვეღო ერთად, რას წარმოვიდგენდი, ასე მალე თუ გარდაიცვლებოდა...
ჭიათურა
"განგაში" ჭიათურაში და მის მაღაროშია გადაღებული, მხოლოდ რესტორნის კადრები გადავიღეთ თბილისში - ვაკის პარკში მდებარე რესტორან "ისინდში".
ჭიათურა და ჭიათურლები უტკბილეს მოგონებად დამრჩნენ. წარმოიდგინეთ, ამდენი საბაგირო არსად მენახა. ხუთკაპიკიანით მთელი საღამოს განმავლობაში დავსეირნობდით ერთი კლდიდან მეორე კლდეზე... სხვათა შორის, "განგაში" ჭიათურლებისთვისაც უსაყვარლესი ფილმია. მახსოვს, არცთუ ძალიან დიდი ხნის წინ ბოსტნეულის საყიდლად გავედი "პეკინზე". ერთ მაღაზიაში გამყიდველი მამაკაცი რაღაცას მიწონიდა და თან მაკვირდებოდა. უცებ იმერული კილოთი მკითხა: ქალბატონო, თქვენ შემთხვევით "განგაშში" რომ ფოთოლა იყო, ის ხომ არ ხართო? ძალიან კი გამიხარდა, მაგრამ ვიეჭვე, ნაღდად ვიღაც ჩემმა ახლობელმა უთხრა, ჩემი გათამაშება უნდათო. არადა, იმ მამაკაცმა იქვე დააყოლა, - ათი წლის ვიყავი მაშინ, დედას მოვყავდი ხოლმე გადაღებაზე, თქვენი ხმა დამამახსოვრდა და ახლა რომ მელაპარაკებოდით, სწორედ ხმით გიცანითო.
შენი გული, ჩემი გული, ჭირიმე...
ვერ ვიტყვი, რომ ფოთოლა და მისი ყარამანი შესაფერისი წყვილი იყო, ამიტომაც ჩავეკითხე ღუღუნის, გოგი ქავთარაძე როგორ მოგწონდა გულისსწორად-მეთქი?
ღუღუნი კანდელაკი:
- გოგი ჩვენზე უფროსი იყო და ძალიან ვერც ვუშინაურდებოდით. გულისსწორად კი, რა მოგახსენოთ? არც იმას მოვწონდი და არც - მე (იცინის). ძალიან შეუფერებელი წყვილი ვიყავით. ბონდოს როლის შემსრულებელი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლერი გაფრინდაშვილი ჭიათურელი იყო და მისი "დამსახურებით" ხან რესტორანში ვქეიფობდით, ხან ოჯახებში. გოგი ხანდახან უცნაურად ხუმრობდა ხოლმე და ჭიათურლებიც ყოველთვის ვერ უგებდნენ. ერთხელაც ამის გამო რესტორანში დიდი ჩხუბი ატყდა. ლერი ორივე მხარის დაშოშმინებას ცდილობდა, თუმცა ამ გაშველებაში თვითონაც კარგად გაილახა. ყველანი მაშინდელ მილიციაში დაგვიბარეს, დაკითხვაზე. რაკი მეც მოჩხუბრებს ვაშველებდი ანუ "დანაშაულის ადგილას" ვიყავი, 5 საათით კამერაშიც ჩამსვეს... ჭიათურელ ჯიბის ქურდებთან ერთად (იცინის). რესტორნის ჩხუბის დროს დათოს თვალი დაუზიანდა. არადა, გაპარულები ვიყავით რესტორანში, კოლიამ არაფერი იცოდა. გაგიჟდა კაცი - დათოს კარგა ხანს ვერ გადაიღებდა და მახსოვს, სასტუმროს დერეფანში გამწარებული გვიყვიროდა: რას მიშვებით, თითოეული მილიონი მიღირხართო! ძალიან გვეჩხუბა და დაგვსაჯა კიდეც - სასტუმროდან ფეხს ვეღარ ვადგამდით.
ვინც და რაც არასდროს დამავიწყდება
ძალიან ვმეგობრობდი გია ფერაძესთან. მახსოვს, ფილმის გამნათებელი თბილისელი რუსის ბიჭი ლიონია გია ფერაძესთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროს ნომერში. ძალიან ნერვიული ბიჭი იყო. ერთხელაც გიაზე გაბრაზდა და მთელი დღის განმავლობაში საქმის გასარჩევად ყველგან დაეძებდა. არადა, გია საოცრად მშვიდი, ხალისიანი და უკონფლიქტო იყო და პირიქით - ყველა მოჩხუბარს არიგებდა ხოლმე. ლიონიას ამბავმა გიაც გაანერვიულა და გულის გადასაყოლებლად ჭიათურის ქუჩებში სასეირნოდ გაყოლა მთხოვა. ხან ფეხით ვიარეთ, ხან საბაგიროებით ვიკატავეთ და შემოგვაღამდა კიდეც. სასტუმროსკენ რკინიგზის ლიანდაგს მივყვებოდით, უცებ ბუჩქებიდან მთვარის შუქზე ალაპლაპებული დანით ვიღაც რომ გადმოგვიხტა. შიშისგან გული კინაღამ გამისკდა, დაფეთებული მოვტრიალდი სიტყვებით, - გია, რაღა ვქნათ-მეთქი და... სადაა გია? სიბნელეში ძლივს გავარჩიე - თავში ირტყამდა ფეხებს, ისე გარბოდა, მე კი დანიან კაცს შემატოვა (ენაცვალოს გიას ჩემი თავი... რომ იცოდე, როგორ მენატრება ხოლმე...). ჩემი შემშინებელი კი ჩვენი გამნათებელი ლიონია აღმოჩნდა. იმწუთას ვერ ვუცნივარ და იცოცხლე, მერე კი მიხადა ბოდიშები. სამაგიეროდ, გიამ იცნო დანახვისთანავე ლიონია და იმიტომაც გაქუსლა. გადავხვიე ლიონიას ხელი და სასტუმრომდე მის დამშვიდებას მოვუნდი. მერე ჩიტოლიამ გაიყვანა, ეფერა და ძლივს დაწყნარდა. მე კი დავბრუნდი ჩემს ოთახში, სადაც ეთერთან ერთად ვცხოვრობდი და რას ვხედავ: ჩემს საწოლზე, ბალიშის ქვეშ ისე იყო დახვეულ-მოკრუნჩხული გია, მეც ძლივს შევნიშნე და ლიონია რას იპოვიდა (იცინის)! იცი, რა სანახაობა იყო?! მეორე დღეს, რა თქმა უნდა, შევარიგეთ.
ერთხელ გიამ მეც გამაბრაზა და ცოცხალი თავით არ ვურიგდებოდი. სასტუმროს გვერდით შენობის საძირკველი ამოეთხარათ, დიდი ხანი გასულიყო და იქაურობა უბინძურეს, ბაყაყებით სავსე ჭაობად იყო ქცეული. საძირკველს გვერდები თიხის ჰქონდა. გიამ მითხრა: უნდა შეგირიგდე და ჩამოდი, ნავით გაგასეირნებო - რაღაც ხის კარი ეგდო ჭაობში, ტივს წააგავდა, დიდი ჯოხით ხელში ზედ დამდგარიყო და ჭაობში მეპატიჟებოდა. მეც ხომ მეტი ჭკუა არ მქონდა და ჩავხტი. ძალიან კი ვცადეთ წონასწორობის შენარჩუნება, გია აქეთ-იქით დახტოდა, მაგრამ "ტივი" მაინც ამოყირავდა და თავზეც დაგვეხურა. ასე ვიყურყუმალავეთ სიბინძურეში. შემთხვევით ჭაობთან ჩვენი ფოტოგრაფი აღმოჩნდა და მყისვე ფირზე აღბეჭდა ჩვენი ამოსვლის მომენტი. გია ამბობდა, ღუღუნის რომ შევხედე, პირიდან ბაყაყები უხტებოდნენო. ხომ მაგრად შემირიგა (იცინის)?
დაუვიწყარი იყო იპოლიტე ხვიჩია. გადაღებაზე ცოლთან ერთად იმყოფებოდა. ისეთი სერიოზული კაცი იყო და ისე განსხვავდებოდა თავისი ეკრანული გმირებისგან, რომ ყველანი გაოგნებულები დავრჩით. ეგაა, ქეიფი და სმა უყვარდა და სიმთვრალის გამო ცოლი სულ ეჩხუბებოდა: იპოლიტე, შენ მოუკვდი დედაშენს! იპოლიტე, შენი კუბო ვნახეო! ერთხელაც ამ "საყვარელი" წყევლის დროს ჩავუარე მათ კარს და გავიგონე იპოლიტეს რეპლიკა: ქალო, რას შემჭამე? დეიდგი ცარიელი კუბო და უყურე, მე მაინც არ ჩავწვები შიგო (იცინის)!
ძალიან სერიოზული იყო კოტე დაუშვილი... სერიოზული და ეკრანზე ტირილის დიდოსტატი - რა წუთშიც ეტყოდი, ბატონო კოტე, იტირეო, იმ წუთში ტიროდა. აი, ჩიტოლია კი სიმღერის დიდოსტატი გახლდათ - გიტარას ხელიდან არ აგდებდა და გვატკბობდა. თვითონ ფილმშიც ხომ უტკბილესი სიმღერებია! მგონი, ყველა თაობამ იცის. მახსოვს, თეატრალური კვარტეტის შესრულებით "მოდი ჩემთან, სანამ დროა" რომ მოვისმინე, ასე მეგონა, ისევ ფილმში ვიყავი, ბონდოს სატვირთო მანქანის ძარაზე. მართლაც ძალიან ლამაზი ფილმი გამოვიდა და სულაც არ იყო "კომკავშირული".
ირმა ხარშილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)